დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.32.061.016483 |
|
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების შესაბამისად,
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 8 ივლისიდან.
|
|
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. 3. სამინისტრო, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე, თანამშრომლობს საქართველოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. 5. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 6. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი და ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 68, საფოსტო ინდექსი: 0102.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამინისტრო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) ძეგლების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში ერთიანი პოლიტიკის გამტარებელი ორგანო. 2. სამინისტრო: ა) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში; ბ) მონაწილეობს განათლების სისტემის ინსტიტუციურ და პროგრამულ რეფორმირებაში; გ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უზრუნველყოფს განათლებისა და კულტურის, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდას და ინსტიტუციური მართვის გაუმჯობესებას; დ) ხელს უწყობს სამშვიდობო მიმართულებით ინიციატივების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას; ე) ახორციელებს აფხაზეთში არსებული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების წარმოჩენასა და დაცვას; ვ) ახორციელებს განათლებისა და კულტურის, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროგრამულ დაფინანსებას; ზ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სფეროში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების აღსრულებას; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობათა მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების, კულტურის, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვას, განხორციელებასა და კონტროლს; ი) უზრუნველყოფს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; კ) უზრუნველყოფს შემოქმედებითი, სანახაობითი და სხვა შინაარსის ღონისძიებების ორგანიზებას, სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგამოფენების მოწყობას, სახელოვნებო ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზებას; ლ) აწყობს ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია-განხილვებს, თემატური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის გამოფენებს და საქველმოქმედო ღონისძიებებს, მხარს უჭერს ქართულ-აფხაზური კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა შორის თანამშრომლობას; მ) ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით საგამომცემლო საქმიანობას და ლიტერატურულ-მხატვრული აუდიო-ვიდეო ნაწარმოებების გამოცემასა და გავრცელებას; ნ) უზრუნველყოფს აფხაზეთის შემოქმედებითი წრეების ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას; ო) უზრუნველყოფს მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობას ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით ტრენინგ-სემინარების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობას; პ) ხელს უწყობს სპორტის მიმართულებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას (ფოტო, მხატვრული, დოკუმენტური, აუდიო-ვიდეო მასალების მომზადება და სხვა); ჟ) ხელს უწყობს ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენების პროფესიულ ზრდას და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის პოტენციური რეზერვის შექმნას; რ) უზრუნველყოფს ოლიმპიური თამაშებისათვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე და პირველობებზე მოზარდების, კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრებებისათვის კანდიდატების მომზადებას და სკოლისგარეშე ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას; ს) უზრუნველყოფს სკოლისგარეშე ინდივიდუალურ, ჯგუფურ, პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს, სასწავლო-სპორტული შეკრებების ორგანიზებას, მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრებში, პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში; ტ) მხარს უჭერს სპორტულ პროცესებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევით და მეთოდურ საქმიანობას; უ) ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობას და ამ მიზნით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, აწყობს გასართობ – შემეცნებით ღონისძიებებსა და კონკურსებს; ფ) უზრუნველყოფს აფხაზეთის ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას; ქ) უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება/პასუხისმგებლობა და სხვა), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას; ღ) უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების შექმნას ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე; ყ) უზრუნველყოფს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას და ამ მიზნით სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებას (აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშემწყობი მიზნობრივი ტრენინგ-კურსები და სემინარები); შ) ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოხალისეობისა და ტოლერანტობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით პროექტების განხორციელებას; ჩ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო: ა) ახორციელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს; ბ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გასული წლის საქმიანობის ანგარიშს სასწავლო პროცესისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ; დ) აწარმოებს მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს; ე) არეგისტრირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულ მონაცემებს განმეორებით სარეგისტრაციოდ უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; ვ) მონაწილეობს საჯარო სკოლის დირექტორთა კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ორგანიზება-ჩატარებაში; ზ) მონაწილეობს განათლების, კულტურის, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენების, საკონცერტო ჩვენების, სახალხო დღესასწაულების, მასობრივი ღონისძიებების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა კონკურსების გამართვაში; თ) განათლების, კულტურის, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათი დებულებების დამტკიცების, აგრეთვე, მათი რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას და კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს; ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს; კ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების მართვას, საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 3. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგეობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას; დ) სამინისტროს დებულებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას; ე) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; ზ) მთავრობას წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. ასევე წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტისა და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; თ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე; ი) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები; კ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის; ლ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვა-გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ნ) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის; ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; პ) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და განკარგულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მინისტრს ჰყავს 2 მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობას. მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მოადგილე. 6. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისგან: ა) განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი; ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტი: ბ.ა) კულტურის სამმართველო; ბ.ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველო; გ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი: გ.ა) სპორტის სამმართველო; გ.ბ) ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველო; დ) საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტი: დ.ა) საფინანსო სამმართველო; დ.ბ) შესყიდვების სამმართველო; ე) ადმინისტრაციული სამსახური; ვ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი; ბ) ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. 3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მმართველობის სფერო, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება მათი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“; ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“. 5. სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განსაზღვრულია მისი დებულების შესაბამისად. 6. სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განსაზღვრულია მისი წესდების შესაბამისად.
მუხლი 5. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები. 2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ექვემდებარებიან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს. 4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს. 5. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს/ავიზებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე; ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშ(ებ)ს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს; ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად; თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობით; ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1. განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) განათლების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) განათლების სფეროში სამინისტროს სტრატეგიის შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმების, პროგრამების, მეთოდური მასალებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების სასწავლო დაწესებულებებში დანერგვა; დ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და შესრულებაზე ზედამხედველობა; ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში ხელშეწყობა; ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ბაზის შექმნა; ზ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; თ) საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის ჩატარების ხელშეწყობა; ი) საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; კ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და აფხაზური ენების ენობრივი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; ლ) პროფესიული განათლების, ნიჭიერ სტუდენტთა/მეცნიერთა მხარდაჭერის, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების, სოციალურად დაუცველი მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 2. კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ბ) კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა; დ) ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. საქმიანობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაცია; ვ) სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ზ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიების, გამოჩენილ ხელოვანთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, მათი განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა; თ) კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება; ი) ახალგაზრდა შემოქმედთა მხარდაჭერის მიზნით პროგრამის/ქვეპროგრამის შემუშავება და მათი განხორციელება; კ) კერძო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობისთვის შესაბამისი პროექტების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის აუცილებელი კონკურსების თუ სხვა პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, პროექტების განხორციელება და მონიტორინგი; ლ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების დაგეგმვა და განხორციელება; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის ზედამხედველობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაჭრის გზების მოძიება; ნ) სხვადასხვა თაობის წარმატებული, პერსპექტიული, ნიჭიერი ხელოვანების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, სახელობითი და სასწავლო სტიპენდიების პროგრამის/ქვეპროგრამის შემუშავება და მათი განხორციელება; ო) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) ძეგლების აღრიცხვა და პოპულარიზაცია; პ) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება; ჟ) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფოტოებისა და სხვა ვიზუალური მასალის მოპოვება, დამუშავება, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაციფრულება, დაკომპლექტება და დაარქივება; რ) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) ძეგლების სააღრიცხვო ბარათებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა; ს) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; ტ) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, მრგვალი მაგიდების, სემინარების, კონსულტაციების ორგანიზება; უ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ფ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 3. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და ამ სფეროში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; ბ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად, სპორტისა და სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ხელშეწყობა; გ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროსთან; ე) საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, ამ მიზნით პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება; ვ) აფხაზეთის სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა; თ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 4. საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე, წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა; ბ) სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა, შესაბამის უწყებაში წარდგენის მიზნით; გ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო განრიგების პროექტების განხილვაში მონაწილეობა; ე) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) სამინისტროს ინდივიდუალური და ნაერთი ფინანსური ანგარიშგების (ბალანსების) მომზადება და კონტროლი; ზ) საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, აგრეთვე სხვა გასაცემლების დროული დარიცხვის, გაცემის უზრუნველყოფა და კონტროლი; თ) სახაზინო/ საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად; ი) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და კონტროლი; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) საფინანსო და შესყიდვების მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან შემოსული ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტების შესაბამის დაწესებულებებში გაგზავნის უზრუნველყოფა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვების პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 5. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა; გ) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მინისტრის საჯარო გამოსვლების მომზადება და სათარჯიმნო მომსახურება; დ) სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია; ე) მინისტრის შეხვედრების განრიგის შედგენა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა; ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი; ზ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება; თ) მინისტრის მისაღებისა და სამინისტროს საშვთა ბიუროს ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია; კ) კომისიების და სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა; მ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება; ნ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის; ო) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის, კონტროლზე აყვანილი დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი; პ) სამინისტროს შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; ჟ) სამინისტროს კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება და კონტროლი; ს) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა; ტ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; უ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება; ფ) ფოტო და ვიდეო არქივის წარმოება; ქ) სამინისტროს წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება; ღ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 6. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა; ბ) სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა და მათი გადაწყვეტილებების სამართლებრივი გაფორმება; დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; ე) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ვ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების განხორციელება; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავების კოორდინაცია; კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განხორციელება; ლ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; მ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ დისციპლინურ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, პრევენციისა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა მინისტრისთვის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის; ნ) სამინისტროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება; ო) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; პ) სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა; ჟ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკისა და შინაგანაწესის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; რ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ს) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია; ტ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; უ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ფ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი რეკომენდაციების გაცემა; ქ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 7. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული პოტენციური რისკებისა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამინისტროს სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ი) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება; კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება; ლ) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი; მ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები 1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები