დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.017623 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
1.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის მიზნით შეიქმნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კომისია (შემდგომ – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი; დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი; ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი; ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი; თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი; ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი; კ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; ლ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ან ფაკულტეტის სხვა წარმომადგენელი; მ) სსიპ − ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ან ფაკულტეტის სხვა წარმომადგენელი; ნ) სსიპ − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ან ფაკულტეტის სხვა წარმომადგენელი. |
2.
დამტკიცდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თანდართული წესი და პროცედურა. |
3.
ამ წესისა და პროცედურის დაცვით შედგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოსთვის წარსადგენად გაეგზავნოს არაუგვიანეს 2026 წლის 3 თებერვლისა. |
4.
კომისიის მუშაობა დასრულებულად ჩაითვალოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან ერთ-ერთის არჩევისთანავე. |
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი და პროცედურა
|
მუხლი 1
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კომისია (შემდგომ – კომისია) შექმნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და ევროპის საბჭოსათვის წარდგენის მიზნით. მუხლი 2 უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2004 წლის №1366, 2005 წლის №1426, 2008 წლის №1627, 2009 წლის №1646, 2010 წლის №1726, 2011 წლის №1841, 2014 წლის №2002 და 2019 წლის №2278 რეზოლუციებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მიერ 2025 წლის 20 ოქტომბერს შემუშავებული კრიტერიუმებითა (SG-AS (2002)01) და მინისტრთა კომიტეტის (2009)5 და (2010)26 რეზოლუციებით. მუხლი 3 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის გადაწყვეტილებაზე შეჯერება შეიძლება მოხდეს ელექტრონული წესით, სხდომის მოწვევის გარეშე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიასთან იქმნება სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო სხდომის მდივანია ამავე დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 4 1. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომაში მონაწილეობს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. კანდიდატთან გასაუბრების დროს კეთდება აუდიოჩანაწერი, რომელიც ოქმის შემადგენელი ნაწილია. აუდიოჩანაწერები დაინტერესებულ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი კანდიდატის თანხმობით. მუხლი 5 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენის მომენტისათვის (2026 წლის 4 მაისი) იქნება 65 წლამდე ასაკის; ბ) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას; გ) კარგად (არანაკლებ B2 დონეზე) ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს); დ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და შესაბამის პრეცედენტულ სამართალს; ე) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; ვ) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხით; ზ) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არჩევის ექსპერტ მრჩეველთა პანელის (The Advisory Panel of Experts on Candidates for Election as Judge to the European Court of Human Rights) სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით; თ) აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება; ი) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. 2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება. მუხლი 6 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით კომისია საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ, უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების წარსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ ერთთვიან ვადას. 2. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს საკონკურსო განაცხადი, რომელიც მოიცავს ავტობიოგრაფიას (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილს, რომელშიც დეტალურად და მკაფიოდ იქნება ახსნილი, თუ როგორ აკმაყოფილებს ამ წესისა და პროცედურის მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. კანდიდატმა თავის განაცხადს უნდა დაურთოს მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae) შედგენილი უნდა იყოს ამ წესისა და პროცედურის №1.1–№1.3 დანართებში მოცემულ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში, ქართულ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. 4. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატს მიეცემა მისთვის შესაბამისი შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის დღიდან სამდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად. მუხლი 7 1. ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად საკონკურსო განაცხადების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) პირველად გადარჩევას აწარმოებს კომისიის სამდივნო და შედეგებს ელექტრონული წესით დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის წევრებს. პირველადი გადარჩევის შედეგები დამტკიცებულად ითვლება, თუ ამ შედეგებზე თანხმობას გამოხატავს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. განაცხადების პირველადი გადარჩევის ეტაპზე ამ წესისა და პროცედურის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელ ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს წარმოადგენს: ა) ინგლისურ ან/და ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული სტატია; ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ინგლისური ან/და ფრანგული ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონე) დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დგინდება ამ წესისა და პროცედურის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა, კომისია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეშვეობით, ატარებს ტესტირებას შესაბამის უცხო ენაში. 4. განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს კომისია იწვევს გასაუბრებაზე და ისმენს თითოეული მათგანის მოსაზრებებს ცალ-ცალკე. 5. კომისიის წევრები კანდიდატებს აფასებენ ამ წესისა და პროცედურის №2 დანართში მოცემული შეფასების ფორმის მიხედვით და მათ ქულებს ანიჭებენ. კომისიის წევრების შეფასებები ჰბარდება კომისიის სამდივნოს. 6. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე კომისიის სამდივნო ადგენს თითოეულ კანდიდატთან მიმართებით საშუალო ჯამურ ქულას. 7. საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, სამდივნო შეადგენს 2 სიას. ამ სიების საფუძველზე სამდივნო შეადგენს 3 კანდიდატისგან შემდგარ სიას, რომელშიც ორივე სიიდან შედის საუკეთესო შედეგის მქონე პირველი კანდიდატი, აგრეთვე ერთ-ერთ სიაში ქულების მიხედვით მომდევნო ადგილის მქონე ის კანდიდატი, რომელსაც შესაბამის სიაში იმავე ადგილის მქონე სხვა სქესის კანდიდატთან შედარებით უფრო მაღალი ქულა აქვს. სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 8. კომისია, კომისიის სამდივნოს მეშვეობით, განაცხადების პირველადი გადარჩევისა და გასაუბრების შედეგებს კანდიდატებს ატყობინებს. მუხლი 8 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებს წარუდგენს ევროპის საბჭოს არაუგვიანეს 2026 წლის 4 თებერვლისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები