„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 61-10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016849
61-10
17/04/2019
ვებგვერდი, 16/04/2026
480610000.03.030.016849
„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა

და

კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას

შორის

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა სურვილით განავითარონ მეგობრობასა და ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ და ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანასწორუფლებიანობისა და ორმხრივი ინტერესის პრინციპებზე დაყრდნობით.

მუხლი 2

1. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებებით:

a. ჯანდაცვის სექტორის მოწყობა და მოდერნიზაცია;

b. ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებათა პრევენცია;

c. გამოცდილების გაზიარება გადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის საკითხებზე;

d. ჯანმრთელობის მეცნიერებები;

e. თანამშრომლობის განვითარება სამედიცინო განათლების (მ.შ. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლება) სფეროში.

2. აღნიშნული თანამშრომლობის სფეროები წარმოადგენს მხოლოდ ზოგად მიმართულებებს და არ გამორიცხავს სხვა საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ინფორმაციისა და სპეციალისტთა გაცვლას.

მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობის მეთოდებია:

a. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლა;

b. ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

c. ერთობლივი სემინარების ორგანიზება;

d. დელეგაციებისა და ექსპერტების გაცვლა;

e. ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით თანამშრომლობის სხვა შეთანხმებული ფორმების გამოყენება.

მუხლი 4

თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, მივლინების ყველა ხარჯი დაიფარება გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

მუხლი 5

ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამ შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლში მოცემული წესის შესაბამისად.

მუხლი 6

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 7

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.


შესრულებულია 2019 წლის 17 აპრილს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თოთოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო

საქმეთა მინისტრი

კვიპროსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

 

ნიკოს ხრისტოდულიდისი

კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა მინისტრი