დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1259-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102998 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კოორდინაციის მიზნით;“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის და ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კოორდინაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1259-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები