„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 15/06/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016049
8
15/06/2026
ვებგვერდი, 16/06/2026
240140000.41.046.016049
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №8

2026 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას (შემდგომში – შეტყობინება) დაქვემდებარებულ კონცენტრაციაში მონაწილე პირთა ერთობლივი შემოსავლების ზღვრული ოდენობებისა და შეტყობინების განხილვის პროცედურების განსაზღვრა;

ბ) კონცენტრაციების, ასევე შესაბამის სასაქონლო/მომსახურების ბაზრებზე კონცენტრაციის დონის ცვლილების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა. პირთა ისეთი კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა წრის განსაზღვრის პრინციპები, მათი ერთობლივი შემოსავლების ზღვრული ოდენობები და ამ ერთობლივი შემოსავლების გამოთვლის წესი;

ბ) შეტყობინების ფორმა, მისი წარდგენის წესი და განხილვის პროცედურები;“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სააგენტოს მიერ კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის 11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საკონსულტაციო შეხვედრა – სააგენტოს მიერ კონცენტრაციის მხარესთან საჭიროების შემთხვევაში საქმის გარემოებათა დასადგენად გასამართი შეხვედრა.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის 11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:

„მუხლი 12. კონცენტრაციაში მონაწილე პირთა/მხარეთა წრე

1. თუკი კონცენტრაცია ხორციელდება ეკონომიკურ აგენტთა შერწყმის გზით, ამგვარ კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევა შერწყმის მონაწილე თითოეული სუბიექტი.

2. ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის მოპოვების გზით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში:

ა) თუკი ხდება ეკონომიკურ აგენტზე ერთპიროვნული კონტროლის მოპოვება, კონცენტრაციაში მონაწილე პირებად მიიჩნევიან კონტროლის მომპოვებელი პირი და ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება;

ბ) თუკი კონცენტრაციის შედეგად ერთპიროვნული კონტროლი იცვლება ერთობლივი კონტროლით იმგვარად, რომ ეკონომიკური აგენტის ერთპიროვნული მაკონტროლებელი სუბიექტი სრულად ტოვებს კომპანიას, კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევიან ერთობლივი კონტროლის მომპოვებელი პირები და ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება;

გ) თუკი კონცენტრაციის შედეგად ერთპიროვნული კონტროლი იცვლება ერთობლივი კონტროლით იმგვარად, რომ ეკონომიკური აგენტის ერთპიროვნული მაკონტროლებელი სუბიექტი რჩება კომპანიაში, კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევა ყველა ის პირი, რომელსაც კონცენტრაციის შედეგად ეკონომიკურ აგენტზე ექნება ერთობლივი კონტროლი (მათ შორის, არსებული და ახალი), ხოლო ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება, არ მიიჩნევა კონცენტრაციაში მონაწილე პირად;

დ) თუკი კონცენტრაციის შედეგად ერთობლივი კონტროლის ხარისხი იცვლება, თუმცა კონტროლი კვლავ ერთობლივი რჩება, კონცენტრაციაში მონაწილე პირად მიიჩნევა ყველა ერთობლივი კონტროლის მომპოვებელი სუბიექტი (არსებული და ახალი) და, ასევე, ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება;

ე) ახლად შექმნილ ეკონომიკურ აგენტზე ერთობლივი კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, თუკი ახლად შექმნილი სუბიექტი არ ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას, კონცენტრაციის მონაწილეა კონტროლის მომპოვებელი თითოეული სუბიექტი, ხოლო ის ახლად შექმნილი სუბიექტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება, არ მიიჩნევა კონცენტრაციაში მონაწილე პირად;

ვ) თუ კონცენტრაციის შედეგად სამიზნე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირ კონტროლს იძენს კომპანია, რომელიც არ წარმოადგენს სრულად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ეკონომიკურ აგენტს, კონცენტრაციაში მონაწილე პირებად მიიჩნევიან ამგვარი სუბიექტის მაკონტროლებელი პირები და ის ეკონომიკური აგენტი, რომელზეც ხდება კონტროლის მოპოვება.

3. ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შემთხვევაში კონცენტრაციაში მონაწილე პირებად მიიჩნევიან ის სუბიექტები, რომლებიც აფუძნებენ ერთობლივ საწარმოს.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს მიერ შეტყობინების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების განხილვის საფასური;

ბ) სააგენტოს სრულყოფილად მიაწოდოს გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;

გ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს საკონსულტაციო შეხვედრაზე;“.

7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოსათვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მასში მონაწილე პირების ჯამური წლიური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი წლიური შემოსავალი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით აღემატება 5 მილიონ ლარს.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუკი კონცენტრაციაში მონაწილე ან მასთან წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით დაკავშირებული ეკონომიკური აგენტი რეგისტრირებულია სააგენტოში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის წელს, მხედველობაში მიიღება ამავე კალენდარული წლის განმავლობაში შეტყობინების წარმოდგენის მომენტამდე არსებული მისი ერთობლივი შემოსავალი. თუკი კონცენტრაცია განხორციელდა სააგენტოს გვერდის ავლით და კონცენტრაციაში მონაწილე ან მასთან წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით დაკავშირებული ეკონომიკური აგენტი რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება ამავე კალენდარული წლის განმავლობაში კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მისი ერთობლივი შემოსავალი.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია აგრეთვე დასაშვებია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებული შესაბამისი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების (მოდიფიკაციების) შესრულების პირობით.“.

10.  ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა, ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი, ერთობლივი შემოსავალი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გათვალისწინებით.“.

12. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ პუნქტი:

„ბ1) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი პირ(ებ)ის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები;“.

13. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციაში მონაწილე პირთა და მათი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მაკონტროლებელი პირების კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტების ერთობლივი კონტროლის ქვეშ.“.

14.  ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ეკონომიკურად ურთიერთდაკავშირებული ან/და ერთსა და იმავე პირებს შორის განხორციელებული რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში კონტროლის მომპოვებელ პირს/ პირებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ ბოლო ტრანზაქციის განხორციელებამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევებში კონცენტრაციად განიხილება ამ ტრანზაქციების ერთობლიობა და იგი განხორციელებულად ითვლება ბოლო ტრანზაქციის შესრულებით.“.

16.  ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია ამ მუხლით მოთხოვნილი ან შემდგომში გამოთხოვილი გარკვეული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა, მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს ამგვარი ინფორმაციის წარმოდგენის შეუძლებლობა, მიუთითოს მიზეზი და დაურთოს შესაბამისი მტკიცებულებები.“.

18. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეტყობინება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი სამუშაო საათებში მიღების შემთხვევაში. შეტყობინების არასამუშაო საათებში მიღების შემთხვევაში, მისი სააგენტოში წარდგენის თარიღად მიიჩნევა შემდეგი სამუშაო დღე. კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადების ათვლა იწყება შეტყობინების წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“.

19. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს შეტყობინების შესაბამისობას დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.“.

20.  ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 81 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

21. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია შეტყობინების განხილვის დაწყებიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.“.

22. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დაგეგმილ კონცენტრაციაში მონაწილე პირს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან გამართოს მასთან საკონსულტაციო შეხვედრა.“.

23. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კონცენტრაციაში მონაწილე მხარესთან/მხარეებთან გასამართი საკონსულტაციო შეხვედრის   დასრულების შემდეგ,  დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაში მონაწილე პირები. მხარის/ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, საკონსულტაციო შეხვედრა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი ერთვის საკონსულტაციო შეხვედრის სხდომის ოქმს, რომელსაც სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სხდომის მონაწილე პირს/პირებს. საკონსულტაციო შეხვედრა შესაძლებელია აგრეთვე წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, რომლის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაში მონაწილე სააგენტოს წარმომადგენლები და სხდომის ჩანაწერი, ოქმთან ერთად სხდომის მონაწილე პირს/პირებს ეგზავნება/ ეგზავნებათ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში.“.

24.  ბრძანებით დამტკიცებული წესის 81 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

25. ბრძანებით დამტკიცებული წესის 83 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის  შეფასების კრიტერიუმები

თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შედეგად შექმნილი ეკონომიკური აგენტი კონცენტრაციისთვის გაცხადებულ თითოეულ შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30%-ზე მეტ საბაზრო წილს ან/და თითოეულ ასეთ ბაზარზე ჰერფინდალ – ჰირშმანის ინდექსი ნაკლებია 2250-ზე, ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) საბაზრო ძალის ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა;

ბ) ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

დ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა;

ე) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას.“.

26. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო უფლებამოსილია, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მხარის/მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით,  საკონსულტაციო შეხვედრაზე მოიწვიოს კონცენტრაციის მხარეები.“.

27. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მხარის/მხარეების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებ(ებ)ის თაობაზე, შესაბამისი ვად(ებ)ის მითითებით.“.

28. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოსათვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობის, სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე