დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018888 |
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც1“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მოსწავლეთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვის, მიღებული შეფასებების ასახვის, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების მიცემისა და შესრულების, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის (შემდგომ – ელექტრონული ჟურნალი) ადმინისტრირების, მასში მონაცემების დამუშავების წესებსა და პირობებს, ასევე ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ პასუხისმგებლობებს. 2. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – საჯარო სკოლა) ვალდებულია აწარმოოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული ჟურნალი, ამავე წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად. 4. ამ წესის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების“, ეროვნული სასწავლო გეგმის და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. ელექტრონული ჟურნალი 1. ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ სისტემას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 2. ელექტრონული ჟურნალის ტექნიკურ ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა. 3. ელექტრონულ ჟურნალში შესვლა შესაძლებელია ვებგვერდიდან onlineschool.emis.ge, app store-დან და playstore-დან გადმოწერილი მობილური აპლიკაციიდან, ასევე – შესაბამისი მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში – Microsoft Teams-იდან. 4. ელექტრონულ ჟურნალში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია: ა) მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების და ფსიქოლოგების – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, საჯარო სკოლა, სადაც ასწავლის, საგანი/საგნები და კლასი/კლასები, რომელსაც ასწავლის; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა); ბ) მოსწავლეების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (შემდგომ – მოსწავლეები) – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც ირიცხება; კლასი/პარალელური კლასი, სადაც ირიცხება; საგანი/საგნები, რომლებსაც სწავლობს; საკონტაქტო ინფორმაცია; გ) მშობლების/მეურვის/მზრუნველის/კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომ – მშობელი) – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც სწავლობს მოსწავლე; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა); დ) საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც დასაქმებულია; პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია; ე) საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის – სახელი; გვარი; პირადი ნომერი; სქესი; სკოლა, სადაც დასაქმებულია; პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა); ვ) საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განსაზღვრული ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრატორი (შემდგომ – ადმინისტრატორი) – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, სკოლა, სადაც დასაქმებულია; პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა). 5. ელექტრონულ ჟურნალში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – მანდატურის სამსახური)/საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის (შემდგომ – უფლებამოსილი პირი) მიერ საჯარო სკოლაში გამოვლენილი დარღვევისა ან/და სავარაუდო დარღვევის აღრიცხული ფაქტების შესახებ, მანდატურის სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზიდან (erofficers.emis.ge – ელექტრონული პროგრამა) (შემდგომ – ელექტრონული სისტემა – erofficers.emis.ge) აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) დარღვევის აღრიცხვის ფურცლის უნიკალური ნომერი, შევსების თარიღი, დარღვევის კატეგორია, დარღვევის ტიპი და დარღვევის ქვეტიპი; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის (შემდგომ – მანდატური) სახელი, გვარი, ელექტრონულ სისტემაში – erofficers.emis.ge არსებული მომხმარებლის სახელი (User); გ) დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, გადაეცა თუ არა შეტყობინება პოლიციას ფაქტის შესახებ, ეცნობა თუ არა აღნიშნული ფაქტის შესახებ მშობელს; დ) დამრღვევი პირის – პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, საჯარო სკოლის დასახელება, კლასი; ე) უფლებამოსილი პირი – სახელი, გვარი, უფლებამოსილი პირის სამსახურის ელექტრონულ სისტემაში – erofficers.emis.ge არსებული მომხმარებლის სახელი (User). მუხლი 3. ელექტრონული ჟურნალის სუბიექტები და მომხმარებლები, მონაცემებზე წვდომის უფლებები 1. ელექტრონული ჟურნალით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებს და მომხმარებლებს. 2. მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, ელექტრონული ჟურნალის: ა) მომხმარებლები არიან: ა.ა) საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; ა.ბ) საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე/მოადგილეები; ა.გ) საჯარო სკოლის ჟურნალის ადმინისტრატორი, რომელსაც შესაბამისი უფლება ენიჭება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში; ა.დ) საჯარო სკოლის მოსწავლე; ა.ე) საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი; ა.ვ) საჯარო სკოლის მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი; ა.ზ) საჯარო სკოლის კლასის დამრიგებელი (შემდგომ – კლასის დამრიგებელი); ა.თ) საჯარო სკოლის ფსიქოლოგი (შემდგომ – ფსიქოლოგი); ბ) სუბიექტები არიან: ბ.ა) სამინისტრო; ბ.ბ) მართვის სისტემა; ბ.გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომ – რესურსცენტრი); ბ.დ) მანდატურის სამსახური; ბ.ე) საჯარო სკოლა. 3. ამ წესში, მონაცემთა დამუშავება განიმარტება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებს გააჩნიათ მონაცემების დამუშავებაზე წვდომის შემდეგი მასშტაბი: ა) სამინისტროს – ყველა მონაცემის დამუშავება; ბ) მართვის სისტემას – ყველა მონაცემის დამუშავება; გ) რესურსცენტრს – სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების ყველა მონაცემის დამუშავება; დ) მანდატურის სამსახურს – მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან გათავისუფლების თაობაზე გაცემული ნებართვის – „საშვის“ (შემდგომ – საშვი) და მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დარღვევაზე დირექტორის რეაგირების შესახებ მონაცემების დამუშავება; ე) საჯარო სკოლას – მხოლოდ სკოლის მონაცემების დამუშავება. მუხლი 4. ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფცია 1. ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულ ჟურნალში ასახულ ინფორმაციას. 3. ელექტრონული ჟურნალის მომხმარებელი ვალდებულია ამ წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და დადგენილი ვადის დაცვით ასახოს ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ინფორმაცია. 4. ელექტრონული ჟურნალის მომხმარებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ინფორმაციის დროულად არ ასახვა შეიძლება გახდეს აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერებისა ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. 5. ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი ინფორმაციის მართებულობასა და სისრულეზე პასუხისმგებელია ელექტრონული ჟურნალის ის მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ამ ინფორმაციის ასახვაზე. მუხლი 5. ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალურობა და შენახვის ვადა 1. ელექტრონულ ჟურნალში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, კერძოდ – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი. 2. ელექტრონულ ჟურნალში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნია: ა) ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებს და მომხმარებლებს, ამავე წესით განსაზღვრული მასშტაბით; ბ) პირებს, რომლებიც მონაწილეობენ ელექტრონული ჟურნალის შექმნაში, ტექნიკურ განვითარებაში ან/და მართვაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ინახება ელექტრონულ ჟურნალში ასახული პირების აქტიური სტატუსის განმავლობაში. აქტიური სტატუსის შეწყვეტისას, გარდა საჯარო სკოლის მოსწავლისა, მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 75 წლის განმავლობაში. 5. საჯარო სკოლის მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში: ა) მოსწავლეს და/ან მშობელს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემებზე წვდომა გააჩნია მოსწავლის სტატუსის შეჩერებიდან/შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში; ბ) საჯარო სკოლას, მოსწავლის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში მონაცემებზე წვდომა გააჩნია ამ მოსწავლის სტატუსის: ბ.ა) შეჩერების შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების ვადით; ბ.ბ) შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, მონაცემები არქივდება და ინახება 75 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის ელექტრონული ჟურნალის მომხმარებლებისათვის. 7. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა აქვს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს. შენახვის 75-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მონაცემები წაიშლება, აღდგენის უფლების გარეშე. 8. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიზნებისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა, ხოლო სხვა პირებისათვის – ამავე დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. მუხლი 6. ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაცია და რეგისტრაცია 1. ელექტრონული ჟურნალის სუბიექტი და მომხმარებელი (გარდა მშობლისა), ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაციას გადის მართვის სისტემის მიერ მინიჭებული მომხმარებლის სახელით (User) და პაროლით. 2. მოსწავლის მშობელმა ელექტრონულ ჟურნალზე წვდომისათვის უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ამის შემდეგ კი გაიაროს ავტორიზაცია. 3. ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება სმს კოდი. პირადი ნომრის და სმს კოდის საშუალებით ხდება პირველადი ავტორიზაცია, სადაც მომხმარებელს მოეთხოვება პაროლის შეცვლა. 4. ელექტრონულ ჟურნალში, რეგისტრაციის დროს მინიჭებული მომხმარებლის სახელის (User) და/ან პაროლის დავიწყების შემთხვევაში, მომხმარებლის სახელი (User) და/ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია. მუხლი 7. ელექტრონულ ჟურნალში მიმდინარე პროცესები ელექტრონულ ჟურნალში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადაში, ელექტრონულად მიმდინარეობს შემდეგი პროცესები: ა) მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების წარმოება; ბ) მოსწავლის განმავითარებელი შეფასების წარმოება; გ) მოსწავლის სასწავლო პროცესზე დასწრების აღრიცხვა; დ) მოსწავლისთვის დავალების მიცემა, მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის/ფსიქოლოგის რეაგირება; ე) სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩანიშვნა (გაკვეთილების ცხრილი, შემაჯამებელი დავალება, შემაჯამებელი დავალების აღდგენა, გამოცდები, შეხვედრა, სხვა აქტივობა); ვ) „ჩატის“ მეშვეობით ელექტრონული ჟურნალის მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია; ზ) საშვის გამოწერა; თ) მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/დირექტორის მოადგილის რეაგირება; ი) იმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესის გაცდენის საპატიოდ ჩათვლის აღრიცხვა, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში; კ) რესურსცენტრის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების მიერ ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი; ლ) საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა გამოვლენა; მ) „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია. მუხლი 8. ელექტრონული ჟურნალის მომხმარებლების წვდომის მასშტაბი 1. საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ჟურნალის ადმინისტრატორს ელექტრონულ ჟურნალში აქვს წვდომა შესაბამისი საჯარო სკოლის ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ყველა პროცესზე. 2. საჯარო სკოლის მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში აქვს წვდომა ამ წესის მე-7 მუხლის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროცესზე მხოლოდ იმ საგნებსა და კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც ის ასწავლის. 3. კლასის დამრიგებელს ელექტრონულ ჟურნალში აქვს წვდომა (ასახვის უფლებით) ამ წესის მე-7 მუხლის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო ამ წესის მე-7 მუხლის „ა“-„დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროცესზე – ხედვის რეჟიმში, იმ კლასის მოსწავლეებზე, რომლის დამრიგებელსაც ის წარმოადგენს. 4. ფსიქოლოგს/სპეციალურ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში აქვს წვდომა (ასახვის უფლებით) ამ წესის მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, ხოლო ამ წესის მე-7 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროცესზე – ხედვის რეჟიმში. ფსიქოლოგს/სპეციალურ მასწავლებელს ასევე ხედვა აქვს ამ წესის მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სხვა მასწავლებლის მიერ განხორციელებული დავალების მიცემის ნაწილში იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან დაკავშირებით, რომელთანაც ის მუშაობს. ფსიქოლოგს/სპეციალურ მასწავლებელს, ასევე აქვს წვდომა ამ წესის მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროცესზე და უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნონ შეტყობინება საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელსა ან მშობელს. 5. მშობელს ელექტრონულ ჟურნალში აქვს წვდომა ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ყველა პროცესზე მხოლოდ ხედვის რეჟიმში და მხოლოდ თავისი შვილის მონაცემებზე, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის „ვ“ პუნქტისა. მშობელს ჩატზე გააჩნია წვდომა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ამ მშობელთან იწყება კომუნიკაცია. 6. მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში აქვს წვდომა, ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ყველა პროცესზე მხოლოდ ხედვის რეჟიმში და მხოლოდ თავის მონაცემებზე, გარდა მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა. მოსწავლეს ჩატზე გააჩნია წვდომა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ამ მოსწავლესთან იწყება კომუნიკაცია. მუხლი 9. მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინფორმაცია მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ, არაუგვიანეს იმავე კალენდარული დღის დასრულებამდე. 3. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის ასახვის შემდგომ, მოსწავლე გამოცხადდება და დაესწრება გაკვეთილს, მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ ჟურნალში განახორციელოს დასწრების შესახებ ინფორმაციის შეცვლა და შეცვლის მიზეზად მიუთითოს „დაგვიანება“. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში, ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებელმა ასახოს მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაცია, ასევე თუ მასწავლებელი მიმდინარე სემესტრის დროს აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მის მიერ ასახული მოსწავლის დასწრების მონაცემი არასწორია, იგი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს მისი ასახვა/შეცვლა. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ადმინისტრატორის თანხმობისა და აღნიშნული მოთხოვნის ელექტრონულ ჟურნალში დადასტურების შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია ასახოს/შეცვალოს მოსწავლის დასწრების მონაცემი (მონიშნოს „კი“ ან „არა“) მოთხოვნის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში. 5. საკლასო დავალების შეფასების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წესის შესაბამისად, მოსწავლე შეაფასოს მიმდინარე საკლასო დავალებაში როგორც განმსაზღვრელი, ისე – განმავითარებელი შეფასებით (კომენტარის სახით), რისთვისაც ელექტრონული ჟურნალიდან გაკვეთილის შეფასების დროს უნდა აირჩიოს შეფასების ტიპი „საკლასო სამუშაო“ და განმსაზღვრელი შეფასების არჩევის შემთხვევაში, მიუთითოს აღნიშნული საკლასო დავალების შეფასება ასახული უნდა იქნეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლის მიზნებისათვის. აღნიშნული შეფასების ასახვის უფლებამოსილება მასწავლებელს აქვს შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე. 6. საშინაო დავალების მიცემის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან მისცეს საშინაო დავალება, რისთვისაც კონკრეტული გაკვეთილისთვის მან უნდა ჩანიშნოს მიმდინარე საშინაო დავალება და ასევე შეუძლია განუსაზღვროს მისი შესრულების ვადა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მასწავლებელი უფლებამოსილია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს როგორც განმსაზღვრელი, ისე – განმავითარებელი შეფასებით (კომენტარის სახით), ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წესის შესაბამისად და განმსაზღვრელი შეფასების არჩევის შემთხვევაში, მიუთითოს აღნიშნული საშინაო დავალების შეფასება ასახული უნდა იქნეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლის მიზნებისათვის. 8. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან გაცემულ საშინაო დავალებაზე, მოსწავლე დავალებას დააბრუნებს ასევე ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით, მაშინ მასწავლებელი უფლებამოსილია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან არაუგვიანეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ გასულია აღნიშნული ვადა, მასწავლებელი უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს მისი დამატება/შეცვლა/წაშლა. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე. 9. მასწავლებელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მიერ შესრულებული და ელექტრონულ ჟურნალში გადმოგზავნილი მიმდინარე საშინაო დავალება შეფასების გარეშე შესაბამისი კომენტარით უკან დაუბრუნოს მას და განუსაზღვროს მიმდინარე საშინაო დავალების შესრულებისათვის დამატებითი ვადა. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მასწავლებელი უფლებამოსილია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს დავალების მოდულიდან არაუგვიანეს საშინაო დავალების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე. 11. შემაჯამებელი დავალების შეფასების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი კლასისათვის, არაუგვიანეს 8 კალენდარული დღით ადრე, ჩანიშნოს შემაჯამებელი დავალება, რისთვისაც მან ელექტრონული ჟურნალის კალენდრიდან გაკვეთილს უნდა შეუცვალოს სტატუსი „შემაჯამებელი დავალება“ და მიუთითოს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება ფასდება განმსაზღვრელი, თუ განმავითარებელი (კომენტარის სახით) შეფასებით. 12. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ დაესწრება გაკვეთილს, რომელზეც ჩანიშნული იყო შემაჯამებელი დავალება, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეს მისცეს მისი აღდგენის შესაძლებლობა, რისთვისაც კალენდარში მოსწავლის მშობელთან შეთანხმებულ დროს, არაუგვიანეს მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე, უნდა ჩანიშნოს კონკრეტული შემაჯამებელი დავალების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ დაესწრება შემაჯამებელი დავალების აღდგენასაც, რომელიც ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით, აღნიშნული დავალების შეფასება სემესტრული ქულის გამოანგარიშების მიზნებისათვის იქნება ნულის ტოლი. 13. მასწავლებელი ვალდებულია, შემაჯამებელი დავალების აღდგენა ელექტრონულ ჟურნალში ჩანიშნოს მხოლოდ იმ მოსწავლისათვის, რომელსაც შემაჯამებელი დავალების გაკვეთილზე უფიქსირდება „არა“ ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, თუ ეს უკანასკნელი გაკვეთილს, რომელზეც იყო ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება არ ესწრებოდა მისთვის შედგენილი ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგის გამო. 14. მასწავლებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შეფასება ელექტრონულ ჟურნალში ასახოს შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე. 15. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მიმდინარე სემესტრში გადადის შესაბამისი კლასის ერთი პარალელური კლასიდან მეორეში, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლის გადასვლამდე უზრუნველყოს ელექტრონულ ჟურნალში მისი შეფასება (სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების კომპონენტების შესაბამისად). 16. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის შესაბამისი კლასის ერთი პარალელური კლასიდან მეორეში გადასვლის შემდგომ მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მის მიერ ასახული შეფასება (ნებისმიერ კომპონენტში) ან აღრიცხული დასწრება არასწორია ან გამორჩენილია, იგი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს შეფასებისა ან დასწრების კორექტირება. 17. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი მიმდინარე სემესტრის დროს აღმოაჩენს, რომ ელექტრონულ ჟურნალში მის მიერ ასახული შეფასება (ნებისმიერ კომპონენტში) არასწორია, ამასთან გასულია ელექტრონულ ჟურნალში შეფასების ასახვის ამ წესით დადგენილი ვადა, ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს მისი შეცვლა ან წაშლა. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ადმინისტრატორის თანხმობისა და შესაბამისი მოთხოვნის ელექტრონულ ჟურნალში დადასტურების შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს შეფასების შეცვლა ან წაშლა მოთხოვნის დადასტურებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 3 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე. თუ მასწავლებელი განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყოფს ჟურნალის დადასტურებას, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონულ ჟურნალში ასახული შეფასება ჩაითვლება დადასტურებულად. 18. მასწავლებელი სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლებამოსილია მოსწავლე ელექტრონულ ჟურნალში შეაფასოს ჩათვლით სასწავლო სემესტრის დასრულებამდე 2 დღით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 1 დღეში. 19. მასწავლებელი ვალდებულია სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 2 დღეში დაადასტუროს ელექტრონულ ჟურნალში მის მიერ ასახული მოსწავლის დასწრებისა და მისი შეფასებების შესახებ ასახული ინფორმაციის სიზუსტე, რაც საფუძვლად დაედება მოსწავლის სემესტრული შეფასების გამოთვლას. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყოფს ჟურნალის დადასტურებას, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ჩაითვლება დადასტურებულად. 20. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონულ ჟურნალში ასახული შეფასების ავტომატურად დადასტურების შემთხვევაში მასწავლებელს ეზღუდება ასახული შეფასებების რედაქტირების მოთხოვნის უფლება. 21. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონულ ჟურნალში ასახული შეფასების დადასტურების გაუქმება ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. 22. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელი ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს სემესტრული შეფასების კორექტირება. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ადმინისტრატორის თანხმობისა და შესაბამისი მოთხოვნის ელექტრონულ ჟურნალში დადასტურების შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს შეფასების შეცვლა ან წაშლა მოთხოვნის დადასტურებიდან 24 საათში. 23. მასწავლებელი უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნოს შეტყობინება საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს, მოსწავლესა და/ან მშობელს. მუხლი 10. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს ელექტრონული ჟურნალის წარმოების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გამოსწორება. 2. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ამ წესის მე-9 მუხლის მე-4, მე-8, მე-16, მე-17 და 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულში დაადასტუროს ან უარყოს მასწავლებლის მოთხოვნა. 3. სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის გამოცდების მოდულში: ა) კლასს აუსახოს (ჩაუნიშნოს) საგნის წლიური გამოცდა, რა დროსაც უნდა მიუთითოს აღნიშნულ გამოცდაზე მიღებულმა შეფასებამ უნდა იქონიოს თუ არა გავლენა საგნის წლიურ შეფასებაზე; ბ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს საგნის სემესტრული გამოცდა; გ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს საგნის საშემოდგომო გამოცდა; დ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს საგნის ექსტერნატის გამოცდა (30%-იანი გაცდენის შემთხვევაში); ე) მოსწავლეს ჩაუნიშნოს შესაბამისი საგნის/საგნების ექსტერნატის გამოცდა; ვ) მოსწავლეს ჩაუნიშნოს სხვა აქტივობა. 4. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მოსწავლისათვის შესაბამის საგანში/საგნებში ელექტრონულ ჟურნალში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა აქტივობის ასახვის (ჩანიშვნის) შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს: ა) აქტივობის დასახელება; ბ) შეფასების ტიპი (განმსაზღვრელი/განმავითარებელი); გ) აღნიშნული აქტივობის შეფასება (განმსაზღვრელის შემთხვევაში) ასახული უნდა იქნეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლის მიზნებისათვის შეფასების სხვა კომპონენტებთან ერთად; დ) აღნიშნული აქტივობის შეფასება (განმსაზღვრელის შემთხვევაში) უნდა გახდეს თუ არა მოსწავლის სემესტრული შეფასება; ე) აღნიშნული აქტივობის შეფასება (განმსაზღვრელის შემთხვევაში) უნდა გახდეს თუ არა მოსწავლის წლიური შეფასება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების/სხვა აქტივობის ელექტრონულ ჟურნალში შეცვლის ან წაშლის უფლება გააჩნია საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს; 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდების/სხვა აქტივობის შედეგების (შეფასების) ელექტრონულ ჟურნალში ასახვის უფლებამოსილება გააჩნია საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შედეგების (შეფასების) ელექტრონულ ჟურნალში არასწორად ასახვის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი დასაბუთებით (კომენტარის სახით) განახორციელოს მისი შეცვლა შედეგების (შეფასების) ასახვიდან 8 კალენდარული დღის ვადაში. 8. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამ წესის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის დადასტურებამდე, უფლებამოსილია ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეს აუსახოს (მოუნიშნოს) შესაბამისი პერიოდის გაცდენების საპატიოდ ჩათვლა. 9. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ან ექსტერნატის გამოცდით დაძლეული იმ კლასის წინმსწრები კლასის/კლასების შესაბამისი საგნის/საგნების სემესტრული ან წლიური შეფასება/შეფასებები, რომელ კლასშიც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. 10. მოსწავლის მიერ მობილობის უფლებით სარგებლობის ან ამავე საჯარო სკოლის პარალელურ კლასში გადასვლის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამისი მოსწავლის ყველა მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს აღნიშნულის თაობაზე და უზრუნველყოს მათ მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების დროული შესრულება. 11. კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საჯარო სკოლაში მოსწავლის მიერ მობილობის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი/დამრიგებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში ასახოს: ა) მიმდინარე სემესტრში მოსწავლის მიერ გავლილი ყველა საგნის შეფასებებისა (ყველა იმ კომპონენტში, რომელიც მონაწილეობას იღებს სემესტრული შეფასების დათვლაში) და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ მობილობა ხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში. გარდა ამისა, შესაბამისი საფეხურის (რომელ საფეხურზეც განხორციელდა მობილობა) მანძილზე გავლილ საგნებში გამოთვლილი წლიური შეფასებები; ბ) მიმდინარე სემესტრში მის მიერ გავლილი ყველა საგნის შეფასებებისა (ყველა იმ კომპონენტში, რომელიც მონაწილეობას იღებს სემესტრული შეფასების დათვლაში) და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, თუ მობილობა ხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში. გარდა ამისა, პირველ სემესტრში გავლილ საგნებში გამოთვლილი სემესტრული შეფასებები და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, ასევე – შესაბამის საფეხურზე (რომელ საფეხურზეც განხორციელდა მობილობა) გავლილ საგნებში გამოთვლილი წლიური შეფასებები; გ) პირველ სემესტრში მის მიერ გავლილი ყველა საგნის სემესტრული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაცია, თუ მობილობა ხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, მაგრამ მეორე სემესტრის დაწყებამდე. გარდა ამისა, შესაბამის საფეხურზე (რომელ საფეხურზეც ხორციელდება მობილობა) გავლილ საგნებში გამოთვლილი წლიური შეფასებები. 12. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია მოსწავლის ჯანმრთელობის გაუარესებისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მისი სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების შემთხვევაში იმავე დღეს, ელექტრონულ ჟურნალში შექმნას „საშვი“, სადაც უნდა მიუთითოს სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მიზეზი. „საშვის“ შექმნის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში ეგზავნება მოსწავლეს, მშობელს, კლასის დამრიგებელს, ხოლო მანდატურს/ მანდატურებს/უფლებამოსილ პირს ელექტრონული სისტემის erofficers.emis.ge-ს მეშვეობით. 13. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ელექტრონულ ჟურნალში მანდატურის სამსახურის ელექტრონული სისტემიდან შემოსულ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე მოახდინოს რეაგირება და ელექტრონულ ჟურნალში ღონისძიების განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ასახოს რეაგირების დოკუმენტი. 14. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია, ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნოს შეტყობინება მასწავლებელს, საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს, მოსწავლეს და/ან მშობელს. 15. საჯარო სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია ამ მუხლით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები დააკისროს დირექტორის მოადგილეს ან ადმინისტრატორს, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა. მუხლი 11. კლასის დამრიგებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. დაწყებითი კლასის დამრიგებელი ვალდებულია სემესტრის დასრულებამდე არაუგვიანეს 8 კალენდარულ დღეში მოსწავლე შეაფასოს განმავითარებელი შეფასებით (კომენტარის სახით). 2. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დაწყებითი კლასის დამრიგებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს და მოითხოვოს განმავითარებელი შეფასების კორექტირება. საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ადმინისტრატორის თანხმობისა და შესაბამისი მოთხოვნის ელექტრონულ ჟურნალში დადასტურების შემთხვევაში, დაწყებითი კლასის დამრიგებელი ვალდებულია მოახდინოს შეფასების შეცვლა ან წაშლა მოთხოვნის დადასტურებიდან 24 საათში. 3. კლასის დამრიგებელი ვალდებულია ყოველკვირეულად აწარმოოს მასწავლებლების მიერ მისი სადამრიგებლო კლასის ელექტრონული ჟურნალის ამ წესის შესაბამისად წარმოების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გამოსწორებისათვის შესაბამისი ღონისძიებები. 4. კლასის დამრიგებელი ვალდებულია მოსწავლის ჯანმრთელობის გაუარესებისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მისი სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ელექტრონულ ჟურნალში შექმნას „საშვი“, სადაც უნდა მიუთითოს სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მიზეზი. „საშვის“ შექმნის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში ეგზავნება მოსწავლეს, მშობელს, საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ხოლო მანდატურს/მანდატურებს/უფლებამოსილ პირს ელექტრონული სისტემის erofficers.emis.ge-ს მეშვეობით. 5. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნოს შეტყობინება მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს/ფსიქოლოგს, მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეს და/ან მშობელს. მუხლი 12. ფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ელექტრონულ ჟურნალში გაეცნონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (რომელთანაც ისინი მუშაობენ) შეფასებებს, გაცემულ დავალებებსა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციას. 2. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან მისცენ დავალება და განუსაზღვრონ მისი წარმოდგენის ვადა. 3. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიერ ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით გადმოგზავნილ დავალებაზე განახორციელონ უკუკავშირი კომენტარის სახით. 4. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი ვალდებულნი არიან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უკუკავშირი ელექტრონულ ჟურნალში ასახონ შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე. 5. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ჟურნალის კალენდრის მოდულიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს აუსახონ (ჩაუნიშნონ) შეხვედრა. 6. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნონ შეტყობინება საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელსა ან მშობელს. მუხლი 13. მოსწავლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. მოსწავლე უფლებამოსილია გაეცნოს მის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შეფასებებს, გაცემულ დავალებებს, გაკვეთილებზე დასწრებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას. 2. მოსწავლე უფლებამოსილია ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილ ვადაში, საშინაო დავალება მასწავლებელს დაუბრუნოს ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით. 3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილ ვადაში, საშინაო დავალება სპეციალურ მასწავლებელს/ფსიქოლოგს უნდა დაუბრუნოს ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით. 4. მოსწავლე უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან დაუბრუნოს პასუხი მიღებულ შეტყობინებაზე ავტორს. მუხლი 14. მშობლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. მშობელი უფლებამოსილია გაეცნოს ელექტრონულ ჟურნალში მისი შვილის შეფასებებს, გაცემულ დავალებებს, გაკვეთილებზე დასწრებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას. 2. მშობელი უფლებამოსილია გაეცნოს ელექტრონულ ჟურნალში მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ მისი შვილის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ატვირთვის შესახებ შეტყობინებას. 3. მშობელი უფლებამოსილია ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან დაუბრუნოს პასუხი მიღებულ შეტყობინებაზე ავტორს. მუხლი 15. რესურსცენტრის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები 1. რესურსცენტრი ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების მიერ ელექტრონული ჟურნალის ამ წესის შესაბამისად წარმოების მონიტორინგი. 2. რესურსცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა.-ა.გ.“ და „ა.ვ.-ა.თ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომხმარებლებთან „ჩატის“ მეშვეობით კომუნიკაცია. მუხლი 16. ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად განსახორციელებელი მოქმედებები 1. ელექტრონული ჟურნალი უზრუნველყოფს ასახული მონაცემების საფუძველზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსწავლის სემესტრული, წლიური და საფეხურის შეფასებებისა და გაცდენების ავტომატურ დათვლას. 2. საჯარო სკოლიდან საჯარო სკოლაში მობილობის შემთხვევაში მობილობის პროცესის დასრულებამდე ორივე სკოლას – როგორც გამშვებს, ასევე მიმღებს აქვს ხედვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების თაობაზე. მუხლი 17. ელექტრონული ჟურნალის ტექნიკური ადმინისტრირება და უსაფრთხოება 1. ელექტრონული ჟურნალის ტექნიკურ ადმინისტრირებას, საქართველოს კანონმდებლობის, საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების, საერთაშორისო სტანდარტებისა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მართვის სისტემა. 2. ელექტრონული ჟურნალის უსაფრთხოებას, სისტემური განახლებების მართვას, წვდომების მართვას, ინციდენტების მართვას, ცვლილებების მართვას, ბიზნეს უწყვეტობას, ლოგების ცენტრალიზებულ მართვას, სარეზერვო ასლებისა და ჩანაწერების მართვას, ასევე, ტექნოლოგიური კონტროლის მექანიზმების დანერგვას, საქართველოს კანონმდებლობის, საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების, საერთაშორისო სტანდარტებისა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მართვის სისტემა. 3. მართვის სისტემა უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღებას, რომელიც ეფუძნება კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს. მუხლი 18. ფაილების ატვირთვა 1. ელექტრონული ჟურნალი ფაილის ატვირთვისას ავტომატურად ამოწმებს ასატვირთი ფაილის გაფართოებას, როგორც დაბოლოებით, ისე – header-ების საშუალებით და ადარებს დასაშვები ფაილების გაფართოებების სიას. შედარებისას ყველა ის ფაილი, რომელიც არ შეესაბამება ჩამონათვალს, არ აიტვირთება. 2. დასაშვებია ისეთი ფაილების ატვირთვა, რომლითაც არ არის შესაძლებელი რაიმე სახის ზიანი მიადგეს ელექტრონული ჟურნალის უსაფრთხოებას. 3. აკრძალულია გამშვები ფაილების ატვირთვა, როგორიცაა .bat .exe .bin და სხვა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები