სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ

სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025655
106
12/03/2026
ვებგვერდი, 13/03/2026
360160000.10.003.025655
სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2026 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პლასტმასის ნარჩენების წარმოქმნისა და მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით:

1. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.

2. 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალოს პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

3. ამ მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა  საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე;

ბ) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ სხვა სასმელებზე.

4. ექსპორტის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა  საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის ან/და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:

ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდა ამ მუხლის „ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული სასმლის იმპორტისას, მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

სურსათის კატეგორია − სასმელები

 

სასმელები

სეს ესნ კოდი

 

არაალკოჰოლური (უალკოჰოლო) სასმელები

 

 

წყალი, მათ შორის, ნატურალური მინერალური წყალი, გაზირებული ან არაგაზირებული

 

2201

ხილისა და ბოსტნეულის წვენები

2009

 

ხილის ნექტრები, ბოსტნეულის წვენები და მსგავსი პროდუქტები; არომატიზებული სასმელები; სასმელები ჩაის, ყავის, კაკაოს ფუძეზე; სხვა გაზირებული არაალკოჰოლური (უალკოჰოლო) სასმელები

 

2202

ალკოჰოლური სასმელები

 

 

ალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, ალკოჰოლის დაბალი შემცველობის სასმელები) მათ შორის: ლუდი და ალაოს სასმელები; ღვინო და ღვინის სხვა პროდუქტები; ვაშლისა და მსხლის სიდრი; ხილის ღვინო; თაფლის ალკოჰოლური სასმელი; სპირტიანი სასმელები; არომატიზებული ღვინის ფუძეზე (საფუძველზე)  მომზადებული სასმელები; არომატიზებული ღვინოები; არომატიზებული, ღვინის ფუძეზე (საფუძველზე) მომზადებული სასმელები; არომატიზებული, ღვინის პროდუქტების კოქტეილები; სხვა ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური (უალკოჰოლო) სასმელების მიქსტურები და სპირტიანი სასმელები 15%-ზე ნაკლები მოცულობითი სპირტს შემცველობით

2203

2204

2205

2206

2208