დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეკონომიკისა
და
მდგრადი განვითარების
მინისტრის
ბრძანება № 1-1/109 2026 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი |
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 5 მარტის №01/435 განცხადება (სამინისტროში რეგისტრირებულია 9 მარტს №2801/20) - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: დეპარტამენტი ახორციელებს E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში - პროექტი), რომელიც ფინანსდება საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული 2025 წლის 06 ოქტომბრის სასესხო შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 12 ნოემბრის №1049-IVმს-XIმპ დადგენილებით). საპროექტო გზა მოიცავს სარფი-ბათუმის მონაკვეთს და მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. გადის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად და კვეთს მდინარე ჭოროხს 4673 მ სიგრძის ხიდით. საავტომობილო გზა მთავრდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ოთხზოლიანი კვანძის მოწყობა გზის დასაწყისში (მდ.ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე), ორზოლიანი ხიდის მშენებლობა ჭოროხზე, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა და ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა არსებულ გზასთან შეერთების ზონაში. გზის სავალი ნაწილის სიგრძეა 11 კმ (3.75 მეტრი სიგანის ზოლებით), ორივე მხარეს 1.75 მ სიგანის გვერდულებით. ბათუმი–სარფის საპროექტო გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს დააკავშირებს თურქეთის რესპუბლიკასთან. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ შპს „ორბი ბეტონის“ (ს/ნ 448382090) საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე 16426 კვ.მ არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის 78 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული ღობის და ჭიშკრის (საკადასტრო კოდი: №05.35.28.185), ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე 16426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.35.28.185) მესაკუთრეა შპს „ორბი ბეტონი“ (ს/ნ 448382090). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ორბი ბეტონის“ საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე 16426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 78 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ღობე და ჭიშკარი (საკადასტრო კოდი №05.35.28.185). საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. E- 70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შპს „ორბი ბეტონის“ (ს/ნ 448382090) საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, კოწია ერისთავის ქუჩა №16-ში მდებარე, 16426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 78 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მასზე არსებულ ღობეზე და ჭიშკარზე), საკადასტრო კოდი № 05.35.28.185. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები