დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში“ დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 28/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.18.011.010.013 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.010.013
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №44
2007 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში“ დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და 37-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სალიკვიდაციო ბანკში საჯარო აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში“ (სსმ III, 24.07.03 წ., №74, მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სალიკვიდაციო ბანკში საჯარო აუქციონის ჩატარების პროცედურა ლიკვიდატორის მიერ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოსილების გამოყენების შემთხვევაში საჯარო აუქციონი წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს ლიკვიდატორი. იგი აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას პრესაში, რომელიც უნდა მოიცავდეს აუქციონის გამართვის თარიღს, გასაყიდი ქონების და/ან აქტივის დასახელებას და საწყის ფასს, აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღების ვადასა და ადგილს, ბეს მოცულობასა და შეტანის წესს, აუქციონის პირობებს და სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის მოკლე აღწერას, განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც აქვთ უფლებები აუქციონზე გასაყიდად გასატან ნივთზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, საინფორმაციო წყაროების მითითებით, ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 დღით ადრე;
გ) აუქციონს ატარებს აუქციონის ჩატარების მიზნით ლიკვიდატორის მიერ შექმნილი სააუქციონო კომისია ლიკვიდატორის თავმჯდომარეობით. სააუქციონო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომლებსაც შეირჩევს ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით;
დ) აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება;
ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს შევსებული განცხადების ფორმა, ბეს შეტანის ქვითარი; ფიზიკურმა პირმა – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიულმა პირმა – წარმომადგენლობითი უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონების რამდენიმე ობიექტით ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მონაწილეს გადასცემს „საჯარო აუქციონის მონაწილის ბარათს“;
ვ) აუქციონს გახსნილად აცხადებს ლიკვიდატორი (კომისიის თავმჯდომარე) და მონაწილეებს სთავაზობს საწყის ფასს. აუქციონი გრძელდება მანამდე, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. ლიკვიდატორმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შეთავაზება სამჯერ ხმამაღლა და მყიდველი;
ზ) აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება ხელშეკრულების ხელმოწერიდან ხუთ დღეში მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებული ფასის შესაბამისი ფულადი თანხა შეიტანოს ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 პროცენტი, გადახდის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 15 კალენდარული დღით. შესაძლებელია სათანადო დასაბუთების არსებობისას, ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მოხდეს ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დროულად არ გადაიხდის აუქციონზე დასახელებულ თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და ბე არ უბრუნდება;
თ) თუ აუქციონის მონაწილის ბარათის მფლობელი ვერ გახდება გამარჯვებული ან არ გამოცხადდება საჯარო აუქციონზე, ან მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უბრუნდება;
ი) ქონების და/ან აქტივის შემძენს ამ ქონების და/ან აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
კ) აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ახალ შემძენზე საკუთრების გადასვლით ნივთის მფლობელი განიხილება დამქირავებლად და ვალდებულია იხადოს ქირა საბაზრო პირობების შესაბამისად;
ლ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე ქონების და/ან აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
მ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში;
ნ) ყოველი აუქციონის შემდეგ ლიკვიდატორის მიერ შექმნილი კომისია აჯამებს საჯარო აუქციონის შედეგებს, ადგენს შესაბამის ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება და მას ხელს აწერენ მყიდველი, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. საჯარო აუქციონის ოქმს მოხსენებით ბარათთან ერთად ლიკვიდატორი წარუდგენს ეროვნულ ბანკს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები