დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1803-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.103193 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ ამ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) D1 კატეგორიის − უცხოელზე; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება;“; ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ/მყოფ სრულწლოვან პირზე; საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირზე;“; გ) „დ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ვ“ ქვეპუნქტი: „დ.ვ) D6 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირზე; საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირზე მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება გაიცეს აგრეთვე მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე და არასრულწლოვან და-ძმაზე უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე;“. 3. მე-9 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ/მყოფ სრულწლოვან პირს და საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს, თუ აღნიშნული ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე და საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ სასწავლებლად მომავალი/მყოფი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მფლობელი უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ აგრეთვე მის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არასრულწლოვან და-ძმას უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“; დ) 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შეიძლება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს გადაეცეს. 42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;“. 5. მე-15 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა სრულწლოვან პირზე საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით. ამ სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სწავლის წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა ასევე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე;“; დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომით იმიგრანტსა და საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრირებულ უცხოელზე, რომელთაც მიღებული აქვთ შრომითი საქმიანობის უფლება და რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, და მისი ოჯახის წევრებზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომითი იმიგრანტი, აგრეთვე შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს და ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ სახის ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 6. მე-16 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თითოეულ ჯერზე 2 წლით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 5 წლის გასვლის შემდეგ ქორწინების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „დ1“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესები 1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები. 2. კომისია უფლებამოსილია ქორწინებაში მყოფი პირების ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად მათ ჩაუტაროს გასაუბრება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული არიან კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება, წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი, მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში და კომისიას საჭიროებისამებრ მისცენ შესაძლებლობა, გადაამოწმოს შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კომისიაში გამოცხადებაზე, კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან მასთან თანამშრომლობაზე უარის სხვაგვარად განცხადება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. 4. თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია, იგი შესაბამის საქმის მასალებს უგზავნის საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ამ მასალების ასლებს − საქართველოს პროკურატურას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებისას საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად გასაუბრების ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 8. მე-17 მუხლის: ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სააგენტოს/კომისიას უფლება აქვს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლის არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;“; ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;“; ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მან არ შეასრულა ამ კანონის 161 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, მათ შორის, უარი განაცხადა საცხოვრებელ ადგილზე კომისიის წარმომადგენლის დაშვებაზე, არ გამოცხადდა კომისიაში ან სხვაგვარად არ ითანამშრომლა მასთან;“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 10. 201 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარმდგენი ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომრის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების შესახებ. თუ უცხოელი არასრულწლოვანია, აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულება მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.“. 11. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) თუ მას საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეუჩერდა პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი და ამ სტატუსის შეჩერებიდან 90 დღე გავიდა ან მან შეწყვიტა/დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუკი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს წერილობით ან შესაბამისი პროგრამის მეშვეობით აცნობებს;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) თუ იგი საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ დააგროვებს ამ პერიოდის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს, რის შესახებაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება სააგენტოს წერილობით ან შესაბამისი პროგრამის მეშვეობით აცნობებს; გ2) თუ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეუძლებელს ხდის ამ კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლას ან/და ეს საქმიანობა არ შეესაბამება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობებს/მიზანს;“; ა.გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) თუ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მომართვის თანახმად, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების პირობები; ო) თუ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მომართვის თანახმად, მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა.“; ბ) 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი: „15. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ ან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211–213 მუხლები: „მუხლი 211. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები 1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 661 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს შემდეგ გარემოებებს: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან); გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სხვაგვარად უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) პირი სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 1152, 116-ე, 150-ე−1503, 166-ე, 1661, 173-ე, 17316, 1741 და 180-ე−1826 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის; ე) პირი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს. მუხლი 212. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) და საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება – სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, აგრეთვე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 213. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა 1. სახელმწიფო მომსახურების ან/და კერძო მომსახურების (გარდა სამედიცინო მომსახურებისა) მისაღებად უცხოელს შეიძლება მოეთხოვოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის წარდგენა. ამ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი მომსახურების გამწევი პირი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მომსახურების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე. 3. იმ სახელმწიფო ან/და კერძო მომსახურებების (გარდა სამედიცინო მომსახურებისა) ჩამონათვალს, რომელთა მისაღებადაც სავალდებულოა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სათანადო ცნობის წარდგენა, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 13. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია;“. 14. 48-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. ამ კანონის 161 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდება 6 თვით, ამ ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს უცხოელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 15. 51-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. თუ უცხოელი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება, ამასთანავე, მან დაარღვია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, იგი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, ამ კანონით დადგენილი წესით.“. 16. 511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 511. უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება 1. უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის: ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; ბ) მას წარუდგინოს თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ეხება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას; გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად; დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად; ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს მას თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ცვლილების შესახებ; ზ) შეასრულოს ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; თ) დატოვოს საქართველო უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები; კ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ან უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში საქმის სასამართლო წარმოების ეტაპზე.“. 17. 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს – სასამართლო. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყების საფუძველია მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.“. 18. 532 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ან პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია საქართველოდან ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით გაძევების საკითხის შესწავლა, ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღების, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების დროს გაითვალისწინება მისი უფლებები და საუკეთესო ინტერესები.“. 19. 54-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მას ჩააბაროს თავისი სამგზავრო დოკუმენტი. უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა.“; ბ) მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განიხილება იმ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება;“; გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება.“; დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს.“. 20. 541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 541. უცხოელის მიმალვის საფრთხე უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ: ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინა; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან დამალა; დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ; ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ასკვნის; თ) იგი საქართველოში მაშინ შემოვიდა, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა; ი) მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება; კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ლ) იგი არ ცხადდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას; მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს; ნ) მას არ აქვს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ აწვდის ან არასწორად უთითებს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას; ო) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; პ) მან არ შეასრულა ამ კანონის 471 მუხლით განსაზღვრული საქართველოდან გასვლის ვალდებულება.“. 21. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 56. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის IX ან X თავის ან 643 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელისთვის მისი ამავე კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 2. უცხოელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ არის ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველი. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, აგრეთვე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას ან/და ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.“. 22. 561 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. უცხოელის მიერ ამ კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.“. 23. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება.“. 24. 572 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) მის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას ადმინისტრაციული სახდელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევების განსაზღვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა, ან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუკი სასამართლომ მას პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.“. 25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 573 მუხლი: „მუხლი 573. იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა 1. თუ იმ უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს სასჯელის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს აცნობებს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. თუ უცხოელს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.“. 26. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებისა ან ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ განსაზღვრული უცხოელის საქართველოდან გაძევებისა;“. 27. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს. ეს წესი არ ვრცელდება ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაზე.“. 28. 631 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 631. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა 1. უცხოელთა აღრიცხვისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით შეიძლება შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს სააგენტო. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების, ამ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) დამუშავებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გაზიარების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია საჯარო ინფორმაცია არ არის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ინახება აგრეთვე იმ უცხოელის პერსონალური მონაცემები და მის შესახებ ინფორმაცია, რომლის ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საქართველოდან გაძევების საკითხიც განიხილება ან რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 29. 632 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა, სასამართლო უწყება, აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განჩინების გამოტანისას ან ბრძანების გამოცემისას გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი უცხოელს ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით ჰბარდება.“. 30. 64-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა;“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) თუ მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა;“; ა.გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად, რომლითაც მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა, ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს.“. 31. 641 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელი გადაყვანილი იქნება დროებითი განთავსების ცენტრში.“. 32. 661 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 661. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 3. თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს არ წარედგინება, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში თავშესაფრის მაძიებლის სასამართლოსთვის წარდგენამდე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაჩქარებული წესით მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი დაკავების შემდეგ ამ კანონის 642 მუხლით დადგენილი წესით თავსდება დროებითი განთავსების ცენტრში. 6. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.“. 33. 70-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისთვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ხოლო სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისთვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის − სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 11 და 12 პუნქტებითა და მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, აგრეთვე D3, D5 და D6 კატეგორიების საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტი ახორციელებს;“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გასაცემად უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესის, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად გასაუბრების ჩატარების წესის განსაზღვრა; ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესის დადგენა; გ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 3. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, რომელსაც 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, ვალდებულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე აღიდგინოს აღნიშნული სტატუსი. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი აღდგენილი არ იქნება, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუწყდება საქართველოში ყოფნის ვადა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა პირველი მუხლის 25-ე პუნქტისა და 30-ე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე პუნქტი და 30-ე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
|
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1803-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები