,,მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 12/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.010.097
  • Word
67
07/03/2007
სსმ, 32, 12/03/2007
100.070.000.22.027.010.097
,,მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.010.097

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №67

2007 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანების (სსმ III, 1999წ., №72(79), მუხ. 1099) №1 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 6 მარტიდან.

გ. ქავთარაძე

დანართი №1

მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს დებულება აწესრიგებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურას, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და საქმიანობის მიმართულებებს.

2. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სასჯელაღსრულების ორგანო, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სისტემაში.

3. დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პერეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესი, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

4. დაწესებულებას ქმნის და აუქმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე) წარდგინებით.

    მუხლი 2

1. დაწესებულების ამოცანებს განეკუთვნება:

ა) თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში მართლწესრიგისა და კანონიერების, მსჯავრდებულთა, პერსონალის, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) მსჯავრდებულთა შრომითი დასაქმების ორგანიზება, აგრეთვე მათი ზოგადი და პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა;

დ) მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელის შეწყობა;

ვ) ამ დებულებით, შინაგანაწესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. დაწესებულება:

ა) ახორციელებს კონტროლს შინაგანაწესისა და რეჟიმის დაცვაზე დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე;

ბ) ითხოვს მსჯავრდებულისაგან და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას, შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვას;

გ) დამრღვევთა მიმართ იყენებს კანონით გათვალისწინებული ზემოქმედებისა და იძულების ღონისძიებებს;

დ) შეადგენს ოქმებს დისციპლინური დარღვევის თაობაზე, გამოიყენებს დისციპლინური პასუხიმგებლობის კანონით განსაზღვრულ სახეებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დაწესებულების ტერიტორიისა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე მსჯავრდებულთა და სხვა პირების, აგრეთვე მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, აკრძალული ნივთებისა და დოკუმენტების ამოღებას;

ვ) ახორციელებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციას, მათ ფოტოგრაფირებას, ხმის ჩაწერას, კინო და ვიდეო გადაღებას, დაქტილოსკოპირებას;

ზ) ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, მათ მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების გამოსავლენად ნიშნავს მსჯავრდებულთა სამედიცინო გამოკვლევას;

თ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით იყენებს ფიზიკურ ძალას, იარაღსა და სპეციალურ საშუალებებს;

ი) შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვის, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უფლებამოსილია დაწესებულების ტერიტორიისა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა, შეაჩეროს მოქალაქეთა შესვლა ან აიძულოს ისინი დატოვონ შესაბამისი ტერიტორია;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოიღებს განსაკუთრებული პირობების რეჟიმს;

ლ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულების დასაქმებას მათი შრომისუნარიანობის, შესაძლებლობებისა და სპეციალობის მიხედვით;

მ) ახორციელებს ამ დებულებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 3

1. დაწესებულებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

2. დირექტორი:

ა) ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დაწესებულებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარმოადგენს დაწესებულებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წინადადებებს დაწესებულების სტრუქტურის, შტატის, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დაწესებულების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ი) პერიოდულად ისმენს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის მოადგილის და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;

ლ) ახორციელებს ამ დებულებით, დაწესებულების შინაგანაწესით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით ან სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

    მუხლი 4

1. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.

2. დაწესებულების დირექტორის მოადგილე საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში, თუ კანონით ან შესაბამისი სპეციალური აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის მოადგილის უშუალო დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები, კადრების ინსპექტორები.

    მუხლი 5

1. დაწესებულების სტრუქტურაში შედის:

ა) უსაფრთხოების განყოფილება;

ბ) სარეჟიმო განყოფილება;

გ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;

დ) სოციალური განყოფილება;

ვ) სამორიგეო;

ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

თ) კანცელარია;

ი) სამედიცინო ნაწილი;

კ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება.

2. დაწესებულების სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.

3. დაწესებულების მოსამსახურეთა რიცხოვნობას და საშტატო განრიგს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამ დებულებით დადგენილი თანამდებობები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული დაწესებულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ბრძანების შესაბამისად, დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე.

    მუხლი 6

1. უსაფრთხოების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) დაწესებულების მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა;

გ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება;

დ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;

ე) დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში;

ვ) დაწესებულების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;

ზ) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) უსაფრთხოების განყოფილების უფროსი;

ბ) უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორები;

გ) უსაფრთხოების ინსპექტორები.

    მუხლი 7

1. სარეჟიმო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) დაწესებულების შინაგანაწესისა და დადგენილი დღის წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) შინაგანაწესისა და დღის წესრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

გ) ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;

დ) მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. სარეჟიმო განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) სარეჟიმო განყოფილების უფროსი;

ბ) რეჟიმის უფროსი ინსპექტორები;

გ) კონტროლის ინსპექტორები;

დ) სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორები;

ე) კონტროლიორები.

    მუხლი 8

1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების წარმოება;

გ) მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის, შეწყალების, გათავისუფლების და სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;

დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი;

ბ) უფროსი ინსპექტორები;

გ) ინსპექტორები.

    მუხლი 9

1. სოციალური განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლობლების უფლებების დაცვის და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) მსჯავრდებულთა და მათი ახლობლების სისტემატური მიღება და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;

გ) მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება;

დ) მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა, დახმარების გაწევა იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც ექსტერნად სწავლობს საშუალო, პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში;

ე) მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება;

ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. სოციალური განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) სოციალური განყოფილების უფროსი;

ბ) სოციალური მუშაკები.

    მუხლი 10

1. სამორიგეო ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, ხელმძღვანელ პირთა და დეპარტამენტის კანონიერ მითითებებსა და დავალებებს

2. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიული მიწოდების მიზნით ყოველდღიური უშუალო კონტაქტი აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სამორიგეოსთან.

3. სამორიგეო ნაწილის თანამშრომლები არიან:

ა) უფროსი ოპერატიული მორიგე ინსპექტორები;

ბ) ოპერატიული მორიგე ინსპექტორები.

    მუხლი 11

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა დაწესებულების და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;

ბ) ტექნიკური მუშაკები.

    მუხლი 12

1 კანცელარიის ძირითადი ამოცანაა დაწესებულების კორესპონდენციისა და მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების აღრიცხვა, მათი დროული მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება.

2. კანცელარიის თანამშრომლები არიან:

ა) კანცელარიის უფროსი;

ბ) კანცელარიის ინსპექტორები.

    მუხლი 13

სამედიცინო ნაწილის ძირითადი ამოცანაა მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა და დაწესებულების სამედიცინო კონტროლის განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

    მუხლი 14

1. საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილებას წარმოადგენს ბუღალტერი.

2. ბუღალტერი არის დაწესებულების მოსამსახურე; იგი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

3. ბუღალტრის ამოცანაა დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება.

    მუხლი 15

კადრების ინსპექტორი უზრუნველყოფს დირექტორის ნომენკლატურულ მოსამსახურეთა პირადი საქმეების, საკადრო-სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; აწესრიგებს აღნიშნულ პირთა სამსახურში მიღებასთან, გათავისუფლებასთან და სხვა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.