დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 496 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016599 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2026 - 31/07/2026)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 25-ე მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №205 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 05.02.2018 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016309)“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 8 აგვისტოდან. |
|
დანართი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად. 5. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან და თანამშრომლებისგან. 6. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო 7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში; 8. სამსახური ანგარიშვალდებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე. 9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 10. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები და მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 11. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34 მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ამოცანებია ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ)ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; გ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული კომუნიკაციების შექმნის, მათი და არსებულის რეაბილიტაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული პროგრამების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება; დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისათვის საჭირო წინადადებების და პროგრამების პროექტების მომზადება; ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების მომზადების ორგანიზება; ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ზ) დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების გაცემის და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება; თ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ი) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციების და პროექტების განხილვა, შესწავლა და მათი დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ მერისათვის მოსაზრების წარდგენა; კ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ლ) საქმისწარმოების უზრუნველყოფა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; მ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება; ნ) გეგმარებითი დავალებების მომზადება; ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა; პ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადებისა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ჟ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზება და მართვა; რ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვის/შეთანხმებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ს) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ტ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე, თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში განხილვა; უ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები; გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში დადგენილი წესების დაცვასა და შესრულების შემოწმების მიზნით, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად; ზ) გასცეს გაფრთხილება, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან და დროულ შესრულებაზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაფრთხილების პირობების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე; თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ი) საკითხის უკეთესად შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები; კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. განყოფილება შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 3. სამსახურის განყოფილებებია: ა) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება; ბ) საპროექტო მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილება; გ) სამშენებლო მონიტორინგის განყოფილება. 4. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 5. სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები 1. განყოფილება იქმნება სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი საკითხების (მიმართულებების) დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის მიზნით. 2. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების მომზადების ორგანიზებას; ბ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების პროექტების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების და შესაბამისი პროექტების მომზადებას; ვ) მუნიციპალური სამშენებლო დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ზ) საქმისწარმოების უზრუნველყოფას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ი) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით შესასრულებელი პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად აუცილებელი რეკომენდაციების გაწევას; კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ლ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; 3. საპროექტო მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზებას და მონიტორინგს; ბ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დეფექტური აქტების შედგენას; გ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო ობიექტების ადგილზე შესწავლას (საჭიროების შემთხვევაში არსებული კომუნიკაციების გამოკვლევას, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების აზომვას და ფოტოფიქსაციას); დ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლის შემდგომ ბიუჯეტში ასახვისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას (საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრას); ე) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზებას და გატარებას (იმ ორგანიზაციების განსაზღვრას, რომელთაგან მოსაპოვებელია ტექნიკური პირობები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების განხორციელებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის); ვ) საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ტექნიკური პირობების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადებას; ზ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებას; თ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების მომზადებას (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); ი) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლას; შესწავლის შედეგად ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში წერილის მომზადებას შემსრულებელი ორგანიზაციისათვის, ხარვეზებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მითითებით; კ) საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემას; ლ) საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით დამტკიცებისათვის დოკუმენტის მომზადებას (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით); მ) მშენებლობის პროცესში საპროექტო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ნ) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას; ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში; პ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას; 4. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლას; ბ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; გ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზებას; დ) სამსახურის მიერ დაგეგმილი, ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებას, ხარვეზის გამოვლენას, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას; ე) სამსახურის მიერ დაგეგმილი, ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) მშენებლობის პროცესში სამშენებლო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ზ) შემსრულებლის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მომზადებას (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, მიწოდების ვადებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); თ) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპერტიზაზე გადაცემას; ი) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესაბამისად სამსახურებრივი დოკუმენტაციის დამუშავებას/შევსებას და გადაგზავნას შესაბამის უწყებებში; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში; მ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას; ნ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; ო) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას; პ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვას; ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევას; რ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანალიზს; ს) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. განყოფილებები მათზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე; ზ) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს; კ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; მ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ნ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ო) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში; პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს; რ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე; 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება; 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; 6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე; 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7. განყოფილების უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მუხლი 9. სამსახურის დაფინანსება და ქონება 1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 10. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 11. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები