„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016971
1-1/311
13/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
040030000.22.024.016971
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/311

2026 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040300000.22.024.016059) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები:

„გ) მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

დ) საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ბ.ა) „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1 ) სააერნაოსნო კვლევის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;“;

ბ.ბ) „ჰ2“ და „3“ ქვეპუნქტები:

„ჰ2) კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისთვის სპეციალური ელექტრონული კოდის გაცემა და ამავე კონვენციით გათვალისწინებული IDERA-ს დოკუმენტის რეესტრის წარმოება;

3) „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის სქემის (CORSIA)“ მართვა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავიაციო საქმიანობებისთვის სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გაცემა.”;

 გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა)  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ავიასპეციალისტის მოწმობის და სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება, სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის და საკვალიფიკაციო აღნიშვნების აღიარება;“;

გ.ბ) „ქ 2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ2) საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ანალიზი,  გავრცელება, მათი თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, შეტყობინებების სტატისტიკური ანალიზი და წლიური ანგარიშის მომზადება, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოება, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან;“.

 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს თანამშრომლებთან დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ, შრომით და სააგენტოში სტაჟირების გავლის შესახებ ხელშეკრულებებს;“.

3. მე-3 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6) სააგენტოს დირექტორის შვებულების, საზღვარგარეთ მივლინების ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილეების შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს დირექტორის ყველა უფლებამოსილებას.

7) სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) „აე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობა და სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, საავიაციო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა; კომპლექსური საჰაერო ხომალდით საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციის ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისათვის ან სერტიფიკატის მაძიებლისათვის  სპეციალური ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის და სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, განახლების/აღდგენის, შეზღუდვის, შეჩერების, გაუქმების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მარშრუტზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებისა და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეთანხმება, მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების და საწაფის აღიარების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა და რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (SAFA/RAMP); ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის (აეროდრომის/ვერტოდრომის რაიონის) დადგენა და ამ არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრა/შეთანხმება; აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვა და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; აეროდრომის/ვერტოდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება, ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმება; აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში სააერნაოსნო კვლევის განხილვა, განხილვის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა, სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარების პროცესის წარმართვა და დასკვნის მომზადება; საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა; საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, სააერნაოსნო ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი ტექნიკური პერსონალის, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სფეროში საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობა; საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზედამხედველობა; ფრენის პროცედურების განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საავიაციო რუკების პროექტების შეთანხმება, ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს მიერ მომზადებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ვალიდაცია/ვერიფიკაცია; კომპეტენციის ფარგლებში სააერნაოსნო კვლევის განხილვა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა; სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა; სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შეტყობინებების სტატისტიკური ანალიზი, დამუშავება და წლიური ანგარიშის მომზადება, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოება, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტებისა და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მონიტორინგი და მისი ფუნქციონირების შესახებ, ასევე ერთიანი ევროპული ცის (SES) და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM MasterPlan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება/შეთანხმება და შესაბამისი (ICAO, EC, EASA, EUROCONTROL) ორგანიზაციებისთვის წარდგენა; საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირება და ორგანიზაციული მხარდაჭერა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზედამხედველობა; ავიასაწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს, საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს და საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების და ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;  კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA/RAMP); უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;  კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა;  სასწავლო პროგრამების შეთანხმება; კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (IDERA-ს დოკუმენტი) რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; IDERA-ს დოკუმენტის აღსრულების მიზნით, საქართველოს საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; უცხო  ქვეყანაში  რეგისტრირებული  სამოქალაქო  საჰაერო  ხომალდის  ექსპლუატანტის მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში  ადგილობრივი ფრენების განხორციელებისთვის თანხმობის გაცემის პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს საჰაერო სივრცეში სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზირებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წარმოების  ნებართვის გაცემა და ნებართვის გაუქმება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, დასკვნის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისათვის ან სერტიფიკატის მაძიებლისათვის სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალური ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობა;  სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ და სხვა შემთხვევებში; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა; საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმება, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; სააგენტოს მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა; სააგენტოსა და თანამშრომლებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობების სათანადო დოკუმენტური გაფორმება, მათ შორის, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ბრძანებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, სააგენტოს თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების, ორგანიზაციული კულტურის გაძლიერების, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის გაზრდის და შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შიდა დოკუმენტების და ღონისძიებების ინიცირება, შემუშავება, დაგეგმვა და ცვლილების მართვა; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა; სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია; თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვა და ორგანიზება; ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოწმობის გაცემა; ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის გაცემული მოწმობებისა და მინიჭებული უფლებამოსილებების (დაშვებების) აღრიცხვა და მონიტორინგი;  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა; სტაჟირებისა და პროფესიული პრაქტიკის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; სააგენტოს დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სააგენტოში შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; სააგენტოს გარე კომუნიკაციის (საზოგადოებასთან, მომხმარებლებთან და მედიასთან ურთიერთობა) უზრუნველყოფა, სააგენტოს საქმიანობისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოებისგან საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების გამოთხოვა და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და მუდმივი ზედამხედველობა; სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება; საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;“;

გ) „კმ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – სააგენტოს მიერ განსაზღვრული ხარისხის, შრომის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფა; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა; სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის კონსოლიდაცია; სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა;  სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი; მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისობის მონიტორინგის შედეგების წარდგენა, გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა; შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ლ) უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი – უპილოტო საჰაერო ხომალდების (უსხ) სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია და ზედამხედველობა; უსხ-ის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; უსხ-ის სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის გაცემა, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება; უსხ-ის სისტემის ექსპლუატაციის დეკლარაციის მიღება და დეკლარაციის სისრულის დადასტურება; უსხ-ის სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობის განხორციელება; დისტანციური პილოტის/ინსტრუქტორის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭება; დისტანციური პილოტის/ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების/სპეციფიკური კატეგორიის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება, სასწავლო პროგრამის შეთანხმება და საქმიანობაზე ზედამხედველობა; უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვა და სასწავლო პროგრამების შეთანხმება; სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დისტანციური პილოტის/ინსტრუქტორის მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვა,; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; ზსხ-ის რეგისტრაცია (აღრიცხვა) და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის იდენტიფიკაცია, საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის მწარმოებლის იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემა, უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ზსხ-ის პილოტის მოწმობის აღიარება, მოწმობის გამოცვლა, მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა, მოწმობაში უფლებამოსილების და კვალიფიკაციის აღნიშვნა, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელება და განახლება, მოწმობის გაუქმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ზსხ-ის პილოტ-კურსანტის/პილოტის საერთო თეორიული გამოცდის ჩატარება; ზსხ-ის პილოტ-კურსანტის/პილოტის საფრენოსნო მომზადების სილაბუსის შეთანხმება; ზსხ-ის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება, სასწავლო პროგრამის შეთანხმება და საქმიანობაზე ზედამხედველობა; საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის ძრავიანი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის  ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; პლანერის კომერციული და არაკომერციულ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; პლანერის კომერციული ექსპლუატანტის დეკლარაციის მიღება და დადასტურება; პარაპლანით (ზემსუბუქი საფრენი აპარატით) ფრენის შესრულების რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის  ზედამხედველობა, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანის და მისი აღჭურვილობის ვარგისიანობის და დაზღვევის მოთხოვნების განსაზღვრა;  საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პირის საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან/და აღდგენის საკითხის დაყენება და საქმიანობის შეჩერებასთან ან/და აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია/კოორდინაცია; პარაპლანით ფრენებისათვის საჰაერო სივრცის გამოყოფის პროცესში მონაწილეობა; კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წარმოების მიზნით ძრავიანი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის დეკლარაციის  დადასტურება და  ავტორიზაციის/ნებართვის გაცემა, ავტორიზაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, ცვლილების შეტანა,  შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება და სპეციალიზებული ექსპლუატაციის ექსპლუატანტზე ზედამხედველობა; სპეციალიზებული ექსპლუატაციის განხორციელებაზე ზედამხედველობა; სპეციალიზებული ექსპლუატაციის ექსპლუატანტის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება; საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების  და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

მ) სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი – სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული  აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვენციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე; საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით არსებული კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული  საერთაშორისო ინტერესის (ქონებრივი უფლება) საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო სპეციალური ელექტრონული კოდის გაცემა; ICAO-ს სტანდარტის „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის სქემის (CORSIA)“ მართვა; საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავიაციო საქმიანობებისთვის სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გაცემა; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო  სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ სემინარებში, შეხვედრებში  მონაწილეობა; სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება; სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე