დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.133.016433 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი თანახმად თანდართული დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/02/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016242) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი
|
ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს. |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
საკრებულო |
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, განხორციელების კოორდინაციას, მონიტორინგსა და შეფასებას, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საკრებულო შედგება 26 წევრისაგან, რომელთაგან 15 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 11 წევრი – მაჟორიტარული წესით. 3. საკრებულო აირჩევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 4. საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. |
მუხლი 2.
საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
2. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით ან ამ რეგლამენტით, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის კანონით, წყვეტს საკრებულო. |
მუხლი 3.
საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები |
საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება – საკრებულოს მიერ საქმიანობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ფარგლებში; ბ) საჯაროობა და გამჭვირვალობა – რაც მოიცავს: ინფორმაციის საჯაროობას, გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესის საჯაროობას და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის საჯაროობას. საკრებულოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის საფუძველზე უზრუნველყოფილია ადგილობრივ მოსახლეობის უფლება აკონტროლოს გადაწყვეტილების შემუშავების, მიღებისა და აღსრულების პროცესი და მოახდინოს საჯარო ზეგავლენა ამ პროცესზე; გ) ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა – რაც გულისხმობს თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა ჰარმონიულ და ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას; დ) კოლეგიურობა; საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა – საკითხთა მომზადების, განხილვისა და გადაწყვეტილების პროცესში განსხვავებულ აზრთა პატივისცემა და პლურალიზმი, წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა და ორიენტაცია კონსენსუსის მიღწევაზე; ე) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საკითხების გადაწყვეტაში – საკრებულო კანონით დადგენილ საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. საკრებულო უფლებამოსილების განხორციელებისას შეზღუდული არ არის პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. კანონი კრძალავს საკრებულოსა და საკრებულოს წევრებისთვის დირექტივების მიცემას ან იძულებას (ადმინისტრაციული, პოლიტიკური, ფინანსური, თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით) საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას; ვ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა – საკრებულოს კომისიები, თუ სამუშაო ჯგუფები უნდა შედგეს საკრებულოში წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვით; ზ) ანგარიშვალდებულება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება – საკრებულო თავის საქმიანობისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე მხოლოდ ამომრჩეველთა წინაშეა ანგარიშვალდებული. ამ პრინციპის რეალიზება უკავშირდება როგორც საჯაროობის დაცვას, ასევე საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობის წინაშე სავალდებულო პერიოდულ ანგარიშგებას და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას საკრებულოს წინაშე; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა – რაც გულისხმობს საკრებულოს ვალდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნას ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის; ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა – საკრებულო გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ხელმძღვანელობდეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთო სახელმწიფო ინტერესებით. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს სახელმწიფო ინტერესებთან. |
მუხლი 4.
საკრებულოს საქმისწარმოება და საქმისწარმოების ენა |
1. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
2.საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA-ს“ მეშვეობით. |
მუხლი 5.
ვადების ათვლის წესი |
1. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.
2. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. |
მუხლი 6.
საკრებულოს ადგილსამყოფელი |
1. საკრებულოს ადგილსამყოფელია: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23
2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. 4. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. |
მუხლი 7.
საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, სხდომაზე მოწვეული პირების, სხდომაზე დასწრების მსურველ პირთა და სხდომის ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისათვის. 4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. 5. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობა. 6. საკრებულოს სხდომაზე დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას. 7. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია: ა) ბატონო/ქალბატონო თავმჯდომარევ; ბ) ბატონო/ქალბატონო სხდომის თავმჯდომარევ; გ) პატივცემულო კოლეგავ. |
მუხლი 8.
საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი |
1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს, საკრებულოში ამ საკითხზე რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. 3. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება. 4. საკრებულოს წევრები იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს, რომელსაც განსაზღვრავს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები. 5. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგი. 6. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო- და/ან ტელეტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით. 7. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 9.
საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი |
1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, საზეიმო მიღებები და სხვა ღონისძიებები.
2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, საკრებულოს თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე. |
თავი II
საკრებულოს უფლებამოსილებები |
მუხლი 10.
საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ურბანული დაგეგმარების, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.
2. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია: ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მერს მისცეს თანხმობა, გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით; ბ) საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით დაამტკიცოს მუნიციპალური პროგრამები და/ან მიიღოს გადაწყვეტილებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნებით. გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. |
მუხლი 11.
საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში |
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა/შეცვლა; ბ) საქართველოს მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ საკითხების განხილვა. მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №307 დადგენილებით განსაზღვრული წესით შუამდგომლობის მომზადება და წარდგენა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ; დ) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; ე) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; ვ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა; ზ) თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის სხვა თვითმმართველ ერთეულთან ერთად ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებაზე; თ) გადაწყვეტილების მიღება სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრიანების ან წევრობიდან გამოსვლის, ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ, ასევე ერთობლივ დაფუძნებული მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებად/აქციონერებად გახდომის შესახებ. |
მუხლი 12.
საკრებულოს უფლებამოსილება ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში |
ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; გ) საკრებულოს კომისიის შექმნა და გაუქმება; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცება; ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ვ) საკრებულოს სამუშაო გეგმის დამტკიცება; ზ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; თ) საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა; ი) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით; კ) ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და გაუქმება, მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა; ლ) საკრებულოს წევრის მოწმობის ნიმუშის დამტკიცება; მ) საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება; ნ) ეთიკის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება; ო) საკრებულოს წევრის წახალისების წესის დამტკიცება; პ) საკრებულოს საქმიანობაში საკრებულოს წევრის დისტანციურად მონაწილეობის წესის დამტკიცება. |
მუხლი 13.
საკრებულოს უფლებამოსილება აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში |
აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ბ) მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცება, ანგარიშის მოსმენა და შეფასება; გ) მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; დ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “დადგენილი წესით; ე) მერის და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის და ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცება; ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება. ანგარიშის მოსმენა და შეფასება მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ. |
მუხლი 14.
საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სფეროში |
მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, მათი შესრულების ანგარიშების მოსმენა და შეფასება. |
მუხლი 15.
საკრებულოს უფლებამოსილება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში |
საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; გ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მერის, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, მერიისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა; დ) მერისათვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ; ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენა; ვ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 %-ს; ზ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა; თ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; ი) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხებიან მუნიციპალიტეტის განვითარებას. |
მუხლი 16.
საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში |
მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად; ბ) არაუგვიანეს 1 თებერვლისა, მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესყიდვების გეგმის შესაბამისად, წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის მოსმენა და შეფასება; გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცება; დ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის/ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1561 მუხლის შესაბამისად მერის წარდგინებით გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში, დასახლების ნაწილში, ან დასახლებათა ერთობლიობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის შესახებ; თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ; ი) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე, სარგებლობის უფლების მიმღებზე, ან მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ; კ) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; ლ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა; ნ) მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დადგენა. ო) მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული იმ საკითხების დარეგულირება, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას. |
მუხლი 17.
საკრებულოს უფლებამოსილება განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროში |
განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ბ) ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; გ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება; ე) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით მუნიციპალიტეტზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ვ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ) მერის წარდგინებით გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება; ი) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება; კ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის კონტროლის წესების დამტკიცება; მერის წლიური ანგარიშის მოსმენა და შეფასება განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ; ლ) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე განათლების დაწესებულებების დაფინანსების ფორმის, წესისა და პირობების დამტკიცება; მ) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე განათლების დაწესებულებების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცება; მათი პერსონალის პროფესიული სტანდარტებისა და დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა; ნ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დამტკიცება. |
მუხლი 18.
საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში |
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება; ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის – ტექნიკური) და წყალარინების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების პროექტების დამტკიცება; ე) მუნიციპალური ნარჩენების მართვის რეგულირების წესების დადგენა; ვ) მერის წარდგინებით მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ზ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების წესის დამტკიცება; თ) ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმის და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცება; ი) იმ დასახლებების განსაზღვრა, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა; კ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა; ლ) შინაური (გარდა შინაური ბინადარი) ცხოველების ყოლის წესების დამტკიცება; მ) შინაური ბინადარი ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობის, გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მოთხოვნების წესების დამტკიცება; ნ) გადაწყვეტილების მიღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის (მათ შორის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, მონიტორინგისა და თავშესაფრების ორგანიზების) უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. გატარებულ ღონისძიებათა თაობაზე ანგარიშების მოსმენა და შეფასება. |
მუხლი 19.
საკრებულოს უფლებამოსილება მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში |
მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა; გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა; ე) მუნიციპალიტეტის აგრარული და გარემოსდაცვითი პროექტების დამტკიცება; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის აღდგენისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცება; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობაში გადაცემის წესისა და პირობების დადგენა. |
მუხლი 20.
საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ბ) ურბანული დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და საბჭოს დებულების დამტკიცება; ვ) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცება ერთობლივი ნორმატიული აქტით; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის, დაგეგმარების გეგმის და გენერალური გეგმის დამტკიცება. განაშენიანების გეგმის კონცეფციის, განაშენიანების გეგმის და განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება; თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საჭიროების შესახებ; ი) კანონით დადგენილი წესით შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენა; კ) მაღალი ურბანული ღირებულების არეალების განსაზღვრა და მათი სათანადო ესთეტიკური პარამეტრებით რეგულირება; ლ) მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად გაცემის მომსახურების წესისა და საფასურის ოდენობის დადგენა. |
მუხლი 21.
ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: |
ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; გ) ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დამტკიცება; დ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა. |
მუხლი 22.
საკრებულოს უფლებამოსილება აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში |
აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცება; გ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა; დ) ადგილობრივი არქივის მართვის და არქივით სარგებლობის წესების დადგენა. |
თავი III
საკრებულოს წევრი |
მუხლი 23.
საკრებულოს წევრის სტატუსი |
1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის (ოქმების) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე. 3. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა და/ან შეჩერება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვით. 4. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან. 5. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა. 6. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-40 – 47-ე მუხლებით და ამ რეგლამენტით. 7. საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის საკრებულოს წევრის მოწმობა. |
მუხლი 24.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა |
1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან; ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან; ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა – ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან. 2. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში იღებს საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე. 3. საკრებულო, საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ “, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის მიზეზებს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით. საკრებულოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით გათავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან. 6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი. 7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. |
მუხლი 25.
საკრებულოს წევრის მოვალეობები |
1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს რეგლამენტი; ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიათა, დროებითი სამუშაო ჯგუფის და საკრებულოს ფრაქციის მუშაობაში; გ) ამ რეგლამენტის 140-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს; დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში; ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია; ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; ზ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს. 3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ. |
მუხლი 26.
საკრებულოს წევრის უფლებები |
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა საკრებულოს წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ან წინადადება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ; დ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს; მიიღოს და შეაფასოს პასუხები; ე) გააცნოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ვ) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ზ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს/ნიშნავს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო; თ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ კომისიების თუ დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელთა წევრიც ის არ არის; ი) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში; კ) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს და თანამდებობის პირებს; უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; მიიღოს და შეაფასოს გაცემული პასუხები; ლ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა; მ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა. 2. საკრებულოს წევრი საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შესაძლებელია არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს საკრებულოში თანამდებობებზე, გაწევრიანდეს საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან). 3. მუნიციპალიტეტის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. |
მუხლი 27.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, წარმოდგენილი თვიური ანგარიშის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.
2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. |
მუხლი 28.
საკრებულოს წევრის წახალისება |
1. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში აქტიური მონაწილეობისთვის შესაძლებელია საკრებულოს გადაწყვეტილებით გამოეცხადოს მადლობა და გადაეცეს შესაბამისი სიგელი.
2. საკრებულოს წევრის წახალისებაზე წარდგენის და წახალისების წესს ამტკიცებს საკრებულო. |
თავი IV
საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები |
მუხლი 29.
საკრებულოს თავმჯდომარე |
1. საკრებულოს თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 33-ე მუხლითა და ამ რეგლამენტის დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარე: ა) ახორციელებს საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს; ბ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საქმიანობას; გ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს; დ) უძღვება სხდომებზე საკითხების განხილვას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვას; ვ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 66-ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; თ) ამტკიცებს საკრებულოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას; ი) იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს; კ) საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას; ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას; მ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი მოვალეობების შესრულებას; ნ) საკრებულოში შემოტანილი პროექტის ან სხვა საკითხის მოსამზადებლად ან მისი განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით, ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, ბრძანებით ქმნის ინტერფრაქციულ ჯგუფს; ო) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით, საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას; პ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომის ოქმებს; ჟ) კანონმდებლობით, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს; ს) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს რეგლამენტს და საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; ტ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; უ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ფ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 141-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა, საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. 5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 111-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში. |
მუხლი 30.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
1. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი. |
მუხლი 31.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები |
1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 4. საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს თავმჯდომარემ და/ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არ აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. 6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 113-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
|
თავი V
საკრებულოს ბიურო |
მუხლი 32.
საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება |
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო.
2. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისგან. 3. საკრებულოს ბიურო: ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს; გ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ე) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას; ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას; ზ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ; ი) საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს დარგობრივი კომისიების დასკვნის საფუძველზე, უარი თქვას მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პროექტის (საკითხის) საკრებულოსათვის წარდგენაზე (არ წარადგინოს ან/და გააუქმოს წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება) და შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნოს აღმასრულებელ ორგანოს; კ) ახორციელებს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს სხდომის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად. ასეთი პროექტი იმავე ან სხვა უფლებამოსილი პირის წარდგენით შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს მომდევნო სხდომებზე. |
მუხლი 33.
ბიუროს სხდომა |
1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, თვეში ერთხელ მაინც, ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 62-ე მუხლით დადგენილი წესები.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით. 3. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება ჩაანაცვლოს კომისიის წევრმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. 4. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 5. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, განსახილველ ცალკეულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 6. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს. 7. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმით ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით. |
მუხლი 34.
საკრებულოს ბიუროს მუშაობის წესი |
1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწროს საკრებულოს აპარატის უფროსი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს წევრები.
2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში. 4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. 5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები. |
მუხლი 35.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა |
1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება: ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი; ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა; გ) განხილვის საგანი; დ) კენჭისყრის შედეგები; ე) მიღებული გადაწყვეტილება. 3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში. 4. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში. 5. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
|
თავი VI
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები |
მუხლი 36.
საკრებულოს კომისიის შექმნა |
1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი. 3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 147-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. საკრებულოს კომისიები შედგება მხოლოდ საკრებულოს წევრებისგან. 5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი. 6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. 7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. 8. საკრებულოს ბიუროს მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს. 9. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს შესაბამის კომისიას და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს შესაბამისი კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება პირადი განცხადების საფუძველზე. 10. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამისი კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. |
მუხლი 37.
საკრებულოს კომისიები |
1. საკრებულოს კომისიები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული დარგების (სფეროების) მიხედვით.
2. საკრებულოს კომისიებია: ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია; გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია; დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია; ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია. 3. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. |
მუხლი 38.
საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება |
1. საკრებულოს კომისია:
ა) მერიის შესაბამისი სამსახურის/სამსახურების სამუშაო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშავებს კომისიის ყოველკვარტალურ სამუშაო გეგმას; ბ) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; გ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში; დ) შეიმუშავებს მის სფეროს მიკუთვნებულ საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მომზადება და წარდგენა მხოლოდ მერის პრეროგატივაა; ე) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს (ათავისუფლებს) საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომას; ვ) განიხილავს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და ამზადებს დასკვნებს; ზ) აკონტროლებს შესაბამის სფეროში მიღებულ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას და რეკომენდაციებს წარუდგენს საკრებულოს; თ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს; ი) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ; კ) ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად ან კომისიის მოთხოვნით კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. 3. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია შეიძლება წარედგინოს საკრებულოს ან რეაგირებისთვის გადაიგზავნოს საკრებულოსადმი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს კომისიას განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები. 4. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო. |
მუხლი 39.
კომისიის თავმჯდომარე |
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 114-ე და 115-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; გ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; დ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ე) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს; ზ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს წევრებს; თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროებითი შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. ასეთი დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, აგრეთვე მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. 4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. კომისიის თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 142-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და, წელიწადში ერთხელ მაინც, შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში. 5. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. 6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 115-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში. |
მუხლი 40.
კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები |
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. 3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში; ბ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში. 4. საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ჰბარდება საკრებულოს შესაბამის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან. 5. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიიდან გამოსვლის ან მისი ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში ფრაქციას, რომლის მიერაც იყო საკრებულოს წევრი წარდგენილი საკრებულოს კომისიაში, უფლება აქვს არსებული კვოტის ფარგლებში საკრებულოს კომისიაში წარადგინოს ახალი კანდიდატურა. |
მუხლი 41.
კომისიის სხდომა |
1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისია შედგება სამი წევრისგან მაინც.
2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა. 3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის მე-39-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად. 4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს. 6. კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი. 7. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. საკრებულოს ბიუროს ან კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. 8. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესაბამის კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. 9. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა. |
მუხლი 42.
კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება |
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის გადაწყვეტილებით, ცალკეულ განსახილველ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. 4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები. 5. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს. 6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება დასკვნის სახით. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით. |
მუხლი 43.
კომისიის მუშაობის საერთო წესი |
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.
2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. 3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს კომისიის ღია სხდომას, ასევე საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე გასატან საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებულ მოსაზრებების წარდგენის ვადაში. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსულ წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამომსვლელთა სიას. კომისიის სხდომაზე დამსწრე პირთა მონაწილეობა კომისიის სხდომაში ხდება ამ რეგლამენტის 66-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. კომისიას უფლება აქვს, მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო (საკონსულტაციო) ჯგუფები. 6. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 7. კომისიამ მოხსენება მისთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე უნდა წარადგინოს საკრებულოს ბიუროს მიერ დაწესებულ ვადაში. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია წარმოადგინოს მოხსენება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ. 8. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში კომისია ვალდებულია დასკვნა წარმოადგინოს პროექტის გადაცემიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში, თუ საკრებულოს ბიუროს მიერ განსხვავებული ვადა არ არის მოთხოვნილი. 9. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთსა და იმავე საკითხს, კომისია წყვეტს, თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენ ნორმატიული აქტის პროექტზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით. 10. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრების შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 11. საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს. 12. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი. 13. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები, კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 44.
კომისიის საკონსულტაციო საბჭო |
1. კომისიაში მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, არა უმეტეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადისა, შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისგან.
2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. 4. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 5. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. 6. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა. 7. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 45.
საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი |
1. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით. 3. საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა. 4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში. 5. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ. 6. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებით სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 7. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული (არანაკლებ 1/3-ით) შემადგენლობით. 8. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. 9. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად. |
თავი VII
საკრებულოს ფრაქცია
|
მუხლი 46.
საკრებულოს ფრაქცია |
1. საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ საკრებულოს ფრაქციის წესდებას. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 4. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. 5. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 6. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. 7. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით. 8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება. 10. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება. 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. 12. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – სამანდატო დროებითი კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას. საკრებულოს შესაბამისი კომისია განცხადების და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. 13. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს შესაბამისი კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. 14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს შესაბამის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს შესაბამისი კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. |
მუხლი 47.
საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა |
1. საკრებულოს ორგანოებში საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
2. საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატურა. 3. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამისი კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 4. საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 5. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში. |
მუხლი 48.
საკრებულოს ფრაქციის უფლებები |
1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და პოლიტიკურ პლატფორმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები; ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე; ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე; ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები; თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები; ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც; კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო; ნ) წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება; ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე; პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს, თავისი კვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა. 3. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს. 4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს, საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით. 5. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 6. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით. |
მუხლი 49.
ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია |
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვ.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე. |
მუხლი 50.
ფრაქციათა კოალიცია |
1. ფრაქციებს ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეუძლიათ შექმნან ფრაქციების კოალიცია.
2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეს პოლიტიკური პლატფორმა, წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო, რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით. 3. ფრაქციას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაერთიანდეს ან გავიდეს კოალიციიდან. 4. ფრაქციის ყოფნა ან არყოფნა კოალიციაში გავლენას არ ახდენს მის წარმომადგენლობით კვოტაზე. |
მუხლი 51.
საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია |
1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.
2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. 3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს შესაბამის კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. ამ ცვლილებას საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. 4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. |
თავი VIII
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა
|
მუხლი 52.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა |
1. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.
2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს სამანდატო დროებითი კომისია. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით. 3. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი. 4. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომას, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს. 5. საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა; გ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა. |
მუხლი 53.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება |
1. ახალარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულო ირჩევს ხმის დამთვლელ დროებით კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას. |
მუხლი 54.
ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა |
1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს ხმის დამთვლელ დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.
2. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს. 3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდე. |
მუხლი 55.
ახალარჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა |
1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს სამანდატო დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.
2. სამანდატო დროებითი კომისია საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ. 3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე. |
მუხლი 56.
ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა |
1. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი საკრებულოს ხელახალი არჩევნები.
2. ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის და სამანდატო დროებით კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. |
მუხლი 57.
ახალარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები |
1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; დ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. 2. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს ერთი კვირით. |
თავი IX
საკრებულოს სხდომა |
მუხლი 58.
საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა |
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.
2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყების, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ. |
მუხლი 59.
საკრებულოს გასვლითი სხდომა |
1. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება ჩაინიშნოს საკრებულოს გასვლითი სხდომა მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე, ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით; გ) მერის ინიციატივით. 3. საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 60.
საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა |
1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს აპარატი: ა) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას, გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ მიწოდებას; ბ) ადგენს მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს ამ პირთა გაფრთხილებას; გ) ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას; დ) ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში; ე) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის 90-ე, 91-ე და 92-ე მუხლებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას. |
მუხლი 61.
საკრებულოს დღის წესრიგი |
1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე, ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას, საკრებულოს წარუდგენს სხდომის დღის წესრიგის პროექტს დასამტკიცებლად, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
2. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების, ან ერთმანეთთან დაკავშირებულ, თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგრძლივობით. 3. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს, მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს არაუმეტეს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ საკრებულო უკამათოდ, ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად. ამასთან, საკრებულო უფლებამოსილია დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრის მიერ დასმული დამატებითი საკითხის უახლოეს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. 5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ. კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება. |
მუხლი 62.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა |
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით); ბ) მერის წინადადებით; გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით. 2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს. 3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს. 4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. 5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე. 6. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღისა. თუ რიგგარეშე სხდომის გაგრძელების გამო მორიგ სხდომამდე რჩება ერთ დღეზე ნაკლები, საკრებულოს ეს მორიგი სხდომა გადაიწევს შესაბამისი ვადით. 7. მერის დასაბუთებული მოთხოვნით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როცა საკითხის გადადებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მუნიციპალიტეტს, დასაშვებია საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების დაუცველად. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია ვალდებულია შემოტანილი საკითხი განიხილოს დაჩქარებული წესით. |
მუხლი 63.
საკრებულოს სხდომის გახსნა და საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია |
1. საკრებულოს მორიგი სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
2. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო კვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა კვორუმი, სხდომის გახსნა გადაიდება მომდევნო დღისთვის. 3. თუ საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი ეჭვს იწვევს, საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრაციაში გატარებულ წევრთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარე იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. |
მუხლი 64.
საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი |
1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან მისი დავალებით საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სხდომას უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნასა და მორიგი სხდომის დახურვას (დასრულებას); ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას; დ) ამ რეგლამენტის 66-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ამ რეგლამენტის მე-11 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს სხდომაზე დამსწრე პირს; ზ) ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის; თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შეთანხმების მიზნით შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ; ი) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს. 3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა: ა) უზრუნველყოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა; ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას. 4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების თავის ვარიანტს, ეს ვარიანტი კენჭისყრაზე დგება ბოლოს. |
მუხლი 65.
საკრებულოს სხდომის განრიგი |
1. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, იწყება დღის 12:00 საათზე, თუ სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული;
2. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა მოიწვიოს არასამუშაო პერიოდში (დასვენებისა და უქმე დღეები, არასამუშაო საათები); 3. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულო ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს, ცვლილებები შეაქვს მორიგი სხდომის განრიგში. |
მუხლი 66.
საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი |
1. საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე, თუ იგი შეტანილია შესაბამისი სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვადასხვა საკითხში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 10 წუთი.
2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ხდება თავმჯდომარის წინადადებით, ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს. 3. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყების და მორიგი სხდომის დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავისი წინადადებები თუ შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებული მოსაზრებების წარდგენის ვადაში. 6. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ, საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას. 7. თუ საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხი ეხება კონკრეტულ დასახლებას ან ადმინისტრაციულ ერთეულს შესაძლებელია სხდომაზე მოწვეული იქნეს ამ დასახლების/ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცემა უფლება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოვიდეს თანამომხსენებლად და სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვაში. 8. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი სუბიექტის მიერ დანიშნული პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი არა და რატომ. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 9. მოხსენების და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს და საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას, საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (თანამომხსენებელს). მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება, თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე. 10. დებატები იწყება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით, ამ მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად. მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ სიტყვა ეძლევათ საკრებულოს წევრებს. 11. იმ შემთხვევაშიც, თუ სხდომაზე მონაწილე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა სია დიდია (10 და მეტი მსურველი), საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას, გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობის უფლება თანამომხსენებლად. თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს. 12. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემდეგ, ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას, თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება. 13. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამასთან, უნდა აღნიშნოს, გამოდის იგი განსახილველ საკითხზე „მოწინააღმდეგედ“ თუ „მომხრედ“. განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან. 14. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი (თანამომხსენებლისადმი) კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს. 15. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით: ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით; ბ) ფრაქციული ინდექსაციით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია); გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“. 16. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“, ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს. 17. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს ნებისმიერ დროს, თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს, აიღოს სიტყვა განმარტებისათვის. 18. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გაუცვალოს სხვა წევრს რიგი. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა. 19. პირი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას. 20. პირს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს. 21. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს. |
მუხლი 67.
საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები |
1. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია:
ა) მოხსენება; ბ) თანამოხსენება; გ) შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან; დ) განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა; ე) მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა; ვ) საკრებულოს მიერ ასარჩევ ან დანიშვნაზე თანხმობის მისაცემ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა; ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრის წესის, მოტივების ან სხდომის წარმართვის წესის შესახებ; თ) მისაღებ დოკუმენტში შესწორებების შეტანა; ი) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა. |
მუხლი 68.
საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა |
1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი, თანამომხსენებელს – 15 წუთი, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის – 10 წუთი; დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთი, მეორედ გამოსვლისას – 5 წუთი; პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთი, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის 3 წუთი.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს, გამომსვლელის მოთხოვნით შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არაუმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მისი წარმომადგენლისთვისაც მოითხოვოს დროის შესაბამისად გაგრძელება. 3. მერს უფლება აქვს რიგგარეშედ და დროის შეუზღუდავად გამოვიდეს საკითხის განხილვისას. |
მუხლი 69.
პროცედურული საკითხები |
1. პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები:
ა) შესვენების გამოცხადების და ხანგრძლივობის შესახებ; ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ; გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგრძლივების შესახებ; დ) სხდომაზე მოწვეული პირისთვის სიტყვით გამოსვლის უფლების მიცემის შესახებ; ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ; ვ) კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ; ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ; თ) სხდომის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ; ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ; კ) კენჭისყრის წესის შესახებ; ლ) კენჭისყრის გადადების შესახებ; მ) გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ; ნ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ; ო) ხმების ხელახალი დათვლის შესახებ. 2. ამ მუხლით დადგენილ პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ან კენჭისყრის გარეშე სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, თუ სხდომაზე დამსწრე საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს. |
მუხლი 70.
დებატების შეზღუდვის შემთხვევები |
1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან საკრებულოს თანხმობით გამართოს შეზღუდული დებატები.
2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არცერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც სხდომის თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა. 3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს, ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს. |
მუხლი 71.
საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში |
1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშედ გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვისას.
2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. 3. თუ საკრებულოს თავმჯდომარე გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ, დებატები გრძელდება შეზღუდული წესით. 4. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის, განსახილველი საკითხის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ. 5. სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. |
თავი X
კენჭისყრის წესი
|
მუხლი 72.
კენჭისყრის სახეები |
კენჭისყრის სახეებია: ფარული და ღია. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. |
მუხლი 73.
ღია კენჭისყრა |
1. ღია კენჭისყრა გულისხმობს საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების ისეთ პროცედურას, რომლის დროსაც საკრებულოს წევრის მიერ დაფიქსირებული პოზიცია (მომხრე, წინააღმდეგი,) არის საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
2. ღია კენჭისყრის შედეგები აისახება საკრებულოს სხდომის ოქმში და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 3. ღია კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა ფარული კენჭისყრის ჩატარება. |
მუხლი 74.
ფარული კენჭისყრა |
1. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და მერისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.
2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი. ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით, ანდა მასზე იქნეს ასახული (დატანებული) რაიმე განმასხვავებელი ნიშანი. 3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის შესაბამისი კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი. 4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში. 5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს. 6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს ვის (რომელ გადაწყვეტილებას) მისცა საკრებულოს წევრმა ხმა. |
მუხლი 75.
კენჭისყრის დაწყების გამოცხადება |
1. დებატების, ასარჩევი, დასანიშნი თუ დასამტკიცებელი კანდიდატურის განხილვის დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში.
2. ღია კენჭისყრა, როგორც წესი, ეწყობა დებატების დამთავრებისთანავე, ხოლო ფარული კენჭისყრა – სხდომის დამთავრების წინ. 3. თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს წევრთა რეგისტრაციას. 4. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადადებას და ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარების დროს. |
მუხლი 76.
საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე |
1. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი, ნათელი ფორმულირებით, ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე. საკრებულოს წევრის შენიშვნა გათვალისწინებული იქნება, თუ მას დაეთანხმა საკითხის ინიციატორი. სხვა შემთხვევაში საკრებულოს წევრის ეს წინადადება ჩაითვლება ალტერნატიულ წინადადებად და იგი კენჭისყრაზე დაისმება რიგითობის დაცვის საერთო წესით.
2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს: ა) განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა; ბ) ინიციირებული პროექტის არმიღების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზების ავტორებთან შეთანხმებით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ ალტერნატიულ საკითხთა რიგითობა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები კენჭისყრაზე უნდა დადგეს შემოთავაზების რიგითობის მიხედვით; გ) წამოაყენოს კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად. კომპრომისული ფორმულირება კენჭისყრაზე დადგება მხოლოდ შესაბამისი ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით, მათ მიერ დასმული ვარიანტების სანაცვლოდ და შესაბამისი რიგითობით. იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებული წინადადებების ავტორები წინააღმდეგი არიან კომპრომისული ფორმულირების სანაცვლოდ მოხსნან თავიანთი წინადადება, კომპრომისული ფორმულირებით დასმული საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული წინადადება. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული წინადადება კენჭისყრაზე დგება ყველაზე ბოლოს; დ) თუ არც ინიციირებულმა და წამოყენებულმა არცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ კენჭისყრის შედეგად ხმები იმგვარად გადანაწილდა, რომ ვერცერთმა ვარიანტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აქვს უფლება კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენოს ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო; ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულმა არცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არცერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე, თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მერი აუცილებლობის მოტივით. 3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს წევრს უფლება აქვს: ა) მიუხედავად კენჭისყრის სახისა, უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე და ამის შესახებ გააკეთოს საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი განცხადება; ბ) მოითხოვოს ფარული კენჭისყრის ჩატარება. მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს დაუყოვნებლივ აყენებს კენჭისყრაზე და საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით; გ) თუ დღის წესრიგით განხილულ საკითხზე ვერც ინიციირებულმა და ვერც ალტერნატიულმა წინადადებებმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, მოითხოვოს ხელმეორე კენჭისყრაზე იმ ორი წინადადების დაყენება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. სხდომის თავმჯდომარე თუ დაეთანხმა ამ წინადადებას, მასზე მსჯელობის გარეშე ტარდება ხელმეორე კენჭისყრა იმ ორ წინადადებაზე, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი წყდება საკრებულოს მიერ ასევე მსჯელობის გარეშე, ღია კენჭისყრით; დ) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად მოითხოვოს ამ საკითხზე შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა. 4. საკრებულოს ფრაქციას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უფლება აქვს მოითხოვოს რიგგარეშე შესვენება, არაუმეტეს 10 წუთისა. თუ საკრებულოს ერთმა ფრაქციამ მოითხოვა რიგგარეშე შესვენება, შესვენების დამთავრების შემდეგ სხვა ფრაქციას უფლება არ აქვს ეს მოთხოვნა ხელახლა დააყენოს. 5. საკრებულოს ფრაქციას და/ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს: ა) კენჭისყრის პროცედურის გადადება; ბ) საკითხის დამატებით შესასწავლად მისი დაბრუნება კომისიაში საკითხის დღის წესრიგიდან მოუხსნელად; გ) მოითხოვოს დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით. ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მოვალეა კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას პირველ რიგში კენჭისყრაზე დასვას ეს საკითხი. თუ საკრებულო კენჭისყრით დაეთანხმა წამოყენებულ წინადადებას, საკითხი ითვლება უარყოფილად. |
მუხლი 77.
კენჭისყრის ზოგადი წესი |
1. საკრებულოს დადგენილების პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში, თუ პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. ასევე, კენჭისყრა შეიძლება თითოეული მუხლის, საჭიროების შემთხვევაში – პუნქტის (ქვეპუნქტის) მიხედვით. თუ პროექტი არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან.
2. თავდაპირველად კენჭი ეყრება პროექტის ინიციირებულ ვარიანტს, ხოლო მისი არმიღების შემთხვევაში – პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ცვლილებებს, მათი რიგითობის მიხედვით. 3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, განხილვის შემდეგ დადგენილების პროექტს მთლიანობაში უყაროს კენჭი, თუ აქტის პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გამოყოს დადგენილების პროექტის ის მუხლები, რომლებზეც შენიშვნა არ იქნა გამოთქმული და ამ მუხლებს ერთიანად უყაროს კენჭი. 4. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთი პროცედურის შემთხვევაში, კენჭისყრის შემდეგ უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით, ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი. 5. თუ საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), მის ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი ეყრებათ რიგითობის მიხედვით. თუ რომელიმე მათგანი საკრებულოს მიერ იქნა მიღებული, სხვა ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება. 6. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი) და ამ მუხლთან (პუნქტთან) არ არის დასახელებული ალტერნატიული ვარიანტი, ან არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ იქნა მიღებული, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აგრძელებს პროექტის მუხლობრივ (პუნქტობრივ) კენჭისყრას, რომლის დამთავრების შემდეგ დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრამდე აძლევს პროექტის ინიციატორს წინადადებას, ან ამოიღოს ის მუხლი (პუნქტი), რომელიც კენჭისყრით იქნა უარყოფილი (თუ ამ მუხლის (პუნქტის) ამოღება არ იწვევს პროექტის სხვა მუხლების (პუნქტების) შეცვლას და არ ცვლის პროექტის არსს), ან წარმოადგინოს ამ მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტი. 7. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ამოღების თაობაზე, პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში ამ მუხლის (პუნქტის) გარეშე. 8. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტის მომზადების შესახებ, დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრა გადაიდება პროექტის ინიციატორის მიერ შემოთავაზებული დროით. 9. თუ პროექტის ინიციატორი არ ეთანხმება სხდომის თავმჯდომარის შემოთავაზებას, პროექტს მთლიანობაში ეყრება კენჭი. თუ საკრებულოს მიერ პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მიღებულად ითვლება ის მუხლი (პუნქტი), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული. თუ პროექტი მთლიანობაში არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან. 10. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა. 11. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“. |
მუხლი 78.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადება |
1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს წევრს, რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს, უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების თაობაზე განცხადება სხდომის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის ან განცხადების უარყოფის შესახებ. ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება, თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. |
თავი XI
სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები
|
მუხლი 79.
სხდომაზე წესრიგის დაცვა |
1. თუ გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, სხდომის თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს, დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს. სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.
2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შეძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის. 3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან. 4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს საკრებულოს შესაბამისი კომისია. საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების შესახებ. საკრებულოს კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო. |
მუხლი 80.
ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის |
1. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) წესრიგისკენ მოწოდება; ბ) გაფრთხილება; გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით; დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. საკრებულოს სხდომის მონაწილე ან სხდომაზე დამსწრე პირი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი: ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა; დ) თუ იგი ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას. 3. პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან, უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდე. |
მუხლი 81.
წესრიგისკენ მოწოდება |
1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.
2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ, თუ იგი: ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე; ბ) ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს; გ) მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული სახის მოწოდებებს; დ) სარგებლობს მობილური ტელეფონით ან ხმამაღლა საუბრობს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; ე) ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას. |
მუხლი 82.
გაფრთხილება, გაფრთხილება ოქმში შეტანით |
1. სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოეწოდა წესრიგისკენ, თუ იგი აგრძელებს დარღვევას, სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოეცხადება გაფრთხილება.
2. გაფრთხილება ოქმში შეტანით სხდომაში მონაწილე პირს ეძლევა საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ: ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა. |
მუხლი 83.
სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა |
შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლება შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე:
ა) თუ იგი გაფრთხილდა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) თუ იგი ეწინააღმდეგება მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას. |
მუხლი 84.
ზომები საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის მიერ საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის |
1. ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა.
2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება მის მიერ შემდეგი დარღვევების ჩადენისთვის: ა) მოწვეულია საკრებულოს ან საკრებულოს კომისიაში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს საკრებულოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის დაწესებულ პროცედურას; გ) საკრებულოს ან საკრებულოს კომისიას დადგენილ ვადაში არ აწვდის ანგარიშს ან სხვა ინფორმაციას; დ) საკრებულოს ან საკრებულოს კომისიას აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; ე) არ ასრულებს საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის რეკომენდაციებს; ვ) საკრებულოს წევრს დაბრკოლებებს უქმნის ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულო ამ თანამდებობის პირის მიმართ იყენებს შემდეგ რეაგირების ფორმებს: ა) იღებს განკარგულებას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. |
მუხლი 85.
ეთიკის საბჭო და საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი |
1. საკრებულოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს განკარგულებით.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს საკრებულოს ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვას. 3. საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის საკრებულოს ეთიკის საბჭოს. საკრებულოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად. 4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია. 5. საკრებულოს ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ საკრებულოს, რომელიც ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას. 6. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსითა და ეთიკის საბჭოს დებულებით. 7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
თავი XII
საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი
|
მუხლი 86.
საკრებულოს სამართლებრივი აქტები |
1. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს დადგენილება; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება. 2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ რეგლამენტით. 3. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. |
მუხლი 87.
საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი |
1. საკრებულოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა) მერს; ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) საკრებულოს კომისიას; დ) საკრებულოს ფრაქციას; ე) საკრებულოს წევრს; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს – პეტიციის წესით; ზ) დასახლების საერთო კრებას – პეტიციის წესით. 2. საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის ან დასახლების საერთო კრების მიერ ინიციირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 3. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით. 4. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ: ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი და ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტის მიღების აუცილებლობა; პროექტის ძირითადი არსი და მოსალოდნელი შედეგი; ბ) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო აქტის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); დ) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ე) პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე; ვ) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ზ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება; თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; ი) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები; კ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი. 5. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). |
მუხლი 88.
საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი |
1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს; ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად; გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვის და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს; დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და მერიისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა; ე) საკრებულოს კომისიები ან/და მერი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავენ წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდიან შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს; ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად; ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში მისი შეტანის რიგითობის შესახებ. 2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად. 3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით. |
მუხლი 89.
სამართლებრივი აქტის მიღების წესი |
1. საკრებულომ სამართლებრივი აქტის (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება) პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 88-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მერიასთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. სამართლებრივ აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.
2. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 66-ე და ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე, საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი სამართლებრივი აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ. 4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემთანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორც იყო ინიციირებული, ხელახალი დებატების გამართვის გარეშე. 6. საკრებულოს მიერ პროექტის უარყოფის შემთხვევაში, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ. 7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ რეგლამენტის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო. 8. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში მოთხოვნილ იქნა ცვლილების შეტანა, ჯერ კენჭი ეყრება ცვლილების წინადადებას, შემდეგ კი, თუ ეს წინადადება არ იქნა მიღებული – თავდაპირველად წარდგენილ პროექტს. თუ არც ცვლილება იქნა მიღებული და არც თავდაპირველად წარდგენილი ტექსტი, პროექტი უარყოფილად ითვლება. 9. კენჭისყრა ტარდება ამ რეგლამენტის 75-ე და 77-ე მუხლებით დადგენილი წესით. 10. გადაწყვეტილება სამართლებრივი აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. |
თავი XIII
საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი
|
მუხლი 90.
საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება |
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს. 3. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას. 4. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში სამართლებრივ აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური, ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო, ძალაში შესვლის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი. 5. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე. 6. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად. |
მუხლი 91.
საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება |
1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული ნორმატიული აქტი – დადგენილება მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს მეხუთე დღისა გამოსაქვეყნებლად ელექტრონული ფორმით გადაეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – matsne.gov.ge, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე – khelvachauri.gov.ge. 3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, მათი პროექტების და სხვა საჯარო ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე - khelvachauri.gov.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – რეგიონალურ გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში ან/და მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. |
მუხლი 92.
საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა |
1. საკრებულოს ნორმატიული აქტი – დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული. |
მუხლი 93.
საკრებულოს სხდომის ოქმი |
1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი.
2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი; ბ) ოქმის რიგითი ნომერი; გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა; დ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა; ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით; ვ) სხდომაზე გამომსვლელთა სია; ზ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე; თ) კენჭისყრის შედეგები; ი) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით. |
მუხლი 94.
საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი |
1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
2. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე). 3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს: ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა სატაბელო რეგისტრაციის ფურცელი; ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები; გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი. 4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება სამი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ჰბარდება არქივს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
თავი XIV
მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი წესები |
მუხლი 95.
მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესი |
1. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით.
2. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესი მოიცავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას (კორექტირებას) დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება. 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერია პასუხისმგებელია ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, წარდგენაზე, დაზუსტებაზე (კორექტირებაზე), ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე. 6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებაზე, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე, ბიუჯეტის შესრულების კონტროლზე (მონიტორინგზე) და ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების შეფასებაზე. |
მუხლი 96.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოში შეტანის წესი |
1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტები საკრებულოში შეიტანება მხოლოდ მერის წარდგინებით, შესაბამისი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოსთან, სხვა შესაბამის ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის სამსახურებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ასევე საკრებულოს კომისიებთან კონსულტაციით. 3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი გეგმა, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტის მერის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზი და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზები; ბ) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებული მაჩვენებლები; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის: გ.ა) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების და მათ ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა, დაფინანსების მოცულობები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები; გ.ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს დაფინანსების მოცულობები; გ.გ) დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრული რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები, მხარჯავი ორგანიზაციების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების) მიხედვით. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელშიც აისახება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია: ა) ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) ბიუჯეტის შემოსულობები საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) შემოსავლები (შემოსავლის საერთო მოცულობა, ძირითადი წყაროები და სახეობები); ბ.ბ) არაფინანსური აქტივების კლება; ბ.გ) ფინანსური აქტივების კლება; ბ.დ) ვალდებულებების ზრდა; გ) ბიუჯეტის გადასახდელები საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: გ.ა) ხარჯები (ხარჯების საერთო მოცულობა, ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები); გ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; გ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; გ.დ) ვალდებულებების კლება; გ.ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადებისთვის, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის 1%; დ) ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება (დაგროვება - გამოყენება); ე) ბიუჯეტის პროფიციტის (დადებითი მთლიანი სალდო) ან დეფიციტის (უარყოფითი მთლიანი სალდო) მოცულობა; ვ) საბიუჯეტო წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი ფულადი სახსრები, მათ შორის, გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა; ზ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; თ) ბიუჯეტით განსაზღვრული ძირითადი ღონისძიებები, პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები და შესრულების შეფასების ინდიკატორები; ი) სარეზერვო ფონდის მოცულობა; კ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა (წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნებების მოცულობა); ლ) დონორების (ფონდების) მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა (ტრანსფერებით) და გრანტებით დაფინანსებული პროექტები; მ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა ორგანიზაციული (მხარჯავი სუბიექტების), ეკონომიკური და პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ნ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებული საშუალოვადიანი პრიორიტეტები, მათი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები; ო) დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის ბიუჯეტის დაფინანსებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი საშუალოვადიანი პრიორიტეტების, ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების აღწერა, დაფინანსების მოცულობები, შესაბამისი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. 5. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები: ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი: ა.ა) ბიუჯეტის შესრულების ძირითადი ინდიკატორების აღწერა; ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების აღწერა; ა.გ) ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების აღწერა; ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა: ბ.ა) შუალედური შედეგების ანალიზი და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზები; ბ.ბ) ინფორმაცია პროგრამული და კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) პროექტების შესრულების შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; გ) წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი; დ) ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და საკრებულოს მიერ არ მტკიცდება. |
მუხლი 97.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტი საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ, საკრებულოში შეტანის დღესვე და საჯარო განხილვისთვის პროაქტიულად ქვეყნდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით).
