დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310090000.22.101.016026 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2026 - 13/03/2026)
|
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიღების პროცედურას. 2. წესი არ ვრცელდება იმ საგზაო სამუშაოების მიღებაზე, რომელთა მიღების წესი განსაზღვრულია „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებით. 3. ამ წესის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული საავტომობილო გზის ცნებაში გაერთიანებული, მისი შემადგენელი ნაწილების მოწყობის მიზნით განხორციელებული სამუშაოები, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის მასში განმარტებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საავტომობილო გზა – საავტომობილო გზის ცნება განისაზღვრება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) ასფალტ-ბეტონის ნარევის დაგების ჟურნალი – დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საგზაო სამუშაოს დასახელება, მოცულობები, ფენილის კონსტრუქცია, დაგების და დატკეპნის ტექნოლოგია, კლიმატური პირობები და მდგომარების პერიოდული აღწერა; გ) ასფალტ-ბეტონის და ცემენტ-ბეტონის ნარევის, ასევე საფარიდან ამოღებული ნიმუშების ლაბორატორიული დასკვნა – დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ასფალტო-ბეტონის და ცემენტო-ბეტონის ნარევის, ასევე საფარიდან ამოღებული ნიმუშების ფიზიკო-მექანიკური და ქიმიური მაჩვენებლები, მათი შესაბამისობა სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნებთან; დ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდების ოქმი – საგზაო სამუშაოებში გამოყენებული მასალების ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა; ე) დასრულებული სამუშაოს მიღება – ზედამხედველის მიერ დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატის გამოცემა; ვ) დასრულებული სამუშაო – დასრულებული პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის სამუშაო; ზ) დეპარტამენტი – საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; თ) ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაცია, რომელიც ამ წესით დადგენილ შემთხვევებში ახორციელებს ლაბორატორიული გამოცდებს, გამოკვლევებსა და გაზომვებს; ი) მიწის ვაკისის დატკეპნის საკონტროლო ჟურნალი – დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მიწის ვაკისის მოწყობის ტექნოლოგიური აღწერა – საპროექტო სიმაღლეების, ადგილმდებარეობის, ფენის სიმაღლის, დასატკეპნი ფენის სისქის, გრუნტის ფიზიკო-მექანიკური თვისებების, სატკეპნი მანქანა-მექანიზმების ტიპების მინიშნებით; კ) ობიექტი – კონკრეტული საავტომობილო გზა/საავტომობილო გზის მონაკვეთი/საავტომობილო გზის ცნებაში გაერთიანებული საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილი ან ზღვის/წყალსატევის ნაპირი ან მდინარის კალაპოტი, რომელზეც ხორციელდება საგზაო ან ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაო; ლ) რეცეპტი ასფალტ-ბეტონის და ცემენტ-ბეტონის მომზადებაზე – საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე გამოყენებული ასფალტ-ბეტონის ნარევის დაპროექტებული შემადგენლობა, 1ტ/1მ3 ნარევის მოსამზადებლად საჭირო კომპონენტები და მათი ფიზიკო-მექანიკური მაჩვენებლები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სამშენებლო ნორმებსა და წესებს; მ) ზედამხედველი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და მის საფუძველზე ახორციელებს საზედამხედველო მომსახურებას შესაბამისი სამუშაოს შესრულებაზე; ნ) საპროექტო ორგანიზაცია – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და მის საფუძველზე ახორციელებს/განახორციელა შესაბამისი სამუშაოსათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; ო) საგზაო სამუშაო – „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 აპრილის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, გარდა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისა; პ) სამუშაოთა წარმოების ჟურნალი – შესაბამისი სამუშაოს შესრულების მეთოდების, პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის სამუშაოს შესაბამისი სახეობების დაწყება-დამთავრების, მათი მოცულობების, წარმოების პირობების, ზედამხედველის შენიშვნების და მათი გამოსწორების, ხარისხისა და მათი საერთო მდგომარეობის სისტემატიური აღწერა; ჟ) ფორსმაჟორი – სტიქია, მეწყერი, წყალდიდობა, ეპიდემია, ომი, აჯანყება, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და დაუძლეველი ძალა ან ისეთი მოვლენა, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალა არის მოვლენები, რომლის წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ; რ) კონტრაქტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის სამუშაოს შესრულების შესახებ; ს) შესაბამისობის სერტიფიკატი (პასპორტი) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციაზე – ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული კონსტრუქციის მახასიათებლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ტ) შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათი – დეპარტამენტსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით გათვალისწინებული კონტრაქტორის მიერ შესრულებული საგზაო ან ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოს ანაზღაურების დოკუმენტი, რომელსაც ადგენენ და ხელისმოწერით ადასტურებენ კონტრაქტორი და ზედამხედველი ერთობლივად. აღნიშნული წარმოადგენს დეპარტამენტისათვის (სხვა თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე) კონტრაქტორთან ანგარიშსწორების ერთ-ერთ საფუძველს; უ) შესრულებული სამუშაოების მიღების აქტი – დოკუმენტი რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაოების (დასახელების) ჩამონათვალს, მოცულობას, სამუშაოების ერთეულისა და ჯამური ღირებულების მითითებით; ფ) ფარული სამუშაოების აქტი – საგზაო ან ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული ფარული სამუშაოების დადასტურება, ტექნოლოგიური ციკლის მომდევნო ეტაპის სამუშაოების ჩატარების გაგრძელების მოთხოვნით. მუხლი 3. სამუშაოების კატეგორიები ამ წესის მიზნებისათვის სამუშაოები თავისი სირთულისა და დანიშნულების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) პირველი კატეგორია – საავტომობილო გზის რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთების და საავტომობილო გზის ცნებაში გაერთიანებული, მისი შემადგენელი ნაწილების მოწყობის მიზნით განხორციელებული სამუშაოები; ბ) მეორე კატეგორია – საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები; გ) მესამე კატეგორია – ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოები და სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები. მუხლი 4. პირველი კატეგორიის დასრულებული სამუშაოების მისაღებად წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია და სამუშაოების მიღება 1. პირველი კატეგორიის სამუშაოების დასრულების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში კონტრაქტორი ზედამხედველსა და დეპარტამენტს აწვდის წერილობით ინფორმაციას სამუშაოების დასრულების შესახებ. 2. კონტრაქტორი სამუშაოების დასრულებიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში მიმართავს ზედამხედველს დასრულებული სამუშაოს მიღების სერტიფიკატის გამოცემის მოთხოვნით და წარუდგენს დასრულებული სამუშაოს ანგარიშს. 3. პირველი კატეგორიის დასრულებული სამუშაოს ანგარიში მოიცავს: ა) ინფორმაციას ობიექტის სრული დასახელების შესახებ, ობიექტის ზოგადი მიმოხილვითა და ძირითადი მახასიათებელი მაჩვენებლების მითითებით; ბ) შესრულებული სამუშაოების მიღების ბოლო აქტს; გ) სამუშაოთა წარმოების ჟურნალს; დ) ფარული სამუშაოების აქტს; ე) რეცეპტს ასფალტ-ბეტონის და ცემენტ-ბეტონის მომზადებაზე; ვ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნას; ზ) ასფალტ-ბეტონის ნარევის დაგების ჟურნალს; თ) ასფალტ-ბეტონის და ცემენტ-ბეტონის ნარევის, ასევე საფარიდან ამოღებული ნიმუშების ლაბორატორიულ დასკვნას; ი) შესაბამისობის სერტიფიკატ(ებ)ს (პასპორტ(ებ)ს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე; კ) მიწის ვაკისის ტკეპნის კოეფიციენტის ლაბორატორიულ დასკვნას; ლ) საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უკან დასაბრუნებელი და ფაქტობრივად არსებული სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების თაობაზე ჩამონათვალი. 4. ზედამხედველი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, კონტრაქტორს საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოთხოვოს სხვა დოკუმენტები. 5. ზედამხედველი, კონტრაქტორის მიერ წარდგენილი დასრულებული პირველი კატეგორიის სამუშაოს ანგარიშის შესწავლის შემდეგ, ადგილზე შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტის (ანგარიშის) შესაბამისობას შესრულებულ პირველი კატეგორიის სამუშაოებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან/დეფექტურ უწყისთან. 6. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ზედამხედველი, კონტრაქტორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატს და ადასტურებს შესრულებული სამუშაოების მიღების ბოლო აქტს, რომლებსაც 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეპარტამენტს. სერტიფიკატი ადასტურებს დასრულებული სამუშაოების მიღებას და მის შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან/დეფექტურ უწყისთან. 7. დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატის სისწორეზე პასუხისმგებელია კონტრაქტორი და ზედამხედველი. 8. დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატი გამოცემულად ითვლება უფლებამოსილი პირის ხელმოწერისთანავე. დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატში აისახება სამუშაოების დასრულებისა და მისი ძალაში შესვლის (უფლებამოსილი პირის ხელმოწერის) თარიღები. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, სერტიფიკატის გამოცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ზედამხედველის მიერ, რაზედაც დეპარტამენტს უნდა ეცნობოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში. 10. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, სერტიფიკატთან ერთად ზედამხედველი დეპარტამენტს წარუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მათ შორის, მასალების ინვენტარიზაციისა და დასაწყობების აქტს. მუხლი 5. მეორე კატეგორიის სამუშაოების მიღება 1. მეორე კატეგორიის სამუშაოების მიღების მიზნით, ზედამხედველი დეპარტამენტს წარუდგენს ზედამხედველის მიერ გამოცემულ შესრულებული სამუშაოების მიღების აქტს და შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათს. 2. ზედამხედველის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღების აქტისა და შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათის წარდგენის შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მონიტორინგს უწევს მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს, წარუდგენს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს შესრულებული სამუშაოების მიღების აქტსა და შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათს ანაზღაურების მიზნით. მუხლი 6. მესამე კატეგორიის შესრულებული სამუშაოების მიღება 1. მესამე კატეგორიის სამუშაოების მიღება ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით. 2. მესამე კატეგორიის სამუშაოების მიღების მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ანგარიში მოიცავს: ა) ინფორმაციას ობიექტის სრული დასახელების შესახებ, ობიექტის ზოგადი მიმოხილვითა და ძირითადი მახასიათებელი მაჩვენებლების მითითებით; ბ) შესრულებული სამუშაოების მიღების ბოლო აქტს; გ) სამუშაოთა წარმოების ჟურნალს; დ) ფარული სამუშაოების აქტს; ე) რეცეპტს ასფალტ-ბეტონის და ცემენტ-ბეტონის მომზადებაზე (საჭიროების შემთხვევაში, თუ პროექტით არის გათვალისწინებული); ვ) გამოყენებული ბეტონის ნარევის ამოღებული ნიმუშების ლაბორატორიულ დასკვნას (არსებობის შემთხვევაში); ზ) ასფალტ-ბეტონის დაგების ჟურნალს (საჭიროების შემთხვევაში, თუ პროექტით არის გათვალისწინებული); თ) ასფალტ-ბეტონის და ცემენტო-ბეტონის ნარევის, ასევე საფარიდან ამოღებული ნიმუშების ლაბორატორიულ დასკვნას (საჭიროების შემთხვევაში თუ პროექტით არის გათვალისწინებული); ი) შესაბამისობის სერთიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე (არსებობის შემთხვევაში); კ) მიწის ვაკისის ტკეპნის კოეფიციენტის ლაბორატორიულ დასკვნას (მსგავსი სახის სამუშაოების არსებობის შემთხვევაში); ლ) პროექტით გათვალისწინებული უკან დასაბრუნებელი ფაქტობრივად არსებული მასალების მიღება-ჩაბარების აქტს. მუხლი 7. დეპარტამენტსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შესრულებული პირველი და მესამე კატეგორიის სამუშაოების დადასტურება 1. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, პირველი ან მესამე კატეგორიის სამუშაოების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. 2. დეპარტამენტსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ზედამხედველი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს დეპარტამენტს და წარუდგენს კონტრაქტორთან გაფორმებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დადასტურების აქტს, საინვენტარიზაციო უწყისს და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ბარათს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თანხის დაკავებას, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დადასტურების აქტის, საინვენტარიზაციო უწყისის და ანაზღაურების ბარათის შესაბამისად შესრულებულ პირველი ან მესამე კატეგორიის სამუშაოებზე ხარვეზ(ებ)ის არარსებობის შემთხვევაში, კონტრაქტორს სრულიად უბრუნდება ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხის ნახევარი, ხოლო ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხის მეორე ნახევარი კონტრაქტორს უბრუნდება კონტრაქტორთან გაფორმებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დადასტურების აქტის, საინვენტარიზაციო უწყისის და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ბარათის გამოცემიდან საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ, კონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზ(ებ)ის არარსებობის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესრულებულ პირველი ან მესამე კატეგორიის სამუშაოებზე ხარვეზების არსებობის შემთხვევაში კონტრაქტორს საერთოდ არ უბრუნდება ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა. 5. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულ სამუშაოებს აღმოაჩნდება ხარვეზები და ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა არ არის საკმარისი, დამატებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დეპარტამენტი უფლებამოსილია კონტრაქტორს დეპარტამენტისაგან მისაღები სხვა თანხიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაუკავოს დამატებით გაწეული ხარჯები. მუხლი 8. სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების მიღების მიზნით გასათვალისწინებელი განსაკუთრებული პირობები 1. სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების მიღება ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი გამონაკლის(ებ)ის გათვალისწინებით. 2. სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების მიღებისას კონტრაქტორს არ უკავდება ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაოს სახიდან გამომდინარე აღნიშნული არ არის განსაზღვრული შესაბამისი ხელშეკრულებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების მიღებამდე ობიექტზე განვითარდა ფორსმაჟორული მოვლენები, ფორს-მაჟორული მოვლენების შედეგად დაღუპული კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ფორსმაჟორული მოვლენების განვითარებამდე ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღების აქტისა (ფორმა №2) და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ბარათის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ფორსმაჟორული მოვლენის შესახებ უნდა არსებობდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. მუხლი 9. საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიღება ფორსმაჟორული მოვლებების განვითარებისას 1. საგზაო ან/და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისას ფორსმაჟორული მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაღუპული კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ფორსმაჟორული მოვლენების განვითარებამდე ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დადასტურებული შესრულებული სამუშაოების მიღების აქტის (ფორმა №2), საინვენტარიზაციო უწყისისა და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ბარათის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონტრაქტორს სრულიად აუნაზღაურდება ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხა. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ფორსმაჟორული მოვლენის შესახებ უნდა არსებობდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. მუხლი 10. სამუშაოების მიღების დამატებითი პირობები 1. სამუშაოების მისაღებად ამ წესისაგან განსხვავებული პირობები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება დაწესდეს დეპარტამენტსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ზედამხედველი ვალდებულია დეპარტამენტის დავალებით წარმოადგინოს სამუშაოების ინვენტარიზაციის აქტი ამ წესის დანართის შესაბამისად. მუხლი 11. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განხორციელებული სამუშაოების მიღება საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ამ წესით განსაზღვრული პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, მათი მიღება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 12. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის სამუშაოების შესრულების შემთხვევაში მათი მიღება ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით და მათზე არ ვრცელდება ამ წესის მოქმედება. მუხლი 13. დოკუმენტების ფორმები ამ წესში განსაზღვრული ზოგიერთი დოკუმენტის ფორმა განისაზღვროს ამ წესის დანართის შესაბამისად: ა) სამუშაოების წარმოების ჟურნალის ფორმა (დანართი №1); ბ) ფარული სამუშაოების აქტის ფორმა (დანართი №2); გ) ასფალტ-ბეტონის ნარევის დაგების ჟურნალის ფორმა (დანართი №3); დ) ასფალტ-ბეტონის საფარიდან ამოჭრილი ნიმუშების შერჩევისა და გამოცდის ჟურნალი (დანართი №4); ე) შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათი (დანართი №5); ვ) დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატი (დანართი №6); ზ) შესრულებული სამუშაოს მიღების აქტი (დანართი №7); თ) სამუშაოების ინვენტარიზაციის აქტი (დანართი №8); ი) მასალების ინვენტარიზაციისა და დასაწყობების აქტი (დანართი №9). მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის ამოქმედებამდე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებულ/მიმდინარე იმ სამუშაოთა მიმართ, რომელიც არ არის მიღებული შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული კომისიური წესით, გავრცელდეს წესის მოქმედება, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესაბამის პირებთან ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში. 2. ამ წესის ამოქმედებამდე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებულ იმ სამუშაოთა მიმართ, რომლებიც დასრულებულია და არ არის მიღებული შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული კომისიური წესით, ობიექტზე ხარვეზების გამო, ზედამხედველთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, ზედამხედველმა გამოსცეს სამუშაოების დასრულების სერთიფიკატი ობიექტზე არსებული ფაქტობრივი დამაკმაყოფილებელი საექსპლუატაციო მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში სერტიფიკატში სამუშაოების დასრულების თარიღად მიეთითება სერტიფიკატის ძალაში შესვლის თარიღი. აღნიშნული ჩაითვლება შესრულებული სამუშაოების მიღებად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები