დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის − მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400000000.10.003.025973 |
|
| მუხლი 1 |
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი − მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი
|
მუხლი 1. მიზანი
„ტექნიკური რეგლამენტის − მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის განხორციელება; ბ) საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი და საექსპლუატაციო რესურსების დაშრეტა-გამოლევისაგან დაცვის მიზნით, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის წესის განსაზღვრა; გ) მიწისქვეშა წყლის ობიექტების კლასიფიკაციის, წყალშემცველი ჰორიზონტების და/ან კომპლექსების მონიტორინგისა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვება-ანალიზი.
მუხლი 2. მოქმედების სფერო 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით გაყვანილ ჭაბურღილებზე, რომლის სიღრმე 20 მეტრზე მეტია და რომლის საშუალებით: ა) ჭაბურღილის ბურღვის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა მოსალოდნელი რაოდენობისა და ხარისხის მიწისქვეშა წყალი; ბ) ჭაბურღილის ბურღვის დასრულების შემდეგ ვერ იქნა მიღებული მოსალოდნელი რაოდენობის და/ან ხარისხის მიწისქვეშა წყალი; გ) ჭაბურღილის ბურღვის დასრულების შემდეგ ვერ იქნა მიღებული მიწისქვეშა წყალი. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება მინერალურ, თერმულ და სამკურნალო-ბალნეოლოგიურ მიწისქვეშა წყლებზე, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით, ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე გაბურღულ ჭაბურღილებზე.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოლოგიური ჭრილი − დედამიწის ქერქის ვერტიკალური კვეთი მიწის ზედაპირიდან სიღრმეში; ბ) დაწნევითი წყალი − წყალგაუმტარ გეოლოგიურ ფენებს შორის არსებული მიწისქვეშა წყალი, რომელიც იმყოფება დაწნევის ქვეშ და მისი დონე, ჭაბურღილების საშუალებით გახსნის შემთხვევაში წყალშემცველი ფენის სახურავის ზევით მდებარეობს; გ) დებიტი − წყლის მოცულობა, რომელსაც იძლევა ჭაბურღილი დროის გარკვეულ ერთეულში; დ) დინამიკური დონე − მიწისქვეშა წყლის დონე, რომელმაც დაიწია და დასტაბილურდა გარკვეულ სიღრმეზე, წყლის ამოტუმბვის შედეგად; ე) თვითმდენი ჭაბურღილი − ჭაბურღილი, რომლის პირიდან გადმოედინება დაწნევითი წყლები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული ადგილმდებარეობის ფარგლებში, ჭაბურღილის მიერ გახსნილი წყალშემცველი ფენის, ჰორიზონტის ან კომპლექსის ჰიდროსტატიკური დაწნევის ნიშნული მაღალია მიწის ზედაპირის ნიშნულზე; ვ) მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი რესურსი − წყლის ის რაოდენობა, რომელიც ფორმირდება და აკუმულირდება წყალშემცველ ჰორიზონტში/ ფენაში მისი ბუნებრივი კვების პირობებში (ატმოსფერული ნალექების ინფილტრაცია, მდინარეებიდან და ტბებიდან ფილტრაცია, წყალშემცველი ჰორიზონტებიდან/ფენებიდან გადმოდინება, ზედაპირული ნაკადებიდან ფილტრაცია, მიმდებარე უბნებიდან შემოდინება და ა. შ.); ზ) მიწისქვეშა წყლის საექსპლუატაციო რესურსი − წყლის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ამოღებულ იქნეს წყალშემცველი ჰორიზონტიდან/ფენიდან, ექსპლუატაციის დადგენილი რეჟიმისა და ხანგრძლივობის განმავლობაში, ისე, რომ არ მოხდეს წყალშემცველი ჰორიზონტის/ფენის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების გაუარესება (საექსპლუატაციო რესურსის რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ბუნებრივი რესურსის 50%-ს); თ) მტკნარი წყალი − წყალი, რომლის მინერალიზაცია არ აღემატება 1 გ/ლ-ს; ი) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო; კ) სტატიკური დონე − მიწისქვეშა წყლის დონე ამოტუმბვის დაწყებამდე; ლ) წყალშემცველი კომპლექსი − წყალგამტარი და წყალგაუმტარი ფენების ერთობლიობა, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს ერთმანეთისაგან ჰიდროქიმიურად და ჰიდროდინამიკურად განსხვავებულ რამდენიმე წყალშემცველ ჰორიზონტს; მ) წყალშემცველი ფენა − სხვადასხვა ლითოლოგიური შედგენილობის გეოლოგიური ფენა, რომლის ამგები ქანების ფიზიკური და წყლოვანი თვისებები (ფორიანობა, ტენიანობა, წყალგამტარებლობა და სხვ.) გარკვეული რაოდენობის მიწისქვეშა წყლის დაგროვების ან ცირკულაციის შესაძლებლობას იძლევა; ნ) წყალშემცველი ჰორიზონტი − ფართო გავრცელების ერთგვაროვანი ლითოლოგიის მქონე გეოლოგიური ფენა, რომელიც ქვედა მხრიდან შემოსაზღვრულია წყალგაუმტარი „საგებით“ და გავრცელების მთლიან ფართობზე ერთნაირი ფილტრაციული თვისებებით, თითქმის უცვლელი სიმძლავრით, მიწისქვეშა წყლების ერთნაირი ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მაჩვენებლებით ხასიათდება; ო) ჭაბურღილი − ცილინდრული ფორმის სამთო გამონამუშევარი, რომლის დიამეტრი ბევრად ნაკლებია მის სიღრმეზე და რომლის ბურღვა მექანიკური საშუალებებით, სპეციალური ტექნიკის − საბურღი მოწყობილობისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება; პ) ჭაბურღილის ბურღვა − ჭაბურღილის გაყვანისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც უმეტესწილად მექანიკური საშუალებებით, სპეციალური ტექნიკის − საბურღი მოწყობილობისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება; ჟ) ჭაბურღილის მფლობელი − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გეგმავს ჭაბურღილის ბურღვას ან/და რომელიც ფლობს ჭაბურღილს; რ) ჭაბურღილის პირის ნიშნული − ჭაბურღილის გამოსავალი მიწის ზედაპირზე; ს) ჭაბურღილის სააღრიცხვო ბარათი/პასპორტი − ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით გათვალისწინებული სავალდებულო მონაცემები, რომელთა წარდგენა სავალდებულოა ჭაბურღილის ბურღვის დასრულების შემდეგ; ტ) ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა − მიწისქვეშა წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება მრავალჯერადად სხვადასხვა პრაქტიკული და სამეცნიერო ამოცანების გადასაწყვეტად, მათ შორის, მიწისქვეშა წყლების მდგრადი მართვის მიზნით სათანადო ღონისძიებების გასატარებლად; უ) ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი − მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე სისტემატური დაკვირვების, მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შეფასების უწყვეტი, ინტეგრირებული პროცესი. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 4. ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა 1. ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვა ხელს შეუწყობს იმ მონაცემთა შეგროვებას, რომლებიც აუცილებელია მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების დაცვისთვის, მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგისა და მიწისქვეშა წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისთვის. 3. ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება და ვალდებულება 1. სააგენტო ვალდებულია: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით წარდგენილი მონაცემების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ჭაბურღილის მბურღავს მიღებული ინფორმაციის ჰიდროგეოლოგიურ მონაცემთა ბაზაში განთავსების თაობაზე; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განახორციელოს მონაცემთა აღრიცხვა, შექმნას ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა და განახორციელოს მისი პერიოდული განახლება. 2. სააგენტო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს ან დააზუსტოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით წარდგენილი ინფორმაცია; ბ) ჭაბურღილის ადგილმდებარეობისა და გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მასზე ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მიწისქვეშა წყლის საველე დასინჯვებს და წყლის სინჯების აღებას ლაბორატორიული ანალიზებისთვის.
მუხლი 6. ჭაბურღილის მბურღავისა და მფლობელის უფლებამოსილება და ვალდებულება 1. ჭაბურღილის მბურღავი ვალდებულია: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარუდგინოს ჭაბურღილის ბურღვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის შესაბამისად სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე, გარდა ჭაბურღილის მფლობელის პერსონალური მონაცემებისა, პასუხისმგებელია ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელი (მბურღავი). ჭაბურღილის მფლობელი დანართზე ხელმოწერით ადასტურებს პერსონალური მონაცემების სისწორეს და აცხადებს თანხმობას პირადი და ჭაბურღილთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის სააგენტოსთვის გაზიარებაზე. 2. ჭაბურღილის მფლობელი უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში სააგენტოსგან მოითხოვოს ინფორმაცია ჭაბურღილზე განხორციელებული ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის, მათ შორის, წყლის სინჯების ლაბორატორიული ანალიზ(ებ)ის შედეგების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 7. ჭაბურღილის სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის ფუნქციონირება და ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზის გამოყენება 1. ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზის გამოყენება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის, მიწისქვეშა წყლის ობიექტების მონიტორინგისა და კლასიფიკაციისთვის, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებისთვის, ეროვნულ და/ან საერთაშორისო დონეზე ანგარიშგებისა და მონიტორინგისთვის.
მუხლი 8. კონტროლი და პასუხისმგებლობის ზომები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით გაყვანილი ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილის სააღრიცხვო ბარათი/პასპორტი
თარიღი: „____“ ______________ 20___ წ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები