დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/3294-10 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 15/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე სხდომის მდივანი – მარიამ საბაძე |
განმცხადებელი – შპს „სქაი ჯორჯია“
გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი – ანა ჭაჭიაშვილი განხილვის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და გამოარკვია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,სქაი ჯორჯიას“ მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „სქაი ჯორჯიას“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 15 ივნისის განჩინებით აღიარებულ იქნა გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას 431.51 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა პირველი რიგის მოთხოვნად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 1 მაისს განცხადებით მომართა შპს „სქაი ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენისა და შპს „სქაი ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 29 მაისის განჩინებით მოწვეულ იქნა კრდიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს ,,სქაი ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების; შპს „სქაი ჯორჯიას“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმებისა და კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვის მიზნით. 2026 წლის 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა და წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა შპს „სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) საბოლოო ანგარიშის დამტკიცება, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება. გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამთა მაჭარაშვილის განმარტებით, გაკოტრების პერიოდში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოძიებული იქნა მოვალე კომპანიის სამეურვეო ქონება და მომზადდა შუალედური ანგარიშები შპს „სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების, კრედიტორისთვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. როგორც მოვალე კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვეოდა შპს „სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხებოდა, შპს „სქაი ჯორჯია“ რეგისტრირებული იყო შეზღუდული პასუხისმგებელობის საზოგადოება „ჯეო-გლობის“ (ს/ნ 202251384) კაპიტალში 20%-იანი წილის მესაკუთრედ, მოვალე კომპანიას გააჩნდა დებიტორული მოთხოვნები, მოვალე კომპანიას გააჩნდა მოძრავი ქონება სხვადასხვა სახის საოფისე ინვენტარის სახით, მოვალე კომპანიას გააჩნდა მოძრავი ქონება ორი ერთეული ავტომანქანის სახით, მოვალე კომპანიას სალაროში და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის სახით თანხა არ ერიცხებოდა. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების თანახმად, შპს ,,სქაი ჯორჯია“ (ს/ნ 211373501) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ იყო. გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული წილის შეფასება განხორციელდა დაქირავებული აუდიტორული კომპანიის მიერ და მისი როგორც ბიზნეს წილის ღირებულებად განისაზღვრა 0 ლარი. საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას სს „ლიბერთი ბანკში" გახსნილ საბანკო ანგარიშზე დადებითი ნაშთი არ უფიქსირდებოდა, ხოლო სხვა კომერციულ ბანკებში კომპანიას ანგარიშები გახსნილი არ ჰქონდა/აქვს და ნაშთიც არ უფიქსირდებოდა სალაროში. თუმცა, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებულია, კომპანიის კუთვნილი თანხა – 5 218.73 ლარის ოდენობით. შპს „სქაი ჯორჯია“ ს/ნ (ს/ნ 211373501) კუთვნილი მოძრავი ქონებების აღწერის მიზნით სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა მოვალე ორგანიზაციის სამეწარმეო საქმიანობის ადგილას მის: თბილისი/ისანი-სამგორი/ჭირნახულის ქ. №1 დათვალიერება. მითითებულ მისამართზე განცხადებაში დაფიქსირებული მოძრავი ქონების მოძიება ვერ განხორციელდა. მართალია, მოვალე კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებით კომპანიას გააჩნდა დებიტორული მოთხოვნები, თუმცა, წარმოდგენილ ინფორმაციას არ ახლდა მოთხოვნის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტაცია და მოვალე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იყო საკმარისი დებიტორული მოთხოვნების განხილვისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2024 წლის 29 აპრილის კრედიტორთა კრების ოქმით დამტკიცდა კრედიტორთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დებიტორული მოთხოვნების და მოძრავი ნივთების მასიდან ამორიცხვის თაობაზე. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით (საქმე № 2/3294-10) სატრანსპორტო საშუალება სახ/ნომერი: BOS-230; მოდელი FORD TRANSIT ელდარ კაკაჩიშვილს გადაეცა საკუთრებაში, არსებული (და ყველა იმ შეზღუდვისგან, რომელიც შესაძლოა არ იყოს რეგისტრირებული) სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე და ამოირიცხა სამეურვეო მასიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის დეტალურად შესწავლისა და სამეურვეო ქონების დაზუსტების შედეგად გაკოტრების მმართველის მიერ დადგინდა შპს „სქაი ჯორჯია“ (ს/ნ211373501) სამეურვეო ქონება, რომელიც მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომერი: GNA077), მარკა, მოდელი:GONOW GA 1020 B გამოშვების წელი: 2005 ძრავის მოცულობა:2200, საწვავის ტიპი: ბენზინი და მისი საბაზრო ღირებულება, 2026 წლის 20 თებერვლის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტის თანახმად, განისაზღვრა 1 200 ლარით. ასევე, სამეურვეო ქონების შემადგენელი ნაწილია სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თანხა – 5,218.73 ლარი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ შპს „სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) ქონება, ერთიანი კომპლექსის სახით, მისი რეალიზაციის მიზნით, გატანილ იქნა პირველ საჯარო აუქციონზე საწყის ფასად განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ი (ლოტი №: 79512). პირველი საჯარო აუქციონი, დაიწყო 2026 წლის 1 აპრილს და დასრულდა 2026 წლის 8 აპრილს. შპს „სქაი ჯორჯია“-ს (ს/ნ 211373501) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომერი: GNAO77) ერთიანი კომპლექსის სახით შემძენი, 2026 წლის 08 აპრილს დასრულებულ აუქციონზე, (ლოტი №: 79512) გახდა თორნიკე ხუბუა (პ/ნ 19001026437). თორნიკე ხუბუამ (პ/ნ 19001026437) სამეურვეო ქონება შეიძინა 1 116 (ათას ას თექვსმეტი) ლარად. შემძენის მიერ ქონების საფასური გადახდილია სრულად, კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, სარეალიზაციო ფასი მოიცავდა დამატებითი ღირებულების გადასახადს, – 170.24 (ას სამოცდაათი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარს, რომელიც გადაირიცხა სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. შესაბამისად, ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებულმა თანხამ შეადგინა 945.76 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯამში, კომპანიის აქტივს წარმოადგენს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თანხა – 6 164.49 ლარი, რომელიც მოიცავს ქონების რეალიზაციიდან ამონაგებ თანხას (დღგ-ს გამოკლებით) და კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადმოტანილ თანხას. რაც შეეხება მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის გახორციელებისას საფასურის განსაზღვრის საკითხს, გაკოტრების მმართველის მიერ ფუნქციის განხორციელებისას ასანაზღაურებელ თანხას შეადგენს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კრედიტორისთვის გადასაცემი თანხის 7%-ს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 6 164.49 ლარის 7%-ს – 431.51 ლარს. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 431.51 ლარის ოდენობით. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივი ნორმებისა და მიმდინარე საქმეში არსებული კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის გათვალისწინებით, შპს ,,სქაი ჯორჯიას“ მიმართ მიმდინარე გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს თამთა მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ შპს ,,სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოებაზე არსებული გასანაწილებელი თანხა, კერძოდ, კი 6 164.49 ლარი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: · პირველი რიგი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო (გაკოტრების მმართველის და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მომსახურების საფასური) – 431.51 ლარის ოდენობით; რაც შეეხებათ კრედიტორებს, პირველი რიგის კრედიტორული მოთხოვნა და კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული შემდეგი რიგის კრედიტორები კმაყოფილდებიან ნაწილობრივ მოთხოვნების პროპორციულად. დარჩენილი გასანაწილებელი თანხა შეადგენს 5 732.98 ლარს, შესაბამისად, გასანაწილებელი თანხა უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: · მეორე რიგი – შპს ,,მაგთიკომის“ (ს/ნ 204876606) მოთხოვნა 672.58 ლარი კმაყოფილდება ნაწილობრივ მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს - 57.33 ლარს; · მეორე რიგი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და მომსახურების ფედერალური სამსახურის მოთხოვნა 77 648.48 ლარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს - 5 675.65 ლარს. რაც შეეხებათ შემდეგი რიგის კრედიტორთა მოთხოვნები რჩება დაუკმაყოფილებელი შესაბამისი თანხის არარსებობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელება, სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილების გეგმის შედგენა კრედიტორებს შორის, შესაბამისად, შპს „სქაი ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა მოითხოვა გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი თანხის განაწილების გეგმის დამტკიცება, გადაწყვეტილების გამოტანა შპს „სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება. სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, წარმოდგენილ კრედიტორს და მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს. მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება: ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა; ხოლო ამავე ბრძანების ,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად: ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე; ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს; მეურვის/გაკოტრების მმართველის მიერ 2012 წლის 1 თებერვლამდე აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ იმ გადახდისუუნსარობის საქმეებზე, რომლებზედაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 2011 წლის 1 აგვისტომდე, საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კრედიტორისთვის გადასაცემი თანხის 7%, რაც შეადგენს – 431.51 ლარს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში; „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით: 1) პირველი რიგი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო (გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების საფასური) - 431.51 ლარი; 2) მეორე რიგის შპს „მაგთიკომის“ კრედიტორული მოთხოვნიდან 672.58 ლარიდან - 57.33 ლარი; 3) მეორე რიგის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და მომსახურების ფედერალური სამსახურის კრედიტორული მოთხოვნიდან 77 648.48 ლარიდან - 5 675.65 ლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით დაადგინა: 1. დასრულდეს შპს „სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) გაკოტრების საქმის წარმოება. 2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს ,,სქაი ჯორჯიას“ (ს/ნ 211373501) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე შპს ,,სქაი ჯორჯიას“ რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა). 3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge). 4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მოსამართლე თამარ ბურჯანაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები