ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016482
10
26/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
010250020.35.129.016482
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №10

2026 წლის 26 ივნისი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის  თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.129.016239).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 1 აგვისტოდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებებს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების  მუშაობის ორგანიზებას.

მუხლი 2. მერიის სამართლებრივი სტატუსი
1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. მერია შედგება მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.


მუხლი 3. მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები  მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 4. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების ენა
მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 5. მერიის ადგილსამყოფელი
მერიის ადგილსამყოფელია:  ქ. ჭიათურა, ნინოშვილის  ქ. №7.

თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით.


მუხლი 7. მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.

3. მერი:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად  საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;  ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ზ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს მერიის  შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად,  საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს შესაბამისი კერძო სამართლის  იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით, ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ე.თ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.ი) უზრუნველყოფს  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.კ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

5. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას, მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე, ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი  მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე.  თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

6. მერის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე, ხოლო  პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მოადგილე.

7. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

8. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლით.


მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

4. მერის პირველი მოადგილე ზედამხედველობას ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ეკონომიკური განვითარების, მოსაკრებლებისა და გრანტების სამსახურისა და ჭიათურის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურზე.

5. მერის მოადგილე ზედამხედველობას ახორციელებს სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურისა და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობაზე.

6. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე:

ა) პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებენ ფუნქციებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

გ) მერს წარუდგენენ წინადადებებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.


მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე (სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე საერთო სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად.


თავი III
მერიის სტრუქტურა

მუხლი 10. მერიის სტრუქტურული აგებულება
1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები – მერიის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.


მუხლი 11. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერია შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების, მოსაკრებლების და გრანტების სამსახური;
დ) სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური;
ე) მუნიციპალური ინსპექციის სამსახური;
ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური;
თ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური.

2. საჭიროების შემთხვევაში მერიის სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დაიყოს განყოფილებებად.


მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მერიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალური ფასეულობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, დაცვა და ექსპლუატაცია, მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

2. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენების და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა.

3. ეკონომიკური განვითარების, მოსაკრებლების და გრანტების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა, მართვა და განკარგვა, აგრეთვე შესაბამისი ეკონომიკური პროგრამების შემუშავება. მოსაკრებლების ადმინისტრირება და გრანტების მოზიდვა.

4. სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტების მომზადება, ურბანული განვითარების პოლიტიკის განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და შესრულების კოორდინაცია, სამშენებლო საქმიანობის დაგეგმვა და ტექნიკური ზედამხედველობა.

5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი რეგულაციების შესრულების ზედამხედველობა, სამშენებლო, კეთილმოწყობისა და საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებითა და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სოციალური დახმარების მართვა, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებთან კოორდინაცია.

7. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა.

8. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალური ორგანოებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შიდა აუდიტი, მონიტორინგი და კონტროლი, ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება


მუხლი 13. ადმინისტრაციული ერთეულები
ჭიათურის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქ. ჭიათურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ჭიათურა);

ბ) ქვაციხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქვაციხის თემი (სოფლები: ქვაციხე, საკურწე,ბიღა, რცხილათი);

გ) კაცხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კაცხის თემი (სოფლები: კაცხი, ნავარძეთი, სალიეთი, მორძგვეთი, დიდი კაცხი, ეწერი, ჯოყოეთი);

დ) ვაჭევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ვაჭევის თემი (სოფლები: ვაჭევი, ღვითორი, მელუშეეთი, ჯოლხეეთი);

ე) რგანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი რგანი);

ვ) ხრეითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხრეითი);

ზ) სარქველეთუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სარქველეთუბნის თემი  (სოფლები: სარქველეთუბანი, ბუნიკაური, თაბაგრები, ზედა რგანი);

თ) წირქვალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – წირქვალის თემი (სოფლები: წირქვალი, ხალიფაური, მღვიმევი, ქვედა ჭალოვანი);

ი) ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ხვაშითის თემი (სოფლები: ხვაშითი, ზედა ჭალოვანი, კვახაჯელეთი, ვაკევისა, ვანი);

კ) ზოდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ზოდის თემი (სოფლები: ზოდი, დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი);

ლ) პერევისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – პერევისის თემი (სოფლები: პერევისა, შუქრუთი, კალაური, სკინდორი, ჭილოვანი, წინსოფელი);

მ) ითხვისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ითხვისის თემი (სოფლები: ითხვისი, ბჟინევი, ბეგიაური);

ნ) ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ნიგოზეთის თემი (სოფლები: ნიგოზეთი, ქვედა ბერეთისა, ზედა ბერეთისა, უსახელო, გუნდაეთი, მერევი, წასრი, წყალშავი);

ო) მანდაეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – მანდაეთის თემი (სოფლები: მანდაეთი, ტყემლოვანა, მეჩხეთური, ქბილარი, ჩხირაული);

პ) სვერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სვერის თემი (სოფლები: სვერი, თვალუეთი, ცხრუკვეთი);

ჟ) გეზრულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გეზრული).


თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 14. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ვ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 15. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს  მერი.

3. მერის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს და მერსა და სამსახურის უფროსს  წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მერსა და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვას;

დ) ვალდებულია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

ე) ვალდებულია შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა წარუდგინოს მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;

ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით.


მუხლი 16. მერიის საჯარო მოსამსახურეები
1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არაუმეტეს მერის უფლებამოსილების ვადით და მერს ხელს უწყობს უფლებამოსილების განხორციელებაში.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებას დებს მერი.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და მერის  მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.


თავი V
მერიის  მოსასახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება

მუხლი 17. მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება
მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი VI
მერიის სამართლებრივი აქტები და მერიის საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 18. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება.

2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

3. მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 19. მერიის  თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
1. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის მერისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 20. მერიის საქმიანობის ორგანიზება
1. მერიის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოს  სამართლებრივი აქტებით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.


მუხლი 21. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
1. მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. მერის სამართლებრივი აქტების  პროექტები ვიზირებული უნდა იქნეს მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ.

3. მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოში  წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, წარადგენს მერი. პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს  მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც განეკუთვნება ეს პროექტი, აგრეთვე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და მუნიციპალიტეტის მიერ გასაწევ ხარჯებს.


მუხლი 22. სამართლებრივი აქტების გაფორმება
1. მერისა და მერის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება საქმისწარმოების  ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები  უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

3. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.


მუხლი 23. მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. მერია უფლებამოსილია, ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორცილების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – სახელმწიფო სერვისების განთვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორცილებელად. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.


მუხლი 24. რეორგანიზაცია
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.