„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 280080020.10.003.025662
113
18/03/2026
ვებგვერდი, 18/03/2026
280080020.10.003.025662
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2026 წლის 18 მარტი

   ქ. თბილისი

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2021, 280080020.10.003.023107) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომში – კონვენცია) 33-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას კონვენციის განხორციელების/იმპლემენტაციის კოორდინაციასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი  (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის  უფროსი – კომიტეტის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომიტეტის წევრი;

გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომიტეტის წევრი;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ვ) საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ზ) საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომიტეტის წევრი;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ო) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

პ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ჟ) სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი – კომიტეტის წევრი;

რ) სსიპსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომიტეტის წევრი;

ს) სსიპიურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორი – კომიტეტის წევრი;

ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – კომიტეტის წევრი.

2. კომიტეტის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ შემდეგი დაწესებულებების/უწყებების წარმომადგენლებს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;

დ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

ე) საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია;

ვ) საქართველოს სახალხო დამცველი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი);

ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ი) ა(ა)იპ − საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია;

კ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ლ) კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან თემატურად დაკავშირებული შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.

3. კომიტეტის მუშაობაში შეიძლება მიწვეულ იქნენ მუნიციპალიტეტებთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოებისა და ამ საკითხებზე მომუშავე სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლები.

მუხლი 2

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ უწყებებს ეთხოვოთ, კომიტეტის თავმჯდომარეს დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ კომიტეტის წევრობის კანდიდატურები და ექსპერტულ დონეზე მონაწილე/საკონტაქტო პირები.

2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული უწყებების მიერ განსაზღვრული კომიტეტის წევრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომიტეტის თავმჯდომარეს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დებულებაჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

 

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) წარმოადგენს, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომში – კონვენცია) განხორციელების მიზნით, უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ  მექანიზმს.

2. კომიტეტი წარმოადგენს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საკონტაქტო უწყებას, რომლის მუშაობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი (შემდგომში − ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი). კომიტეტი/საკონტაქტო უწყება უზრუნველყოფს კონვენციისა და კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობას.

3. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

4. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

5. კომიტეტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. კომიტეტის ამოცანები

კომიტეტის ამოცანებია:

ა) კონვენციის განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით;

ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მათ შორის,  მუნიციპალიტეტის ორგანოებთან   თანამშრომლობით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციებისა და ეროვნული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა და კოორდინაცია;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, კონვენციის შესრულების შესახებ გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტისთვის პერიოდული ანგარიშების, ასევე, საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მომზადების პროცესის კოორდინირება;

ე) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ასახული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებული ხარვეზების, ნაკლოვანებებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება; 

თ) კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 3. კომიტეტის უფლებამოსილებები

1. კომიტეტის უფლებამოსილებებია:

ა) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კონვენციის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უწყებათაშორისი კოორდინაცია კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საჭიროებების კვლევა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა;

ბ) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და უზრუნველყოს უწყებათაშორისი კოორდინაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი აღსრულების მიზნით;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები, მოკვლევები და მოამზადოს სათანადო პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;

დ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო დაწესებულებებიდან  გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს საჭირო ინფორმაცია;

ვ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გამომდინარეობს ან/და აუცილებელია ამავე დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

2. კომიტეტის ამოცანების აღსრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები გამოიყოფა „შეზღუდული შესაძლებლობის   მქონე   პირთა   უფლებების   შესახებ“  საქართველოს  კანონის  24-ე მუხლით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

მუხლი 4. საკონსულტაციო საბჭო

1. კომიტეტის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა და შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციათა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო.

2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა:

ა) საკონსულტაციო საბჭოს 51%-ს შეადგენს:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ პირია);

ა.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/აქტივისტი;

ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაცია (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ ქალია);

ა.დ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;

ა.ე) 18 წელს მიღწეული მხარდაჭერის მიმღები პირი და/ან მისი კანონიერი მხარდამჭერი;

ა.ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ა(ა)იპ − კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ პირი/18 წლამდე ბავშვის მშობელი/18 წელს ზემოთ მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერია და რომელიც შშმ პირებს აწვდის შემდეგ სერვისებს: ინფორმირება, მხარდაჭერილი რეფერალი, ურთიერთდახმარება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება);

ბ) საკონსულტაციო საბჭოს დანარჩენ შემადგენლობაში, რომელიც შეადგენს 49%-ს, შეიძლება შევიდნენ:

ბ.ა) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია;

ბ.ბ) შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია;

ბ.გ) შშმ პირთათვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია;

ბ.დ) საქართველოში მოქმედი შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია.  

3. განცხადების წარდგენა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში გაწევრიანების მსურველი ორგანიზაციისათვის ან პირისთვის შესაძლებელია  ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი).

4. განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მუშაობის/მოხალისეობის უწყვეტი მინიმუმ   3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი მასალა და სამოტივაციო წერილი. საკონსულტაციო საბჭოში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული და მასში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს. საკონსულტაციო საბჭოს წევრის შერჩევას ახორციელებს საკონკურსო კომისია.

5. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობიდან გასვლა/შეწყვეტა ხდება ნებაყოფლობით, კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმირების გზით ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, შემდეგი გარემოებების საფუძველზე:

ა) საჯარო დაწესებულებაში დასაქმება;

ბ) კომიტეტის საქმიანობის ხელშემშლელი ქმედება;

გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება კომიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

6. საკონკურსო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომიტეტის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს სახალხო დამცველის (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის) წარმომადგენელი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციის  წარმომადგენელი.

7. საკონკურსო კომისია ვალდებულია, გაასაჯაროოს საკონსულტაციო საბჭოს წევრების ვინაობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის პირველად ვერსიას, კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალთან ერთად, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი კომიტეტის სხდომამდე ორი კვირით ადრე უგზავნის საკონსულტაციო საბჭოს ყველა წევრს.  საკონსულტაციო საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან, წარადგინონ დასაბუთებული მოსაზრებები წარმოდგენილ დღის წესრიგსა და კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალთან დაკავშირებით, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით აისახება კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში.

9. საკონსულტაციო საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან, დაესწრონ კომიტეტის სხდომებს, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტის სხდომამდე ორი კვირით ადრე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ინფორმაციას აწვდის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი.

მუხლი 5. თემატური სამუშაო ჯგუფები

1. კომიტეტი, საკონსულტაციო საბჭოსთან კოორდინაციის გზით, ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს კონკრეტული მიზნითა და განსაზღვრული ვადით.  

2. თემატური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ  საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს/დაწესებულების (ადმინისტრაციული ორგანოს) წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები, ექსპერტები და სამუშაო ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები.

3. თემატური სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომიტეტის წინაშე.

4. თემატური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს თემატური მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით;

ბ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია თემატური სამუშაო ჯგუფებისთვის კომიტეტის მიერ განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად.

5. თემატური სამუშაო ჯგუფი მის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, წინადადებებსა და ანგარიშებს წარუდგენს კომიტეტსა და საკონსულტაციო საბჭოს.

6. საჭიროებისამებრ, თემატური სამუშაო ჯგუფის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი.

მუხლი 6. კომიტეტის მუშაობის ორგანიზება

1. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და სხდომებს წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე.

2. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მოიწვიოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა.

3. კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსით.

4. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე, წევრებთან შეთანხმებით.

5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე წევრთა 1/3-ზე მეტი.

6. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/4-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომიტეტის სხდომა შესაძლებელია გაიმართოს როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული და ჰიბრიდული ფორმით. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ჟესტური ენის თარგმანით.

8. კომიტეტის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

9. კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიწვეულ იქნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, სამოქალაქო ან საერთაშორისო ორგანიზაციისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, შშმ პირები, თუ მათი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესასწავლად ან/და კვალიფიციური გადაწყვეტილების მისაღებად.

10. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი აქვეყნებს სხდომის ოქმს, ყველასთვის მისაწვდომი ფორმით, მათ შორის, ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით.

მუხლი 7. კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანა

კომიტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.