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი თანდართული მასალებით დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი ხდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციისთანავე. 3. საკრებულოს აპარატში რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს ის კომისიები და ფრაქციები, რომლებსაც გადაეცათ აღნიშნული პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში მათი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც დაინტერესებული პირების მიერ შეიძლება წარდგენილ იქნეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით და მოსაზრებების წარდგენის ვადა. 5. დაინტერესებული პირების (საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეების) მოსაზრებები (შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები) წერილობითი ფორმით, არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, ჰბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ დაუყოვნებლივ რეგისტრაციას და სისტემატიზაციას დარგობრივი ნიშნის მიხედვით. ზემოაღნიშნული მოსაზრებები იმავე დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიებს. 6. საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და საკრებულოს ფრაქციების მიერ მომზადებული დასკვნები (შენიშვნები, რეკომენდაციები და წინადადებები) და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები ჰბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ახდენს მათ დაუყოვნებლივ რეგისტრაციას და საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით იმავე დღესვე, არაუგვიანეს 23 ნოემბრისა, წარუდგენს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას. 7. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია ატარებს კომისიის გაფართოებულ ან კომისიათა გაერთიანებულ სხდომას, არაუგვიანეს 24 ნოემბრისა. სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრება საკრებულოს სხვა კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. სხდომას შესაძლებელია ესწრებოდეს აგრეთვე საკრებულოს სხვა წევრები და საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მერიის თანამდებობის პირები. სხდომაზე განიხილება ფრაქციებისა და სხვა დარგობრივი კომისიების დასკვნები, ასევე საკრებულოს წევრებისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებთან და წინადადებებთან დაკავშირებით შესაბამისი დარგობრივი კომისიების რეკომენდაციები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია თავის გაფართოებულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე იღებს შემაჯამებელ დასკვნას პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით კენჭისყრა შეიძლება მოეწყოს თითოეულ შენიშვნაზე ცალ-ცალკე ან შემუშავებული იქნეს კომისიის შემაჯამებელი დასკვნის ტექსტი, რომელსაც შესაძლებელია ერთიანად ეყაროს კენჭი. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მიმართ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას მასში დაფიქსირებული ყველა შენიშვნით, რეკომენდაციით და წინადადებით, ბიუჯეტის პროექტთან ერთად უბრუნებს მერს არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. 9. მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნების ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება), არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, წარუდგინოს საკრებულოს. 10. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი შესწორების შემთხვევაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ქვეყნდება საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. |
მუხლი 98.
საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის, განხილვის, ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესი |
1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ხდება:
ა) შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა; ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, შენიშვნების შესახებ მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა. 2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი, თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, მერთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელ დასკვნას. 3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარიმართება შემდეგი თანამიმდევრობით: პროექტის ზოგადი საფუძვლები, შემოსულობები და გადასახდელები. საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნით, შეიძლება როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი. 5. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებისა და დამატებების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული. 6. თუ საკრებულოს მიერ, კენჭისყრის შედეგად, ბიუჯეტის პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მაშინ მიღებულად ითვლება ის მუხლიც (პუნქტიც), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული. 7. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში – ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, მაშინ საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ 25 ნოემბრამდე მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი. 8. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებითა და მისივე ხელმძღვანელობით იქმნება ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს ფრაქციებისა და მერის წარმომადგენელთა, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ სხვა პირთა მონაწილეობით. 9. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა), ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საკრებულო, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 10. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვის შემდეგ, ყოველი კალენდარული წლისთვის, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე (გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში) ამტკიცებს საკრებულო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – დადგენილების სახით, რომელიც მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 11. დამტკიცებული ბიუჯეტის გამოქვეყნებას და ბიუჯეტის ტექსტის ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 12. დასაგეგმი წლის დაწყებამდე ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მერი უფლებამოსილია ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების არაუმეტეს 1/12-ისა. 13. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
მუხლი 99.
მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების წესი |
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია დაამტკიცოს მერის მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.
2. საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია. |
მუხლი 100.
დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების (კორექტირების) წესი |
1. დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტება (კორექტირება) არის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების (ასიგნებების) გადანაწილების შესახებ.
2. ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისა. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შესაძლებელია შეუზღუდავად. 5. მერი უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების (განაცხადის) საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. მერი უფლებამოსილია ასევე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს საკრებულოს. 7. თუ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, მაშინ მერმა სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 8. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები ხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 101.
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი |
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტისთვის თანდართული მასალები უნდა შეიცავდეს ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, განახლებულ საშუალოვადიან პრიორიტეტებს და ფისკალურ პროგნოზებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე. 3. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მერის წარდგინებით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი იმავე წესით, რა წესითაც ხდება მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის წარდგენა, განხილვა და დამტკიცება. |
მუხლი 102.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების პერიოდულობა |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური ანგარიში – ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან, საკრებულოში შეიტანება განსახილველად მერის წარდგინებით საბიუჯეტო წლის ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საკრებულოში შეიტანება განსახილველად საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. |
მუხლი 103.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოში შეტანის, გამოქვეყნების, წინასწარი განხილვის, საკრებულოს სხდომაზე წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი |
1. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, საანგარიშო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, აისახება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) საანგარიშგებო წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი დაზუსტებები, ცვლილებები და დამატებები; გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარება შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთები (გამოუყენებელი სახსრები, მათ შორის: გარდამავალი საბრუნავი საშუალებების და თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობები) საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და დასასრულისათვის; ე) მუნიციპალური პროგრამებისა და ძირითადი ღონისძიებების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტება, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს; ვ) სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფა; ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მხარჯავი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა და მიღწეული შედეგები; თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული/კონტროლირებადი არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიური შედეგები; ი) მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აქტივები და ვალდებულებები. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ და პროაქტიულად ქვეყნდება (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით) მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს კომისიებში მისი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით და ამ მოსაზრებების წარდგენის ვადა. 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის გამოქვეყნებიდან 10 დღის პერიოდში საკრებულოს მიერ ეწყობა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ერთად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წინასწარი განხილვა, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ წლიური ანგარიშის გაცნობის, შეკითხვების დასმისა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება. 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა, საკრებულოს კომისიების შესაბამის სხდომებზე წინასწარ განიხილება ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, აუდიტორული შემოწმების შედეგები, დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები (შენიშვნები,რეკომენდაციები, წინადადებები) და საკრებულოს აპარატს წარედგინება კომისიების შესაბამისი დასკვნები. 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმები პროაქტიულად ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში. 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის მიზნით საკრებულოს სხდომა მოიწვევა საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს და ძირითად მომხსენებლად გამოდის მერი, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებისთვის მეორე მომხსენებლად შეიძლება გამოვიდეს მერის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. 10. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტორის ან/და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში). 11. მომხსენებელთა და თანამომხსენებელთა მოსმენის შემდეგ იწყება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა (დებატები) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 12. საკრებულოს სხდომა საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არაუგვიანეს 1 მაისისა, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, იღებს გადაწყვეტილებას (განკარგულებას) ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. 13. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას, რაც შეიძლება გახდეს მერისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიციირების მიზეზი. ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აყენებს მერისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს. 14. ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, დამოუკიდებელი აუდიტის ან/და შიდა აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნა, საჯარო ინფორმაციაა, რომლის საზოგადოებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 104.
საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები (დასკვნა) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ წარედგინება საკრებულოს ბიუროს. მნიშვნელოვანი ხარვეზის (ხარვეზების) გამოვლენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიურო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისიის (კომისიების) მიერ საკითხის (საკითხების) შესწავლის, წინასწარი მომზადებისა და საკრებულოს სხდომაზე გასატანად, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 3. მერიის მიერ განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება. 4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი. 5. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე (გასაწევი აუდიტორული მომსახურების ზუსტი შინაარსი), რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 6. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური (მერიის სატენდერო კომისია) ვალდებულია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა. 8. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება, საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 9. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. 10. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ვალდებულია სისტემატურად აკონტროლოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა, რაციონალურობა, ეკონომიურობა, ეფექტიანობა და საკრებულოში წარმოადგინოს შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. 11. ბიუჯეტის შესრულების პერიოდული: ყოველთვიური ანგარიშის ცნობად მიღება, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა, განხილვა და დამტკიცება საკრებულოს აძლევს საშუალებას: ა) სისტემატური კონტროლი გაუწიოს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას; ბ) გაანალიზოს და შეაფასოს, თუ რამდენად კანონიერად, მიზნობრივად, რაციონალურად, ეკონომიურად და ეფექტიანად იქნა ხარჯები გაწეული; გ) დაადგინოს, მიღწეულ იქნა თუ არა პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრული მიზნები; დ) დააფიქსიროს აღმასრულებელი ორგანოსა და მერიის მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემები (ხარვეზები); ე) შეიმუშაოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები და წინადადებები, თუ რისი გათვალისწინებაა საჭირო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას. 12. საკრებულო უფლებამოსილია, დამოუკიდებელი აუდიტორის, შიდა აუდიტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მეშვეობით, სისტემატურად გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა და მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში: ა) დასვას მერიის ცალკეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი; ბ) მიმართოს მერს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. |
თავი XV
საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის
განსაკუთრებული წესი (პროცედურები) |
მუხლი 105.
საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი |
1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მუნიციპალიტეტის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.
2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის მუნიციპალიტეტის ფინანსებზე გავლენის შესახებ. 3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე. 4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მერის თანხმობით და/ან მერის მიერ. 5. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად. |
მუხლი 106.
მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება |
1. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.
2. ინიციატორი, მუნიციპალიტეტის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ მერი. 3. საკრებულოს მიერ მერისათვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე). 4. საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე. 5. შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 6. მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
მუხლი 107.
პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა |
1. პეტიცია იწერება და შეიტანება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ან საერთო კრების მიერ.
2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 3. პეტიცია უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) პეტიციის ამომრჩეველთა მიერ წარდგენის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს; ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას. 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 5. პეტიციას არეგისტრირებს საკრებულოს აპარატი და ამ რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებას. 6. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ამ რეგლამენტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. 7. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მერს ან შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით შეიტანება საკრებულოს დღის წესრიგში. 10. საკრებულო საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ საკრებულომ მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციით დასმულ საკითხზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნა, საკრებულოს დავალებით პეტიცია განსახილველად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას. 11. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 12. ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 15. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება საკრებულოს. საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას. 16. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული ვადები საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 17. მერი ვალდებულია განიხილოს საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 18. საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები. 19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 20. პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 21. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 22. საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საკრებულოს ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით. 23. ამ მუხლის მე-22 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით, მომხსენებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხსენებელი, რეგისტრირდება აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხსენებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ მომხსენებელი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას. 24. მომხსენებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში, აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები. 25. ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე. 26. ამ მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებულ ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი, საკრებულოს ვებგვერდზე არ ასახავს, თუ: ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს; ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს; გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 27. ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება საკრებულოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე. 28. ამ მუხლის 27-ე პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩევლები აპლიკაციაში ქართული შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას. 29. ამ მუხლის 28-ე პუნქტის შესაბამისად ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის. 30. აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იმავე პირადი ნომრით. 31. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და მომხსენებლ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს. 32. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის, პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას. საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით. 33. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ მუხლის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი. 34. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ მუხლით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციას. 35. ამ მუხლით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულს განათავსებს საკრებულოს ვებგვერდზე. |
მუხლი 108.
სამართლებრივი აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით |
1. მერს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი სამართლებრივი აქტის პროექტის ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით.
2. საკრებულოს შესაბამის კომისიას და/ან საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. 3. მერს ეთქმება უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს. 4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვას იწყებს ამ რეგლამენტის 89-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით. 5. თუ საკრებულოს მიერ ხელახლა იქნა უარყოფილი სამართლებრივი აქტის პროექტი, იგი მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება იქნეს შემოტანილი ხელახლა განსახილველად. |
თავი XVI
საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევა და გადარჩევა |
მუხლი 109.
არჩევნების ჩატარების ზოგადი წესი |
1. საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით.
2. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. 3. საკრებულოს მიერ არჩეულ პირთა გაწვევა ხდება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არაა დადგენილი. |
მუხლი 110.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი |
1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულ საკრებულოს წევრს კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენამდე უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ ან უარი განაცხადოს კანდიდატობაზე მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე. 5. კანდიდატებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს ამ კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. 6. კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით. 7. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევ ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით. 8. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს შესაბამისი კომისია (ხოლო მის შექმნამდე – სამანდატო დროებითი კომისია). 9. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატურის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი უშვებს კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთში. 10. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ შესაბამისი (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს, რომელ კანდიდატს მიეცა ხმა. 11. შესაბამისი (სამანდატო დროებითი) კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმს საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე. 12. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 13. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები. |
მუხლი 111.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი |
1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
2. მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ ხელმოწერილი უნდა იქნეს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ. ხელმოწერილი მოთხოვნა ჰბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ამოწმებს ხელმოწერათა ნამდვილობას და რეგისტრაციაში ატარებს მოთხოვნას. მოთხოვნა იმავდროულად შეიძლება შეიცავდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც. 3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში მოთხოვნილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც, რიგგარეშე სხდომა მოიწვევა და ტარდება ამ რეგლამენტის 62-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში არ არის დასმული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც, საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად. 5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი. 6. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის ინიციატორებმა შეუძლიათ გამოყონ ერთი მომხსენებელი ან უარი თქვან საკუთარი მოსაზრების დასაბუთებაზე და მოითხოვონ განხილვის გარეშე კენჭისყრის ჩატარება. 7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მიმართოს საკრებულოს სხდომას. მისი ეს უფლება არ შეიძლება იქნეს უარყოფილი. 8. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ფარული კენჭისყრა ბიულეტენების საშუალებით. 9. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 10. თუ საკრებულომ კენჭისყრის შედეგად ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება, ან თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. |
მუხლი 112.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევის წესი |
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის 110-ე მუხლით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. |
მუხლი 113.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების წესი |
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და/ან მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლება/ჩაითვლებიან, თუ წინადადებას მისი/მათი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. |
მუხლი 114.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი |
1.საკრებულო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულოს კომისიის წევრთაგან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს, საკრებულოს წევრთა 1/5-ს და საკრებულოს ფრაქციას. 3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად. |
მუხლი 115.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი |
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ან შესაბამისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტმა.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 3. კომისიის თავმჯდომარეს, თუ ის ამ თანამდებობაზე დასახელებული იქნა როგორც ფრაქციის წევრი საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის მიერ, თანამდებობრივი უფლებამოსილება უწყდება ამ ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. |
მუხლი 116.
საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი |
1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.
2. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. 3. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიებში თავის წევრებს. 4. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს შესაბამისი კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. 5. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამისი კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. |
მუხლი 117.
საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა |
1. საკრებულოს თანამდებობის პირს შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითებით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულოს თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.
2. საკრებულო კენჭისყრის გარეშე ცნობად იღებს საკრებულოს თანამდებობის პირის განცხადებას გადადგომის შესახებ. |
მუხლი 118.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა |
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა შესაბამის კომისიას.
2. შესაბამისი კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ. 3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევებში საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. |
მუხლი 119.
მერისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი |
1. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.
2. თუ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 კაცის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი და საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულად. შესაბამისი ინიციატივის განცხადება წარედგინება საკრებულოს. 3. საინიციატივო ჯგუფის შესაბამის განცხადებას და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი და საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის და ამ რეგლამენტის 143-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას. 4. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 5. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 6. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ საკრებულოს არ აქვს დადგენილი შესაბამისი ფურცლის ფორმა, საინიციატივო ჯგუფი ამ ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ხელმოწერების შეგროვებას. 7. საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 20%-ი. 8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და ინიციატორებთან თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიციირებაზე. 9. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი); გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას; ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები. 10. ბათილია ყველა ხელმოწერა შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის და არ არის დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. 11. ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენის ან წარდგენაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები. საკრებულოს თავმჯდომარის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 12. საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენას ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა. თუ ინიციატივისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემაზე საკრებულოს თავმჯდომარის უარი სასამართლომ არაკანონიერად ცნო, საკრებულო ინიციატივას განიხილავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში. 13. საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. მერისათვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. უნდობლობის გამოცხადება იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას. 14. საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია. 15. უნდობლობის საკითხის ინიციირება და მერისთვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, ასევე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში. |
თავი XVII
საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება |
მუხლი 120.
საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები |
1. საკრებულო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია: ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია; ბ) ინფორმაციის გამოთხოვა; გ) საკრებულოსადმი ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა; დ) დამოუკიდებელი აუდიტი. |
მუხლი 121.
წერილობითი და ზეპირი შეკითხვები |
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს.
2. შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ. 3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ან საკრებულოს სათათბირო ორგანოების სხდომებზე. 4. წერილობითი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება. შეკითხვის დასმასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვაც. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ზეპირ შეკითხვაზე შესაბამისი თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ ზეპირი ან წერილობითი პასუხი უნდა გაიცეს შესაბამისი ორგანოს სხდომაზე, რაც აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში. 6. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, 1 კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით. 7. საკრებულოს შესაბამისი კომისია კალენდარული წლის 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის საკრებულოს წევრის შეკითხვაზე რეაგირების საკითხს. კომისია საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და აქვეყნებს საკრებულოს ვებგვერდზე. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. |
მუხლი 122.
ინტერპელაცია |
1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი მერის, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე.
2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს მერის, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს. 3 ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი ზუსტად და ლაკონიურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ერთვოდეს დასაბუთებაც. 4. ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა ჩაბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და არაუგვიანეს მე-2 დღისა უგზავნის შესაბამის ადრესატს. 5. მერი, მერიის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირი ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობით პასუხს საკრებულოს უგზავნის მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 6. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს ბიუროზე ადგენს საკითხის განხილვის ვადას. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის დასმიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში. 7. ინტერპელაციის წესით დასმულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა 15 წუთი განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ – 20 წუთი. 8. ფრაქციის ან შესაბამისი კომისიის მოთხოვნით მოცემულ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დებატები. 9. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს სხდომა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. |
მუხლი 123.
კონტროლი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე |
1. კონტროლი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე იწყება ამ გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის დღიდან.
2. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის მიზანია მათი შესრულების მდგომარეობისა და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა. 3. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი ხორციელდება საკრებულოს კომისიათა მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების აღსრულების მდგომარეობას მათ მიკუთვნებულ დარგობრივ სფეროებში. 4. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე, მოისმინოს მათი განმარტებები და ანგარიშები. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 5. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია შეიძლება საკრებულოს წარედგინოს ან რეაგირებისთვის გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ვალდებულია მიღებულ რეკომენდაციებზე მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს კომისიას. 6. კომისია საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც მიეთითება შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსი, აღმასრულებელი უწყების მოვალეობები, კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. 7. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს კომისიის ანგარიში საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტ(ებ)ის აღსრულების შესახებ. |
მუხლი 124.
კონტროლი მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე |
1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ შესაბამისი სამსახურების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს.
2. მერიის სამსახური საკრებულოს შესაბამისი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წარადგენს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ. 3. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხი. 4. საკრებულო სხდომაზე აფასებს სამსახურის საქმიანობას და იღებს რეკომენდაციას სამსახურის საქმიანობის თაობაზე. 5. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. |
მუხლი 125.
საკრებულოს მიერ მერის საქმიანობის ანგარიშის განხილვა |
1. მერი საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
2. მერი წლიურ ანგარიშს საკრებულოში წარადგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო საკრებულოს მორიგი არჩევნების წელს – შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე. 3. მერის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე მოსმენამდე 7 დღის ადრე წინასწარ ეგზავნება ფრაქციებსა და საკრებულოს უფრაქციო წევრებს. 4. მერის მიერ ანგარიშის წარდგენიდან არაუადრეს 7 დღისა საკრებულოს ბიუროს ანგარიში შეაქვს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში. 5. მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ შეკითხვებისათვის საკრებულოს თითოეულ წევრს ეძლევა 3 წუთი. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, თითოეულ ფრაქციას შეფასებებისთვის ეძლევა – 15 წუთი, ხოლო საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში – 5 წუთი. 6. ფრაქცია მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. 7. საკრებულოს წევრების შეფასებების დასრულების შემდგომ მერი წარმოთქვამს შემაჯამებელ სიტყვას. 8. განხილვის შემდეგ საკრებულო იღებს განკარგულებას, რომელშიც აფასებს ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს რეკომენდაციებს. 9. მერი საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს. რიგგარეშე ანგარიშის განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტები. |
მუხლი 126.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი |
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია საკრებულოს შესაბამის კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში (წერილობით).
2. შესაბამისი კომისიები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს. 3. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიში განიხილება საკრებულოს სხდომაზე. საკრებულო აფასებს კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას. 4. კომისიის ან/და ბიუროს მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქმიანობის რიგგარეშე ანგარიში. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრებულოს კომისიასა და საკრებულოს ბიუროს დამატებით წარუდგინოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. |
მუხლი 127.
დამოუკიდებელი აუდიტი |
1. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.
2. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 3. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი. 4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტზე გასაცემი დავალების (გასაწევი აუდიტორული მომსახურების) ზუსტი შინაარსი. 6. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ. 8. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. |
მუხლი 128.
საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება |
1. თუ მერის, მერიის თანამდებობის პირის ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სხვა უფლებამოსილი მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ამ სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.
2. სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების ინიციატორი შეიძლება იყოს კომისია ან ფრაქცია. გასაჩივრების საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში შეიტანება რიგგარეშედ. 3. საკრებულო სხდომაზე საკითხის განხილვისას მოსმენილი უნდა იქნეს შესაბამისად მერის, მერიის თანამდებობის პირის თუ აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი მოხელის არგუმენტები. 4. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. |
თავი XVIII
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში |
მუხლი 129.
საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი |
1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებული არიან თვეში ორჯერ მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს მოქალაქეთა მიღება. ამომრჩევლების მისაღებად საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში. 3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები, ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით, ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები, შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი). 5. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები. 6. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ. |
მუხლი 130.
საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი |
1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს.
2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას. 3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ რეგლამენტის 66-ე მუხლით დადგენილი წესით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა. 4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს. 5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტის 79-ე მუხლით დადგენილი სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები. 6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. |
მუხლი 131.
პეტიცია |
1. პეტიცია არის თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს წარმოადგინონ ინიციატივა და უშუალო მონაწილეობა მიიღონ მათ წინაშე არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში.
2. პეტიციის შედგენის, წარდგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და ამ რეგლამენტის 107-ე მუხლით დადგენილი წესით. |
მუხლი 132.
მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა |
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად.
2. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე შეიძლება შეეხებოდეს მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას. 3. მუნიციპალიტეტის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე. |
მუხლი 133.
მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი |
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფს უფლება აქვთ, საჯარო განცხადებით მიმართონ მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირს.
2. საჯარო განცხადებად მიიჩნევა მუნიციპალიტეტის ორგანოს და/ან თანამდებობის პირის გადაწყვეტილების ან მოქმედების შეფასების ან მათი ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემცველი ხელმოწერილი განცხადების გამოქვეყნება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან მისი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. 3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში ვალდებულია პასუხი ან ახსნა-განმარტება გამოაქვეყნოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან გაავრცელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. 4. მასობრივი საინფორმაციო საშუალება, რომელმაც საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, ვალდებულია შეუფერხებლად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხის ან ახსნა-განმარტების გამოქვეყნება. |
მუხლი 134.
ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი |
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.
2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არანაკლებ 10 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. 3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცლებს. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. 4. ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით. 5. ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცლების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბაროს საკრებულოს აპარატს. 6. მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. 7. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. |
მუხლი 135.
ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი |
1. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება და მტკიცდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორი ამომრჩევლის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) მიერ წარდგენილი სხდომის დღის წესრიგის პროექტის მიხედვით და ასეთ პროექტში ასახული განსახილველი საკითხების თანმიმდევრობის დაცვით.
2. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდება საჯაროდ. 3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორს და/ან მის მიერ წამოყენებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა საკრებულოს რეგლამენტის 66-ე მუხლით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის, წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები ან/და რეკომენდაციები საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან მიმართებით. |
მუხლი 136.
საზოგადოებრივი აზრის შესწავლა |
1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა გაერთიანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეგროვების, სისტემატიზაციისა და საკითხზე მათი დამოკიდებულების წარმოჩენის მიზნით.
2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმებია: ა) საერთო კრება; ბ) მოსახლეობის გამოკითხვა; გ) ინტერაქტიური განხილვა სატელევიზიო გადაცემის, ინტერნეტის ან მასობრივი ინფორმაციის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით; დ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სხვა ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით. 3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა მოსმენილ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერის და მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ შესაბამისი საკითხის განხილვისას. 4. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა შესაძლებელია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბიუჯეტის ხარჯების 5%-ს. |
მუხლი 137.
დასახლების საერთო კრება |
1. დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება.
2. საერთო კრებაში მონაწილეობას იღებენ დასახლებაში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქენი. 3. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ: ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს; ბ) მერს – საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით; გ) საერთო კრების რჩეულს (არსებობის შემთხვევაში). 4. საერთო კრების უფლებამოსილებების, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 854 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 5. იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საკრებულო უფლებამოსილია საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი. 6. საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებას. საერთო კრების ტიპური დებულებით განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა, საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურა. 7. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს მერის წარმომადგენელი, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს. 8. დასახლების საერთო კრების ოქმში შეიტანება დასახლების საერთო კრების ჩატარების დრო და ადგილი, საერთო კრებაზე მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხი (საკითხები), მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). 9. დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას ამ რეგლამენტის 143ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში. |
მუხლი 138.
მოსახლეობის გამოკითხვა |
1. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამომრჩევლებში ან მათ ნაწილში (დასახლებაში ან დასახლებათა ჯგუფში) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე მოსახლეობის აზრის გაგების მიზნით.
2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 3. გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, ბიურო, საკრებულოს კომისია ან საკრებულოს ფრაქცია. 4. გამოკითხვის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 5. გამოკითხვის ჩატარების ფორმას (შერჩევითი სოციოლოგიური გამოკითხვა, მუნიციპალიტეტის (დასახლების, დასახლების ჯგუფის) მოსახლეობის გამოკითხვა ერთ კონკრეტულ საკითხზე და ა.შ.) განსაზღვრავს გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი. |
მუხლი 139.
მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება |
მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ფორმებია:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეული საქმიანობაზე პერიოდული ანგარიშის ჩაბარება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 5%-ს, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, გეოგრაფიულ ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება და სხვ.) გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. |
მუხლი 140.
საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან |
1. საკრებულოს წევრი ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.
2. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარშედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ. 3. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 141.
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში |
1. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
2. საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მისი მუშაობის შესახებ რიგგარეშე ანგარიში. 3. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში. 5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 136-ე მუხლით დადგენილი ფორმებით. |
მუხლი 142.
მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
|
საკრებულო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო, მერიის სტრუქტურული ერთეულები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, მერი, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. |
მუხლი 143.
მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა |
1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებულობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც; ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოში მისი წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) 10 დღის ვადაში; ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა; ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში; ზ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; თ) დასახლების საერთო კრების ოქმები – მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში; ი) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში; კ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ლ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც; მ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ნ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში; ო) მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 10 დღის ვადაში; პ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში; ჟ) მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში; რ) მერიის სამსახურის უფროსების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობისშესახებ წარდგენიდან 5 დღის ვადაში; ს) პეტიცია – მისი რეგისტრირებიდან 10 დღის ვადაში; ტ) მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში; უ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ფ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა – მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ქ) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომის ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა , გ , დ , ე , ვ , თ , ი , კ , ლ , მ , პ , რ, ტ და უ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში. |
თავი XIX
საკრებულოს აპარატი და საკრებულოს სათათბირო ორგანოები |
მუხლი 144.
საკრებულოს აპარატი |
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.
2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. |
მუხლი 145.
საკრებულოს სათათბირო ორგანოები |
1. საკრებულო მის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ ან დროებით სათათბირო ორგანოებს: საბჭოებს, კომიტეტებს, საზოგადოებრივ დარბაზს და სხვა.
2. მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის ხელშეწყობისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. 3. საკრებულოს სხვა სათათბირო ორგანოების უფლებამოსილება და საქმიანობის ვადა განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით. |
თავი XX
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 146.
კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე |
1. საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
2. საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე. |
მუხლი 147.
საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით; გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით; დ) პეტიციის წესით. 3. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები