„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1208-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.102913
1208-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
140030000.05.001.102913
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ – პოლიციის აკადემია) გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ.“.

2. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება

1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.

2. სამინისტროს კადრების სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს პოლიციის აკადემია.

3. პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მოსამზადებლად ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

„მუხლი 431. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე პირის მიღება და სწავლება, სტუდენტის სტატუსი

1. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის  საბაკალავრო პროგრამაზე (შემდგომ – საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა) მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს და გაივლის ამ კანონის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას. საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე პირის მისაღებად შეიძლება დაწესდეს აგრეთვე დამატებითი მოთხოვნა − ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

2. საპოლიციო საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი ნაწილებია ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. ამ მიზნით პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებას.

3. სტუდენტს საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე ენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო იმავე პროგრამის კურსდამთავრებულს − საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკვე მინიჭებული აქვს სხვა სპეციალური წოდება ან სამხედრო წოდება.

4. სტუდენტს პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება.

5. სტუდენტს საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სწავლისთვის საჭირო ინვენტარითა და მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმითა და წახალისების საშუალებებით უზრუნველყოფს პოლიციის აკადემია. იგი აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის პერიოდში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საერთო საცხოვრებლით.

6. სტუდენტის პოლიციის აკადემიაში საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. სტუდენტი საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სარგებლობს პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით, სტუდენტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით.

8. სტუდენტი საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ვალდებულია დაიცვას პოლიციის აკადემიის მიერ დადგენილი სტუდენტის ქცევის წესები, პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმები, სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით დადგენილი მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტები სტუდენტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით.

9. სამინისტრო უზრუნველყოფს იმ პირის სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაქმებას, რომელმაც საპოლიციო საბაკალავრო პროგრამის კურსი წარმატებით დაამთავრა.

10. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან დადოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში იმუშაოს. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის, მათ შორის, დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის, დაკისრების საკითხი.“.

მუხლი 2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ – აკადემია) უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას (შემდგომ – პოლიციის აკადემია) და პოლიციის აკადემია ჩაითვალოს აკადემიის უფლებამონაცვლედ.

2. აკადემიის რექტორი და პრორექტორები, აგრეთვე აკადემიის მოსამსახურეები გადაყვანილ იქნენ პოლიციის აკადემიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ, მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე.

3. აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოლიციის აკადემიასთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდეს აკადემიასთან 2026 წლის 1 მარტამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და ამ კანონთან შესაბამისობა.

5. აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1208-IVმს-XIმპ