დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/23705-25 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 24/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი სხდომის მდივანი – მარეხ ბაკაშვილი
|
განმცხადებელი (მოვალე) – სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554)
დირექტორი – თენგიზ ბალუაშვილი წარმომადგენელი – გიგა სულაქველიძე რეაბილიტაციის ზედამხედველი - ნატალი ჭუჭულაშვილი კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“ წარმომადგენელი – მარიამ ტაბიძე კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი – თორნიკე რუსია კრედიტორები – შპს „მარიტელი“, შპს „ოლან“ წარმომადგენელი (დირექტორი) – ალექსი შავგულიძე მოთხოვნა – რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის საკითხი და გამოარკვია: 2025 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მართვაში დატოვების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ნატალი ჭუჭულაშვილი, რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოვალე სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 227744554) წარმომადგენლის გიგა სულაქველიძის მიერ 2025 წლის 5 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადება (№11787404) არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინება. 2025 წლის 06 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოვალე სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ წარმომადგენელმა წარმოუდგინა მოვალის საქმიანობის ანგარიში. ხოლო 2025 წლის 6 ნოემბერს სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ რეაბილიტაციის ზედამხედველმა წარმოადგინა მოვალის საქმიანობის ანგარიში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელის თეონა კვინიკაძის შუამდგომლობა მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 9 სექტემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნათია ბერეკაშვილის შუამდგომლობა და სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლის თეონა კვინიკაძის შუამდგომლობა განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება, განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ. 2026 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოვალე სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ წარმომადგენელმა ალექსანდრე გიოშვილმა წარმოუდგინა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ რეაბილიტაციის გეგმის მოკლე მონახაზი. 2026 წლის 05 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა კრედიტორ სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა სალომე იაშაღაშვილმა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით, რადგან როგორც განმცხადებელი უთითებს, 02.03.2026 წელს ამოიწურა კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის მოწონების კანონით გათვალისწინებული ვადა, ისე რომ სასამართლოსათვის არ არის წარმოდგენილი კრედიტორთა მოწონებული რეაბილიტაციის გეგმა და არც კრედიტორთა გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ. სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა/მემოწმების შედეგების და სპეციალური კანონით გათვალისწინებული რიგი საკითხების გარკვევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 06 მარტის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს ზეპირი მოსმენის სხდომა 2026 წლის 17 მარტს. 2026 წლის 17 მარტს გამართულ სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს მიერ მოხდა ზემოაღნიშნული საკითხების გამოკვლევა და გაირკვა შემდეგი: მოვალე კომპანიის წარმომადგენელს არ ჰქონია კომუნიკაცია რეაბილიტაციის ზედამხედველთან ან კრედიტორებთან, კრედიტორთა მიერ არ მომხდარა წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვა/მოწონება, ამასთან, არც კრედიტორთა კრება ჩატარებულა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ვადის გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ წარმომადგენელმა გაუშვა კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა და ასევე, არ მომხდარა დამატებით, ერთჯერადად 3-თვიანი ვადით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ვადის გაგრძელება. გარდა ამისა, სასამართლოს სხდომაზე რეაბილიტაციის ზედამხედველმა განმარტა, რომ სასამართლოში 2026 წლის 30 იანვარს განმცხადებლის წარმომადგენლის ალექსანდრე გიოშვილის მიერ წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის მოკლე მონახაზი არ ყოფილა მასთან განხილული და შეთანხმებული. სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი შეცვლილი უნდა იქნეს გაკოტრების რეჟიმით შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა. სასამართლო განმარტავს, რომ გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის საწინდარი რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვაა; ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევის მიზნით ეტაპობრივად განსახორციელებელი რიგ ღონისძიებათა ერთობლიობას და რომელთა სრულყოფილად და დროულად შესრულების შედეგად უნდა მოხდეს არა მხოლოდ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი საწარმოს გადარჩენა, არამედ კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური, თანმიმდევრული დაკმაყოფილება. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმას ზედამხედველთან ერთად მართვაში მყოფი მოვალე ადგენს, თუმცა რეაბილიტაციის გეგმა კრედიტორთა მხრიდან მოწონებას საჭიროებს. სპეციალური კანონის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტს რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი შედგენისთანავე უგზავნის ყველა ცნობილ კრედიტორს და მოვალის ყველა პარტნიორს. ამდენად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველის შედგენისთანავე უნდა გაეგზავნოს ყველა იდენტიფიცირებულ კრედიტორსა და მოვალის ყველა პარტნიორს. კრედიტორთა მიერ მოწონების შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 1. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ამ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი კრედიტორთა მიერ მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კრედიტორთა მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ რეაბილიტაციის მიღწევას და ეფექტიანად წარმართვას კანონმდებელი უკავშირებს მისი დადგენილი წესით და ვადებში წარმოებას. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების კანონმდებლობით დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლას შედეგად მოყვება მოვალის გაკოტრების რეჟიმში გადასვლა. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ მოიწონებენ, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (ს/კ 227744554) მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება აღნიშნული განჩინების გამოტანიდან სასამართლოში კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არ მომხდარა კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება; არც კრედიტორთა კრებას მიუღია გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლი გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს კრედიტორთა კრებაზე გეგმის პროექტის მოწონების პროცესს, კრების გადაწყვეტილებაუნარიანობას და მონაწილე კრედიტორთა ხმის უფლების განსაზღვრას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ტოლფასი გადაწყვეტილების ალტერნატიული პროცედურების გამოყენებით მიღება. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში არც მსგავსი ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი არ დასტურდება. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები., ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად საპროცესო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს საპროცესო მოქმედება ორი სახისაა, კანონისმიერი, როდესაც საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, რომელსაც სასამართლო განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, როდესაც კანონით არ არის დადგენილი. ამდენად, სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (ს/კ 227744554) მიმართებით დარღვეულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონებისა და მისი სასამართლოში წარმოდგენის სპეციალური კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც მოვალე სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (ს/კ 227744554) მიმართ უნდა მოხდეს არსებული რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლა (კონვერსია). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ერთ-ერთ სიახლედ მიიჩნევა კონვერსია, რაც თავის მხრივ, დაწყებული რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლას, რა დროსაც, უწყვეტად გრძელდება დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (ს/კ 227744554) მიმართ არსებული რეაბილიტაციის რეჟიმი უნდა შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2026 წლის 24 მარტს წარმოდგენილ იქნა სს „თიბისი ბანკის“ (ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორისა და კრედიტორთა ჯამური ხმების დაახლოებით 57.98%-ს მფლობელის) წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც იგი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად ნიშნავს ნატალი ჭუჭულაშვილს. სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, 81-ე, 82-ე, 95-ე, 99-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მოხდეს კონვერსია და რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით. 2. რეაბილიტაციის ზედამხედველს ნატალი ჭუჭულაშვილს (პ/ნ: 40001033404) შეუწყდეს უფლებამოსილება. 3. შერჩეულ იქნეს გაკოტრების მმართველი. 4. სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (ს/კ 227744554) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი. 5. სპს „თენგიზ ბალუაშვილი ქართული ვაზი და ღვინოს“ (ს/კ 227744554) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ნატალი ჭუჭულაშვილი (პირადი ნომერი: 40001033404; მობილური ტელეფონი: 555 559 558; ელ. ფოსტა: natalitchutchulashvili@gmail.com, სამუშაო ადგილის მისამართი: ქ.თბილისი, ბობ უოლშის 32, ბ. 105; სტატუსი – მუდმივი); 6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად: ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება; ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა; გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში; ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა; თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება; 7. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი, ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული / არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება. 9. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში. 10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს. 11. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას. 12. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ბ) აწარმოოს დავები; გ) განახორციელოს შეცილება; დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა; ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება; ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები; ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება; თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 13. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 14. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით, მოიწვიონ კრედიტორთა კრება. 15. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ძალას ინარჩუნებს. 16. განჩინება, რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდზე; ასევე რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ). 17. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 18. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/); მოსამართლე: ლიანა კაჟაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები