დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.057.016440 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად,
|
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულება, თანახმად დანართისა.
|
2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა განისაზღვროს 24 (ოცდაოთხი) საშტატო ერთეულით.
|
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 110916007, 19/09/2011, 010240020.32.057.016064) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულება.
|
4.
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 ივლისიდან.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში.
2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. სააგენტოს სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო“. 4. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, სააგენტო ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. 5. სააგენტო კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი და გააჩნია იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ი. ჯავახიშვილის ქუჩა №70/72. |
მუხლი 2.
სააგენტოს მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებები |
1. სააგენტოს მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემისა და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა; ბ) სამუშაოს მაძიებელ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება; გ) სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და მათი შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება; დ) სააგენტოს სერვისებით მოსარგებლეთა კონსულტირება და ხელშეწყობა/ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით; ე) ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და ინფორმირებულობა/ხელშეწყობა; ვ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ზ) სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული ტრენინგების ჩატარება/ორგანიზება სხვადასხვა სფეროში; თ) შრომის ბაზრის კვლევა; ი) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება; კ) საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების კონსულტირება სააგენტოს სერვისებით სარგებლობის შესახებ/საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება; მ) სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზის შესაბამისად გაწეული სერვისების შესახებ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების წარმოება; ნ) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა; ო) ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა; პ) ინოვაციური იდეების შემუშავება და სერვისების მუდმივი განვითარება.
3. სააგენტოს უფლებამოსილებებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის დასაქმების უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება; გ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება; ე) საკუთარი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული (ბიზნეს-რეესტრის) მონაცემების გამოთხოვა და გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად; ზ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა სააგენტოს საქმიანობის, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის; თ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; ი) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა; კ) არსებული პერსონალისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა; ლ) სააგენტოს მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 3.
სააგენტოს მართვა |
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს დირექტორი: ა) მართავს სააგენტოს და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ბ) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით; გ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ საინფორმაციო უზრუნველყოფას; დ) სააგენტოს სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; ე) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს; ვ) კვარტალში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ზ) ხელს აწერს სააგენტოს ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ბრძანების საფუძველზე; თ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ლ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს); ნ) ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ო) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას; პ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ჟ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისია, საბჭო) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სააგენტოს დირექტორის მოადგილე სააგენტოს დირექტორის დავალებით ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, სააგენტოს დირექტორის თანხმობით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს მესამე პირთან ურთიერთობაში. 5. სააგენტოს დირექტორის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სააგენტოს დირექტორის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან სააგენტოს დირექტორის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. |
მუხლი 4.
სააგენტოს სტრუქტურა |
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; ბ) პროგრამული ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და ფინანსების სამსახური; გ) რეგიონული სერვისებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახური. |
მუხლი 5.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები |
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სააგენტოს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებისა და რეზოლუციების ანალიზი და შესრულებაზე ზედამხედველობა; გ) სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება; დ) სააგენტოს საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება, პრესკონფერენციების და ბრიფინგების ჩატარება, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ე) პიარღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოს ხელმძღვანელობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების თაობაზე; თ) სააგენტო საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; ი) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; კ) სააგენტოს კადრების აღრიცხვა, პირადი საქმეების წარმოება; ლ) სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებათა უზრუნველყოფა, სააგენტოს თანამშრომელთა მივლინებების ბრძანებების პროექტების მომზადება; მ) სააგენტოს შინაგანაწესის შესრულების კონტროლის განხორციელება, სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ნ) სააგენტოს პროგრამების პროექტების შემუშავებასა და კომპეტენციის ფარგლებში მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ო) სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის შიგნით სათანადო სისუფთავისა და სანიტარული წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; პ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტოს დირექტორი და/ან დირექტორის მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს. |
მუხლი 6.
პროგრამული ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და ფინანსების სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები |
1. პროგრამული ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და ფინანსების სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტების შემუშავება; გ) სააგენტოსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი; დ) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ე) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა; ვ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; ზ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და დაწესებულ ვადებში შესაბამის ორგანოში წარდგენა; თ) სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს და სხვა გასაცემი თანხების აღრიცხვა და გაცემა; ი) სააგენტოს ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა; კ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება მოთხოვნილებების შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების შესახებ განაცხადებისა და ანგარიშების გამოქვეყნება; მ) სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად ფასების მოკვლევის მიზნით ბაზრის შესწავლა; ნ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ო) სააგენტოს საქმიანობის, სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვა; პ) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; რ) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის და/ან ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაბამისი პირებისათვის სათანადო ინფორმაციის დროული მიწოდება; ს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და შესაბამის ორგანოში წარდგენის უზრუნველყოფა; ტ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებასა და მისი განხორციელებაში მონაწილეობა; უ) სააგენტოს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი; ფ) სააგენტოს პროგრამების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი აქტების შედგენა/გაფორმება; ქ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ღ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ყ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. პროგრამული ბიუჯეტირების, მონიტორინგისა და ფინანსების სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტოს დირექტორი და/ან დირექტორის მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურების მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს. |
მუხლი 7.
რეგიონული სერვისებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები |
1. რეგიონული სერვისებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისი ბაზის წარმოება; ბ) ორგანიზაციათა (დამსაქმებელი, საგანმნათლებლო პროვაიდერი) რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისი ბაზის წარმოება; გ) შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შრომის ბაზრის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია; დ) მოძიებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ე) სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და მათი შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება; ვ) დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა; ზ) დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება; თ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს პროგრამების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგში ჩართულობა; კ) სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშების მომზადება; ლ) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. რეგიონული სერვისებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტოს დირექტორი და/ან დირექტორის მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურების მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს. |
მუხლი 8.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი |
1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელი არის მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს სათანადო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან; ვ) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სააგენტოს დირექტორს და/ან დირექტორის მოადგილეს წარუდგს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ი) სააგენტოს დირექტორს და/ან დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მათდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით და პერიოდულად სააგენტოს დირექტორს და/ან დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე და სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი თანამშრომელი. |
მუხლი 9.
სააგენტოს სხვა თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები |
სააგენტოს სხვა თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
|
მუხლი 10.
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი |
1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. სააგენტოს დირექტორი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე. |
მუხლი 11.
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას |
1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. სააგენტოს მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. |
მუხლი 12.
სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო
|
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სააგენტოს ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე სააგენტოს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 3. სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების გაცემასა და მატერიალურ წახალისებას. სააგენტოს სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. |
მუხლი 13.
სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება |
1. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |
მუხლი 14.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
მუხლი 15.
სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია |
სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები