დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 12/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.05.001.001.585 |
საქართველოს კანონი
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ.145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული საქმიანობის, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ყველა სახის ბიოლოგიური, ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატის, ყველა სახის ცხოველის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების ნუსხას.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები
ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებია:
ა) ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება:
ა.ა) ცხოველთა სასაკლაოებზე;
ა.ბ) ვივარიუმებში;
ა.გ) სანიტარიულ ჩეხურ ორმოებში;
ა.დ) ზოოლოგიურ მაღაზიებში;
ა.ე) ვეტერინარულ აფთიაქებში;
ა.ვ) ვეტერინარულ კლინიკებში;
ა.ზ) ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტებში;
ა.თ) ცხოველთა სასტუმროებში;
ა.ი) ცხოველთა ვოლიერებში;
ბ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) წარმოება;
გ) კერძო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) საქმიანობა.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაციის გარდა ლიცენზიის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:
ა) ინფორმაცია (წერილობითი სახით) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) მწარმოებელი საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ;
ბ) პროფილის მიხედვით მომუშავე სპეციალისტის (სპეციალისტების) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს განაცხადი, რომ იგი აკმაყოფილებს იმ ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირებისათვის და განსაზღვრულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ტიპობრივი წესით.“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სანებართვო საქმიანობის სახეები
სანებართვო საქმიანობის სახეებია:
ა) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი;
ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის, ტყავი, მატყლი, ქურქბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალ-ხორცის ფქვილი) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი;
გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი;
დ) ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი.“.
6. მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაციის გარდა ნებართვის მაძიებელმა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტზე და რეექსპორტზე უნდა წარადგინოს საბუთი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნის და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიურ და სამკურნალო პრეპარატებზე–სარეგისტრაციო მოწმობა.
2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლებიან კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებების მიმართ, ხორციელდება შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.
3. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული იმ ქვეყნებიდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.“.
7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ნებართვის მოქმედების ვადა
ნებართვა ტრანზიტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე და ექსპორტზე გაიცემა ერთი თვის ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№505-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები