დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სისხლის დონორის წახალისების მექანიზმების, საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესისა და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470120010.10.003.025836 |
|
სისხლის დონორის წახალისების მექანიზმების, საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესისა და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებისა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სისხლის დონორის წახალისების მექანიზმების, საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესი და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობა“. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.
2. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი კომპეტენციისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეიმუშაონ სისხლის დონორთა დამატებითი წახალისების მექანიზმები.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
სისხლის დონორის წახალისების მექანიზმების, საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესი და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობა
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი 1. „სისხლის დონორის წახალისების მექანიზმების, საპატიო დონორის წოდების მინიჭების წესი და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობა“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს სისხლის უანგარო დონორობის წახალისების მექანიზმებს, ეროვნულ დონეზე სისხლის მარაგის უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა მოზიდვისა და რეგულარულ დონორებად შენარჩუნების ხელშეწყობის, მათ შორის, საპატიო დონორის წოდების მინიჭებისა და ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობის განსაზღვრისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფის გზით. 2. წესის მიზანია ნებაყოფლობითი და უანგარო სისხლის დონორობის მხარდაჭერა, სისხლის უანგარო დონორთა მოზიდვისა და რეგულარულ დონორებად შენარჩუნების ხელშეწყობა, სისხლის დონორთა საზოგადოებრივი აღიარება და მადლიერების გამოხატვა იმ პირთა მიმართ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში. მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დონორი − პირი, რომლის ჯანმრთელობა, ასაკი და სამედიცინო ისტორია აკმაყოფილებს დონორის შესაბამისობის დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც ნებაყოფლობით გასცემს სისხლს ან სისხლის კომპონენტებს; ბ) სისხლის დონორობა − დონორის მიერ სისხლის ან/და სისხლის კომპონენტების ნებაყოფლობით გაცემა, აგრეთვე, ნებაყოფლობითი, უანგარო დონაციის ორგანიზებისკენ, სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ღონისძიებები; გ) ავტოლოგიური დონაცია − პირისგან სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება, რომლებიც განკუთვნილია ავტოლოგიური ტრანსფუზიისთვის ან სხვა სახით გამოსაყენებლად მხოლოდ ამ პირისთვის; დ) უანგარო დონაცია − პირის მიერ სისხლის ან მისი კომპონენტების უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღება; ე) რეგულარული დონორი − დონორი, რომელიც რეგულარულად, შესაბამისი წესით დადგენილი დროის ინტერვალით აბარებს სისხლს ან სისხლის კომპონენტებს ბოლო 2 წლის განმავლობაში. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული აქვს 2 დონაცია მაინც, მათ შორის, უკანასკნელი დონაცია − ბოლო 12 თვეში; ვ) უმოქმედო დონორი − პირი, რომელსაც ბოლო 24 თვის განმავლობაში ჰქონდა მინიმუმ ერთი დონაცია, მაგრამ არა ბოლო 12 თვის განმავლობაში. 2. წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ტერმინთა განმარტებების შესაბამისად. თავი II დონორის წახალისება მუხლი 3. დონორის წახალისების არსი და მექანიზმები 1. დონორის წახალისება ხორციელდება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხო სისხლის მარაგის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. წახალისების მიზანია სოციალური აღიარება, მადლიერების გამოხატვა და სისხლის უანგარო ჩაბარების ხელშეწყობა, დონორისთვის მოტივაციისა და სტიმულის მიცემის შესაძლებლობა, რათა მან გაიღოს სისხლი ან/და მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღების გარეშე. 2. დონორის წახალისების მექანიზმებია: ა) არაფინანსური წახალისება: ა.ა) სიმბოლური ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი (მათ შორის, ბროშურა, ბლოკნოტი, მაისური და სხვა); ა.ბ) უანგარო დონორობის პოპულარიზაციის ღონისძიებები; ბ) საპატიო დონორის წოდება და ერთდროული ფულადი გასაცემელი; გ) გრძელვადიანი სოციალური მხარდაჭერა. მუხლი 4. სიმბოლური ნიშნის, სუვენირის ან საჩუქრის გადაცემა 1. უანგარო დონაციის შემთხვევაში, დონორისთვის შესაძლებელია ისეთი სიმბოლური ნიშნის, სუვენირის ან საჩუქრის გადაცემა, რომლის ღირებულება არ უნდა გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული. ასეთი ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი შეიძლება, იყოს: ბროშურა, ბლოკნოტი, მაისური, სამკერდე ნიშანი, ჩანთა და სხვა საჩუქარი ან სხვა ნივთი (უანგარო დონორობის საპოპულარიზაციო სარეკლამო ემბლემით). 2. დონორისთვის სიმბოლური ნიშნის, სუვენირის ან საჩუქრის გადაცემის პირობებს განსაზღვრავს სისხლის დაწესებულება, გაიცემა მის მიერ და ხორციელდება სისხლის დაწესებულების ასიგნებების ფარგლებში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დონორის წახალისების მექანიზმი არ ვრცელდება ავტოლოგიურ დონორზე. მუხლი 5. უანგარო დონორობის პოპულარიზაცია 1. უანგარო დონორობის პოპულარიზაცია გულისხმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის სოციალური მნიშვნელობის შესახებ, უანგარო დონორობის წახალისების, ორგანიზების პროცესში საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართვის, პოტენციური უანგარო დონორების მოზიდვისა და მათი რეგულარულ დონორებად შენარჩუნების მიზნით. 2. უანგარო დონორობის პოპულარიზაცია ხორციელდება სახელმწიფოს ხელშეწყობით, მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებით, შესაბამისი თემატური ლიტერატურისა და სარეკლამო მასალების გამოქვეყნებისა და გავრცელების, თემატური სარეკლამო აბრების გამოფენის, შეხვედრების, მიმოხილვების, კონფერენციების ორგანიზებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის სხვა მეთოდების გამოყენების გზით, მათ შორის, სხვადასხვა დაწესებულებაში უანგარო დონაციის, მათ შორის, მობილური შეგროვების აქციების ორგანიზებით. 3. უანგარო დონორობის პოპულარიზაციას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნითა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში − ცენტრი), აგრეთვე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სისხლის დაწესებულებები და სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ან შესაძლოა, უკავშირდებოდეს უანგარო დონორობის წახალისებას. 4. უანგარო დონორობის საკითხებში მოსწავლეებისა (12 წლისა და ზევით) და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენისას მათში უანგარო დონორობის მნიშვნელობისა და სისხლის დონაციის უვნებლობის შესახებ ინფორმაციის შეტანას. 5. ცენტრი, უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით, ვალდებულია: ა) დაგეგმოს და განახორციელოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, უანგარო დონორობის წახალისებისა და მოზიდვის უზრუნველსაყოფად; ბ) შეიმუშაოს, დაგეგმოს და განახორციელოს სხვა დამატებითი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს უანგარო დონორობის მოტივაციის ამაღლებასა და სოციალური აღიარების დამკვიდრებას (მადლობის სიგელების გაცემა, თემატური დღეების/კვირების აღნიშვნა, სისხლის ტრანსფუზიების მქონე პაციენტების წარმატებული შემთხვევებისა და ისტორიული მაგალითების პოპულარიზაცია და ა.შ.). 6. სისხლის დაწესებულება, უანგარო დონორობის პოპულარიზაციის განხორციელების მიზნით, ვალდებულია: ა) ხელი შეუწყოს სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის განხორციელებას, უანგარობისა და ნებაყოფლობითობის პრინციპებზე დაყრდნობით; ბ) დაიცვას „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დონორის უფლებები; გ) მოახდინოს საზოგადოების მობილიზაცია, ინფორმირებულობის ამაღლება − სისხლისა და მისი კომპონენტების ჩასაბარებლად; განახორციელოს უანგარო დონაციის აქციები, მათ შორის, სისხლის მობილური შეგროვებით; დ) დანერგოს ამ წესით გათვალისწინებული წახალისების მექანიზმები; ე) განახორციელოს დონორებთან სათანადო კომუნიკაცია (პერსონალიზებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელფოსტის საშუალებით შეხსენებებითა და შეტყობინებებით), ინფორმირებისა და წახალისების მექანიზმების განხორციელების მიზნით; ვ) იმუშაოს უმოქმედო და ყველა სხვა დონორთან, აქტიურ დონორთა რიგებში მათი დაბრუნებისა და შენარჩუნების მიზნით; ზ) პერიოდულად მოახდინოს უანგარო დონორობის წახალისების მექანიზმების განხორციელების შედეგების მონიტორინგი. 7. სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს სამინისტროსთან, ცენტრთან ან/და სისხლის დაწესებულებასთან კოორდინაციით ან დამოუკიდებლად შეუძლიათ, რომ მონაწილეობა მიიღონ უანგარო დონორობის პოპულარიზაციის ღონისძიებებში, მათ შორის: ა) ხელი შეუწყონ და დაეხმარონ სისხლის დაწესებულებას ან უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანიზაციებს, სისხლის და/ან მისი კომპონენტების დონორების მოზიდვის მიზნით, უანგარო დონორობის პოპულარიზაციაში, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებით; ბ) თანამშრომლები, რომლებიც სისხლს და/ან მის კომპონენტებს აბარებენ, უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიებით. მუხლი 6. საპატიო დონორის წოდება და ერთდროული ფულადი გასაცემელი 1. საპატიო დონორის წოდება გამოხატავს საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირის კეთილშობილური წვლილის აღიარებას, საქართველოში სისხლის ან/და სისხლის კომპონენტების უანგარო დონაციის განვითარებაში. 2. საპატიო დონორის წოდება მიენიჭება დონორს, რომელიც საქართველოში უანგაროდ გაიღებს სისხლს ან/და მის კომპონენტებს და უანგარო დონაციების რაოდენობით მიაღწევს მინიმუმ 40 უანგარო დონაციის მაჩვენებელს. 3. სისხლის ან/და სისხლის კომპონენტების უანგარო დონაციის მაჩვენებელი გამოითვლება შემდეგი წესით: ერთი უანგარო დონაცია უტოლდება სისხლის უანგარო დონაციის მაჩვენებელს ქვემოთ მოცემული პროპორციით: ა) მთლიანი სისხლის დონაცია − 1; ბ) ერითროციტაფერეზი − 1; გ) ორმაგი ერითროციტაფერეზი − 2; დ) თრომბოციტაფერეზი − 0.5; ე) პლაზმაფერეზი − 0.2; ვ) თრომბოციტაფერეზთან კომბინირებული პლაზმაფერეზი − 0.7; ზ) ერითროციტაფერეზთან კომბინირებული პლაზმაფერეზი − 1.2; თ) თრომბოციტაფერეზთან კომბინირებული ერითროციტაფერეზი − 1.5; ი) თრომბოციტაფერეზთან კომბინირებული ერითროციტაფერეზი და პლაზმაფერეზი − 1.7. 4. პირს საპატიო დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ცენტრალური სისხლის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, ცენტრთან კოორდინაციით, წარდგინების საფუძველზე, საპატიო დონორთა დაჯილდოება ხორციელდება წელიწადში ერთხელ, 14 ივნისს (სისხლის დონორის მსოფლიო დღეს). 5. საპატიო დონორის წოდების მქონე პირს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი/მოწმობა და ერთჯერადი სახის ფულადი ჯილდო − 1000 ლარის ოდენობით. 6. საპატიო დონორის სერტიფიკატის/მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ, ხოლო ფულადი ჯილდო გაიცემა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული წახალისების მექანიზმი არ გამოიყენება: ა) ავტოლოგიურ დონაციაზე; ბ) ისეთ დონაციებზე, რომლებიც განხორციელდა ნათესავებისთვის ან ფულადი ანაზღაურებით ჩაბარების ფორმით, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ 1995 წლის 21 მარტის საქართველოს კანონის შესაბამისად ან მას შემდეგ. მუხლი 7. გრძელვადიანი სოციალური მხარდაჭერა 1. „საპატიო დონორის“ წოდების მქონე პირი სარგებლობს: ა) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის №1.3 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი მომსახურებით; ბ) დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაბარი პირობების არსებობისას, საქონლისა და მომსახურების მიღების უპირატესი უფლებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დადგენილებებით. მუხლი 8. დონაციისთვის საჭირო დროისთვის მიცემული შრომის ანაზღაურებისა და სხვა სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს შრომის კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილია სისხლის ან მისი კომპონენტების ჩაბარების დროს დონორის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება. დამსაქმებელი ვალდებულია, წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას იგი სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად. დონორს სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები, სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები