ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016555
10
24/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
010250050.35.113.016555
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 24 ივნისი

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს  „ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის“ ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 აპრილის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.113.016348).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 1 ივლისიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები, მიზნები და ამოცანები 
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, პირობებსა და განხორციელების წესს. წესი ასევე ადგენს ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის, მათი ბუნებრივი უფლებების აღიარებისა და დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს მეპატრონეთა, მიმკედლებელთა  და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, პასუხისმგებლობის საფუძვლებს.

2. წესის მიზანია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაური ბინადარი ცხოველების მართვის სფეროში ერთიანი, ეფექტიანი და თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ ჰუმანურ პრინციპებსა და სტანდარტებს.
აღნიშნული მიზნის ფარგლებში წესი უზრუნველყოფს ურბანულ გარემოში ადამიანის და შინაური ბინადარი ცხოველის უსაფრთხო, ჰარმონიული და თანაარსებობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას.
ამასთან, წესი ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროში არსებული და შესაძლო საფრთხეებისა და რისკების დროულ იდენტიფიცირებას, პრევენციასა და ეფექტიან მართვას, აგრეთვე პასუხისმგებლობის ფორმას  როგორც მეპატრონეთა, ისე საზოგადოების სხვა წევრთა მხრიდან.

3. ამ წესის ამოცანებია:

ა) ადამიანის და შინაური ბინადარი ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის სხვა ცხოველებისგან მომდინარე საფრთხეების პრევენცია, აგრეთვე ცხოველთა მიმართ არასათანადო, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის თავიდან აცილება;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მათ შორის, მათი მოვლა-პატრონობის  წესების განსაზღვრა და ჰუმანური სტანდარტების დანერგვა;

გ) შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის სისტემის შექმნა და ფუნქციონირება მათი მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად;

დ) შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვა და კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული ჰუმანური მეთოდების გამოყენებით;

ე) ზოოანთროპონოზური (მათ შორის, რაბიოლოგიური და პარაზიტოლოგიური) რისკების პრევენცია და ურბანულ გარემოში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ვ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა, აგრეთვე მეპატრონეთა, მიმკედლებელთა და სხვა ჩართული სუბიექტების უფლებებისა და ვალდებულებების, მათ შორის პასუხისმგებლობის, სამართლებრივი რეგლამენტაცია.

4. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.


მუხლი 2. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის  უფლებამოსილი ორგანო
შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა  ა(ა)იპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი.

მუხლი 3. ცხოველთა კლასიფიკაცია და სტატუსი
1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უმეთვალყურეო;

დ) უპატრონო.

2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.

3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი.

5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს ან არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი.


მუხლი 4. მეპატრონის ვალდებულებები
1. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით, მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად;

ბ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, წელიწადში ერთხელ ან ვეტერინარის მიერ განსაზღვრული გრაფიკით, საჭიროების მიხედვით;

დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ზ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

თ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;

ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს დაუყოვნებლივი ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

კ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ლ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

მ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მეპატრონეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ვეტერინარულ პასპორტში შეტანის თაობაზე მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას.

3. ცხოველის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს და რომელსაც არ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობა.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და, გარდა ამისა იგი ვალდებულია წარადგინოს ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ  ცნობა.

5. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

6. თუ ცხოველის ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, ხოლო აღნიშნული პროცედურის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7. მეპატრონის ან საშენის მიერ დასაშვებია სანაშენე ცხოველის მოშენება არაკომერციული მიზნით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

8. მეპატრონე ვალდებულია აცნობოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას:

ა) საკუთარი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის ან რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ;

ბ) მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად ნაყარის დაბადებისა და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა ფორმით გადაცემა) თითოეული ფაქტის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და ამ წესით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად.

9. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

10. აკრძალულია:

ა) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა;

ბ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება, იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან;

გ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა;

დ) ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელის და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე;

ე) ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში,  ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი;

ვ) ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით;

ზ) ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები; აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია    უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას − გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით  გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად;

თ) ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა, ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა.

11. მეპატრონე ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას უზრუნველყოს „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების დაცვა.


მუხლი 5. ცხოველის მიკედლება და მიმკედლებლის ვალდებულებები
1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ კანონმდებლობითა და ამ წესით  დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

გ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ვ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა;

ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

თ) მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება, გონივრული პერიოდულობით, მიმკედლებლისთვის წინასწარი შეტყობინებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

9. თუ შემოწმების შედეგად ან უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, რომ მიმკედლებელი არ უზრუნველყოფს ცხოველის კეთილდღეობას ან არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მიკედლების შეწყვეტის შესახებ და უზრუნველყოფს ცხოველის შემდგომ მართვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 6. ცხოველის ვეტერინარული მომსახურება
1. მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და მოსახლეობის ზოონოზური დაავადებისაგან დაცვის მიზნით, გარდა დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირებისა, დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას უზრუნველყოფს ვეტერინარი ან ვეტერინარი ტექნიკოსი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ვეტერინარული მომსახურება ხორციელდება ცხოველისთვის უმტკივნეულო საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4. აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:

ა) ყურების კუპირება;

ბ) კუდის კუპირება;

გ) ეშვების ექსტრაქცია;

დ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;

ე) სმენის დაქვეითება;

ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

5. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7. მიკედლებული/უპატრონო ცხოველის მიღების შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამავე  მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, მომსახურება გაუწიოს არარეგისტრირებულ ცხოველს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. ამ მომსახურების გაწევის შემდეგ იგი ვალდებულია ჩაატაროს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.

9. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, კომპლექსური ვაქცინაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარულ პასპორტში.

10. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული ცხოველის ევთანაზიის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

11. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცოფის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, სააგენტოსთან ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს.

13. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, გასცეს ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა.

14. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 7. პატრონიანი ცხოველის მოშენება და პოპულაციის მართვა
1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის წესისა და ვადების შესაბამისად, ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. საშენი სანაშენე ცხოველის მოშენებას ახორციელებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე.

6. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

7. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

8. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვების გარდა, ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე მორატორიუმი შესაძლოა გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის მიერ.

10. ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საგამოფენო ცხოველზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სახეობრივ/ინდივიდუალურ და ჯიშობრივ მახასიათებლებს და განკუთვნილია ცხოველების გამოფენაში მონაწილეობისთვის.

11. ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მეპატრონე ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის საგამოფენო ცხოველად აღნიშვნის მიზნით.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან 2 წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში ცხოველის მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველისთვის საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნის შემდეგ იგი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

14. ამ მუხლის პირველი−მე-13 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.

15. სასამსახურო ძაღლის განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


მუხლი 8. ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს ფუქნცია-მოვალეობები
1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:

ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) საშენის რეგისტრაციას;

დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 9. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია
1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო.

2. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია:

ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა და რეგისტრაცია;

ბ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

გ) უმეთვალყურეო ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენა.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;

ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;

გ) ვაქცინაციის შესახებ;

დ) მეპატრონის/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონის/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებულ მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ახორციელებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

5. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებულ მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ამოწმებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას.

6. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

7. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში.

8. მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.


მუხლი 10. ცხოველის ევთანაზია
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან/და სიცოცხლისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ)შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგ-ანატომიური გამოკვლევა.

8. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:

ა) დახრჩობით;

ბ) გაგუდვით;

გ) მოწამვლით;

დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;

ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;

თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით, მათ შორის, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვა-წამებას, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას.


მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
ის საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ წესში, წესრიგდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.


დანართი №2

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

N 0000001

ცხოველი:

  1. სახეობა ..................................................................
  2. ჯიში .......................................................................
  3. სქესი ......................................................................
  4. ასაკი .......................................................................
  5. გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................
  6. იდენტიფიკატორი ......................................................................................................

(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) N)

 

  1. მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

 

ცხოველის პატრონი:

  1. სახელი, გვარი .........................................................................
  2. პირადი № .................................................................................
  3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................
  4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

 

................................................................................................................................................

 

რეგისტრატორი:

 

  1. სახელი, გვარი .........................................................................
  2. დასახელება, ID N ............................................................
  3. მისამართი (ფაქტიური და იურიდიული) ....................................................................
  4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

 

 

 

............................................................ /სახელი, გვარი/

                       (ხელმოწერა)                     

 

 

 

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

 

 

 

ბეჭდის

ადგილი

 

 

 

 

ცხოველის პატრონი:

 

............................................................ /სახელი, გვარი/

                       (ხელმოწერა)

 

 

 

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

 

 

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის N 0000001 მეორე მხარე ან დანართი)