„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.017992
38
05/02/2026
ვებგვერდი, 06/02/2026
200230040.22.033.017992
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №38

2026 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, 172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51.  თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია უზრუნველყოს 3 წლის ვადით საგადასახადო დოკუმენტების შენახვა. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.“;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ფიზიკური პირი გარდაიცვალა.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მიმდინარე საგადასახადო წელს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი:

ა) გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს გაუუქმდება მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი გადაჭარბების დღიდან ან დაქირავებული პირის შრომის გამოყენების დაწყების დღიდან და მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი მიმართვის დღიდან და მის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით;

გ) არ გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) და საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი მიმართვის დღიდან და მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.“;

დ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მცირე ბიზნესისთვის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც  იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში და მიუხედავად ამ შემოსავლების ოდენობისა, მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარიანი  ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება.“;

ე) მე-12 მუხლის:

ე.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის დღიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან, გარდა ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

 ე.ბ) „მაგალითი 1“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაგალითი 1:

პირობა:

ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ 2023 და 2024 წლების განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თითოეული წლის მიხედვით შეადგინა 600 000 ლარი.

პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2025 წლის 10 იანვარს.

ანალიზი:

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერ 2023 და 2024 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის შემზღუდველი პირობა. ამასთან, ვაჭრობა არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი.

შედეგი:

საგადასახადო ორგანო გიორგის ანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს და გადასცემს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გიორგი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ჩაითვლება 2025 წლის 10 იანვრიდან. მის მიერ 10 იანვრიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.“;

ე.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

„6. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს სტატუსის გაუქმების წლის  მომდევნო საგადასახადო წლიდან და კვლავ მიიღოს სტატუსი.“;

ვ) მე-13 მუხლის „მაგალითი 2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაგალითი 2:

პირობა:

გიორგის მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფლობს „მინიმარკეტს“, სადაც ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობის ნაწილში 2024 წლის განმავლობაში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 200 000 ლარი. გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2024 წლის განმავლობაში შეადგინა 50 000 ლარი.

ამასთან, ამავე წელს მან:

  – ფიზიკური პირისგან პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი 6000 ლარის ოდენობით;

  • მაისის თვეში გაყიდა საცხოვრებელი სახლი 62000 ლარად, რომელიც წინა წელს შეძენილი ჰქონდა 50000 ლარად;

  – უცხოური საწარმოდან დივიდენდის სახით მიიღო 13000 ლარი;

  – რეზიდენტი საწარმოსგან ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი 15000 ლარი.

ანალიზი:

ამ შემთხვევაში გიორგის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას.

პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება.

იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ტიპის შემოსავალი არ არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც შემოსავალი, რომელიც არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში, იგი გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.

ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას.

შედეგი:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც გაითვალისწინება მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას, შეადგენს 250 000 ლარს (200 000+50 000).

პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი 6000 ლარი, ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი 12000 ლარი (62000-50000) და მიღებული დივიდენდი 13000 ლარი არ მიიღება მხედველობაში წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები ასევე იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

– მცირე ბიზნესის მიერ საქართველოში ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას მცირე ბიზნესისთვის დადგენილი 1%-იანი განაკვეთით ყოველთვიურად, რის თაობაზეც პირი შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას;

– პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი ჩაირთვება გიორგის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით,  საქმიანობის ამ ნაწილში გიორგი 2025 წლის 1 აპრილამდე წარადგენს საშემოსავლო გადასახადის 2024 წლის წლიურ დეკლარაციას;

– ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით. საქმიანობის ამ ნაწილში გიორგი 2024 წლის 15 ივნისამდე წარადგენს ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის 2024 წლის მაისის თვის დეკლარაციას;

– სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, ვინაიდან 2024 წელს ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;

 – დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;

– ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით დაბეგვრას და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.“;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) 1პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ფიზიკური პირისთვის საანგარიშო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, იგი არასრულ საგადასახადო პერიოდში (შესაბამისი წლის დასაწყისიდან სტატუსის მინიჭების თარიღამდე) მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება.“;

ზ.ბ) 2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ ფიზიკურ პირს გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მოცემულ შემთხვევაში, იგი არასრულ საგადასახადო პერიოდში (სტატუსის გაუქმების თვიდან შესაბამისი კალენდარული წლის ბოლომდე) მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.“;

თ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ წარადგენს „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას“, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.“;,

ი) მე-18 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით,  თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს, ხოლო  ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს  გადააჭარბა. ამასთან, ასეთ შემთხვევაში გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ  ხორციელდება.“;

ი.ბ) „ მაგალითი 3“-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. ამასთან, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულოა.“;

ბ) მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) პირს გაუუქმდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია;

ვ) ფიზიკური პირი გარდაიცვალა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი