დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1828-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.04.001.018187 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ) მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;“; ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობის, პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები: „მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე − სახელმწიფო მოსამსახურე, პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ნ) საჯარო ურთიერთობების მდივანი – გენერალური აუდიტორის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებსა და წარმომადგენლობებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) საჯაროობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა; ზ) ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა. 4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულ საქმიანობასა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, გარდა ამ კოდექსის III თავისა, მოქმედება.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჰქონდეს წვდომა ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე და გამოიყენოს მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემა ინფორმაციის მისაღებად და დასამუშავებლად.“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება გენერალური აუდიტორი: ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სამსახურის გავლის წესს, განსაზღვრავს თანამდებობების დასახელებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესსა და ოდენობებს, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას, იღებს სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, მოსამსახურეების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებებს; დ) აჯილდოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს უწყებრივი ჯილდოებით და წარადგენს მათ საპატიო წოდებებისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ე) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით; ვ) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება, განკარგულება, მითითება, აგრეთვე მიიღოს გადაწყვეტილება; ზ) უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცეს რეკომენდაცია; თ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტს, მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს, შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ი) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას; კ) უფლებამოსილია საჯარო ურთიერთობების მდივნის ფუნქცია დააკისროს თავის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; ლ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; მ) მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების შესახებ დავის თაობაზე; ნ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშებს, მოხსენებებსა და დასკვნას; ო) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მოსამსახურეთა ზღვრული ოდენობის შესახებ; პ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ; ჟ) იწვევს და თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; რ) ქმნის საბჭოებს, კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ს) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას; ტ) დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; უ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, განვითარებისა და საჭიროებების განსაზღვრის შესახებ; ბ) იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული საჩივრის თაობაზე ამ კანონის VI თავის შესაბამისად; გ) იხილავს გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება: ა) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე; ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე; დ) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე; ე) სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე. 2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას; გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას; დ) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას; ე) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების მართვასა და განკარგვას; ზ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას; თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე; ი) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას; კ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ლ) სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას; მ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს; ნ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; პ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ თავისი წლიური ბიუჯეტის ხარჯვას. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას.“. 8. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-20 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, შექმნან დოკუმენტების ასლები, დაამუშაონ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, პრეტენდენტს, მიმწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს მოსთხოვონ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;“; ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კომერციული ბანკებისგან გამოითხოვონ აუდიტის ობიექტების შესახებ ინფორმაცია.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აუდიტის ჩატარების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.“; დ) მე-6 პუნქტის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები;“; დ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უზრუნველყონ სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული და სამსახურებრივი საიდუმლოებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ორგანოებს დარღვევათა თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;“. 10. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაშვებისა და იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.“. 11. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუდიტის ობიექტი და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებული სხვა პირი ვალდებული არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინონ სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებულ სხვა პირს შეუძლიათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართონ თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ობიექტის და ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებული სხვა პირის თხოვნით აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.“. 12. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მიმდინარე საქმიანობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ ეცნობება აუდიტის ობიექტს. აღნიშნულის შესახებ შეიძლება ეცნობოს აგრეთვე აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.“. 13. 241 და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 241. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საგამოძიებო ორგანოებთან 1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. საგამოძიებო ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა, რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საგამოძიებო ორგანოს მომართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტად ჩართოს აუდიტორი. მუხლი 25. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შედეგების გამოქვეყნება სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 14. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 261. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებისთვის თავის არიდება ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენა − გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 15. 262 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სახდელის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას იმ მოვალეობის შესრულების ნაწილში, რომლის შეუსრულებლობისთვისაც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.“. 16. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არიან ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, უფლებამოსილი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის ობიექტებისა, უფლებამოსილი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აგრეთვე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.“. 17. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 18. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე“. 19. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და დასკვნა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში. დასკვნასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საჯაროდ.“. 20. 311 მუხლი ამოღებულ იქნეს. 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი: „თავი VII1. საერთაშორისო თანამშრომლობა მუხლი 312. საერთაშორისო თანამშრომლობა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები.“. 22. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა: სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, უფლება-მოვალეობები, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები, სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 23. 322 და 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე ნაკლები. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია გაითვალისწინოს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს აუდიტორულ ფირმებში არსებული შრომის ანაზღაურების დონე. მუხლი 33. სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში. 3. გენერალურ აუდიტორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა. 4. გენერალური აუდიტორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“. 24. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსურ აუდიტს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეული აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი). მუხლი 36. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქონება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფუნქციონირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობაში გადაეცემა სახელმწიფო ქონება.“. 25. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან აუდიტის ჩასატარებლად ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, პრეტენდენტს, მიმწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს მოსთხოვონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1828-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები