„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1547-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 240090000.05.001.103077
1547-Vმს-XIმპ
29/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
240090000.05.001.103077
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო

1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო.

3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს უფლება აქვს, აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურების სანაცვლოდ განახორციელოს. მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს ამ მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს.

მუხლი 4. ინვესტორის უფლებები

1. ინვესტორს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს მეშვეობით;

ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს მეშვეობით;

გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემას და მის მიერ ქონების შეძენას, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ინვესტიციების სააგენტოსთან.“.

2. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო ვალდებულია აწარმოოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების სისტემატური მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისთვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინვესტიციების სააგენტო შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს უფლება აქვს, მაკონტროლებელი ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

29 აპრილი 2026 წ.

N1547-Vმს-XIმპ