დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1267-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.102985 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს;“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იარაღი ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.“. 3. 141 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს: ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; გ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; დ) ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.“. 4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა (ცნობა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაიცემა ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ან/და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე.“. 5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) წარდგენის საფუძველზე;“. 6. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა (ცნობა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაიცემა ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ან/და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე.“. 7. მე-19 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ელექტროშოკური მოწყობილობის, პნევმატური იარაღისა და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–84 პუნქტები: „81. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. 82. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზიას/ნებართვას საჭიროებს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან რომელიმე ამ იარაღით ვაჭრობა. 83. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. 84. პირის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენაზე, საქართველოში შემოტანაზე, საქართველოდან გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარებაზე, შეძენაზე, საქართველოში შემოტანაზე, საქართველოდან გატანაზე, გადატანაზე, გადაზიდვაზე ან გადაგზავნაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობა (ცნობა) არ გაიცემა, თუ: ა) პირს არ შესრულებია 18 წელი; ბ) პირი ფსიქიკურად არის დაავადებული ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მასზე წერილობითი თანხმობის (ცნობის) გაცემა; გ) პირი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) პირი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული; ე) პირი ბრალდებულია ან მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა; ვ) პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ზ) პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ ადმინისტრაციული სახდელის ვადა არ გასულა; თ) პირმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე–167-ე, 172-ე, 173-ე, 17316, 1741 და 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არ გასულა ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება; ი) არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს; კ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.“. 8. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 211. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი 1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება. 2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 9. 22-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა (ცნობა) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვა გაიცემა ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ან/და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღი და კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.“. 10. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 11 პუნქტი: „11. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის საქართველოში ერთდროულად შემოსატანი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) 21 პუნქტი: „21. ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“. 11. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს ამ კანონის მე-19 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღი, თუ არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფუძვლები.“. 12. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე განახორციელოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა;“. 13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 356 მუხლი: „მუხლი 356. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ელექტროშოკური მოწყობილობის რეგულირების დროებითი წესი 2026 წლის 1 თებერვლამდე შეძენილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობით თანხმობას (ცნობას).“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1267-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები