დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.098.016013 |
|
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 33 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
1. „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი“ ამ ბრძანების დანართ №1-ის შესაბამისად. 2. „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“ ამ ბრძანების დანართ №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი
მუხლი 1. სტანდარტის მოქმედების სფერო და მიზანი 1. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ – კოლეჯი) დირექტორის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს კოლეჯის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) როლს, პროფესიულ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, ასევე დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლებს. 2. სტანდარტის მიზანია კოლეჯის მართვის ხარისხის განვითარება. 3. სტანდარტის ფუნქციაა დირექტორების მხარდაჭერა: ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად; ბ) პროფესიულ სტუდენტთა სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად; გ) კოლეჯის პერსონალისა და რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად; დ) კოლეჯში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად და მაღალი ორგანიზაციული კულტურის განსავითარებლად; ე) დირექტორების თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარებისათვის. 4. სტანდარტი აზუსტებს სამართლებრივ ჩარჩოს დირექტორის საქმიანობისთვის და ქმნის სამართლებრივ საფუძველს პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით: ა) მართვის კულტურის განვითარება; ბ) დირექტორის შერჩევა/დანიშვნა; გ) დირექტორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა; დ) დირექტორის პროფესიული განვითარება; ე) დირექტორის საქმიანობის შეფასება. მუხლი 2. ძირითადი პრინციპები 1. სტანდარტის შექმნის საფუძველია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2. სტანდარტი ეფუძნება კოლეჯის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის, კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას კოლეჯის განვითარების პროცესში; ბ) სისტემური ლიდერობა – გულისხმობს მართვის ისეთი კულტურის დანერგვას, რომელიც ეფუძნება კოლეჯებს, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების სისტემის მონაწილეებს (შემდგომ – პროფესიული განათლების საზოგადოება) შორის ეფექტურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მუხლი 3. დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები 1. სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრესი მიზანია პროცესების ეფექტიანად წარმართვა პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის. 2. დირექტორი, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფს: ა) პროფესიულ სტუდენტთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე; ბ) პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას; გ) პროფესიული განათლების, როგორც საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების, მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას. 3.დირექტორის პროფესიული მოვალეობები კოლეჯში მოიცავს: ა) კოლეჯის მისიის ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვას; ბ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვას; გ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაციას; დ) პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას; ე) პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობას; ვ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას; ზ) კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფას; თ) კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფას; ი) კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფას; კ) პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფას; ლ) კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას; მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფას. 4. კოლეჯის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტს, კოლეჯის სპეციფიკას, კოლეჯის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, მოქმედ რეგულაციებსა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრინციპებს. მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს: ა) პირველი კომპონენტი დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის: ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის; ა.ბ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას; ა.გ) მისიით განსაზღვრული გაზიარებული ღირებულებების ერთგულებით; ბ) მე-2 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც პროფესიული განათლების საზოგადოებასთან ერთად ავითარებს ორგანიზაციულ კულტურას: ბ.ა) ხელს უწყობს კოლეჯის განვითარებას, გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით; ბ.ბ) ხელს უწყობს კოლეჯის უნიკალური ორგანიზაციული კულტურის განვითარებას; ბ.გ) ხელს უწყობს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრადი სისტემის განვითარებას; გ) მე-3 კომპონენტი – დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი: გ.ა) ხელს უწყობს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების მიდგომების დანერგვას; გ.ბ) ფოკუსირებულია პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე; გ.გ) ხელს უწყობს სასწავლო პროცესში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინოვაციური მიდგომების და სამეწარმეო მართვის კულტურის დანერგვას; გ.დ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვას; დ) მე-4 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს: დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და მიკუთვნებულობის განცდის კულტურას; დ.ბ) უზრუნველყოფს კოლეჯის ბაზაზე ინდივიდების განვითარებას; დ.გ) ხელს უწყობს კოლეჯის ბაზაზე პერსონალის პროფესიული განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების დანერგვას და პროფესიული განათლების მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერებას; ე) მე-5 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი: ე.ა) უზრუნველყოფს კოლეჯის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას; ე.ბ) უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის მიზნების მისაღწევად; ე.გ) იყენებს და განავითარებს ინსტიტუციური თვითშეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემას; ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის; ე.ე) ქმნის პროფესიული ორიენტაციის, კარიერული დაგეგმვისა და განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას. მუხლი 5. დირექტორის კომპეტენციები 1. სტანდარტში დირექტორის კომპეტენციები აღწერილია ცოდნით/გაცნობიერებით, უნარებითა და პიროვნული/პროფესიული ღირებულებებით კოლეჯში მისი საქმიანობის ექვსი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული მიმართულების შესაბამისად: ა) კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა; ბ) კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა; დ) ადამიანური რესურსების მართვა; ე) მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების მართვა; ვ) ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა. 2. დირექტორი ფლობს კოლეჯში თავისი პროფესიული მოვალეობების შესაბამის ცოდნასა და უნარებს:
3. დირექტორის კომპეტენციების მნიშვნელოვანი შემადგენელია მისი მახასიათებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები და ღირებულებები, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები.
დანართი №2
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ − კოლეჯი) დირექტორის შესარჩევი კონკურსის (შემდგომ − შესარჩევი კონკურსი) გამართვის წესსა და პირობებს, შესარჩევი კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომ − კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს. მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი შესარჩევი კონკურსის მიზანია კოლეჯის დირექტორობის მსურველის „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტთან“ (შემდგომ − კოლეჯის დირექტორის სტანდარტი) შესაბამისობის დადგენა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით საუკეთესო კანდიდატის (შემდგომ − კანდიდატი) შერჩევა. მუხლი 3. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა 1. შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის შერჩევის მიზნით, სამინისტროში იქმნება შესაბამისი კომისია, საქართველოს სპორტის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისგან. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის შემადგენლობაში მათ შორის შედიან სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) წარმომადგენელი, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი. 4. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. მუხლი 4. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია შესარჩევი კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. 3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 5. კომისიის საქმიანობა 1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. 2. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კოლეჯის დირექტორის სტანდარტთან და კოლეჯის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კოლეჯის წესდებითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. 4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპზე. 5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილების, განათლებისა და მოტივაციის შეფასებას. 6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის/სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 7. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. მუხლი 6. შესარჩევი კონკურსის გამოცხადება 1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 2. სამინისტრო შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომ − მთავრობის ადმინისტრაცია) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. მუხლი 7. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება 1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კოლეჯის დასახელებას და მისამართს; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) კოლეჯის დირექტორის ფუნქციებს; დ) გამოსაცდელი ვადის პერიოდს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ; ვ) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას; ზ) სამინისტროს მისამართს; თ) კონკურსის ეტაპებს. 2. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შესარჩევი კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. მუხლი 8. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა 1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 3. კანდიდატს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა. 4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამინისტროს მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. მუხლი 9. შესარჩევი კონკურსის ეტაპები 1. შესარჩევი კონკურსის ეტაპებია: ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) გასაუბრება ან/და წერითი დავალების შესრულება. 2. კომისიას შეუძლია, კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესარჩევი კონკურსის ეტაპებთან ერთად განსაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს შესარჩევი კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში. მუხლი 10. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი 1. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას. 2. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (სამსახური) (შემდგომ − ადმინისტრაცია). 3. ადმინისტრაცია განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 4. განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაცია წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით. 5. შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპამდე, კომისიის დავალებით, ადმინისტრაცია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი. მუხლი 11. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 1. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების გზით. 2. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 3. შესარჩევი კონკურსის შედეგების შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ფარული კენჭისყრის გზით. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრს. მუხლი 12. შესარჩევი კონკურსის შედეგები 1. კომისია, კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღე ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 4. სამინისტრო შესარჩევი კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში. მუხლი 13. შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი; ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. მუხლი 14. შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები 1. კოლეჯის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 2. სამინისტრო ვალდებულია შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებს. მუხლი 15. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16. შერჩეული კანდიდატის მიერ დოკუმენტების წარდგენა 1. კომისიის მიერ კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, კანდიდატი ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია. 2. კანდიდატი თანამდებობაზე არ ინიშნება, თუ: ა) იგი ნასამართლევია; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; გ) იგი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან/და რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები