„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/07/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016409
143
23/07/2026
ვებგვერდი, 27/07/2026
310050000.54.066.016409
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №143

2026 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საჰაერო კოდექსის 282 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის  №205 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 17.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის III („საჰაერო ხომალდების ეროვნულობა“) და V („საჰაერო ხომალდების დაცვის პირობები“) თავების, ამ კონვენციის №7 („საჰაერო ხომალდების ნაციონალური და სარეგისტრაციო ნიშნები“) დანართის და „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციის საფუძველზე.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ-ხ“ ქვეპუნქტები:

„ჭ) კეიპტაუნის კონვენცია- „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენცია, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და  „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმს  „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე;

ხ) კრედიტორი- კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული პირი.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი-კ“ ქვეპუნქტები:

„ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოში რეგისტრირებული IDERA-ს დოკუმენტის საფუძველზე, საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებას ითხოვს ამავე დოკუმენტით უფლებამოსილი პირი (კრედიტორი), რომელიც ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს:

ი.ა) ამ წესის №5 დანართით განსაზღვრული განცხადება;

ი.ბ) მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ საჰაერო ხომალდთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს (კრედიტორს) გააჩნია უპირატესი საერთაშორისო ინტერესი, ან ასეთი უპირატესი საერთაშორისო ინტერესის მფლობელს გაცემული აქვს თანხმობა საჰაერო ხომალდის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე; და

ი.გ) ამ პუნქტის „ი.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ IDERA-ს დოკუმენტით უფლებამოსილი პირი (კრედიტორი) მოგირავნეა – მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის განზრახვის თაობაზე, მან, სააგენტოში ამ მუხლით განსაზღვრული განცხადების წარმოდგენამდე სულ მცირე, 10 სამუშაო დღით, ადრე წერილობით აცნობა:

ი.გ.ა)  მოვალეს;

ი.გ.ბ) ნებისმიერ პირს, რომელიც მის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე სახის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცემს თავდებობას ან გარანტიას, პირველი მოთხოვნისთანავე გახსნას სარეზერვო აკრედიტივი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე; და

ი.გ.გ) ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საჰაერო ხომალდთან დაკავშირებულ უფლებას და რომელმაც მოგირავნეს აცნობა აღნიშნული უფლების თაობაზე, საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე გონივრული ვადით ადრე.

შენიშვნა 1: ამ პუნქტის „ი.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, უპირატესი საერთაშორისო ინტერესის მფლობელის მიერ გაცემული თანხმობა სააგენტოს უნდა წარედგინოს ნოტარიულად დამოწმებული.

შენიშვნა 2: ამ პუნქტის „ი.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, კრედიტორის უპირატესი საერთაშორისო ინტერესის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო რეესტრის მიერ გაცემული „პრიორიტეტის ძიების სერტიფიკატი“.

შენიშვნა 3: ამ პუნქტის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ადრესატისთვის შეტყობინების ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღიდან.

კ) კრედიტორი სააგენტოს წარუდგენს სასამართლოს ბრძანებას საჰაერო ხომალდის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების, როგორც კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამ წესის №5 დანართით განსაზღვრული განცხადება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გაცემულია უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ, სააგენტოში მის წარდგენამდე აუცილებელია მისი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო რეესტრიდან სხ-ის ამოღება აკრძალულია მოგირავნის თანხმობის გარეშე, თუ სახელმწიფო რეესტრში შეტანილია მონაცემები აღნიშნულ სხ-ზე არსებული უფლებრივი დატვირთვის (გირაოს) შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებზე.“.

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო ხომალდის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების თაობაზე, უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მიერ ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი