დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37567/23 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 20/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეოთხე სექციის
გადაწყვეტილება საქმეზე
„მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N 37567/23)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2026 წლის 20 იანვარი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:
ანე ლუიზ ბორმანი, თავმჯდომარე,
სებასტიან რადულეტუ,
ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,
და გიორგი ბადაშვილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 37567/23) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2023 წლის 10 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა გიორგი მექვაბიშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1999 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდნენ ბ-ნი დ. ჯავახიშვილი, ბ-ნი ა. პატარაია და ქ-ნი ს. წიკლაური, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;
გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პრეტენზიის უარყოფასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ საქმის განხილვის შესახებ;
2025 წლის 16 დეკემბრის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
საქმის არსი
1. საჩივარი ეხება მომჩივნის მონაწილეობას მანიფესტაციაში და მის მსჯავრდებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო. ის დაეყრდნო კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებს.
- ზოგადი ინფორმაცია
2. 2023 წლის 7 მარტს რამდენიმე ათასი მანიფესტაციის მონაწილე, მომჩივნის ჩათვლით, შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან, რათა გაეპროტესტებინა სადავო კანონპროექტი, რომელიც აღიქმებოდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სექტორისთვის პოტენციურად ძირის გამომთხრელი (გამოთხოვილი იქნა 9 მარტს). 20:43 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში „შსს“) პროტესტი არამშვიდობიანად გამოაცხადა და შეკრებილი ხალხი დაარბია წიწაკის გაზით და წყლის ჭავლით. მანიფესტაციის ბევრი მონაწილე დარჩა და შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა.
3. 2023 წლის 13 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა იზოლირებულ ძალადობის შემთხვევებს პოლიციის მიმართ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანიფესტაცია მშვიდობიანი იყო დარბევის დროს, გააკრიტიკა ძალის გამოყენების დაუსაბუთებლობა და გაფრთხილება გასცა, რომ გადაჭარბებული ზომები შემდგომი არეულობის პროვოცირების რისკს ქმნიდა.
- საქმის წარმოება მომჩივნის მიმართ
4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მომჩივანი დააკავეს 2023 წლის 8 მარტის დილის 02:00 საათზე, პოლიციის კანონიერი ბრძანებების განმეორებით დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად (შემდგომში „ასკ“).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვისას პოლიცია ამტკიცებდა, რომ 2023 წლის 7 მარტის მანიფესტაცია ძალადობრივი გახდა, რის გამოც მიიღეს მისი დარბევის გადაწყვეტილება. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის არ ყოფილა ჩართული რაიმე ძალადობრივ ქმედებაში, მაგრამ შეესწრო პოლიციელის ძალადობრივ ქცევას მანიფესტაციის მონაწილის მიმართ. ის ამტკიცებდა, რომ დაკავების დროს ის იმყოფებოდა ტროტუარზე და არა გზაზე და განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც ის დააკავეს, აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სათვალთვალო კამერებით და შსს-ს უნდა შეეძლოს იმის ჩვენება, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
6. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი, რომ მიეღო ვიდეოჩანაწერები პოლიციის სამხრე ვიდეოკამერებიდან, რადგან ისინი გათიშული იყო, მათი დაზიანების მაღალი რისკის გამო. თუმცა, მან დააკმაყოფილა მისი საჩივარი საქმის მასალების განხილვის შესახებ და გამოაცხადა ხუთსაათიანი შესვენება, რათა დრო მიეცა დაცვის მხარისთვის მოსამზადებლად.
7. მოწმე ვ.ჯ.-მა, პოლიციელმა, რომელმაც დააკავა მომჩივანი, საქმის სასამართლოში განხილვის დროს განაცხადა, რომ მანიფესტაციის მონაწილეებს მიეცათ განმეორებითი გაფრთხილებები, გაეთავისუფლებინათ გზა მანქანებისთვის. მომჩივანი იდგა გზაზე და ის არ დაემორჩილა ადგილის დატოვების ინსტრუქციას.
8. მომჩივნის მიერ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მომჩივნის მოთხოვნით შეფასდა საქმის სასამართლოში განხილვის დროს, აჩვენებს პოლიციელებს, რომლებიც მიათრევენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს და ისმის, მომჩივნის ხმა, რომელიც გმობს მათ ქმედებებს. მოვლენას, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ადგილი ჰქონდა ტროტუარის ზედა ნაწილში. მომჩივანი, რომელიც ვიდეოჩანაწერს აკეთებდა, როგორც ჩანს, ტროტუარის ქვედა ნაწილში იდგა.
9. 2023 წლის 10 მარტს საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის, ასკ-ის 173-ე მუხლის შესაბამისად. მას დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით (დაახლოებით 665 ევრო). გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებს, ვ.ჯ.-ისა და მომჩივნის ჩვენებებს და მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს.
10. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა გზის გათავისუფლების კანონიერ ბრძანებას და განაცხადა, რომ „არ იყო წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს საფუძველს მისცემდა, სხვაგვარად დაედგინა“. რაც შეეხება მომჩივნის ვიდეოჩანაწერს, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ აღნიშნულმა ჩანაწერმა გამორიცხა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან არ აჩვენებდა მისი დაკავების მომენტს.
11. მომჩივანმა გაასაჩივრა, აცხადებდა რა, რომ მისი დაკავება იყო შურისძიება პოლიციის ძალადობის გადაღების გამო და, რომ მის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება იყო პოლიციის ანგარიში, რომელიც მიკერძოებული იყო. ის ამტკიცებდა, რომ მისი მოვალეობა არ იყო, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა და აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ მასში არ იყო განხილული, იყო თუ არა გზა უკვე გადაკეტილი მანიფესტაციის მონაწილეების მიერ, თუ როგორი იყო პოლიციის ბრძანებები და იყო თუ არა ისინი კანონიერი, ან რეალურად დაემორჩილა თუ არა ის მათ. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციელებმა განზრახ არ გაააქტიურეს სამხრე კამერები, რათა თავიდან აეცილებინათ მისი დაკავების ობიექტური მტკიცებულება. თავის სააპელაციო საჩივარში მომჩივანს არ წამოუყენებია რაიმე პრეტენზია დაცვის მოსამზადებლად დროის ან პირობების ნაკლებობასთან დაკავშირებით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელი დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არ იყო აბსოლუტური ხასიათის უფლება და აღნიშნა, რომ პროპორციული ზომა იყო მომჩივნის დაკავება და დაპატიმრება „საზოგადოებრივი არეულობის თავიდან აცილების“ მიზნით, რადგან მან უგულებელყო პოლიციის მოწოდება, დაეცვა წესრიგი მანიფესტაციის დროს. პოლიციის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, რომ მანიფესტაციამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მანქანებს უნდა ჰქონოდათ გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა უარი თქვა გზის დატოვებაზე, რის შედეგადაც ის დააკავეს.
13. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ მოწმის ჩვენების ხარისხი დამოკიდებულია გარემოებებზე. მან გაითვალისწინა ახსნა-განმარტება, რომ პოლიციას სამხრე კამერები არ გაუაქტიურებია დაზიანების საფრთხის გამო. რაც შეეხება პოლიციელ ვ.ჯ.-ს, სასამართლომ განაცხადა, რომ მოწმე აკვირდებოდა მოვლენებს თავისი პროფესიული უფლებამოსილებით და, შესაბამისად, მისი ჩვენებები იყო მტკიცებულების მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საქმის ფაქტებთან. პირდაპირი ვიდეომტკიცებულებების არარსებობის პირობებში, თვითმხილველი პოლიციელის ჩვენებას არ უნდა მიეცეს „ნაკლები წონა“, ვიდრე ბრალდებულისას და უნდა შეფასდეს მოსამართლის შეხედულებისამებრ. სააპელაციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა დანაშაულის ჩადენას ან აჩვენებდა რაიმე „უზუსტობას, მიკერძოებას ან არასწორ შეფასებას“ შესაბამისი ოფიცრის მიერ.
14. 2023 წლის 9 ივნისის საბოლოო გადაწყვეტილება მომჩივანს გადაეცა 2023 წლის 15 ივნისს.
სასამართლოს შეფასება
- კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
15. მომჩივანი ჩიოდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება მისი მსჯავრდებისთვის და არასწორად გადაიტანეს მასზე მტკიცების ტვირთი კონვენციის მე-6(1) მუხლის დარღვევით და, რომ მას არ ჰქონდა ადეკვატური დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად, მე-6(3)(b) მუხლის დარღვევით.
16. მთავრობა არ დაეთანხმა.
17. სასამართლო აღნიშნავს, როგორც მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივანს არ წამოუყენებია თავისი პრეტენზია ეროვნულ დონეზე ადეკვატური დროისა და საშუალებების ნაკლებობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საჩივარი კონვენციის მე-6(3)(b) მუხლის შესაბამისად, მიუღებელია დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
18. რაც შეეხება საჩივრის დანარჩენ ნაწილს, კონვენციის მე-6(1) მუხლის შესაბამისად, ის არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
19. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Makarashvili and Others v. Georgia (nos. 23158/20 და 2 სხვა, § 57, 2022 წლის 1 სექტემბერი).
20. სასამართლო აღნიშნავს უდავო ფაქტს, რომ საქმის წარმოებისას, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ხასიათდება როგორც „სისხლისსამართლებრივი“, მომჩივნის წინააღმდეგ არ არსებობდა პირდაპირი და დამოუკიდებელი მტკიცებულება, გარდა მოვლენების შესახებ პოლიციის ანგარიშისა (იხ. საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 51). პოლიციის სამხრე კამერის გადაღებული ვიდეომასალის ან საზოგადოებრივი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების არარსებობის პირობებში (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ), მომჩივანს ფაქტობრივად მოსთხოვეს, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა პოლიციის დაუსაბუთებელ ბრალდებებთან მიმართებით, ბრალმდებელი მხარის ანგარიშის გარდა, რომელიც ძირს უთხრის სისხლის სამართლის საქმის წარმოების მთლიან სამართლიანობას (იქვე, § 64; ასევე იხ. საქმე Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, nos. 29760/21 და 33931/21, § 56, 2025 წლის 15 ივლისი).
21. მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანი გამუდმებით აპროტესტებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომელსაც, სავარაუდოდ, არ დაემორჩილა, ამტკიცებდა რა, რომ მისი დაკავება ტროტუარზე და გზის გაწმენდა მანიფესტაციის დროს მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ისევე როგორც მისი შემდგომი მსჯავრდება (იხ. პარაგრაფები 5და 11ზემოთ). ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც მომჩივანმა წარმოადგინა თავის დასაცავად, რადგან პოლიციის ბრძანების „კანონიერება“ იყო დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რომელიც მას მიეწერა ასკ-ის 173-ე მუხლის შესაბამისად. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მიიღეს მხოლოდ ზოგადი თვალსაზრისით, ადგილზე ზოგიერთ ძალადობრივ ქმედებაზე მითითებით, იმის შეფასების გარეშე, იყო თუ არა საჭირო გადაწყვეტილება მთელი მანიფესტაციის დაშლისა და გზის გაწმენდის შესახებ (შეუპირისპირეთ – თუმცა გარკვეულწილად განსხვავებულ სამართლებრივ კონტექსტში – ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთება მსგავსი „კანონიერების“ არგუმენტების საპასუხოდ, საქმე Matchavariani v. Georgia, no. 46852/21, §§ 27-28, 31, 89 და 90, 2025 წლის 20 მაისი). ამიტომ მომჩივანს არ მიუღია კონკრეტული და მკაფიო პასუხი არგუმენტზე, რომელიც გადამწყვეტი იყო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შედეგზე (იხ., მაგ., საქმე Gafgaz Mammadov v. Azerbaijan, no. 60259/11, §§ 83-87, 2015 წლის 15 ოქტომბერი).
22. ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.
- კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
23. მომჩივანი ჩიოდა, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი არც მანიფესტაციის დაშლისა და არც მისი დაკავებისა და შემდგომში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო გასამართლებისთვის.
24. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი განხილული უნდა იქნეს მხოლოდ კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, რომელიც არის lex specialis ასეთ გარემოებებში (იხ. საქმე Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], no. 37553/05, § 85, ECHR 2015).
25. მთავრობამ წარმოადგინა პრეტენზიები მისაღებობასთან დაკავშირებით და არგუმენტები არსებით მხარესთან დაკავშირებით, რომლებიც მსგავსია იმ არგუმენტებისა, რომლებიც წამოჭრა საქმეში Makarashvili and Others case (ციტირებული ზემოთ, §§ 66-67 და 75-77).
26. საქმეში Makarashvili and Others (იქვე, §§ 70-72) მოცემული დეტალური მიზეზების გამო, სასამართლო ადგენს, რომ საჩივრის ეს ნაწილი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში მოცემული რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
27. აღიარებს რა პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის აუცილებლობას – რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავარი ღირებულებაა (იხ. საქმე Tsaava and Others v. Georgia [GC], nos. 13186/20 და 4 სხვა, § 434, 2025 წლის 11 დეკემბერი, და საქმე Karácsony and Others v. Hungary [GC], nos. 42461/13 და 44357/13, § 141, 2016 წლის 17 მაისი) – სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მანიფესტაცია მთლიანობაში მიზნად ისახავდა პარლამენტის საქმიანობის შეფერხებას, ან რომ მომჩივანი მონაწილეობდა ასეთ მცდელობაში, ან რომ სხვაგვარად იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში. გარდა ამისა, უდავოა, რომ 2023 წლის 7 მარტის მანიფესტაცია ეხებოდა საზოგადოების ინტერესის საკითხს (იხ. პარაგრაფი 5ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანს უფლება აქვს მოიხმოს მე-11 მუხლის გარანტიები (შეადარეთ საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 89-94, მასში შემდგომი მითითებებით).
28. წინამდებარე საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 მუხლით მომჩივნის უფლებაში ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული და შესაძლოა ემსახურებოდა არეულობის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ წარმოადგინეს საკმარისი მიზეზები იმის შესახებ, თუ რატომ იყო აუცილებელი მთელი მანიფესტაციის დაშლა და გზის გათავისუფლება (იხ. პარაგრაფი 21ზემოთ, და შეადარეთ საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 105). ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები, რათა ჩარევა წინამდებარე საქმეში მიჩნეულ იქნეს აუცილებლობად და პროპორციულად.
29. ამრიგად, ადგილი აქვს კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
- კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
30. მომჩივანმა მოითხოვა 2000 ლარი (665 ევრო) მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ) და 2000 ევრო – მორალურ ზიანთან დაკავშირებით.
31. მთავრობამ გააპროტესტა მოთხოვნა, როგორც გადაჭარბებული.
32. მოთხოვნილ თანხასა და დადგენილ დარღვევებს შორის აშკარა კავშირის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 9, 20-22და 28-29) და სამართლიანობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო მომჩივანს ანიჭებს 665 ევროს მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით და 1600 ევროს – მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
- აცხადებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-11 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივარს მისაღებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს – მიუღებლად;
- ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-11 მუხლის დარღვევას;
- ადგენს,
- რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) 665 ევრო (ექვსას სამოცდახუთი ევრო) მატერიალურ ზიანთან დაკავშრებით;
(ii) 1600 ევრო (ათას ექვსასი ევრო) მორალურ ზიანთან დაკავშირებით; და
(iii) ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს აღნიშნულ თანხებს;
- რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი.
4. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 20 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
გიორგი ბადაშვილი ანე ლუიზ ბორმანი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები