დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016083 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ლ“ პუნქტის, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, დანართ №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 05/10/2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016054). |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (შემდგომ – უსკო) არსებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, სტანდარტსა და პერიოდულობას. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ღიაა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება უსკოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს (საჯარო მოსამსახურეებს) ბრძანებით განსაზღვრავს უსკოს თავმჯდომარე. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. ამ წესით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პროაქტიულად ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.sec.ge (შემდგომ – ვებგვერდი), საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ, მკაფიოდ იდენტიფიცირებულ გვერდზე (შემდგომ – საჯარო ინფორმაციის გვერდი). 2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ვებგვერდზე ქვეყნდება შესაბამისი არჩევნებისთვის შექმნილ სპეციალურ გვერდზე. საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსდება აღნიშნულ სპეციალურ გვერდზე გადასასვლელი პირდაპირი და მოქმედი ბმული. ასეთ შემთხვევაში იმავე ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის გვერდზე დამატებით განთავსება სავალდებულო არ არის. 3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია (შემდგომ – საჯარო ინფორმაცია) ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და ნამდვილი და განახლდეს ამ წესით დადგენილი პერიოდულობით. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება მისი განახლების თარიღი. 5. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 6. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად, უსკოს საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში ვებგვერდზე დამატებით შეიძლება პროაქტიულად გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მომზადება, მიწოდება და გამოქვეყნება 1. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და პასუხისმგებელი პირისთვის ამ წესით დადგენილ ვადაში მიწოდებას, აგრეთვე მიწოდებული საჯარო ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობას. 2. საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელ პირს მიეწოდება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემით, ხოლო მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში – სხვა ოფიციალური ელექტრონული საშუალებით. 3. პასუხისმგებელი პირი ამოწმებს გამოსაქვეყნებლად მიწოდებული ინფორმაციის ამ წესით დადგენილ ფორმალურ და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და, ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის ვებგვერდზე გამოქვეყნებას ამ წესით დადგენილ ვადაში. 4. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი გამოსაქვეყნებლად მიწოდებულ საჯარო ინფორმაციას ხარვეზის არსის მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ხარვეზის გამოსწორებასა და საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი პირისთვის ხელახლა მიწოდებას, იმგვარად რომ დაცული იყოს კანონმდებლობით ან ამ წესით დადგენილი გამოქვეყნების ვადა. მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და ვადები 1. საჯარო ინფორმაციის სახეები, მისი მომზადებისა და პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვალდებულების მქონე სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდებისა და ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადები განისაზღვრება ამ მუხლით. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ვადები არის საჯარო ინფორმაციის მიწოდების, გამოქვეყნების ან განახლების ზღვრული ვადები და არ ზღუდავს შესაბამისი მოქმედების უფრო ადრე განხორციელებას. თუ საქართველოს კანონმდებლობით ან უსკოს სხვა სამართლებრივი აქტით ინფორმაციის ამ მუხლით განსაზღვრულზე უფრო ადრე გამოქვეყნებაა მოთხოვნილი, გამოიყენება ის ვადა, რომელიც საჯარო ინფორმაციის უფრო ადრე გამოქვეყნებას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელ პირს მიეწოდება მისი მომზადების, მიღების ან შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე. 3. საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:
4. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
5. ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
6. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი:
|
დანართი №2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (შემდგომ – უსკო) არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად (ელ-ფოსტის მეშვეობით), მაშინ უსკო იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა უსკოში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება ან/და გააგზავნოს მოთხოვნა უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@sec.ge, დანართი 2.1-ით დამტკიცებული სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად. განცხადებაში მიეთითება: სახელი, გვარი (პირადი ნომერი ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი (იურიდიული პირის შემთხვევაში), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. უსკოს აპარატის საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე განცხადებას რეგისტრაციის შემდეგ გადაუგზავნის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მიერ. უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. 3. საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითა და უსკოს რეგლამენტით დადგენილი წესითა და ვადებში. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება, განცხადების უმაღლეს საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (info@sec.ge) შემოსვლისა და მისი საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.
დანართი 2.1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის
მოქალაქე (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) .................... ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი: იურიდიული მისამართი: ................................................... საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: .................................... ელ-ფოსტის მისამართი: .....................................................
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ,
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი): --------------------------------
თარიღი: დღე/თვე/წელი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები