დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.22.022.018838 |
|
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტის (შემდგომ – პროექტი) შეფასებისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს. 2. კონკურსის მიზანია ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო ინტერესების გაღვივება და წახალისება, ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოვლენა, სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, სტუდენტთა ჩართულობის ზრდა საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესებში; მათი კვლევითი უნარების განვითარებისა და სამეცნიერო კარიერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 3. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომ – ფონდი). 4. კონკურსის დაფინანსებისთვის შესაძლებელია, არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყარო. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება გამოყენებულ ტერმინებს, ამ დებულების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ამ დებულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; გ) ბაკალავრიატის სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე სტუდენტი, რომელიც სწავლობს საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; დ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასრულებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ე) პროექტის ხელმძღვანელი – საქართველოს მოქალაქე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელიც არის ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტის მიმდინარეობას, პასუხისმგებელია პროექტის შედეგზე, ასევე ფონდისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და წარდგენაზე; ვ) ძირითადი პერსონალი – პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი; ზ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; თ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთება – პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების შინაარსობრივი დასაბუთება; ი) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად კომისიის წევრ(ებ)ისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით; კ) საკონკურსო კომისია – კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ პროექტებს, ამ დებულებით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; ლ) გრანტის მიმღები – წამყვანი ორგანიზაცია და ძირითადი პერსონალი; მ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებს, ფონდს და თანადამფინანსებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს პროექტის განხორციელების პირობებს, მონიტორინგისა და ანგარიშგების, პროექტის შეჩერების, დასრულების ან შეწყვეტის წესს; ნ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ო) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროექტის ანგარიშს; პ) პროექტის ანგარიში – ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; ჟ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმება და საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენა ამავე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან; რ) სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი – მეცნიერებით, კვლევითა და აკადემიური უნარების განვითარებით დაინტერესებულ სტუდენტთა გაერთიანება; ს) სეზონური სკოლა – მოკლევადიანი შემეცნებითი პროგრამა წლის კონკრეტულ პერიოდში. შესაძლებელია განკუთვნილი იყოს სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის ან ახალგაზრდა მკვლევრებისთვის; ტ) სამეცნიერო ლექციები და საჯარო საუბრები – აკადემიური გამოსვლა ან პრეზენტაცია, რომლის მიზანია სამეცნიერო ცოდნის გადაცემა, ახსნა ან ახალი კვლევის შედეგების გაცნობა; უ) სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – აკადემიური ღონისძიება სტუდენტების მონაწილეობით, რომლის დროსაც წარმოადგენენ და განიხილავენ სამეცნიერო კვლევებსა და ნაშრომებს; ფ) სამეცნიერო ვებგვერდი, ვიდეორგოლი, აუდიო-ან ვიდეოგადაცემა – მეცნიერების პოპულარიზაციის თანამედროვე ფორმები, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის მარტივად და გასაგებად წარმოაჩენს შესაბამის სამეცნიერო საკითხს; ქ) შემეცნებითი აქტივობები სკოლაში – სტუდენტების მონაწილეობით მეცნიერების პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებში. შესაძლებელია ითვალისწინებდეს სამეცნიერო ლექციებსა და პრეზენტაციებს, ინტერაქტიულ გაკვეთილებს, თემატურ კვირეულებს და სხვა; ღ) საბავშვო უნივერსიტეტი – სამეცნიერო საკომუნიკაციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს გამოჩენილი და წარმატებული მეცნიერების, აგრეთვე კვლევებისა და ინოვაციების სააგენტოების/კომპანიების წარმომადგენლების მიერ სამეცნიერო შინაარსის კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას მოსწავლეებისთვის; ყ) მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალი/პიკნიკი – მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიება, რომელიც აერთიანებს მეცნიერების შესახებ სახალისო, თვალსაჩინო და ინტერაქტიულ აქტივობებს; შ) სამეცნიერო ბანაკი – მეცნიერების პოპულარიზაციის შემეცნებითი ღონისძიება სტუდენტებისთვის, მათი სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებისა და აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში მოტივაციის გაზრდის მიზნით; ჩ) თანადამფინანსებელი – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს პროექტს; ც) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა. მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება 1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი, ამ წესითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) კონკურსის გამოცხადებას; გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან; დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას; ე) საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების განხილვას შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, რანჟირებული სიის დადგენას; რანჟირებულ სიებზე დაყრდნობით გამარჯვებული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანას; ვ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას; ზ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს. მუხლი 4. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ძირითად პერსონალს, წამყვან ორგანიზაციასთან ერთად. 2. ძირითადი პერსონალი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ადამიანისაგან. 3. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. მუხლი 5. კონკურსის პირობები 1. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ პროექტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს შემდეგი აქტივობები: ა) სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი; ბ) სეზონური სკოლები; გ) სამეცნიერო ლექციები და საჯარო საუბრები; დ) სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები; ე) სამეცნიერო ვებგვერდი, ვიდეორგოლი, აუდიო-ან ვიდეოგადაცემა; ვ) შემეცნებითი აქტივობები სკოლაში; ზ) საბავშვო უნივერსიტეტი; თ) მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალი/პიკნიკი; ი) სამეცნიერო ბანაკი. 2. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 თვე. 3. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს (ძირითადი პერსონალი), მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. 4. დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება. მუხლი 6. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს, ერთი პროექტისთვის 15 000 ლარს. 2. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას; ბ) მივლინებას; გ) საქონელსა და მომსახურებას; დ) არაფინანსურ აქტივებს. 3. პროექტის ხელმძღვანელის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს თვეში, ხოლო სხვა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს თვეში. 4. გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის და მობილური ტელეფონის შეძენა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული კლასიფიკატორით. 6. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან. 7. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით. ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7. პროექტების შეფასება 1. კონკურსზე დარეგისტრირებულ პროექტებს აფასებს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია. 2. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 3. საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 4. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საკონკურსო კომისიას და განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის მუშაობის წესს. 5. საკონკურსო კომისია დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით პროექტებს აფასებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. 6. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაფინანსდება ის პროექტი, რომელსაც ნაკლები თანხა აქვს ფონდიდან მოთხოვნილი. 7. გენერალური დირექტორი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ პროექტებს. მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს ამავე კონკურსის მონაწილე. 2. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასწავლის კონკურსში მონაწილე პირს. 3. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში. 4. არ შეიძლება პროექტების შეფასების და დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს საკონკურსო კომისიის წევრი, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში ან პროექტში მონაწილე პირის ნათესავია. 5. ამ დებულების მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდა დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით. მუხლი 9. საგრანტო ხელშეკრულება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტში მონაწილე წამყვან ორგანიზაციებთან, თანადამფინანსებელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალთან, რომელშიც დეტალურად გაიწერება ურთიერთვალდებულებათა პირობები. მუხლი 10. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. გრანტის მიმღები ვალდებულია საანგარიშო პერიოდის ბოლოს, ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, ფონდს წარუდგინოს პროექტის ფარგლებში განხორცილებული პროგრამული აქტივობებისა და გაწეული ხარჯების დოკუმენტირებული ანგარიში. 2. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომლის დროსაც განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და ადგენს შესაბამის განხილვის აქტს. 3. მონიტორინგი მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს: ა) ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან; ბ) პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და, ასევე, პროექტის შეფასება შესაბამისი ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით. 4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის (მუხლის) ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას. ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის შიგნით, ქვეკატეგორიებს შორის თანხების გადანაწილების ცვლილება არ საჭიროებს ფონდთან შეთანხმებას, თუ აღნიშნული ცვლილება არ ითვალისწინებს ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის მთლიანი ოდენობის გაზრდას, არ გულისხმობს ახალი ქვეკატეგორიის დამატებას და არ ეხება პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას. ამასთან, პროექტის ბიუჯეტის დასაბუთებაში მითითებული ჩანაწერებისგან განსხვავებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღებს მოსთხოვოს დამატებითი დასაბუთება გაწეული ხარჯის მიზნობრიობის დასადგენად და მიღებული განმარტებით იხელმძღვანელოს ხარჯის მიზნობრიობის განხილვისას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება პროექტის დასრულებისას არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას. 5. ფონდი არ არის ვალდებული, განახორციელოს მონიტორინგი საგრანტო პროექტის იმ ამოცანებზე, რომელთა შესრულების დამადასტურებელი შედეგები არ არის გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებით. 6. გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შემოწმების საფუძველზე მომზადებული განხილვის აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ მომავალ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას. 7. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 11. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ: ა) მოხდა შესაბამისი გრანტის მიმღები დაწესებულების ლიკვიდაცია; ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია. 2. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად. 3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად თუ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეებს შორის გაფორმებულია შედარების აქტი (მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ) და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. მუხლი 12. დამატებითი მოთხოვნები გრანტის მიმღებთა მიმართ 1. გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების ამსახველ გამოცემებში მიუთითოს, რომ პროექტი განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი ...]“ / „This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number …]“. 2. საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილ ვიზუალურ პროდუქციაზე (ნაბეჭდ, ფოტო, აუდიო, ვიდეო, ელექტრონულ პროდუქციაზე და ვებგვერდზე) სავალდებულოა განთავსდეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლოგო და მითითებული იყოს, რომ საგრანტო პროექტი განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“. 3. საგრანტო პროექტის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელებისას სავალდებულოა გამოყენებული იყოს საკვანძო სიტყვა „ჰაშტაგები“: #SRNSFG ან #რუსთაველისფონდი ან #რუსთაველისგრანტი. 4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროექტის აბსტრაქტი, პროგრამული ანგარიშები და ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის ანგარიშში, ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში, განათავსოს ფონდის ვებგვერდებზე. მუხლი 13. პროექტების შეფასების კრიტერიუმები 1. კომისიის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 15 ქულა. 3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 9 ან მეტი ქულა. 4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. 5. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები