სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025478
584
25/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
300160070.10.003.025478
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №584

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის მე-14 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიზნებისთვის, განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალურ დასაშვებ დონეს დეციბალებში.

2. ამ წესით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა არ ვრცელდება „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №424 დადგენილებით განსაზღვრული სპორტული დანიშნულების ავტომობილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ადგილებზე/ტერიტორიაზე გადაადგილებისას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს და:

ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები;

ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა ბილიკსა და ველობილიკს;

გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით − „ავტომაგისტრალი“.

2. დასახლებული პუნქტი განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

3. დღის საათები – დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.

4. ღამის საათები – დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.

5. სატრანსპორტო საშუალება − M, N, O, L კატეგორიების სატრანსპორტო საშუალება.

6. ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას.

მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე

1. ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს (დბ).

2. დღის საათებში დასახლებულ პუნქტებში და ღამის საათებში დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ავტომაგისტრალებზე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას განსაზღვრულ ნორმებს.

მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა

1. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის ამ წესით გათვალისწინებულ დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით.

2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დონე არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამოწმებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურს.

3. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.