დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016441 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულება, თანახმად დანართისა. |
2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთა რიცხოვნობა განისაზღვროს 42 (ორმოცდაორი) საშტატო ერთეულით. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 29/07/2021, 040030000.32.057.016348). |
4.
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 ივლისიდან. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. ცენტრის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. 4. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. 5. ცენტრი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. 6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი და გააჩნია იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. №141-143. |
მუხლი 2.
ცენტრის მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებები |
1. ცენტრის მიზანია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე არაგადამდები დაავადებებისა და რისკების გამოვლენას, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას.
2. ცენტრის ფუნქციებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის; ა.ა) გადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ეპიდაფეთქებების, ეპიდემიების მიზეზების დადგენა, ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში, განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება; ა.ბ) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა (მონიტორინგი და შეფასება); ა.გ) არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების (დეტერმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება და დაგეგმვა; ა.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი; გ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ლაბორატორიული საქმიანობა, გადამდებ დაავადებათა კერის პირველადი ეპიდკვლევის ფარგლებში ლაბორატორიული სკრინინგი, მაღალი რისკის კონტინგენტის სკრინინგი დაავადებათა სკრინინგული და სხვა კვლევები კომპეტენციის ფარგლებში; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ეპიდემიოლოგიური სტანდარტების, ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებასა და სპეციალიზებული სურსათის უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დადგენაში მონაწილეობის მიღება; ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, საზოგადოებისათვის ინფორმაციის, რეკომენდაციების მიწოდება; თ) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება; ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. საკანონმდებლო, ნორმატიული ბაზისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; კ) ცენტრის საქმისწარმოების და საარქივო დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება. 3. ცენტრის უფლებამოსილებებია: ა) ცენტრის პროგრამებით სარგებლობის მსურველ პირთა განცხადებების საფუძველზე, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ამ პირთა შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა; ბ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; გ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტების მიღება; ე) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის; ვ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა; ზ) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 3.
ცენტრის მართვა |
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის დირექტორი: ა) მართავს ცენტრს და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით; გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფას; დ) ცენტრის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; ე) ამტკიცებს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს; ვ) კვარტალში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ზ) ხელს აწერს ცენტრის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ან ახდენს ამ ფუნქციის დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე ბრძანების საფუძველზე; თ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ლ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; ნ) ანაწილებს უფლება-მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ო) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას; პ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ჟ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისია, საბჭო) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. ცენტრის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ცენტრის დირექტორის მოადგილეების ფუნქცია-მოვალეობებს და საკურაციო სფეროებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი. 5. ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას, მისივე ან მინისტრის დავალებით, დროებით ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორის მოადგილეების არყოფნისას დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. |
მუხლი 4.
ცენტრის სტრუქტურა |
ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული მართვის სამსახური; ბ) ფინანსური და პროგრამული მართვის სამსახური; გ) იმუნოპროფილაქტიკისა და მუნიციპალიტეტების მართვის სამსახური; დ) დაავადებათა ზედამხედველობისა და სტატისტიკური ანგარიშგების სამსახური. |
მუხლი 5.
ადმინისტრაციული მართვის სამსახური |
ადმინისტრაციული მართვის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის ინფორმაციული მხარდაჭერა; ბ) ცენტრის პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება; საკომუნიკაციო /სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირება (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა); გ) ცენტრის ვებგვერდის/ელექტრონული პლატფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და მართვა; დ) ცენტრის დირექტორისა და ცენტრის წარმომადგენლებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; ე) მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება; ვ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის გატარება; ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია, მენეჯმენტი და ზედამხედველობა; ზ) საქმის წარმოების ერთიანი წესის, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად, დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმის წარმოების უზრუნველყოფა; თ) ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია; ი) ცენტრში შემოსული და ცენტრიდან გასული ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება; კ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვა, განაწილება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება; ხელმძღვანელობის მიერ განხილული დოკუმენტაციის შესაბამის თანამშრომლებზე განაწილება; ლ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება; მ) ცენტრში შემოსული წერილების და განცხადებების აღრიცხვა, დასმული პრობლემების თემატური ანალიზი; ნ) ცენტრის საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება; ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არქივის საქმიანობის წარმართვა: პ) დოკუმენტების დადგენილ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ჟ) ცენტრის საქმის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადება. რ) ცენტრში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დაგზავნის უზრუნველყოფა; ს) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; ტ) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება. უ) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ფ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა e-HRMS, მუდმივი შეუფერხებელი, დროული წარმოება; ქ) ცენტრის თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ღ) ცენტრის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ყ) ცენტრის ხელმძღვანელობისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტების (პროექტების) მომზადება; შ) ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებების პროექტების მომზადება; ჩ) ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ; ც) ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და შეთანხმება; ძ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; წ) ცენტრში შემოსული დოკუმენტაციის, განცხადებების და სხვა კორესპონდენციის განხილვა და სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ჭ) ცენტრის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ხ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ჯ) სხვადასხვა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ჰ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 6.
ფინანსური და პროგრამული მართვის სამსახური |
ფინანსური და პროგრამული მართვის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ბ) ცენტრის კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენა; გ) ცენტრის საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება; დ) ცენტრისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა; ე) დადგენილი წესით მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა შესაბამისი ორგანოებისათვის; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ცენტრის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; ზ) ცენტრის თანამშრომელთა ხელფასების და სხვა გასაცემი თანხების დროული აღრიცხვა და გაცემა; თ) ცენტრის ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა; ი) საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცენტრის მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვაში მონაწილეობა; ლ) ცენტრის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა; მ) ცენტრის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ნ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მართვა და ანალიზი; ო) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა; პ) ცენტრის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობების, სამსახურებრივი ავტომანქანების და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა; კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 7.
იმუნოპროფილაქტიკისა და მუნიციპალიტეტების მართვის სამსახური |
იმუნოპროფილაქტიკისა და მუნიციპალიტეტების მართვის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვა ყოველი მომდევნო წლისათვის; ბ) აცრებზე დასაქმებული დაწესებულებებისა და სოფლის ექიმებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ასაკობრივი შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება; გ) იმუნიზაციას დაქვემდებარებული მოსახლეობის ვაქცინოპროფილაქტიკისათვის ასაცრელი მასალის, შპრიცების, საუტილიზაციო კონტეინერებისა და სხვა სახარჯი მასალის წლიური საჭიროების განსაზღვრა; დ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ცივი ჯაჭვის“ ინვენტარიზაცია; ე) ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების მიმდინარე, სიტუაციური, 6 თვის და წლიური ანალიზი; ვ) ამცრელი უბნის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების განსაზღვრა და სათანადო ღონისძიებების დაგეგმარებით ინფორმაციის მომზადება; ზ) აცრებზე დასაქმებული დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების შესრულების მონიტორინგი; თ) აცრებზე დასაქმებული დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების დონეზე დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება; ი) აცრებზე დასაქმებული დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკისა და ,,ცივი ჯაჭვის“ რუტინული მონიტორინგი; კ) ვაქცინოპროფილაქტიკის ყოველთვიური ანგარიშის მიღება და აგრეგირებული ანგარიშის მომზადება სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების შესაბამისად; ლ) აცრებს დაქვემდებარებული კონტინგენტის განსაზღვრის, აცრების წლიური და ყოველთვიური დაგეგმარების, შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების საკითხებზე აცრებზე დასაქმებული დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების ხელშეწყობა; მ) ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის დონისა და იმუნიზაციის სხვა მაჩვენებლების შეფასება; ნ) აცრისშემდგომი გართულებისა და რეაქციების ზედამხედველობა; ო) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის I და II დონეზე დასაქმებული სპეციალისტების ინსტრუქტაჟი; პ) იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოება; ჟ) მუნიციპალიტეტების დონეზე გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა გატარება; რ) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა კოორდინაცია; ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი; უ) გადამდები და არაგადამდები დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის, სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებაზე/ მდგომარეობაზე ეჭვის მიტანისას (მ.შ. საზოგადოებრივი კვების ობიექტთან დაკავშირებული კვებითი მიშხამვის, მწვავე პროფესიული მოშხამვის, სხივური დაზიანებისა და ჯგუფური დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში) დადგენილი წესით ცენტრის ინფორმირება და კვლევის ჩატარება; ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაზიანების ფაქტების ეპიდემიოლოგიური შესწავლა; ანტირაბიულ-პროფილაქტიკურ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა გამოვლენა; ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ანტირაბიული მომსახურების სწორი ტაქტიკის და ,,ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნათა დაცვაზე და პრეპარატების მარაგზე მონიტორინგი; ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ცალკეული ნოზოლოგიების მიხედვით ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო ზონებად დაყოფა და შესაბამისი რუკების შედგენა; ყ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი ჯანდაცვის და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება; შ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 8.
დაავადებათა ზედამხედველობისა და სტატისტიკური ანგარიშგების სამსახური |
დაავადებათა ზედამხედველობისა და სტატისტიკური ანგარიშგების სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა კოორდინაცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი; გ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესის ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების გავრცელების ხასიათის, რუტინული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური, 6 თვის და წლიური ანალიზი; დ) ეპიდზედამხედველობის ინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ავადობის დინამიკაზე მონიტორინგის განხორციელება; ე) გადამდები და არაგადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, გავრცელების ხასიათის შესწავლა; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ცალკეული ნოზოლოგიების მიხედვით ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო ზონებად დაყოფა და შესაბამისი რუკების შედგენა; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ეპიდემიური სიტუაციის შეფასება და დადგენილი წესით ინფორმირება; თ) გადამდები და არაგადამდები დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებაზე/ მდგომარეობაზე ეჭვის მიტანისას (მ.შ. საზოგადოებრივი კვების ობიექტთან დაკავშირებული კვებითი მოშხამვის, მწვავე პროფესიული მოშხამვის, სხივური დაზიანებისა და ჯგუფური დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში) დადგენილი წესით ინფორმირება ეროვნულ დონეზე; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემთხვევის/პოტენციური აფეთქების კვლევისა და შესაბამისი პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; ეპიდპროცესის კონკრეტული მიზეზებისა და მათი განმაპირობებელი ფაქტორების დადგენა; კ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესების სისტემატური მონიტორინგი; სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება; ანტირაბიული კაბინეტების ფუნქციონირების ხელშეწყობა; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაზიანების ფაქტების ეპიდემიოლოგიური შესწავლა; ანტირაბიულ პროფილაქტიკურ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა გამოვლენა; მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ანტირაბიული მომსახურების სწორი ტაქტიკის და ,,ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნათა დაცვაზე და პრეპარატების მარაგზე მონიტორინგი; ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ორგანიზება და მონიტორინგი; ო) მალარიის შემთხვევის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება; პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების (დეტარმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება და დაგეგმვა; ჟ) სამიზნე ტერიტორიაზე ერთიანი ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და შეფასება; რ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება კომპეტენციის ფარგლებში; ს) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ პირველადი ჯანდაცვის და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება; ტ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეპიდსიტუაციის მიხედვით სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების წარმოების ორგანიზება/ხელშეწყობა; უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის მიღება/ეპიდკვლევა და ინფექციების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში; ქ) ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 9.
ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი |
1. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ სტრუქტურული ერთეულის უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს სათანადო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან; ვ) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ცენტრის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ი) ცენტრის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მათდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით და პერიოდულად ცენტრის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე და ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი თანამშრომელი. |
მუხლი 10.
ცენტრის სხვა თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები |
ცენტრის სხვა თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. |
მუხლი 11.
ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი |
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. |
მუხლი 12.
ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას |
1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. |
მუხლი 13.
ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო |
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 3. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ცენტრის თანამშრომლების ხელფასების გაცემასა და მატერიალურ წახალისებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. |
მუხლი 14.
ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება |
1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |
მუხლი 15.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 16.
ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია |
ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები