დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი" სახელწოდების შეცვლისა და “თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იუსრიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცბეის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 4 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 942 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 29/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.591 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.591
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №942
2006 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის“ სახელწოდების შეცვლისა და „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 4 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიურ კოლეჯს“ შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი.“
2. „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 4 მარტის №16 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №26, მუხ. 240) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანების სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ.“.
ბ) ბრძანების 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.“
გ) ბრძანების მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის თანდართული წესდება.“
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 4 მარტის №16 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №26, მუხ. 240) მე-3 პუნქტი და ბრძანებით დამტკიცებული თანდართული დებულება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი“ (შემდგომში – კოლეჯი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი).
4. კოლეჯის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. №4.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს, მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სწავლის გარეშე.
3. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
4. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო დაფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საკუთარი წესდების შესაბამისად.
5. კოლეჯი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.
მუხლი 3. კოლეჯის უფლებამოსილებანი
1. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
3. კოლეჯს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
4. კოლეჯს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;
დ) სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოების სხვა წევრებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);
ე) მოიზიდოს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსები;
ვ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში დაადგინოს კოლეჯის მართვის სტრუქტურა და თანამდებობრივი ფუნქციები.
5. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.
6. კოლეჯი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 4. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონებით „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამები
1. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლეჯი ასრულებს საშუალო პრო-ფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.
2. კოლეჯი ასრულებს:
ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამას;
ბ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამას.
3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი – დიპლომი.
4. დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომ-ლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კოლეჯის მიერ გაიცემა დამატებითი პროფესიული განათლების (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი).
5. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯის მართვის, საქმიანობისა და სასწავლო პროცესის კონტროლის, აგრეთვე მატერიალური და ფინანსური რესურსების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისაგან შემდეგი შემადგენლობით:
ა) 1 წევრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;
ბ) 2 წევრი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან;
გ) 1 წევრი – კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი;
დ) 2 წევრი – ტურიზმის კერძო სექტორიდან;
ე) 1 წევრი – არასამთავრობო სექტორიდან;
ვ) 2 წევრი – მოწვეული პირებიდან.
3. სამეურვეო საბჭო ინიშნება ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება დანიშნულ/არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობით აირჩევა. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომების მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
6. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეურვეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს დახურული კენჭისყრით.
7. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
ა) ყოველ სამ თვეში ერთხელ ამტკიცებს კოლეჯის სამოქმედო გეგმას დირექტორის ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს;
გ) კონტროლს უწევს სამოქმედო გეგმის განხორციელებას და ფინანსური რესურსების მიზნობრივ ხარჯვას;
დ) მინიმუმ სამ თვეში ერთხელ საბჭოს სხდომაზე იბარებს კოლეჯის დირექტორის ანგარიშს განხორ-ციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც მოიცავს: საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პროგრამებს, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
ე) შეიმუშავებს პროექტს კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.
მუხლი 7. კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაცია
1. დირექტორი არის კოლეჯის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს სამეურვეო საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
5. „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისთვის.
6. დირექტორი პედაგოგიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს კოლეჯის შინაგანაწესს და კოლეჯის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად.
7. დირექტორი:
ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;
გ) ვალდებულია დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრო-მელთა უფლებებს;
დ) ვალდებულია გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ე) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლს;
ვ) ვალდებულია კოლეჯის სამეურვეო საბჭოს მინიმუმ სამ თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში განხორციელებული სასწავლო, ფინანსური და სხვა საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
8. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირები.
მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“ და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს კოლეჯის პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი კოლეჯის პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება კოლეჯის ყველა პედაგოგისაგან.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და კოლეჯის ნებისმიერ პედაგოგს.
5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. პედაგოგთა საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია არჩევნები ჩატარდეს ფარული კენჭისყრით.
6. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია დასვას საკითხი ცვლილებების თაობაზე კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი, უფლებამოსილია სრული შემადგენლობით აირჩიოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს.
7. პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო წლის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
8. პედაგოგიური საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს თავის წარმომადგენელს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში.
9. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში, როცა ამის აუცილებლობაა, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
მუხლი 9. პედაგოგები
1. კოლეჯში პედაგოგებად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება.
2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან ატესტაციას.
3. დირექტორი დებს ხელშეკრულებას პედაგოგთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებას.
5. სახსრების არსებობის შემთხვევაში, კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
6. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილების გათვალისწინებით.
7. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 10. მოსწავლეები
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი წესით ჩარიცხულია კოლეჯში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 16 წლის ასაკიდან.
3. კოლეჯში სწავლება ხორციელდება დასწრებული სწავლების ფორმით.
4. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვთა უფლებების კონვენციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონებით „განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 11. კოლეჯის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კოლეჯს არა აქვს უფლება მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
მუხლი 12. დაფინანსება
1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. კოლეჯის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
3. კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის“ უფლებამონაცვლეს.
2. იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და რომლებიც საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, კოლეჯი უფლებამოსილია გასცეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სამეთვალყურეო საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნამდე და მისი წარდგინებით დირექტორის დანიშვნამდე, კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლები-სა და მეცნიერების მინისტრი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები