არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ

არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016079
5
24/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
010220020.34.059.016079
არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №5

2026 წლის 24 ივლისი

ქ. ბათუმი

 

არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: 

მუხლი 1
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო  კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპაატა კეშელავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე



დანართი 
 

არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო  კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა

და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო  კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრა.

2. არასაარჩევნო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო  კომისიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.

მუხლი   2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;

ბ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია - უსკო;

დ) დამკვირვებელი ორგანიზაცია – ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია;

ე) ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია – ბოლო საერთო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია;

ვ) საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია – საერთო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.

მუხლი 3. დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაცია

1. ამ წესით განსაზღვრულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დამკვირვებლების წარდგენის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც უსკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. განცხადებას თან უნდა ერთოდეს უსკოში წარდგენილი დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

2. ადგილობრივ დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია უსკოს უნდა წარედგინოს უსკოს განკარგულებით დადგენილი ფორმით და შინაარსით. წარდგენილ სიაში შეყვანილი ადგილობრივი დამკვირვებლები უნდა აკმაყოფილებდნენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 56-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ამ წესით განსაზღვრულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უსკოში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება უნდა წარუდგინოს უსკოს მდივანს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. საერთაშორისო დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია უსკოს უნდა წარედგინოს უსკოს განკარგულებით დადგენილი ფორმით და შინაარსით.

4. უსკოს მდივანი დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა რეგისტრაციაში ატარებს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილ დამკვირვებლებს და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცემს დამკვირვებლების მოწმობებს, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

მუხლი 4. დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადა და ფორმა

1. დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადაა ერთი კალენდარული წელი.

2. საარჩევნო პერიოდში დამკვირვებლის მოწმობის მოქმედება ჩერდება და მისი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობის მოქმედების ვადით.

3.  დამკვირვებლის მოწმობის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით. ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

4. დამკვირვებლის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს უსკოს. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 5. საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება

1. არასაარჩევნო პერიოდში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად უსკოში რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა.

2. არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ:

ა) უსკოში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

ბ) უსკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

3. დამკვირვებელი ორგანიზაციის და დამკვირვებელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 6. დამკვირვებელთა დამატება უფლებამოსილების შეწყვეტა

1. არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დაამატოს დამკვირვებელი ან შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება.

2. დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებლების წარდგენა/უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელია ამ დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.

3. დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ დამკვირვებლის ცვლილების შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს უსკოს, რის თაობაზეც უსკოს მდივანი 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.