საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.088.016143
05/75
15/07/2026
ვებგვერდი, 15/07/2026
430060000.22.088.016143
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/75

2026 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 33 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი თანდართული სახით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე




საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი

თავი I

ზოგადი დებულებები



მუხლი 1. სტანდარტის მოქმედების სფერო და მიზანი

1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ – კოლეჯი) დირექტორის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) როლს, პროფესიულ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, ასევე დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლებს.

2. სტანდარტის მიზანია კოლეჯის მართვის ხარისხის განვითარება.

3. სტანდარტი ხელს უწყობს დირექტორს:   

ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში;

ბ) პროფესიულ სტუდენტთა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

გ) კოლეჯის პერსონალისა და რესურსების მართვის გაუმჯობესებაში;

დ) კოლეჯში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შექმნასა და მაღალი ორგანიზაციული კულტურის განვითარებაში;

ე) თვითშეფასებასა და პროფესიულ განვითარებაში.

4. სტანდარტი აზუსტებს სამართლებრივ ჩარჩოს დირექტორის საქმიანობისთვის და ქმნის სამართლებრივ საფუძველს პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის.

5. სტანდარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) კოლეჯის მართვის კულტურის განვითარების მიზნით;

ბ) დირექტორის შერჩევის/დანიშვნის მიზნით;

გ) დირექტორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით;

დ) დირექტორის პროფესიული განვითარების მიზნით;

ე) დირექტორის საქმიანობის შეფასების მიზნით.

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები      

1. სტანდარტის შექმნის საფუძველია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. სტანდარტი ეფუძნება კოლეჯის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის, კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას კოლეჯის განვითარების პროცესში;

ბ) სისტემური ლიდერობა – გულისხმობს მართვის ისეთი კულტურის დანერგვას, რომელიც ეფუძნება კოლეჯებს, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების სისტემის მონაწილეებს (შემდგომ – პროფესიული განათლების საზოგადოება) შორის ეფექტურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
 

თავი II

კოლეჯის დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები
 

მუხლი 3. კოლეჯის დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები

1. სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრესი მიზანია პროცესების ეფექტიანად წარმართვა პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის.

2. დირექტორი, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფს: 

ა) პროფესიულ სტუდენტთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;

ბ) პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;

გ) პროფესიული განათლების, როგორც საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების, მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

3. დირექტორის პროფესიული მოვალეობები კოლეჯში მოიცავს:

ა) კოლეჯის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვას;

ბ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვას;

გ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაციას;

დ) პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას;

ე) პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობას;

ვ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას;

ზ) კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფას;

თ) კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფას;

ი) კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფას;

კ) პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფას;

ლ) კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას;

მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფას.

4. კოლეჯის მართვისას დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტს, კოლეჯის სპეციფიკას, კოლეჯის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, მოქმედ რეგულაციებსა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრინციპებს. 

თავი III

დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები
 

მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები

დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:

ა) პირველი კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის:

ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის;

ა.ბ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;

ა.გ) არის მისიით განსაზღვრული გაზიარებული ღირებულებების ერთგული;

ბ) მე-2 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც პროფესიული განათლების საზოგადოებასთან ერთად ავითარებს ორგანიზაციულ კულტურას:

ბ.ა) ხელს უწყობს კოლეჯის განვითარებას, გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;

ბ.ბ) ხელს უწყობს კოლეჯის უნიკალური ორგანიზაციული კულტურის განვითარებას;

ბ.გ) ხელს უწყობს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრადი სისტემის განვითარებას;

გ) მე-3 კომპონენტი – დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი:

გ.ა) ხელს უწყობს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების მიდგომების დანერგვას;

გ.ბ) ფოკუსირებულია პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე;

გ.გ) ხელს უწყობს სასწავლო პროცესში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინოვაციური მიდგომების და სამეწარმეო მართვის კულტურის დანერგვას;

გ.დ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვას;

დ) მე-4 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს:

დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;

დ.ბ) უზრუნველყოფს კოლეჯის ბაზაზე ინდივიდების განვითარებას;

დ.გ) ხელს უწყობს კოლეჯის ბაზაზე პერსონალის პროფესიული განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების დანერგვას და პროფესიული განათლების მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერებას;

ე) მე-5 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი:

ე.ა) უზრუნველყოფს კოლეჯის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;

ე.ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას, კოლეჯის მიზნების მისაღწევად;

ე.გ) იყენებს და განავითარებს ინსტიტუციური თვითშეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემას; 

ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის;

ე.ე) ქმნის პროფესიული ორიენტაციის, კარიერული დაგეგმვისა და განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას.

თავი IV

დირექტორის კომპეტენციები
 

მუხლი 5. დირექტორის კომპეტენციები

1. მოცემულ სტანდარტში დირექტორის კომპეტენციები აღწერილია ცოდნით/გაცნობიერებით, უნარებითა და პიროვნული/პროფესიული ღირებულებებით, კოლეჯში მისი საქმიანობის ძირითადი ურთიერთ­დაკავ­შირებული შემდეგი ექვსი მიმართულების შესაბამისად:

ა) კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;

ბ) კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა;

დ) ადამიანური რესურსების მართვა;

ე) მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების მართვა;

ვ) ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა.

2. დირექტორი ფლობს კოლეჯში თავისი პროფესიული მოვალეობების შესაბამის ცოდნასა და უნარებს.

3. დირექტორის კომპეტენციების მნიშვნელოვანი შემადგენელია მისი მახასიათებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები და ღირებულებები, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები, პიროვნული და პროფესიული თვისებები და ღირებულებები განისაზღვრება ამ სტანდარტის დანართის შესაბამისად.