დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.151.016427 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №26 დადგენილება (ვებგვერდი, 06.07.2018 წ., სარეგისტრაციო ნომერი: 010250050.35.151.016254 ) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახური 1. მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, უკანონო მშენებლობაზე ზედამხედველობას და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებას, აგრეთვე გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, კეთილმოწყობისა და გარე იერსახის, გარემოს დაცვის, დასუფთავებისა და სანიტარიული წესების დაცვაზე მუდმივ მონიტორინგსა და კონტროლს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მონიტორინგის განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ან მონიტორინგის განყოფილების უფროსი. 3. მონიტორინგის განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 5. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას; გ) კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; დ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას სამშენებლო ნორმების ან/და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას; ე) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელებას; ვ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღებას; ზ) მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობას; მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას; თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საქართველოს კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სახდელის დადებას; ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას; კ) მიმწოდებლის მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია: ა) მოახდინოს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება); ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკურ, სამშენებლო, სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია; გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება და დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე; დ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ე) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ვ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მერს წარუდგინოს წინადადებები მერიის სტრუქტურული ერთეულების, უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევის თაობაზე. 3. ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისა და ხარისხის (ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის) მონიტორინგი არ განეკუთვნება ამ სამსახურის კომპეტენციას და ხორციელდება ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ. ამ სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და კანონმდებლობის დარღვევის (მათ შორის, უნებართვო ან ნორმის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება. მუხლი 5. მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარო წესრიგისა და კეთილმოწყობის მუდმივ მონიტორინგსა და კონტროლს, კერძოდ: 1. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ არსებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს. 4. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს. 5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და სანიტარიული წესების დაცვაზე კონტროლსა და მონიტორინგს; მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლს. 6. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენასა და დაფიქსირებას. 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას. 8. ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე, მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე. 9. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მასალების სამსახურისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების მიზნით გადაცემას. 10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები