სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.025913
364
03/08/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
430050000.10.003.025913
სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №364

2026 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

 

სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის  მიზნობრივი პროგრამა


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

„სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სოციალურად დაუცველი მოსწავლეების, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი  მოსწავლეების, ასევე იმ მოსწავლეების, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ მოახერხეს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელება და ჩაირიცხნენ საქართველოს საჯარო სკოლებში, საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით (შემდგომში − სასკოლო ფორმის ტანსაცმელი) უსასყიდლოდ უზრუნველყოფით, განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციის, ინკლუზიური და ღირსებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა სრულფასოვანი ჩართულობის მხარდაჭერა.

მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება

საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სოციალურად დაუცველი და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოსწავლეების, ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა ყოველწლიურად განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

მუხლი 3. პროგრამის ბენეფიციარები

1. პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

ე)  განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

2. პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.

მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი

პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:

ა) ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;

ბ) გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

მუხლი 5. პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიცირება

1. პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიცირება და მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამ პროგრამის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით, ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირებას ახდენს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარების იდენტიფიცირების მიზნით, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და წერილობითი ფორმით, შესაბამისი წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაცემებს, ხოლო სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს წარდგენილი მონაცემების გადამოწმებას მის მიერ ადმინისტრირებად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცულ მონაცემებთან, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრის მიზნით და უბრუნებს პასუხს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც პირველ სექტემბრამდე, აღნიშნულ მონაცემებს უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას − საგანმანათლებლო რესურსებს (შემდგომში − შპს – საგანმანათლებლო რესურსები).

4. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ − „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების სიას, შესაბამისი წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, ადგენს სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და პირველ სექტემბრამდე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, უგზავნის შპს – საგანმანათლებლო რესურსებს.

5. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების სიას, შესაბამისი წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი და პირველ სექტემბრამდე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, უგზავნის შპს – საგანმანათლებლო რესურსებს.

6. ამ პროგრამის მიზნებისთვის მუშავდება ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოიცავს მოსწავლის:

ა) სახელსა და გვარს;

ბ) სქესს;

გ) პირად ნომერს;

დ) დაბადების თარიღს;

ე) სკოლას;

ვ) კლასს;

ზ) ინფორმაციას, მიეკუთვნება თუ არა იგი ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს;

თ) ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ − „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები:

1. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამით გათვალისწინებული ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში, შპს საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაცემებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ პირების შესახებ მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია და სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს უგზავნის შპს – საგანმანათლებლო რესურსებს;

ბ) შპს – საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსის პერიოდულ განახლებას სასწავლო წლის განმავლობაში ან/და კონკრეტული ბენეფიციარის შესახებ მონაცემების დაზუსტებას.

2. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო:

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმითა და ვადებში, ამავე პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდებას.

3. სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო:

ა) შპს – საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, აწვდის მას ინფორმაციას ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ − „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების შესახებ;

ბ) შპს – საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ადასტურებს ბენეფიციარის პროგრამაში მონაწილეობის საფუძველს.

4. შპს  საგანმანათლებლო რესურსები:

ა) უზრუნველყოფს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტიდან პროგრამის ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის დროულად გამოთხოვასა და დამუშავებას;

ბ) ახორციელებს, მიღებული მონაცემების საფუძველზე, პროგრამის ბენეფიციართა ერთიანი ბაზის ფორმირებას;

გ) განსაზღვრავს პროგრამის ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რაოდენობას;

დ) უზრუნველყოფს, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვას, განაწილებას, გადაცემასა და აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) სასწავლო წლის განმავლობაში გამოვლენილი დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია, შექმნას სასკოლო ფორმის ტანსაცმლის სარეზერვო მარაგი.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:

ა) უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების მონიტორინგსა და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) შპს საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, აწვდის მას ინფორმაციას ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების შესახებ.