დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/35745-16 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/35745-16 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ზვიად ესებუა სხდომის მდივანი – მეგი შარია |
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალ“ წარმომადგენლები – ქეთევან კობერიძე (დირექტორი), თინათინ სირაძე გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენლები – მაია ბარათაშვილი, ლევან პარუნაშვილი მოთხოვნა – შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება სასამართლომ გამოარკვია: 2016 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ დირექტორმა ქეთევან კობერიძემ და მოითხოვა შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 17 იანვარს, რომელიც გაგრძელდა 2017 წლის 10 თებერვალს. სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო.) 2026 წლის 15 მაისს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა – მაია ბარათაშვილმა წარმოადგინა მოვალის გაკოტრების საბოლოო ანგარიში თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაკოტრების მმართველმა განახორციელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები, მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების გეგმის შედგენა, რის შედეგადაც გაკოტრების მმართველი ითხოვს წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის დამტკიცებას, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას. სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ (ს/ნ202382723) კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2026 წლის 9 ივნისს, 12:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
● მეურვის/გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის აღიარება. ● გაკოტრების მმართველის გაკოტრების ანგარიშის მოსმენა/დამტკიცება. ● შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ (ს/ნ 202382723) მიმართ საქმის წარმოების დასრულება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება. კრედიტორთა კრებას დაესწრნენ მოვალის წარმომადგენელი – თინათინ სირაძე, გაკოტრების მმართველის წარმომადგენლები – მაია ბარათაშვილი, ლევან პარუნაშვილი. აღნიშნული მხარეები დაეთანხმნენ მოვალე შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმებას. სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და მოვალის პოზიცია და მიაჩნია, რომ შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის “ მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები. გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დგინდება შემდეგი გარემოებები: 2022 წლის 28 იანვრის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მიხედვით, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ (ს/კ 202382723) კრედიტორებს წარმოადგენენ: პირველი რიგი: საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური (მეურვის/გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯი); მე-6 რიგი: სს „იფი - 39 357 960,84 (ოცდაცხრამეტი მილიონ სამას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით. მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, მეურვის მიერ 17.01.2017წ A16126854-008/001 მოხსენებითა და შემდგომ, გაკოტრების მმართველის მიერ 01.04.2026წ A18004183-014/005 მოხსენებით კრედიტორთა კრებას მიაწოდა ინფორმაცია მოვალე საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავებისა თუ კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. მეურვემ/გაკოტრების მმართველმა, მოვალე კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციებზე დაყრდნობითა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოიძია და გამოიკვლია მოვალე კომპანიის ქონებრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 202382723) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, რომლის რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 16 აპრილს, იურიდიული მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №54, ბინა 23. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 202382723) რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დე ენდ ვე“-ს (ს/კ 200117747) კაპიტალის 100%- ანი წილის მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 202382723) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 202382723) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა; შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ ფლობდა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს შპს „დე ენდ ვეს“ (საიდენტიფიკაციო ნიშანი: 200117747) კაპიტალში 100 % -იან წილს და მის მიმართ გააჩნდა 8 000 000 ლარზე მეტი მოთხოვნა. ამასთან, თავის მხრივ, შპს „დე ენდ ვეს“ მიმართ მიმდინარეობდა გაკოტრების საქმის წარმოება, რომელიც დასრულდა 2023 წელს. თუმცა, შპს „დე ენდ ვეს“ კუთვნილი სამეურვეო ქონების ოდენობის გათვალისწინებით, შპს „დე ენდ ვეს“ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე. საქმის შესწავლით დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ ერთადერთ აქტივს წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქტივი 36 033.35 ლარის ოდენობით და სალაროს ნაშთი - 894.91 ლარის ოდენობით. ამასთან, საბანკო ანგარიშის შესწავლიდან ირკვევა, რომ ანგარიშზე განთავსებული თავდაპირველი თანხის - 37 401,54 ლარის შემცირება გამოიწვია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მეურვის თანხმობით განხორციელებულმა ხარჯვითმა ნაწილმა 1532,64 ლარის ოდენობით (გადახდილ იქნა - 2016 ოქტომბრის თვის საშემოსავლო გადასახადი) და საბანკო ანგარიშის შენახვის ხარჯებმა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 202382723) მოძიებულ ერთადერთ აქტივს (სამეურვეო მასა) წარმოადგენს მხოლოდ ფულადი ნაშთი 36 928,26 ლარის ოდენობით, რომლის განაწილების შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს კრედიტორთა რეესტრის მიხედვით, კრედიტორთა დაკმაყოფილება. განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის 5 000 ლარის, გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისთვის - 5000 ლარის. ჯამში: 10 000 ლარის ოდენობით კრედიტორული მოთხოვნის აღიარების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვალისაგან ამოღებული თანხა ნაწილდება კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად დადგენილი რიგითობით: კერძოდ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინსტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისათვის ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება: ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებს 5000 ლარისა, ხოლო ამავე ბრძანების „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას - სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებს 5000 ლარისა და არაუმეტედ გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლების 5000 ლარზე. ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა - მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის 5 000 ლარის და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისთვის - 5000 ლარის, ჯამში - 10 000 ლარის პირველი რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას, გასანაწილებელი თანხიდან 10 000 ლარი, სრულად ექვემდებარება სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, დარჩენილი თანხა 26 928,26 (ოცი ათას ექვსას ცხრას ოცდარვა ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარი სრულად მიემართება მე-6 რიგში რეგისტრირებული კრედიტორის სს „ი.ფ.ი.“-ს მოთხოვნის ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ მოხდა სამეურვეო ქონების ამ კანონის შესაბამისად განაწილება, მმართველმა მოითხოვა შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალ“-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება. გაკოტრების ანგარიშით დადგენილია, რომ შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ სამეურვეო ქონება განაწილებულია, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და აღნიშნული გარემოება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 38- 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დაადგინა: 1. დასრულდეს შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. 2. გაუქმდეს შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202382723) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. 3. შპს „ჯორჯიან თიმბერ ინთერნეიშენალის“ სამეურვეო ქონებიდან მიღებული თანხა განაწილდეს შემდეგი სახით: 3.1. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – 10 000 ლარი; 3.2 სს „ი.ფ.ი“(ს/ნ 00299540211) – 26 928, 26 ლარი; 4. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში. 5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მოსამართლე ზვიად ესებუა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები