ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016594
12
27/05/2026
ვებგვერდი, 28/05/2026
010260020.35.112.016594
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 27 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის,  „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილება (ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 04.03.2015; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016211).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) მოვლა-პატრონობის და ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ცხოველების ყოლის,  მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის სამართლებრივ საფუძვლებს და განხორციელების წესს. წესი აგრეთვე ადგენს შინაური ბინადარი ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, მეპატრონეთა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებებს.

 


მუხლი 2. წესის მიზანი
1. წესის მიღების მიზანია ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მართვის სფეროში თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული და ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდების დანერგვა და განხორციელება, ადამიანის და შინაური ბინადარი ცხოველის უსაფრთხო და თანაარსებობაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე აღნიშნულ სფეროში შესაძლო საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია/მართვა.

2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.

 


მუხლი 3. ცხოველთა კლასიფიკაცია და სტატუსი
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი;

ბ) მიკედლებული;

გ) უმეთვალყურეო;

დ) უპატრონო.

2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც ჰყავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე.

3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარ ცხოველს, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი.

4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი.

5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ჰყავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი.


მუხლი 4. ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება
1. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამ წესის  მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. ცხოველთა მარეგისტრირებელი ორგანოა  ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი.

4. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;

ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;

გ) ვაქცინაციის შესახებ;

დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

5. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

6. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ წარდგენა სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

7.  ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების  შესაბამისად.   


მუხლი 5. მეპატრონის უფლებები და ვალდებულებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით
1. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს: 

ა) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, წელიწადში ერთხელ ან ვეტერინარის მიერ განსაზღვრული გრაფიკით, საჭიროების მიხედვით;

დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ზ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

თ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;

ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს დაუყოვნებლივი ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

კ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ლ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

მ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მეპატრონეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ვეტერინარულ პასპორტში შეტანის თაობაზე მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას.

3. ცხოველის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს და რომელსაც არ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობა.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონე შეიძლება გახდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და გარდა ამისა, იგი ვალდებულია წარადგინოს ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ  ცნობა.

5. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

6. თუ ცხოველის ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, ხოლო აღნიშნული პროცედურის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

8. მეპატრონე ვალდებულია აცნობოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას:

ა) საკუთარი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ინფორმაციის ან რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ;

ბ) მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შესახებ, ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად ნაყარის დაბადებისა და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა ფორმით გადაცემა) თითოეული ფაქტის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და ამ წესით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად.

9. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის პატრონი ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

10. აკრძალულია:

ა) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა;

ბ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება, იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან;

გ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა;

დ) ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელის და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე;

ე) ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში,  ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი;

ვ) ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით;

ზ) ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები; აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია    უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას − გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით  გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად;

თ) ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა.

11. მეპატრონე ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას უზრუნველყოს „შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების დაცვა.


მუხლი 6. ცხოველის მიკედლება და მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები
1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ კანონმდებლობითა და ამ წესით  დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

გ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ვ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა;

ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

თ) მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება, გონივრული პერიოდულობით, მიმკედლებლისთვის წინასწარი შეტყობინებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

9. თუ შემოწმების შედეგად ან უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, რომ მიმკედლებელი არ უზრუნველყოფს ცხოველის კეთილდღეობას ან არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მიკედლების შეწყვეტის შესახებ და უზრუნველყოფს ცხოველის შემდგომ მართვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.        


მუხლი 7. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა
1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას.

2.   პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული:

ა)  ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა;

დ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია;

თ) ცხოველის დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის ჩატარების შემდეგ ცხოველს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს ვეტერინარული მომსახურება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

6. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსება), ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

8. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება:

ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა;

დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ჰყავს პატრონი;

ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.

9. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე  ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას/აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში – ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას. თავშესაფრიდან გარემოში ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო კატის შემთხვევაში − ამ წესით განსაზღვრული იდენტიფიკაციის საშუალებით.  თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია  ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

10. ძაღლის გარემოში დაბრუნებისას დაცული უნდა იქნეს საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემო, კერძოდ, აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.

11. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 8. ცხოველის ევთანაზია
 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ)  სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან/და სიცოცხლისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა.

8. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:

ა) დახრჩობით;

ბ) გაგუდვით;

გ) მოწამვლით;

დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;

ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;

ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;

ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;

თ) სხვა არაჰუმანური მეთოდებით, მათ შორის, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვა-წამებას, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას.

 


მუხლი 9. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო
1. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა  ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“.

2. ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით  და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:

ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) საშენის რეგისტრაციას;

დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას;

ზ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით  და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს;

თ) სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობის გაცემას ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე;

ი) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონმქვემდებარე აქტებით, გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

 


მუხლი 10. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება და პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1.  ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე (შემდგომში – საჯარო მოხელე).

3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  103-ე, 1032 - 1034 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები განისაზღვრება „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილებით.

 


მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ წესში, წესრიგდება „შინაურ ბინადარ ცხოვლეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.