დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.017016 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2021; 040030000.22.023.016675) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული: 1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების“: ა) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ტყის დაყოფას სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად და ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად), ხოლო ტყის ეფექტურად დაცვის, მართვის და მოვლის მიზნით სატყეო უბნის დაყოფა სამცველოებად;“; ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტყის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად), ხოლო ტყის ეფექტურად დაცვის, მართვის და მოვლისათვის სატყეო უბნის სამცველოებად დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;“; გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერქნული რესურსის, სააგენტოს მიერ დამზადებული ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების ან ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონების გამოცხადება;“; გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – სატყეო სამსახურების ტიპური დებულების (დანართი 1)“ მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული ტერიტორია დადგენილი წესით იყოფა სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტლებად და ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად). ხოლო ტყის ეფექტურად დაცვის, მართვის და მოვლის მიზნით სატყეო უბანი იყოფა სამცველოებად. სამცველოების ნუსხას და მათი პირველადი მიღება-ჩაბარების (გადაბარების) წესს ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ და „ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხელმძღვანელობს სატყეო უბანს, მის დაქვემდებარებაში არიან ტყის მცველები, რომელთაც აძლევს მითითებებსა და დავალებებს; ბ) აკონტროლებს ტყის მცველების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“; ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წარუდგენს სატყეო სამსახურის უფროსს წინადადებებს ტყის მცველების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სატყეო სამსახურში სააგენტოს საშტატო ნუსხით ასევე განისაზღვრება შესაბამისი რაოდენობის მეტყევე, ხე-ტყის დამზადების ინჟინერი, უფროსი სპეციალისტი, ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი, ტყის მცველი და ოპერატორი.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ტყის მცველის უფლებამოსილება ვრცელდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მისი კომპეტენციაა: ა) ტყის ფიზიკური დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი დოკუმენტების შედგენა, გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებაში მონაწილეობა. საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; გ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შესაბამისი ორგანოებისათვის; დ) ტყის მავნებელი დაავადებების ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება (ინფორმირება); ე) კომპეტენციის ფარგლებში ტყის მოვლის და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების ფარგლებში არსებული ფართობების დაცვა და ამ ღონისძიებებში მონაწილეობა; ზ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ტყეკაფების მონიშვნის ან/და გამოყოფის, დახურვის, გაუქმების ღონისძიებებში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევისა და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „102“ პუნქტი: „102. უფროსი სპეციალისტის კომპეტენცია: ა) ტყის მართვის გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ბ) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; დ) გეოინფორმაციულ სისტემებში (Gis) მუშაობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები