დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მოსაკრებლებისა და გრანტების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016486 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მოსაკრებლებისა და გრანტების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/10/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016331). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,
მოსაკრებლებისა და გრანტების სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მოსაკრებლებისა და გრანტების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ქონების ეფექტურ მართვას, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებასა და გრანტების მოძიება-მოზიდვას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება:
ა) სამსახურის ხელმძღვანელისაგან; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის – მოსაკრებლების და გრანტების განყოფილებისაგან; გ) პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით/დავალებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი ან სამსახურის იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე. 3. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები |
1. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი დადგენილი წესით.
2. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და განყოფილების უფროსს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, მივლინებისა და პროფესიული განვითარების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. |
მუხლი 4.
განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები |
1. განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 5.
სამსახურის ფუნქციები |
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, საწარმოთა წილების, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალური ქონების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, მუდმივ განახლებას და ზედამხედველობას მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის, ქონებით სარგებლობის წესების განსაზღვრის, პრივატიზებისა თუ სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებზე; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემისათვის, მათ შორის, ელექტრონული და საჯარო აუქციონების ორგანიზებასა და სათანადო მასალების მომზადებას; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან (ტრანსფერთან) დაკავშირებით; ვ) მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას, ამ საწარმოების მართვის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას და დივიდენდების პროგნოზირებას; ზ) მუნიციპალიტეტში მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და შესაბამისი მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვას, ინვესტორებთან თანამშრომლობას, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ი) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის; კ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; ლ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარებას; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ნ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების პროექტების მომზადებას; ო) გრანტების მოძიება და მოზიდვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) სამსახურის ფუნქციებს ასევე წარმოადგენს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – მოსაკრებლების და გრანტების განყოფილებისათვის ამავე დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მსგავსი ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
მოსაკრებლების და გრანტების განყოფილების ფუნქციები |
მოსაკრებლების და გრანტების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების მომზადებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, აგრეთვე მათი განაკვეთების (ტარიფების) განსაზღვრის შესახებ; ბ) მოსაკრებლის გადამხდელთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (რეესტრის) ფორმირებას, მის მუდმივ განახლებასა და სრულყოფას; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების დარიცხვას, გადახდის ქვითრების ფორმირებასა და გადამხდელთათვის დროულ მიწოდებას; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადგილობრივი მოსაკრებლების თანხების მობილიზების კონტროლსა და ზოგად ადმინისტრირებას; ე) კანონმდებლობით დადგენილი ზომების გატარებას მოსაკრებლების გადაუხდელობის, დაგვიანებით გადახდის ან დავალიანებების წარმოქმნის ფაქტებზე (შეტყობინებების მომზადება-გაგზავნა, საურავების დარიცხვა); ვ) გრანტების მოძიებას და მოზიდვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 7.
დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 8.
რეორგანიზაცია |
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები