შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025540
646
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
040170020.10.003.025540
შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №646

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული  ცენტრის მიერ სხვადასხვა  საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი

 


ზოგადი დებულებები

1. „შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების (შესყიდვის ობიექტი) შესყიდვის სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის პროცედურების გამარტივება და ცენტრის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

3. ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი  - ცენტრი;

ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა;

გ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები და  ტექნიკა-დანადგარები როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში;

დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე, არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;

ე) პირდაპირი შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომშისისტემა) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge;

ზ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);

თ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობები (შემდგომშიპროცედურის პირობები) – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ განცხადებითა და დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;

ი) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

კ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც დადებულ იქნა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ლ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

მ) წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;

ნ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-დან 2%-მდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);

ო) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;

პ) ტექნიკური დოკუმენტაცია  – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;

ჟ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

რ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);

ს) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;

უ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

ფ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი დასაბუთებული სხდომის ოქმი;

ქ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;

ღ) შავი სია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი;

ყ) სისტემის „CMR“ მოდული – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR ).

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისთვის წამგებიანი აღმოჩნდება;

გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას;

ე) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

ვ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები მცდარი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) რაციონალურად, მათ შორის, ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდებისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთებული სხდომის ოქმი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) არ დადოს ხელშეკრულება შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან.

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შემსყიდველის  თანამშრომელი,  კონსულტანტი,  ექსპერტი და სხვა) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმის შესრულებაზე.

2. დაუშვებელია, რომ შემსყიდველის მიერ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დაეკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოწვეულ იქნას პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული  ნათესავი;

ბ) ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ისეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;

ბ) პირდაპირი და ელექტრონული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.

მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა

1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინა წლის შესყიდვების მონაცემთა გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამით გაცემული ვაუჩერებისა და მომსახურების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნის შესაბამისად.

2. შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;

ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;

გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;

დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა, მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და  პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ., ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;

ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;

ვ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;

ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;

თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;

კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;

ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;

მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეტაპობრივად, ასევე ერთჯერადად.

4. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული გეგმა რეგისტრირდება სისტემაში და უნდა შეიცავდეს:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას;

გ) შესყიდვის საშუალებას;

დ) შესყიდვის განხორციელების პერიოდს (მითითებას შესაბამის კვარტალზე);

ე) დაფინანსების წყაროს.

6. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე, სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად.

მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები

1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით ან/და პირდაპირი შესყიდვის საშუალებით.

2. შემსყიდველის მიერ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება რეზიდენტ პირთან   50 000 ლარს და არარეზიდენტ პირთან 180 000 ლარს.

მუხლი 7. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და მისი გადასინჯვის წესი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნას შემდეგი აუცილებელი მონაცემები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და მთლიანი ღირებულება;

გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

დ) საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი;

ე) საქონლის მიღება-ჩაბარების წესი;

ვ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;

ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

თ) დავების გადაწყვეტის წესი;

ი) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების დადებამდე და/ან ხელშეკრულების ამოქმედებამდე.

4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები.

5. წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.

მუხლი 8. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას განსაზღვრავს და ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.

2. კომისია მოქმედებს შემსყიდველის სახელით.

3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.

6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელმოწერისთანავე. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

7. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერის/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

მუხლი 9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალის შენახვა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

მუხლი 10. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 3 (სამი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითება პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე);

ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ მის გარეშე;

ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა;

ი) ბიჯის ოდენობა.

4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის ან შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

5. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 11. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში   განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა;

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) მითითებას ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) მითითებას წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ.

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 12. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

3. შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.

4. კომისია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო ან საქართველოს სტანდარტებს.  კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.

5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას და ვადას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია.

მუხლი 13. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურების პირობებით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 14. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული წესითა და ფორმით:

ა) პროცედურის პირობებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენით;

ბ) საბანკო გარანტიით, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.

2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია შემსყიდველი.

3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია.

4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება შესაბამისი ხელშეკრულების დადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიმე შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მუხლი 15. შერჩევა/შეფასება

1. პრეტენდენტის წინადადება ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ.

2. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია წინადადების ყველაზე დაბალი თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

3. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია პროცედურის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

5. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება),  კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტაცია არ დაზუსტდება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

8. პრეტენდენტის მიერ როგორც სატენდერო წინადადების, ასევე დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

მუხლი 16. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი „შავ სიაშია“ რეგისტრირებული;

ბ) იგი უარს იტყვის წინადადებაზე ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

გ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურის განცხადებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს;

დ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

ე) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;

ვ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;

ზ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

3. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კომისია, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილია, მიიღოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

მუხლი 17. ხელშეკრულება და სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია

1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2. პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში.

3. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

4. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

5. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

6. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.

7. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ან პირდაპირი შესყიდვისას დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს/მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველის მიერ დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.

8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო პირდაპირი შესყიდვისას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია შემსყიდველს წარედგინოს ხელშეკრულების დადების შემდეგ, არაუგვიანეს 10 დღისა. გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

9. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

10. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

11. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, რა დროსაც ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

მუხლი 18. ელექტრონული პროცედურის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე

1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.

3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, კომისია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

მუხლი 19. სხვა დებულებები

აღნიშნული წესის გამოყენებით, შესყიდვის ყველა დოკუმენტაცია ინახება ცენტრში.

                                                      

დანართი

 

საქონლის  დასახელება

 

ტერფის ადაპტორი  − სხვადასხვა არტიკულის

 

საპროთეზო ბუდის ადაპტორი − სხვადასხვა არტიკულის

 

მუხლის, კოჭწვივის სახსრის ადაპტორი − სხვადასხვა  არტიკულის

 

მილის ადაპტორი − სხვადასხვა არტიკულის

 

მაჯის ადაპტორი − სხვადასხვა არტიკულის

 

მხრის ადაპტორი − სხვადასხვა არტიკულის

 

მუხლს ქვედა პროთეზის სამუხლე − სხვადასხვა არტიკულის 

 

მუხლის სალტე −  სხვადასხვა არტიკულის  

 

ელექტრო პროტეზის ელემენტი

 

მიმღები ბუდის შემაერთებელი ფირფიტა − სხვადასხვა  არტიკულის

 

მუხლის სახსარი −  სხვადასხვა  არტიკულის  

 

 მხრის სახსარი −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

სილიკონ ლაინერი ბარძაყის/წვივის/ზედა კიდურის − სხვადასხვა  არტიკულის 

 

ბარძაყის დამჭერი ბადე − სხვადასხვა არტიკულის

 

ტერფი უძრავი/მოძრავი − სხვადასხვა არტიკულის 

 

იდაყვის სახსარი −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

მილი ბარძაყის/წვივის/მხრის/წინამხრის −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

ტერფის  გარსაცმი − სხვადასხვა  არტიკულის 

 

 ხელის პროთეზის დამჭერი ქამარი  − სხვადასხვა  არტიკულის

 

 პროტეზის/ორთეზის  გარეთა მხარის ქსოვილის დეკორი ლამინირებისთვის   −  სხვადასხვა  არტიკულის

 

  საპროთეზო წარმოების ქიმიური ხსნარი − სხვადასხვა  არტიკულის

 

 საპროთეზო ფილც-დაკრონი −  სხვადასხვა  არტიკულის  

 

 საპროთეზო ფოლიო −  სხვადასხვა  არტიკულის

 

ფრეზი საპროთეზო ბუდისთვის − სხვადასხვა  არტიკულის

 

პროთეზის ჩიხოლი − სხვადასხვა  არტიკულის

 

გარსაცმი ზედა კიდურების −  სხვადასხვა  არტიკულის

 

ჰერტერის ფხვნილი პროთეზის ბუდის − სხვადასხვა  არტიკულის

 

 პროთეზის, სხეულსა და პროთეზის ბუდისშორისი გელი −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

საპროთეზო საწარმოო ინსტრუმენტები მწარმოებლი კომპანიის  −  სხვადასხვა  არტიკულის

 

მიმღები ბუდის კარბონის ქსოვილი −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

 პროთეზის კოსმეტიკური წინდა/ხელთათმანი  −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

მიმღები ბუდის  სარქველი −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

პედილინი  −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

პერლონსკოკინეტი − სხვადასხვა  არტიკულის 

 

პიგმენტი პროთეზის ბუდის −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

ჩამკეტი – სილიკონ-ლაინერის − სხვადასხვა  არტიკულის 

 

პლასტაზოტი − სხვადასხვა  არტიკულის 

 

ორთეზი  −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

ორთოკრილი ლამინაციისთვის −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

ორთოკრილი-ზიგელჰარცი − სხვადასხვა  არტიკულის 

 

პოლიპროპილენი −  სხვადასხვა  არტიკულის 

 

პროთეზის საცურაო გარსაცმი − სხვადასხვა  არტიკულის 

 

თერმოლინი − სხვადასხვა  არტიკულის 

 

პოლიამიდის ფირფიტა − სხვადასხვა  არტიკულის 

 

კოსმეტიკური ღრუბელი ბარძაყის/წვივის/წინა მხრის − სხვადასხვა  არტიკულის 

 

საპროტეზო დანიშნულების სპეციალური  აპარატურა − მწარმოებლი კომპანიის

 

სილიკონ ლაინერის ხსნარი (ნაწილობრივ ამპუტირებული  ტერფის დასაზადებლად) − სხვადასხვა არტიკული

 

თერმული ფირფიტა რბილი ბუდისთვის  − სხვადასხვა  არტიკულის 

 

შშმპ-თა სპეციალური დანიშნულების ეტლი

 

შშმპ-თა  სპეციალური დანიშნულების საყრდენი საშუალებები