საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017695
1213
19/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
040030000.22.027.017695
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1213

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბერის №462 ბრძანება.
3. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 
4. ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფლებამონაცვლე, მისი სახელწოდების ცვლილების ან დაქვემდებარების მიუხედავად, არის ამავე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ფუნქციების განმახორციელებელი ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული.
5. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.
6. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებათა კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი).
7. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი – მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
8. ამ ბრძანების პირველი – მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – Public Service Development Agency.

3. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1.

თავი II

სააგენტოს მიზნები, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებია:

ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;

ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭრა;

გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;

დ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 3. სააგენტოს ძირითადი ამოცანები

სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარებასა და ინოვაციურ სერვისებთან დაკავშირებით იდეების გენერირება;

ბ) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვა-დოკუმენტირების ეფექტური სისტემის შექმნა და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების ეფექტური სისტემის შექმნა;

ე) კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების საფუძველზე ფორმირების ხელშეწყობა.

მუხლი 4. სააგენტოს ფუნქციები

1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

დ) სამართლებრივი აქტის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;

ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ვ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა;

თ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა;

ი) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;

კ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;

ლ) საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, მათი საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

მ) მარტოხელა/მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა და მარტოხელა/მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების წარმოება (რეესტრის ფორმირება და მასში ცვლილებების ასახვა);

ნ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;

ო) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;

პ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;

ჟ) პირადობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობებისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა;

რ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა;

ს) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა;

ტ) სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

უ) სააგენტოს შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება);

ფ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა;

ქ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ღ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება;

ყ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;

შ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;

ჩ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; უფლებამოსილების ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ც) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემა;

ძ) მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

წ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ჭ) კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების საფუძველზე ფორმირების ხელშეწყობა;

ხ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

ჰ​) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდება ან აღნიშნული დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა;

1) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების შექმნა; კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;

2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

3) უფლებამოსილების ფარგლებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

4​​) სააგენტოს შექმნამდე სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, აგრეთვე სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;

5) სააგენტოს მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თავი III

სააგენტოს ხელმძღვანელობა

მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს მართავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

3. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ე) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს თანამშრომლებთან დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

თ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე წარდგენილი დასკვნის შესაბამისად ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;

ი) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს);

კ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს;

ლ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების, სააგენტოს თავმდჯომარისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და ტერიტორიული სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;

მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;

ო) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით შესაბამის ხელშეკრულებას დებს და წყვეტს სტაჟიორებთან;

პ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ჟ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

რ) სააგენტოს უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დადგენილების ფორმებს, განსაზღვრავს მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;

ს) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით;

ტ) შუამდგომლობს სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებას მათი განკარგვის შესახებ;

უ) უფლებამოსილია, მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი თანამდებობის პირის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოს ის თანამშრომლები ან საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურება, რომლებსაც უფლებამოსილების განხორციელების ადგილას არ აქვთ საცხოვრებელი ბინა; 

ფ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოს შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურების, აგრეთვე შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე;

ქ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისკენ;

ღ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 6. სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები

1. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 7. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს – დეპარტამენტსა და სამსახურს − ხელმძღვანელობს უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს დეპარტამენტში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს − ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელთანაც/რომლებთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების  უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, აგრეთვე, ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებით.

4. დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ასრულებს დეპარტამენტის კურატორი თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ან ასეთის არარსებობისას – დეპარტამენტის/სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობისას – შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და მისი მოადგილის არყოფნისას ან მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას შესაბამისი პირის უფლებამოსილების განხორციელება დააკისროს სააგენტოს ნებისმიერ თანამშრომელს.

7. დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოდგილე/მოადგილეები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.

თავი IV

სააგენტოს სტრუქტურ

მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

1. სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა.ა) დისტანციური მომსახურების სამმართველო;

ა.ბ) დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველო;

ა.გ) სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველო;

ა.დ) სამოქალაქო რეესტრის მონაცემების სრულყოფის სამმართველო;

ბ) მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ბ.ა) მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო;

ბ.ბ) მიგრაციის საკითხთა სამმართველო;

გ) აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

გ.ა) დოკუმენტების დამოწმების სამმართველო;

გ.ბ) დოკუმენტების თარგმნისა და საგანმანათლებლო სერვისების მხარდაჭერის სამმართველო;

დ) არქივების დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

დ.ა) საინფორმაციო-სამისამართო სამმართველო;

დ.ბ) სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველო;

დ.გ) სამოქალაქო აქტების რეგიონული არქივის სამმართველო;

ე) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ე.ა) დავებისა და საჩივრების სამმართველო;

ე.ბ) სამართალშემოქმედების სამმართველო;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ვ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ვ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

ვ.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ზ.ა) შესყიდვების სამმართველო;

ზ.ბ) ლოჯისტიკის სამმართველო;

ზ.გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;

ზ.დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

თ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამმართველო;

თ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფისა და საიდენტიფიკაციო სერვისების სამმართველო;

თ.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ინფრასტრუტურისა განვითარების სამმართველო;

ი) მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ი.ა) გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის სამმართველო;

ი.ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველო;

ი.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველო;

ი.დ) მონაცემთა ხარისხის მართვის სამმართველო;

კ) სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:

კ.ა) სერვისების განვითარებისა და ინოვაციების სამმართველო;

კ.ბ) ანალიტიკისა და სტატისტიკის სამმართველო.

ლ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო (სამსახური);

მ) შიდა კონტროლის სამსახური;

ნ) შიდა აუდიტის სამსახური.

2. სააგენტოში საქმიანობას ახორციელებენ სააგენტოს თავმჯდომარისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული თანამშრომლები:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;

ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი.

მუხლი 9. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია (პირველადი სტრუქტურული ერთეულებია):

ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ბ) აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

გ) გურიის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ე) რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ვ) იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ზ) შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

თ) მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ი) სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

კ) ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ლ) კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

მ) აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ნ) ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ფუნქციები, საქმიანობის წესი და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულებით.

თავი V

სტრუქტურული ერთეულების ზოგადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

მუხლი 10. სტრუქტურული ერთეულების ზოგადი ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა

1. სტრუქტურული ერთეულების ზოგადი ფუნქციებია:

ა) სტრუქტურული ერთეულის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდული გადახედვა, ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და დადგენილი წესით ინიციირება;

ბ) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

გ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მიდგომებისა და მეთოდების გაუმჯობესების მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება;

დ) ხელმძღვანელობის პერიოდული ინფორმირება სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაში არსებული პრობლემების, საფრთხეების ან/და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ;

ე) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) სტრუქტურული ერთეულის სახელით მესამე პირებთან ურთიერთობა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;

თ) ხელმძღვანელის დავალებების შესარულება.

2. სტრუქტურული ერთეულების ზოგადი უფლებებამოსილებებია:

ა) საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ იდეებისა და მოსაზრებების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო მხარდაჭერის მოთხოვნა სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულისაგან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებას/მოთხოვნას;

გ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა სტრუქტურული ერთეულებისგან და ტერიტორიული სამსახურებისგან;

ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადებების ან/და პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

3. სტრუქტურული ერთეულების ზოგადი მოვალეობებია:

ა) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურებისათვის კონსულტაციის გაწევა;

ბ) ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

გ) ყოველდღიურ საქმიანობაში სააგენტოს რეპუტაციისა და აქტივების დაცვაზე მაქსიმალური ზრუნვა;

დ) საქმიანობაში არსებული იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის რისკების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

ე) სტრუქტურული ერთეულისათვის იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება, რომელიც საჭიროა მათი ფუნქციების შესასრულებლად და არ ეწინააღმდეგება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებულ დავალებას/მოთხოვნას;

ვ) სააგენტოში მოქმედი სხვა წესების დაცვა.

4. ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელი პასუხისმგებელია:

ა) მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან და დროულ შესრულებაზე;

ბ) მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირისათვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდებაზე.

თავი VI

სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი

მუხლი 11. სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს პროდუქტების მაღალი ხარისხით მიწოდება;

ბ) საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი, დროული, ეფექტური და შეუფერხებელი მიწოდება;

გ) სამოქალაქო რეესტრის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა;

დ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემებით ფორმირების ხელშეწყობა;

ე) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით არსებობის ხელშეწყობა.

2. სამოქალაქო რეეტრის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მომხმარებლისთვის სააგენტოს დისტანციური მომსახურებების მაღალი ხარისხით მიწოდება;

ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პერსონალიზაციის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;

გ) სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის მომსახურების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის, აგრეთვე მარტოხელა/მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით სააგენტოს პროდუქტების მაღალი ხარისხით მიწოდება;

დ) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის დახვეწა, სრულყოფილი სამისამართო რეესტრის წარმოება, ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების საფუძველზე ფორმირებაში ჩართულობა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ზუსტი მონაცემებით ფორმირების ხელშეწყობა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 12. დისტანციური მომსახურების სამმართველო

1. დისტანციური მომსახურების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სააგენტოს დისტანციური სერვისების მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დისტანციური მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განაცხადების მიღება;

ბ) მიღებული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების დამუშავება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის და ტერიტორიული სამსახურებისთვის მიწოდება;

გ) წარმოდგენილი განაცხადებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხარვეზის დადგენა;

დ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის ან წარმომადგენლობის უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურება;

ე) სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის თაობაზე შეტყობინების მიღება და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება;

ვ) სააგენტოს საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლებისათვის სატელეფონო კონსულტაციების გაწევა;

ზ) დასახული ამოცანების გადასაჭრელად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულების ინფორმირება;

თ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 13. დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველო

1. დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.

2. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია, აგრეთვე მათი დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

გ) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

დ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია (სამმართველოს მიერ, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);

ე) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის პერსონალიზაცია;

ვ) სააგენტოს შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება);

ზ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პერსონალიზაცია;

თ) ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პერსონალიზაცია;

ი) სამმართველოზე რიცხული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების აღრიცხვისა და ხარჯვის მონიტორინგი;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 14. სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველო

1. სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით არსებობის ხელშეწყობა;

ბ) სამოქალაქო რეესტრის პროდუქტების მაღალი ხარისხით არსებობის ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

დ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების მიზნებისათვის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მხარდაჭერა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემებით ფორმირების ხელშეწყობა.

2. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში სამოქალაქო რეესტრის ხარისხის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვის/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

ბ) შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებულ ან/და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების/სტრუქტურული ერთეულებისა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოებაში ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

დ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ცვლილების საჭიროების თაობზე წინადადებების წარდგენა;

ვ) საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო წინადადებებზე მოსაზრებების წარდგენა;

ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მეორე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანის მიმართ პასპორტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

თ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სამოქალაქო აქტების მართვის სისტემებში განსახორციელებელი ცვლილებების ინიციირება;

ი) საქართველოში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიცირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეკითხვების განხილვა და პასუხის შესრულების უზრუნველყოფა;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 15. სამოქალაქო რეესტრის მონაცემების სრულყოფის სამმართველო

1. სამოქალაქო რეესტრის მონაცემების სრულყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემებით ფორმირების ხელშეწყობა;

ბ) იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელ ან დოკუმენტის არქმონე მოქალაქეთა რაოდენობის შემცირების ხელშეწყობა;

გ) საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა გარდაცვალების შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის ხელშეწყობა;

დ) სამისამართო რეესტრის მონაცემების და რეგისტრირებულ პირთა მისამართების დაზუსტება და სრულყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა.

2. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში სამოქალაქო რეესტრის მონაცემების სრულყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფისა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის დახვეწის მიზნით წამოჭრილ საკითხებზე რეაგირება;

ბ) იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელ ან დოკუმენტის არმქონე მოქალაქეთა იდენტიფიცირება, მათთან დაკავშირება და დოკუმენტის განახლების გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

გ) საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა გარდაცვალების შესახებ მონაცემების შეგროვება/დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საველე სამუშაოების შედეგად გარდაცვალების ოქმების შედგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრული მონაცემების იდენტიფიცირება, დაზუსტება და სრულყოფა;

 ე) დამისამართების სისტემის მოწესრიგების საფუძველზე დამისამართების მართვის სისტემაში მისამართების ცვლილება, დამატება ან/და კორექტირება; დაკორექტირებული სამისამართო ერთეულების ინსპექტირება;

ვ) დამისამართების სისტემის მოწესრიგებისას საველე და საოფისე სამუშაოების შედეგად მისამართზე რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მისამართების დაზუსტება;

ზ) პრობლემური მისამართების თაობაზე დოკუმენტების მომზადება, დამუშავება და ბაზაში ასახვა;

თ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი VII

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტი

მუხლი 16. მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმოება;

ბ) მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდება;

გ) დეპარტამენტის მომსახურების შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) დეპარტამენტის მომსახურების განვითარების ინიციირება და განხორციელება.

2. მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს პროდუქტების/სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;

ბ) მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმოება;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 17. მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო

1. მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამმართველოს სერვისების შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სამმართველოს სერვისების განვითარების ინიციირება და განხორციელება;

გ) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით არსებობის ხელშეწყობა.

2. ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქეობის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნის/დასკვნების პროექტების მომზადება;

ბ) პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემა;

დ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების უზრუნველყოფა;

ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ზ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

თ) საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;

ი) სამმართველოს საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო წინადადებებზე მოსაზრებების წარდგენა;

კ) შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებულ ან/და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

ლ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

მ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ნ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 18. მიგრაციის საკითხთა სამმართველო

1. მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამმართველოს სერვისების შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) სამმართველოს სერვისების განვითარების ინიციირება და განხორციელება;

გ) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით არსებობის ხელშეწყობა.

2. ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, გარდა ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) სამმართველოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;

დ) საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო წინადადებებზე მოსაზრებების წარდგენა;

ე) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

ვ) შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებულ ან/და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

ზ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

თ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი VIII

აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტი

მუხლი 19. აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) დოკუმეტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია;

ბ) აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტების თარგმნა;

გ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა;

დ) დეპარტამენტის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმოება, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად პროდუქტის მიწოდება;

ე) სერვისების შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის სერვისების განვითარების ინიციირება და განხორციელება;

ზ) სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა.

2. აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მომხმარებლისთვის დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული სააგენტოს პროდუქტების/მომსახურებების მაღალი ხარისხით მიწოდება;

ბ) აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტების ქართული ენიდან უცხო ენაზე თარგმნა, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული სააგენტოს პროდუქტების/მომსახურებების მაღალი ხარისხით მიწოდება;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 20. დოკუმენტების დამოწმების სამმართველო

1. დოკუმენტების დამოწმების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით არსებობის ხელშეწყობა;

ბ) სამმართველოს პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდების ხელშეწყობა;

გ) სამმართველოს პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

დ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა.

2. ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დოკუმენტების დამოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილი, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების დასაშვებობის შემოწმება, აგრეთვე, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობისა და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობის შემოწმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან აღნიშნული დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადება და გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

დ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

ე) შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებულ ან/და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

ვ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

ზ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

თ) აპოსტილით/ლეგალიზაციის წესით დამოწმებული დოკუმენტების გადამოწმების მიზნით ელექტრონული რეესტრის წარმოება;

ი) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 21. დოკუმენტების თარგმნისა და საგანმანათლებლო სერვისების მხარდაჭერის სამმართველო

1. დოკუმენტების თარგმნისა და საგანმანათლებლო სერვისების მხარდაჭერის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მომსახურების მიწოდების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

გ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა.

2. ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დოკუმენტების თარგმნისა და საგანმანათლებლო სერვისების მხარდაჭერის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაცემის უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

გ) შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებულ ან/და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

დ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

ე) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

ვ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნა;

ზ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე, ქართულენოვანი დოკუმენტების უცხო ენაზე ან/და უცხოენოვანი დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა;

თ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი IX

არქივების დეპარტამენტი

მუხლი 22. არქივების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. არქივების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამოქალაქო აქტების, საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის დოკუმენტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა, კონტროლი, დაცვა, შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნვეყოფა.

ბ) საარქივო ფონდში არსებული დოკუმენტების შენახვა, დაცვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

გ) საარქივო ფონდში არსებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2. არქივების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საარქივო ფონდში არსებული დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და შეტყობინებებზე რეაგირება;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების აღრიცხვა, შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ეგზემპლარების აღრიცხვა, შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება.

დ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 23. საინფორმაციო-სამისამართო სამმართველო

1. საინფორმაციო-სამისამართო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამმართველოში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ბ) სამმართველოში დაცულ ჩანაწერებში შესწორების/ცვლილების/დამატების შეტანა.

2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო-სამისამართო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მიღებული შეტყობინებების (რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათების/განცხადება-ანკეტების და ა.შ.) დამუშავება და შენახვა ერთიან საინფორმაციო კარტოთეკაში;

ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საინფორმაციო ბარათების გაცემა;

გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმაციული უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სამისამართო ცნობების მიწოდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება;

ვ) ვადაგასული დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფა და შესაბამისი აქტების მომზადება;

ზ) დროებით, ხანგრძლივად და მუდმივად შესანახ საქმეთა და დოკუმენტთა სისტემატიზაცია და შესაბამისი ანაწერების მომზადება, მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიისთვის წარდგენა;

თ) უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების/გადაწყვეტილების საფუძველზე, მასთან დაცულ ჩანაწერებში შესწორების/ცვლილების/დამატების შეტანა;

ი) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება;

კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 24. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველო

1. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნის, აღრიცხვისა და შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სამმართველოში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

გ) სამმართველოში დაცულ ჩანაწერებში შესწორების/ცვლილების/დამატების შეტანა.

2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის შეტყობინების საფუძველზე არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესრულებიდან 75 წლის გასვლის შემდეგ მუდმივად შესანახად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაცემა;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცემა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) სააგენტოში დაცული გაციფრულებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სიზუსტის უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 25. სამოქალაქო აქტების რეგიონული არქივის სამმართველო

1. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნის, აღრიცხვასა და შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სამმართველოში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

გ) სამმართველოში დაცულ ჩანაწერებში შესწორების/ცვლილების/დამატების შეტანა.

2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის შეტყობინების საფუძველზე, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ვ) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი X

ურიდიული დეპარტამენტი

მუხლი 26. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სააგენტოს სახელით მომზადებული სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, სააგენტოს განვითარების სამართლებრივი ხელშეწყობა;

დ) სააგენტოს წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემებზე რეაგირება;

ე) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით სააგენტოს მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სამართლებრივი რისკებით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია;

ბ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა.

გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 27. დავებისა და საჩივრების სამმართველო

1. დავებისა და საჩივრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

2. ამ დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დავებისა და საჩივრების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სასამართლო დავებზე სააგენტოს წარმომადგენლობა;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით თავმჯდომარის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

გ) იმ წერილობით მოთხოვნაზე რეაგირება, რომლის განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას;

დ) წერილობით მომართვის საფუძველზე, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;

ე) მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი;

ვ) სააგენტოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 28. სამართალშემოქმედების სამმართველო

1. სამართალშემოქმედების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

2. ამ დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამართალშემოქმედების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება და ამ მიმართულებით სააგენტოსა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) სააგენტოში წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი შეფასება;

გ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვების, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის მიწოდების და შრომითი ხელშეკრულებებისა) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;

დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათ შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

ე) წერილობით მომართვის საფუძველზე, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;

ვ) სააგენტოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან თანამშრომლობით სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა და სამართლებრივი მხარდაჭერა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XI

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

მუხლი 29. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სააგენტოს ცნობადობის გაზრდა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა;

გ) ადამიანური კაპიტალის მართვის ეფექტური სისტემის შექმნა და განვითარება;

დ) სააგენტოს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული ადამიანური რესურსებით მხარდაჭერა;

ე) სააგენტოს მაღალი ხარისხის საკორესპონდენციო მომსახურების მხარდაჭერა;

ვ) დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა;

ზ) სააგენტოს ბრენდის სტანდარტებისა და ერთიანი მიდგომების დანერგვა;

თ) სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ი) დეპარტამენტის მიზნიდან გამომდინარე, სააგენტოს საქმიანობაში წამოჭრილი მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილება.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობისთვის ადამიანური რესურსების საჭიროების პროგნოზირება და დაგეგმვა; თანამშრომლების კვალიფიკაციისა და მოტივაციის მაღალი დონის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოში საქმისწარმოების გამართული, სწრაფი და ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს ცნობადობის გაზრდა;

დ) სააგენტოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და მისი პოზიტიური იმიჯის გამყარება;

ე) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს, როგორც თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული სტრუქტურის, წარმოჩენა;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 30. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კვალიფიციური სამუშაო ძალის მოზიდვა, შერჩევა და ადაპტაცია;

ბ) სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, თანამშრომლების პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციისა და მოტივაციის მაღალი დონის უზრუნველყოფა;

გ) სამუშაოს მართვის პროცედურების შემუშავება/დახვეწა.

2. ამ დებულების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება, მათ შორის, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ბრძანებების, აგრეთვე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;

დ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობა და შენაგანაწესში შესატანი ცვლილებების პროცესის მართვა;

ე) თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;

ვ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმების შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ზ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;

თ) თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

კ) თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;

ლ) კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა.

მუხლი 31. საქმისწარმოების სამმართველო

1. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სააგენტოში დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა.

2. ამ დებულების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოში შემოსული და სააგენტოში შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება;

ბ) სააგენტოს შექმნამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სამინისტროს ან სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება/გაცემა;

გ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და საცავში არქივირება;

დ) სააგენტოში საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;

ე) სააგენტოში მომზადებული დოკუმენტების ასლის გაცემა/ასლის დედანთან სისწორის დადასტურება/ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლის დამოწმება;

ვ) სააგენტოს საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 32. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

1. სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ბრენდის მახასიათებლების განვითარება;

ბ) სააგენტოს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ბრენდის სწორი არხებითა და საჭირო ინტენსივობით კომუნიკაცია;

გ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მაღალი ცნობადობის მიღწევა;

დ) სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა.

2. ამ დებულების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა, აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება და სააგენტოს ოფიციალური ციფრული გვერდების მართვა;

გ) სააგენტოს ბრენდბუქის მართვა;

დ) უწყების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) სააგენტოს რეპუტაციისთვის საზიანო რისკების გამოვლენა, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება;

ვ) სააგენტოს პოზიტიური იმიჯის ფორმირება;

ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატურად მომუშავე საჯარო დაწესებულებებთან, ადგილობრივ საზოგადოებრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე, კერძო სექტორთან საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება/კომპეტენციის ფარგლებში მათთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინირება;

თ) სააგენტოში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირება;

ი) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ფოტო- და ვიდეოგადაღება, საიმიჯო-საინფორმაციო მასალების მომზადება, მათი გავრცელება და დაარქივება;

კ) საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება;

ლ) სააგენტოს ხელმძღვანელი პირების მნიშვნელოვანი საპროტოკოლო შეხვედრების ორგანიზება;

მ) სააგენტოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ვიზიტების ორგანიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

ნ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე პრესკონფერენციის, ბრიფინგისა და მედიასემინარის ორგანიზება;

ო) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XII

ეკონომიკური დეპარტამენტი

მუხლი 33. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობით მხარდაჭერა, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდი­ნა­ცია და მართვა, სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანო­ბის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კოორდინაცია, არსებული ინფრასტრუქტურის შენახვა-შენარჩუნების უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ე) სააგენტოს საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

2. ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ბ) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში არსებობა;

გ) სააგენტოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა;

დ) სააგენტოს ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა და მდგრადობის უზრუნველყოფა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 34. შესყიდვების სამმართველო

1. შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოსთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურ ფასებში განხორციელება.

2. ამ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესყიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შექმნა და მისი დანერგვის ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) სატენდერო წინადადებების პირობების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, ხელმოწერის პროცესის ორგანიზება და დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა;

თ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 35. ლოჯისტიკის სამმართველო

1. ლოჯისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს სასაწყობო მარაგების რაციონალური მართვა;

ბ) სააგენტოს საფელდეგერო მომსახურება;

გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარების პროცესის ორგანიზება და სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე მუდმივი ზრუნვა;

დ) სააგენტოს სისტემაში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების ხარისხიანი შესრულების კონტროლი.

2. ამ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ლოჯისტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის (შენახვა/მოვლა) უზრუნველყოფა;

ბ) საწყობის მართვის პროცესების შემუშავება და დანერგვა;

გ) საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხოების და შენახვის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოების ორგანიზება და მართვა;

ე) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

ვ) სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის ორგანიზება;

ზ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მომწოდებლებთან დაკავშირებული დოკუმენტების მონიტორინგი და უფლებამოსილი სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდება;

თ) სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი;

ი) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

კ) სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს შორის, ასევე სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სააგენტოს დოკუმენტების ტრანსპორტირება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ლ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება;

მ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა;

ნ) ელექტრო და სხვა ტიპის საკომუნიკაციო გაყვანილობების მდგომარეობის შემოწმება;

ო) შენობა-ნაგებობებისა და ინვენტარის სათანადოდ ექსპლუატაციის თაობაზე თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით სასწავლო და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება-წარმართვა;

პ) სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი პირებისათვის ანგარიშების მომზადება სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;

ჟ) მესამე პირებთან ურთიერთობა სამშენებლო, სარემონტო და რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოების პროცესში;

რ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 36. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო

1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების ფორმის შინაარსთან შესაბამისობაში აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება და შენახვა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების ფორმების წარმოება და დადგენილ ვადებში შესაბამის უწყებებში წარდგენა.

2. ამ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პირველადი დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;

ბ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა;

გ) სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა;

დ) სააგენტოს ახალი ტიპის ტრანზაქციებისათვის აღრიცხვის წესებისა და მიდგომების ჩამოყალიბება;

ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა უწყებასთან ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;

ზ) ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;

თ) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაცემის ორგანიზება;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სალაროს მეურნეობის გაძღოლა;

კ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ხარჯვის მონიტორინგი და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;

ლ) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, ინვენტრიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და საბოლოო შედეგების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში, ინვენტარიზაციის შედეგების სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;

მ) ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა და დეკლარაციების გაგზავნა შემოსავლების სამსახურში;

ნ) ყოველთვიური და ყოველწლიური ინფორმაციის წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში;

ო) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 37. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური ანალიზი;

ბ) სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება.

2. ამ დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;

ბ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და უწყებებთან განხილვა/შეთანხმება;

გ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) სააგენტოს ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლისა და ანალიზისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

ე) სააგენტოს შესყიდვების გეგმის სააგენტოს ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;

ვ) სახაზინო ვალდებულებების, ფულადი ოპერაციების კონტროლი და დამოწმება;

ზ) ანგარიშების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანალიზი;

თ) სააგენტოს პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი;

ი) ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვისა და წლიური ანგარიშის მომზადება; ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;

კ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და სამინისტროსთვის წარდგენა;

ლ) შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა; დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის ხარჯების მიხედვით გაწერის ფორმირება;

მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XIII

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი

მუხლი 38. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ინფორმაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და მოდერნიზაცია;

ბ) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების შექმნა, განვითარება და დანერგვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ტექნოლოგიური სტანდარტების განსაზღვრა და განვითარება;

დ) ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების დანერგვა;

ე) ინფორმაციული სისტემების განვითარების პროცესების მართვა, ტესტირება და დანერგვა;

ვ) საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა განვითარების ეტაპზე.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებისა და სისტემების განვითარების პროცესის კოორდინირებული, ეფექტიანი და ხარისხიანი წარმართვა, მათ შორის, ბიზნესმოთხოვნების იდენტიფიკაცია, ანალიზი და შესაბამის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნა;

ბ) სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების განვითარება და გაუმჯობესება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ინფრასტრუტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ინფრასტრუქტურის არქიტექტურის დაგეგმვა, სტანდარტიზაცია და მდგრადი განვითარება;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 39. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამმართველო

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებისა და პროდუქტების განვითარების პროცესის კოორდინაცია;

ბ) ბიზნესმოთხოვნების შეგროვება, ანალიზი, დოკუმენტირება და მათი ტექნიკურ ამოცანებად გარდაქმნა;

გ) დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მოთხოვნების შეთანხმება;

დ) პროგრამული პროდუქტებისა და სისტემების ტესტირების (მათ შორის, მომხმარებლის მიერ მიღების ტესტირების) და დანერგვის პროცესების ორგანიზება;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მეთოდოლოგიების დანერგვა და გაუმჯობესება;

ვ) პროდუქტებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დოკუმენტირების უზრუნველყოფა;

ზ) კონტრაქტორებთან და გარე შემსრულებლებთან ურთიერთობების კოორდინაცია;

თ) პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება;

ი) ბიზნესპროცესების ანალიზი და მათი ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება.

2. ამ დებულების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ბიზნესმოთხოვნების ფორმალიზება და ტექნიკური გუნდებისთვის გადაცემა;

ბ) მოთხოვნების ცვლილებების მართვა;

გ) მომხმარებლის მიერ მიღების ტესტირების პროცესის მხარდაჭერა;

დ) პროექტების შესრულების ხარისხის კონტროლი;

ე) პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;

ვ) დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

 მუხლი 40. პროგრამული უზრუნველყოფისა და საიდენტიფიკაციო სერვისების სამმართველო

1. პროგრამული უზრუნველყოფისა და საიდენტიფიკაციო სერვისების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი, განვითარება და მოდერნიზაცია;

ბ) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისებისა და კრიპტოგრაფიულ გასაღებებთან დაკავშირებული სერვისების განვითარება;

გ) სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების ტექნიკური განვითარება;

დ) ახალი ტექნოლოგიური სერვისების შექმნა და დანერგვა;

ე) პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების მოთხოვნების ინტეგრაცია განვითარების პროცესში;

ვ) ინტეგრაციის მექანიზმებისა და პროგრამული ინტერფეისების (API) განვითარება.

2. ამ დებულების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით პროგრამული უზრუნველყოფისა და საიდენტიფიკაციო სერვისების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული სერვისებისა და სანდო/კვალიფიციური სანდო მომსახურებების განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ბ) აღნიშნულ მიმართულებებში პროგრამული და ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობების, თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებისა და საერთაშორისო/ადგილობრივი პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) პროდუქტებისა და მომსახურებების ფორმირების პროცესში პროგრამული უზრუნველყოფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით წინადადებების შემუშავება;

დ) სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურებებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების შექმნა, დანერგვა, განვითარება და მხარდაჭერა;

ე) პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორებისა და გარე შემსრულებლების მოძიება, მათთან თანამშრომლობის განვითარება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა;

ვ) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისებისა და სანდო/კვალიფიციური სანდო მომსახურებების უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით კომპრომეტაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) აღნიშნული მომსახურებების შესახებ გარე მომხმარებლების ინფორმირების, კონსულტაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

 მუხლი 41. ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზებისა და ინფრასტრუქტურის არქიტექტურის განსაზღვრა, განვითარება და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება;

ბ) სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ინფრასტრუქტურის არქიტექტურული დიზაინის შემუშავება;

გ) ტექნოლოგიური, მონაცემთა მართვისა და არქიტექტურული სტანდარტებისა და პრინციპების ჩამოყალიბება და დანერგვა;

დ) სისტემებსა და მონაცემთა ბაზებს შორის ინტეგრაციის არქიტექტურის განსაზღვრა და განვითარება;

ე) სისტემების და მონაცემთა ბაზების სკალირებადობის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების არქიტექტურული უზრუნველყოფა.

2. ამ დებულების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ინფრასტრუქტურის არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა;

ბ) ტექნოლოგიური, მონაცემთა მართვისა და არქიტექტურული სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

გ) მონაცემთა ბაზების არქიტექტურული მოდელების (ლოგიკური და ფიზიკური მოდელები) შემუშავება და მათი განვითარების უზრუნველყოფა;

დ) მონაცემთა მართვის, შენახვის, რეპლიკაციის, არქივაციისა და აღდგენის არქიტექტურული მიდგომების განსაზღვრა;

ე) ახალი ტექნოლოგიური და არქიტექტურული გადაწყვეტილებების, მათ შორის, მონაცემთა პლატფორმების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში არქიტექტურული შესაბამისობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა, მათ შორის, მონაცემთა ბაზების ნაწილში;

ზ) სისტემებსა და მონაცემთა ბაზებს შორის ინტეგრაციის არქიტექტურული გადაწყვეტილებების განსაზღვრა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XIV

მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი

მუხლი 42. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სააგენტოს ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, სტაბილური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და ოპერირება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვა და მონიტორინგი;

დ) სააგენტოს სისტემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) ინფორმაციული უსაფრთხოების ოპერაციული ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ინციდენტებისა და პრობლემების მართვა;

ზ) მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

თ) მონაცემთა ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება.

2. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საინფორმაციო რესურსებისა და სანდო მომსახურებების გარე მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მიწოდება და მათთან ურთიერთობის მართვა;

ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების უწყვეტი და ეფექტიანი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის სიზუსტის, სრულყოფისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 43. გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის სამმართველო

1. გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენების მიზნით გარე მომხმარებლების მომზადება და მათი მხარდაჭერა;

ბ) გარე მომხმარებლების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენების მონიტორინგი;

გ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო და სანდო მომსახურების მიწოდება.

2. ამ დებულების 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გარე მომხმარებლებთან მუშაობის მეთოდოლოგიების დამუშავება და განვითარება;

ბ) საინფორმაციო რესურსების გამოყენების განვითარების შესაძლებლობების ძიება და დამუშავება;

გ) საინფორმაციო რესურსების გამოყენების მიზნით გარე მომხმარებლების მომზადების ორგანიზება;

დ) გარე მომხმარებლების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენებისთვის საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;

ე) გარე მომხმარებელების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსის გამოყენების მონიტორინგი, მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ვ) იურიდიული პირებისათვის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევის მიზნით განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ზ) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის მიწოდების ხელშეკრულებების მომზადება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესის ორგანიზება და დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

თ) კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა.

მუხლი 44. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველო

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სერვერული, ქსელური და მონაცემთა შენახვის სისტემების მართვა;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის განხორციელება;

ე) საინფორმაციო რესურსებზე წვდომის მართვა;

ვ) ინციდენტებზე რეაგირება და აღდგენა;

ზ) სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენის პროცესების მართვა.

2. ამ დებულების 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ოპერირება;

ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მონიტორინგის სისტემების მართვა;

გ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინციდენტებზე რეაგირება და ესკალაცია;

დ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების კონფიგურაცია და მხარდაჭერა;

ე) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების კონტროლის ტექნიკური განხორციელება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 45. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველო

1. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ინციდენტებისა და პრობლემების მართვა;

ბ) კომპიუტერული ტექნიკისა და შიდა ქსელის მხარდაჭერა;

გ) მომხმარებელთა ტექნიკური დახმარება;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივების მხარდაჭერა;

ე) სტანდარტული ტექნიკური ცვლილებების განხორციელება.

2. ამ დებულების 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ტექნიკური დახმარების სერვისის (Service Desk) უზრუნველყოფა;

ბ) ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;

გ) მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) IT აქტივების აღრიცხვა და მართვა;

ე) ინციდენტების რეგისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში მოგვარება და მონიტორინგი;

ვ) კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა.

მუხლი 46. მონაცემთა ხარისხის მართვის სამმართველო

1. მონაცემთა ხარისხის მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) მონაცემთა ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა და განვითარება;

ბ) მონაცემთა სიზუსტის მონიტორინგი;

გ) მონაცემთა უზუსტობების გამოვლენა და აღმოფხვრა;

დ) მონაცემთა ანალიზი და ანგარიშგება;

ე) მონაცემთა მართვის პროცესების მხარდაჭერა.

2. ამ დებულების 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მონაცემთა ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემთა ხარისხის შეფასება და კონტროლი;

ბ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემთა ვალიდაციის პროცესების განხორციელება;

გ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემთა შესწორების პროცესების ორგანიზება;

დ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ე) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემთა ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XV

სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

მუხლი 47. სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

1. სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა, ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სერვისების განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;

გ) მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების საფუძველზე საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობა;

დ) საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება;

ე) სააგენტოს მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია.

2. სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო სერვისების განვითარება-გაუმჯობესება, ინოვაციური პროცესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს სტრატეგიული, მათ შორის, სერვისების განვითარების ხელშეწყობა მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით; ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებით სააგენტოს ვალდებულებების აღების, მათი შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესების ეფექტიანი მართვა;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 48. სერვისების განვითარებისა და ინოვაციების სამმართველო

1. სერვისების განვითარებისა და ინოვაციების სამმართველოს ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ მისაწოდებელი, აგრეთვე სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ინოვაციური მიდგომებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა;

გ) საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების მიზნით;

დ) პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.

2. ამ დებულების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სერვისების განვითარებისა და ინოვაციების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მიერ მისაწოდებელი, აგრეთვე სხვა სახელმწიფო სერვისების, მათ შორის, ელექტრონული და დისტანციური სერვისების, განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით;

ბ) სააგენტოს სერვისების რედიზაინის განხორციელება საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული ერთიანი მეთოდოლოგიების შესაბამისად;

გ) სააგენტოს სერვისების რედიზაინის ფარგლებში მიგნებების/რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

დ) სხვა საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა სერვისების განვითარების ერთიანი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;

ე) პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკების/გამოცდილების ურთიერთგაზიარება;

ვ) პროექტების/ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 49. ანალიტიკისა და სტატისტიკის სამმართველო

1. ანალიტიკისა და სტატისტიკის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სააგენტოს სტრატეგიული დოკუმენტების (სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავება და კოორდინაცია;

ბ) საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

გ) მომხმარებელთა კმაყოფილების, საჭიროებებისა და გამოცდილების კვლევა;

დ) კვლევების ფარგლებში მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება და მათი შემდგომი განხორციელების მონიტორინგი;

ე) სააგენტოში ორგანიზაციული თვითშეფასების განხორციელება „შეფასების ერთიანი სისტემის“ (CAF) მეთოდოლოგიის შესაბამისად;

ვ) სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებით სააგენტოს ვალდებულებების აღების, მათი შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესების კოორდინაცია;

ზ) ძირითადი სტატისტიკისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზი.

2. ამ დებულების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ანალიტიკისა და სტატისტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სტრატეგიული დოკუმენტების (სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავება, კოორდინაცია, განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება;

ბ) თემატური კვლევების სრული ციკლის განხორციელება: კვლევის პროცესის მართვა-დაგეგმვა, განხორციელება, მონაცემების დამუშავება, კვლევის საბოლოო ანგარიშის/რეკომენდაციების მომზადება და მათი აღსრულების შემდგომი მონიტორინგი;

 გ) მომხმარებელთა კმაყოფილების, საჭიროებებისა და გამოცდილების კვლევის სრული ციკლის განხორციელება და შედეგების განხორციელების მონიტორინგი;

 დ) სააგენტოში ორგანიზაციული თვითშეფასების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) მეთოდოლოგიის შესაბამისად;

 ე) სააგენტოს ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

 ვ) სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებით სააგენტოს ვალდებულებების აღებასთან, მათი განხორციელების მონიტორინგსა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;

ზ) სააგენტოში არსებული ძირითადი სტატისტიკისა და სხვადასხვა ტიპის მონაცემების ანალიზი, ანალიზზე დაფუძნებული დოკუმენტების მომზადება და, საჭიროებისამებრ, რეკომენდაციების შემუშავება;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XVI

სააგენტოს სამსახურები

მუხლი 50. შიდა კონტროლის სამსახური

1. შიდა კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინისა და საქმიანობის კანონიერების დაცვის უზრუნველყოფა და შემოწმება;

ბ) სააგენტოში დისციპლინური გადაცდომების მიზეზებისა და წინაპირობების შესწავლა/ანალიზი;

გ) დისციპლინურ გადაცდომებზე შესაბამისი რეაგირება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერების შემოწმება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება;

ე) სააგენტოს თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან/და მისი არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ვ) სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;

თ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

კ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ლ) სააგენტოს თავმჯდომარის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

მუხლი 51. შიდა აუდიტის სამსახური

1. შიდა აუდიტის სამსახურის ამოცანებია:

ა) სააგენტოს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს თავმჯდომარისთვის სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სააგენტოში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სააგენტოში შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

მუხლი 52. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო (სამსახური)

1. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (სამსახური) ამოცანებია:

ა) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობისა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ანალიტიკური მხარდაჭერა;

ბ) მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მხარდაჭერა და კოორდინაცია.

2. სამდივნოს (სამსახური) ფუნქციებია:

ა) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

ბ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების საორგანიზაციო მხარდაჭერა;

გ) მიგრაციის პროცესების მართვასა და მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტებში ჩართულ უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

ე) მიგრაციის სტრატეგიაში შესატანი ცვლილებების მომზადება და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისთვის მათი წარდგენა;

ვ) მიგრაციის თემატური მიმართულებების მიხედვით გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენა;

ზ) მიგრაციის თემატიკაზე მიმდინარე პროექტების შესახებ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინფორმირება;

თ) მიგრაციის ევროპული ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულება;

ი) კომისიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებგვერდის მართვა;

კ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა ანგარიშების მომზადება;

ლ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სახელით კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობა;

მ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებების შესრულება;

ნ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება.

თავი XVII

პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

მუხლი 53. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი

პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებია:

ა) სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს თავმჯდომარისათვის რეკომენდაციების წარდგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

გ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის რეკომენდაციის მიცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;

 დ) პერსონალური მონაცემების საკითხებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა, მისი მომართვების განხილვა და მათზე რეაგირება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 54. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;

ბ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;

ე) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა;

ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი XVIII

სააგენტოს ქონება, დაფინანსების წყარო და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 55. სააგენტოს ქონება

1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;

დ) კრედიტები და გრანტები;

ე) შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტოს უფლება აქვს, თავისი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 56. სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

 თავი XIX

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 57. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.