დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.025481 |
|
| მუხლი 1 |
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის (შემდგომში – სტატუსი) მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით, განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის პირობებსა და წესს. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია, სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დაადგინოს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესს და გამომდინარეობს მისგან.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3. სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობები 1. ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი. 2. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 4. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილება 1. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს. 2. 18 წლამდე ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 3. მხარდაჭერის მიმღებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მხარდამჭერის თანხმობით, წარდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 4. 16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს წარმოეშობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება.
მუხლი 5. სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი დოკუმენტები 1. სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. 2. განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს: ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის, ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე; გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების თაობაზე; დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს; ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტს ამოწმებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი რეგისტრირებული არ არის მაღალმთიან დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია შეიძლება დადასტურდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობით ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით, რომელშიც დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია მაღალმთიანი დასახლება. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი წარადგენს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია დასტურდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში. 7. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ განცხადებაში უნდა აღინიშნოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 8. სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების ფორმა მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6. განცხადების განხილვის უფლებამოსილება 1. ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და ამ წესით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ქმნის სათათბირო ორგანოს საბჭოს. 3. საბჭოს შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეები. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლების გარეშე, მიიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. 5. ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხს საბჭოს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭო რეკომენდაციას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. 8. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 9. საბჭოს ჰყავს მდივანი. საბჭოს მდივანი იმავე დროს არის საბჭოს წევრი და პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის შედგენაზე. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. 10. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება საბჭოს რეკომენდაციები. 11. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები. 12. დაუშვებელია საბჭოს სხდომის ოქმში ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების ასახვა, გარდა ფიზიკური პირის სახელისა (სახელი და გვარი).
მუხლი 7. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა 1. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებთან შესაბამისობას. 2. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადები არ ჩაითვლება გაშვებულად თუ შესაბამის მაღალმთიან დასახლებაში ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენას (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენა), ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას. აღნიშნული მოვლენების შედეგად შემაფერხებელი გარემოებების ამოწურვის შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში შეავსოს დადგენილი ხარვეზი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს საბჭოს განსახილველად. 6. საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტის დაცვით წარდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს იხილავს და შესაბამის რეკომენდაციას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში. 7. საბჭო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და რეკომენდაცია მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 8. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ იწვევს ავტომატურად, აღნიშნული დოკუმენტების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, საბჭოს რეკომენდაციის მომზადებას შესაბამისი ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 9. საბჭო განცხადების განხილვის შემდეგ, თითოეული ფიზიკური პირის მიმართ ინდივიდუალურად იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) შესაბამისი ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციის წარდგენის თაობაზე; ბ) შესაბამისი ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციის წარდგენის თაობაზე. 10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული სტატუსის მინიჭების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ 1. სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. 2. მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს მიერ ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი რეკომენდაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრული რეკომენდაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მერის მიერ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემამდე წარმოიშვა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 5. სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება განმცხადებელს.
მუხლი 9. სტატუსის მონიტორინგი 1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების მონიტორინგს (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი) (შემდგომში – მონიტორინგი) ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 2. მონიტორინგს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული იწყებს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს/ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ბ) თავისი ინიციატივით, წელიწადში ერთხელ მაინც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია, დაიწყოს მონიტორინგის პროცედურა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების არანაკლებ 25%-ის მონიტორინგს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 3 თვით ან მეტი ვადით დატოვების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტს აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 6. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი) ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია: ა) დაათვალიეროს ფიზიკური პირის (მისი თანხმობის შეთხვევაში) საცხოვრებელი ადგილი; ბ) გადაამოწმოს ფიზიკური პირის (მისი თანხმობის შემთხვევაში) მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენების, მისი მოვლა-პატრონობის და სხვა ფაქტების ადგილზე დათვალიერებას და შესაბამისი დათვალიერების ოქმის შედგენას; გ) საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ფიზიკურ პირს შესაბამისი წლის შესაბამის თვეს გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ფიზიკურ პირს შესაბამისი მოწმეების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებენ, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრებას (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი); ე) შეარჩიოს სხვა მეთოდები, რომლებიც დაადასტურებენ ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრებას (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი). 7. ამ მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის დასრულების შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მონიტორინგის შედეგებს დასკვნის სახით განსახილველად წარუდგენს საბჭოს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი მონიტორინგის შედეგების დასკვნის იმ ნაწილს, რომელშიც განსაზღვრულია სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, საბჭო იხილავს და იღებს შესაბამის რეკომენდაციას, მისი წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგების განხილვის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს. 10. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, საბჭო ცნობად იღებს წარდგენილ ინფორმაციას. 11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სტატუსის შეჩერების საფუძველი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ რეკომენდაციით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე. 12. ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერი 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 13. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს საბჭოს/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე წარდგენილი რეკომენდაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 10. სტატუსის შეწყვეტა 1. ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება, თუ: ა) გარდაიცვალა; ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა); გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, თუ ეს იწვევს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ე) შესაბამისი მაღალმთიანი დასახლება, რომელშიც იგი მუდმივად ცხოვრობს, ამოღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან. 2. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი შეიცვლის რეგისტრაციის მისამართს და დარეგისტრირდება სხვა მაღალმთიან დასახლებაში, აღნიშნული არ გამოიწვევს ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეწყვეტას. 3. ფიზიკური პირი უფლებამოსილია, სტატუსის შეწყვეტის მიზნით, მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. 4. სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტი დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით, რომელიც მატერიალური ან იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ელექტრონული ფორმით მიეწოდება მუნიციპალიტეტს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტი დასტურდება ამ წესის მე-9 მუხლში განსაზღვრული მონიტორინგის შედეგებით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი დასტურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღებულ იქნება დასახლება. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტებს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ასახულ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების, მოქალაქეობის დაკარგვის, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის თაობაზე. 9. ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებს საბჭოს მიერ განხილვას. 10. ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერი 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება გარდაცვალების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დღიდან ან გარდაცვალების სამოქალაქო აქტის არარსებობის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გარდაცვალების შესახებ აღნიშვნის გაკეთების დღიდან; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება რეგისტრაციის მისამართის შეცვლის დღიდან; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან; ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან დასახლების ამოღების თაობაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან. 12. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციით ცნობილი გახდა ფიზიკური პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტი ან არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თხოვნა, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები გაუგზავნოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. 13. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ფიზიკური პირი ვალდებულია, შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობიდან 20 დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის მერს. 14. ფიზიკური პირისათვის სტატუსის შეწყვეტა არ ართმევს ფიზიკურ პირს უფლებას, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განმეორებით მოიპოვოს სტატუსი.
მუხლი 11. სტატუსის შეჩერება 1. ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდება, თუ: ა) სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა; ბ) მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა და აღარ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდება მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის დღიდან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდება შესაბამის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი არ უჩერდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეც ჩაირიცხა ფიზიკური პირი, მდებარეობს მაღალმთიან დასახლებაში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტი – პირის უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩარიცხვა, დასტურდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული ინფორმაციით. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული დაწესებულებები ვალდებულნი არიან ა(ა)იპ - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შესახებ. 8. სააგენტო ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიწოდებულ ინფორმაციას მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით აწვდის მუნიციპალიტეტის მერს. 9. მუნიციპალიტეტის მერი ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტატუსის შეჩერების თაობაზე, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. 10. ფიზიკური პირი ვალდებულია, სტატუსის შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. 11. სტატუსის შეჩერების თაობაზე განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი ფიზიკური პირის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტატუსის შეჩერების თაობაზე. 13. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიზნებისათვის, ფიზიკური პირი ითვლება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის არმქონე პირად და ვერ სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.
მუხლი 12. სტატუსის აღდგენის საფუძვლები 1. ფიზიკურ პირს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსის შეჩერებისას სტატუსი აღუდგება, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში. 2. ფიზიკურ პირს, ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსის შეჩერებისას სტატუსი აღუდგება, თუ სწავლის დასრულების/შეწყვეტის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში. 3. სტატუსის აღდგენის თაობაზე ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს. 4. სტატუსის აღდგენის თაობაზე განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას ელექტრონული ფორმით დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას. 5. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფიზიკური პირის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების/სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე ან უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი. ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი/დოკუმენტები. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით წარდგენილ განცხადებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით. 7. განცხადების განხილვის დასრულების შემდეგ შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მუნიციპალიტეტის მერს მიმართავს ფიზიკური პირისთვის სტატუსის აღდგენის/სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერი 3 დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ფიზიკური პირისთვის სტატუსის აღდგენის/სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე. 9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით წარდგენილი განცხადების განხილვისა და მერის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
მუხლი 13. გასაჩივრების წესი 1. ამ წესის საფუძველზე საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციები დამოუკიდებლად არ საჩივრდება. 2. საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები და სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციები საჩივრდება მუნიციპალიტეტის მერის შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად. 3. მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 14. ინფორმაციის გამოთხოვა 1. მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის/აღდგენისა და შეჩერების თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების/მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან მატერიალური/შესაძლებლობის შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით, გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები. 2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, მუნიციპალიტეტის მერს, უფლებამოსილ პირს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდონ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების მითითებით. 3. მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულნი არიან, არ გაამჟღავნონ ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 4. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების შეუფერხებლად გაცემის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, სოციალური შეღავათების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიაწოდოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ფიზიკურ პირთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 15. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ინფორმაციის ასახვა 1. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე აქტის გამოცემის შემდეგ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. 2. სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები