მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016772
14
24/07/2026
ვებგვერდი, 28/07/2026
010250050.35.153.016772
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილება (matsne.gov.ge, 22/11/2017, 010250050.35.153.016376).   
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი



დანართი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს.

მუხლი 2. მერიის სამართლებრივი სტატუსი

1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზურნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც უზურუნველყოფენ მერის და საკრებულოს დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვს ქვედანაყოფები, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.

3. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი  ინტერესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით. 

მუხლი 3. მერიის საქმინაობის სამართლებრივი საფუძვლები

მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების ენა

მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 5. მერიის ადგილსამყოფელი

მერიის ადგილსამყოფელია: ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის ქუჩა №7.

მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები

1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე (მოადგილეები);

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

მუხლი 7. მერიის სტრუქტურა

1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები/მერიის სამსახურები იქმნება და უქმდება, მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით და საშტატო ნუსხით. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.

3. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვს ქვედანაყოფები – განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერი

1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც  წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზურნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართევლოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. მერის უფლებამოსილებები:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა იმ უფლებამოსილებებისა, რომელთა დელეგირებაც აკრძალულია კანონით);

ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე, საკრებულოს საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია, დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას.

საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით  და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე.

აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, ქმნის სათათბირო ორგანოებს – საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; აგრეთვე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3.  მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, დანიშნოს მერის წარმომადგენელი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე. პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვებელია საკრებულოს წევრის მერის საქმიანობაში ჩარევა.

5. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

მუხლი 9. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)

1. მერის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები), მერის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და მერის დავალებების შესრულებას.

3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები), უფლებამოსილებათა დელეგირების თაობაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების  და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. ამავე უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. უფლება აქვთ, დავალებები და მითითებები მისცენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა საჯარო მოხელეებს. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვთ რეზოლუციით დაავალონ სტრუქტურულ ერთეულებს საკითხის განხილვა, მოისმინონ სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში.

4. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე. მათი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით.

მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 

მუხლი 11.  მერიის სტრუქტურული ერთეულები

1. მერიის სტრუქტურული ერთეულები/მერიის სამსახურები იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დებულების საფუძველზე.

2.სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზურნველყოფენ საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას.

3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/სამსახურის უფროსი. სტრუქტურულ ერთეულებს/სამსახურებს აქვს ქვედანაყოფები – განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

4. მერიის  სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული  სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ქონების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის სამსახური;

ე)არქიტექტურის სამსახური;

ვ) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური.

მუხლი 12. ადმინისტრაციული  სამსახური

1. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა თვითმმართველ ერთეულებთან.  უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. პრესკონფერენციების, ბრიფინგების ჩატარებას,მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას.  კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის  წარმომადგენლების საქმიანობას.შეიმუშავებს სოციალური ჯანდაცვის  და დასაქმების  მუნიციპალურ პროგრამებს,  ამზადებს პროექტებს  სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე. სამსახურის ფუნქციას ასევე წარმოადგენს დამოუკიდებელი და ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომლის მიზანია სისტემური და რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით ორგანიზაციის მმართველობის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ხელშეწყობა. სამსახური, დამოუკიდებელი შეფასებების, რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მეშვეობით ხელს უწყობს ორგანიზაციის მიზნების მიღწევას, საქმიანობის ეფექტიანობის, ეკონომიურობის, კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ეთიკური მართვის გაძლიერებას.

2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) იურიდიული განყოფილება;

დ)  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება;

ვ) სოციალური და ჯანდაცვის განყოფილება;

ზ)  შიდა აუდიტის განყოფილება.

მუხლი 13. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, ახორციელებს შესყიდვებს.

2.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება.

მუხლი 14. ქონების მართვის  სამსახური

1. ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს  ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მონიტორინგს, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულების დადებას, კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვითი და სოფლის მეურნეობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას, მერიის მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას/აღჭურვას, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით პრევენციული და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება;

ბ) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განყოფილება;

გ) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.

მუხლი 15. ინფრასტრუქტურის სამსახური

1. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, მიმდინარე პროექტების მონიტორინგს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრას და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა/გადაწყვეტას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის  განყოფილება.

მუხლი 16. არქიტექტურის სამსახური

1. არქიტექტურის  სამსახური  მონაწილეობს ურბანული განვითარების დაგეგმვასა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში, უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის ნებართვის გაცემას და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.

2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) არქიტექტურის  განყოფილება;

ბ) ურბანული განვითარების განყოფილება.

მუხლი 17. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური

1. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ხელს უწყობს  კულტურის, განათლების, ტურიზმის და  სპორტის მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაციას, შეიმუშავებს წინადადებებს კულტურის, განათლების, ტურიზმის და სპორტის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე, ხელს უწყობს ადგილობრივი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების, სპორტული და სხვა ღონისძიებების განხორციელებას. კოორდინაციას უწევს კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმინაობას და უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლების, კულტურის და ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილება.

ბ) სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;

გ) ტურიზმის განყოფილება;

დ)  კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება;

ე) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

მუხლი 18. ზედამხედველობის სამსახური

1. ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმებას, ზედამხედველობას ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე კონტროლს, მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება.

მუხლი 19. სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები

1. სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. განყოფილების ხელმძღვნელი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

2. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას;

გ) უნაწილებს დავალებებს განყოფილების თანამშრომლებს;

დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მუხლი 20. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები

1. მერიის თანამდებობის პირები, კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს. მერიის თამნამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

2. მერიის საჯარო მოხელე ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.

3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ან დისიცპლინური გადაცდომის აღსაკვეთად, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად, ზეპირად გამოცემული სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 (სამი) დღის ვადაში.

4. მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით;

5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში,  კანონით დადგენილი წესით.

6. მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში.

7. თუ მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას – მერის მიერ განსაზღვრული პირი.

მუხლი 21. მერიის საქმიანობის ორგანიზება

1. მერიის საქმინობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული წესით.

2.მერიაში ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

3. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური.

4. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი  ვიზირებულ უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმინობის სფეროსაც ეხება პროექტის შინაარსი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ. აგრეთვე, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს დარგის ხელმძღვანელი მოადგილის მიერ.

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტით გათვალისწინებული საკითხები  შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას, მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს, ან/და შესყიდვების განხორციელებას, პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის და შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის  მიერ.

6. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილებათა მომზადების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, კომისიური მუშაობის და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელეების დროს ხელმძღვანელობენ შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით. 

მუხლი 22. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის:  სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

1) სახელი;

2) გვარი;

3) პირადი ნომერი;

4) დაბადების თარიღი;

5) სქესი;

6) მოქალაქეობა;

7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

9) ფოტოსურათი.

3.  ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება, დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

მუხლი 23. მერიის საჯარო მოსამსახურეები

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

2. მერიის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი იერარქია განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით და საშტატო ნუსხით.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.

4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

5. მოხელის კონკურსის წესით დანიშვნის წესი და პირობები, ასევე სერტიფიცირების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 24. მერიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მერიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 25. დასკვნითი  დებულებები

დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.