„საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 310-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 11/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016869
310-1
22/09/2022
ვებგვერდი, 20/08/2026
480610000.03.030.016869
„საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ


საქართველო და გვატემალის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული

ურთიერთობები და თანამშრომლობა,

სურთ რა, გაამარტივონ დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკის მოქალაქეთა შესვლა, ტრანზიტი და გასვლა, თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეთა მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180) დღიან პერიოდში.

 

მუხლი 2

1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებული არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ პირველადი შესვლისათვის ესაჭიროებათ ვიზა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და/ან სამსახურებრივ პასპორტებს.

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

 

მუხლი 3

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია კომპეტენტური უწყებების მიერ განსაზღვრული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

 

მუხლი 4

თითოეული მხარის დიპლომატიური, ოფიციალური და/ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

 

მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული მხარის კომპეტენტური უწყებების უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლასა და ყოფნაზე მოქალაქეებს, რომლებიც მიჩნეულ იქნებიან არასასურველად და რომლებიც ვერ ასრულებენ შიდასამართლებრივ ნორმებს შესვლისა და ყოფნისათვის, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს შიდასამართლებრივი ნორმებით.

 

მუხლი 6

1. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

 

მუხლი 7

თითოეულ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის, ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

 

მუხლი 8

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 9

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორიც წარმოდგენილია აღნიშნული შეთანხმების მე-9 მუხლში.

3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამრიგად, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის შემდეგ.

 

შესრულებულია ქალაქ ნიუ-იორკში, 2022 წლის 22 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.


საქართველოს სახელით

გვატემალის რესპუბლიკის სახელით

ილია დარჩიაშვილი

 

საგარეო საქმეთა მინისტრი

მარიო ადოლფო ბუკარო ფლორესი

 

საგარეო საქმეთა მინისტრი